საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
14 / 20
სოხუმი, 2021 წელი. ფოტო: ლანა კოკაია
სოხუმის სანაპიროს შავ-თეთრი ფოტო ფეისბუკის კედელზე ერთდროულად ათასზე მეტ ემოციას აღვიძებს. „ეს ის ადგილია, სადაც ბავშვობაში ვთამაშობდით“, – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი. კომენტარებიც მდინარესავით მოედინება: სევდა, მონატრება, ბავშვობის კადრები, კლასელები, მეზობლები… ადამიანები, რომლებიც ახლა სხვადასხვა ქვეყანაში არიან მიმოფანტულნი, ვირტუალურ სივრცეში იკრიბებიან.
სოციალურ ქსელებში აფხაზეთიდან დევნილების ათობით ჯგუფი არსებობს, რომლებიც მრავალი ადამიანისთვის ციფრულ თავშესაფრად იქცა. ერთ-ერთი მათგანია „А помнишь в Сухуми...?/გახსოვს სოხუმში...?“, რომელიც აერთიანებს როგორც ქართველ, ისე აფხაზ, სომეხ, ბერძენ, უკრაინელ და აფხაზეთში მცხოვრები სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებს. ეს ჯგუფი მხოლოდ ვირტუალური სივრცე არ არის — ის ერთგვარ ციფრულ არქივად ქცეულა, სადაც აფხაზეთში დაკარგული წარსულის ფრაგმენტები ინახება.
ჯგუფში ერთმანეთს ენაცვლება სოხუმის ძველი ფოტოები, სკოლის კადრები, სანაპიროზე გადაღებული ბავშვობის სურათები. კომენტარებში კი — მოგონებები:
სოხუმი, 2021 წელი. ფოტო: ლანა კოკაია
ეს პატარა ფრაზები ცოცხალ ისტორიებად იქცევა. ჯგუფში ერთმანეთს ენაცვლება როგორც ბავშვობის მხიარული მოგონებები, ისე ნოსტალგიითა და სევდით დატვირთული პოსტები. ხშირად შეხვდები მონაყოლს არა მხოლოდ იმ დღეებზე, რომლებიც სოხუმში გაატარეს, არამედ ამბებს დაკარგულ ახლობლებზე, გარდაცვლილ მეგობრებსა და ნათესავებზე.
თემატური დისკუსიები ჯგუფში ხშირად ტოპონიმების ირგვლივაც იმართება — ქართველები და აფხაზები იქაც განაგრძობენ დაუსრულებელ დავას: Сухум თუ Сухуми?
სოხუმელი ნათელა პაპასკირი ხშირად ერთვება კომენტარებში — განსაკუთრებული სითბოთი პასუხობს ფოტოებს, ისტორიებს, ქალაქის ძველ სანახაობებს. მისთვის ეს ჯგუფი ერთგვარი ხიდია წარსულთან, რომელიც რეალობაში აღარ არსებობს, მაგრამ მეხსიერებაში კვლავაც მთელი რჩება.
„თავისუფალ დროს მე და ჩემს ძმებს დედა სოხუმის სანაპიროზე გვასეირნებდა, კაფე „აფხაზეთში“ ნაყინს გვაჭმევდა. სახლი დამწვარია, მაგრამ სულ მთელი მესიზმრება“, – ამბობს ნათელა.
ნათელა პაპასკირი
ის ბარათაშვილის ქუჩაზე ორსართულიან სახლში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. სახლის ეზოში ბაღიც ჰქონდათ და ბოსტანიც — მოჰყავდათ ციტრუსები და სხვადასხვა ხილი.
„ჩემი მეუღლის სახლში 12 ტონა მანდარინს ვკრეფდით“, – იხსენებს ნათელა. მის ხმას სევდა ერევა, როცა ყვება, როგორ უყურებს მეორე მხარის მიერ სოხუმიდან გამოქვეყნებულ ფოტოებს: „გული მისკდება. ძალიან მტკივა“, – ამბობს იგი.
ნათელა მეუღლესთან ერთად. სოხუმი, 1988 წელი.
სოხუმთან კავშირი არ გაუწყვეტია. ძმასთან, რომელიც ახლა საფრანგეთში ცხოვრობს, ხშირად საუბრობენ და ბავშვობის დეტალებს იხსენებენ — როგორ მიჰყავდა ძმას სკოლიდან სახლში, როგორ დაიკარგა ერთხელ, როგორ მიაცილებდნენ ერთმანეთთან.
