[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ნარკოპოლიტიკა / ინფოგრაფიკა

გამკაცრებული კანონპროექტი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შესახებ

2025 წლის 16 აპრილს , „ქართული ოცნების“ პარლამენტმა ნარკოპოლიტიკის დამძიმების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებები მე-3 მოსმენით მიიღო, რითაც ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა კიდევ უფრო რეპრესიული გახდა.

ცვლილებები შეეხება არა მხოლოდ ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღებას, არამედ მისი მოხმარების მიზნით ფლობასთან დაკავშირებულ დანაშაულებს, რაც არსებითად გააუარესებს ნივთიერებებზე დამოკიდებულების მქონე პირთა მდგომარეობას.

კანონმდებლობას ემატება “სავალდებულო მკურნალობის” ცნებაც, რაც რეალურად იძულებით, დამოკიდებულების მქონე პირის სურვილისგან დამოუკიდებლად, “ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელ” დაწესებულებაში აღსრულდება. მკურნალობის არსი და პროცედურები კანონმდებლობით უნდა დაზუსტდეს.

გაუარესდება არა მხოლოდ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებელ პირთა, არამედ საზოგადოების ფართო ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობაც, რადგან, პოლიციისთვის ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაყვანაზე უარის თქმა, ან ალტერნატიული გამოკვლევის არ ჩატარება, მაღალი ჯარიმითა და ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება.

ჯანდაცვის სპეციალისტებისა და ექსპერტების მრავალწლიანი მოწოდების მიუხედავად, “ქართული ოცნება” ქვეყანაში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების საკითხის მართვას კვლავ დრომოჭმული, რეპრესიული და არამეცნიერული მეთოდებით ცდილობს.

რეალურად, ქვეყანაში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრობლემასთან გამკლავება მხოლოდ ძლიერი პრევენციული პოლიტიკის გატარებით, ხანგრძლივი ბიო-ფსიქო-სოციალური ზრუნვის შეთავაზებითა და ზიანის შემცირების პროგრამების გაძლიერებით გახდება შესაძლებელი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ მომზადებულ შეფასებას ნარკოპოლიტიკის გამკაცრების მიზნით შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტის შესახებ წაიკითხავთ მოცემულ ბმულზე - https://cutt.ly/TrhftJK0

ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე ორგანიზაციებმა და ჯანდაცვის ექსპერტებმა შეიმუშავეს ნარკოპოლიტიკის რეფორმის ზოგადი ხედვა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე - https://cutt.ly/crhfqgYx See less

მოქმედი კანონი, ნივთიერების მოხმარებისთვის 500 ლარიან ჯარიმას და 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებდა.

ნივთიერებების მომხმარებლები ან მასზე დამოკიდებულების მქონე პირები ისედაც არაერთ გამოწვევას აწყდებიან. მძიმე ჯარიმების დაკისრება კიდევ უფრო დაამძიმებს მათ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, ხოლო ხანგრძლივი ადმინისტრაციული პატიმრობა ნეგატიურად აისახება პირის სოციალურ ინტეგრაციაზე და ფორმალური დასაქმების შესაძლებლობებზე.

ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შემცირება, მხოლოდ პრევენციული პროგრამების დანერგვითა და მომხმარებელი პირებისთვის ბიო-ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის სისტემის შექმნით შეიძლება მიიღწეს.

მიღებული ცვლილებებით, იმ პირებს, რომლებსაც არასდროს მოუხმარიათ ნარკოტიკული საშუალება, თუმცა, თავს აარიდებენ პოლიციის წინაშე აღნიშნულის დადასტურებას, შესაძლოა იგივე სანქცია დაეკისროთ, რაც ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შემთხვევაშია გათვალისწინებული.

კანონმდებლობა აქამდეც ითვალისწინებდა, პოლიციელის მიერ მოქალაქის გადაყვანას ლაბორატორიულ გამოკვლევაზე, თუ არსებობს “საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის” რომ პირმა მოიხმარა ფსიქოაქტიური ნივთიერება.

თუმცა, ახალი სანქციის შემოღებით, ნარკოტესტირებამ შესაძლოა კიდევ უფრო რეპრესიული ბუნება შეიძინოს და მოქალაქეთა უფრო ფართო ჯგუფის მიმართ, თვითნებურად იქნას გამოყენებული.

იმ შემთხვევაში, თუ პირი ჩაიდენს, რომელიმე ნარკოტიკულ დანაშაულს, მას, ექიმ-ნარკოლოგთა დასკვნის საფუძველზე, დამოკიდებულების ხარისხის მიხედვით, შესაძლებელია დაენიშნოს სავალდებულო მკურნალობა, რომელიც აღსრულდება “ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელ” დაწესებულებაში.

სავალდებულო მკურნალობის მიზანი, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და დანაშაულის ჩამდენი პირის განკურნება უნდა იყოს.

ლიტერატურასა და პრაქტიკაში, ერთადერთ სწორ, მეცნიერული არგუმენტებით განმტკიცებულ მიდგომად, ნებაყოფლობით, ჯანდაცვასა და ზიანის შემცირებაზე ორიენტირებული ღონისძიებებია მიჩნეული. დახურული ან ნახევრად ღია ტიპის ინსტიტუციებში დამოკიდებულების მქონე პირების “სავალდებულო მკურნალობა” კი უფრო ხშირად ავტორიტარულ რეჟიმებში გვხვდება.
მიუხედავად საკანონმდებლო პაკეტის ავტორთა მტკიცებისა, რომ ცვლილებები ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლებისკენაა მიმართული, რეალურად, სასჯელი სხვა სახის დანაშაულებზეც მძიმდება. ისეთი დანაშაულები, რომლებიც თავის თავში ნარკოტიკული საშუალების შეძენას ან შენახვას მოიაზრებს, კიდევ უფრო მძიმე სასჯელით დაისჯება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში აქამდეც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სასჯელები მოქმედებდა, ამას ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შემცირება არ გამოუწვევია. არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება იმისა, რომ მძიმე სასჯელთა დაწესება ნარკოტიკული დანაშაულების, ან ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირთა რაოდენობის შემცირებას იწვევს.

სასჯელთა დამძიმება ხელს შეუშლის ნივთიერებაზე დამოკიდებული პირის რესოციალიზაციას და არ პასუხობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოწვევებს, პირიქით, ზრდის სარისკო ქცევის ალბათობას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“