სახლში დაბრუნების სურვილი მას არასდროს განელებია. ამბობს, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე ჩავა სოხუმში და უპირველესად მშობლების საფლავზე მივა, რომლის ნახვის შესაძლებლობა ომის შემდეგ არ აქვს.
ნათელა დედასთან ერთად. წარწერა ფოტოზე: ოქროს დრო, სოხუმი, 1980 წელი.
„დედა ძალიან ახალგაზრდა გარდამეცვალა. 13 წლის ვიყავი, როცა დავკარგე. ყველა დღესასწაულს მშობლების საფლავზე და სანაპიროზე ვატარებდით. ჩვენს საყვარელ პინგვინთან, სადაც ყავის დალევა გვიყვარდა. ეს იყო ჯადოსნური ადგილი. კაფე „აბხაზიაში“ კი იყო ყველაზე გემრიელი ნაყინი“, – ამბობს ნათელა.
ასევე იხსენებს, რომ სოხუმელებს ერთმანეთის გამოსაცნობად ერთგვარი გამოცანები ჰქონიათ. როცა ვინმე აცხადებდა, რომ სოხუმელი იყო, მაგრამ ეჭვი ეპარებოდათ, ხშირად ეკითხებოდნენ: „აბა, მითხარი, სად მოდიოდა გაზიანი წყალი ჩვენს ქალაქში?“ წესით ყველა სოხუმელს უნდა სცოდნოდა, რომ დელფინიდან.
„ყველაზე ცივი და გემრიელი წყალი იყო ლენინისა და ლაკობას ქუჩის კუთხეში. იქ იყო პატარა ჯიხური და მხოლოდ იქ, იმ ონკანიდან, რომელიც დელფინის ფორმის იყო, მოდიოდა ყველაზე გემრიელი წყალი. მშვიდობის გამზირზე იყიდებოდა ღვეზელები, სადაც სულ რიგი იდგა. ჩვენც, ბავშვები ყველა იქ მივრბოდით და ყველაზე გემრიელი რძის კოქტეილი მანდ იყო. ეს ყველა ჩვენმა სოხუმელმა იცის“, – ამბობს ნათელა.
ჯგუფში ხშირად იხსენებენ სოხუმის სანაპიროზე, ქვიშაზე მომზადებული ყავის განსაკუთრებულ გემოს. განიხილავენ აფხაზეთში დამზადებული აჯაფსანდალისა და მაწვნის გემოსაც. აქვეყნებენ ლეღვის, ყურძნის, მსხლის, მუშმალასა და ‘შამპანსკი’ ვაშლის ფოტოებს.
„შამპანსკი ვაშლი სენაკშიც არის, მაგრამ სოხუმში რომ იყო, ისეთი გემრიელი სადაა? სავსე გვქონდა ბაღი“, – წერს ფეისბუკის ერთ-ერთი მომხმარებელი.
46 წლის დიეგო ზარანდია 15 წლის იყო, როცა მშობლიური ქალაქის დატოვება მოუწია. ახლა სტომატოლოგია და თბილისში ცხოვრობს. ამბობს, რომ ყველა სამუშაო ხალათზე აფხაზეთია ამოქარგული.
ფოტოზე: დიეგო ზარანდია
„კლასელები რომ ვიკრიბებით, აფხაზეთში ბავშვობას ვიხსენებთ. იქაური მოგონები სულ თან გვდევს. „თბილისის ზღვით“ ვბრუნდები ხოლმე სახლში სამსახურიდან, გადავხედავ ხანდახან და ფიქრებში რომ წავალ, სოხუმი მახსენდება. ზუგდიდშიც რომ ჩავდივარ და ხობს როგორც კი გავცდები, ისეთი განცდა მაქვს, თითქოს აფხაზეთში მივდიოდე“, – ამბობს დიეგო ზარანდია და დასძენს, რომ შვილებსაც აფხაზეთისადმი სიყვარულით ზრდის.
„ჩემი შვილები ამბობენ, რომ თბილისში დაიბადნენ, მაგრამ წარმოშობით აფხაზეთიდან არიან“, – ამბობს ის.
„ეროვნებით ჩვენ ყველანი სოხუმელები ვიყავით…“ ჩანახატის ავტორი: დიეგო ზარანდია
64 წლის ელიკო კვაჭანტირაძე ოჯახთან ერთად ურეკში ცხოვრობს და სკოლაში მასწავლებლად მუშაობს. ჰელადოსს როცა ასწავლის, დაფაზე დახაზავს — ესაა მდინარე კელასური, ეს ხიდი, აქეთ რკინიგზის სადგური, აქეთ ზღვა...
სოხუმი, 2021 წელი. ფოტო: ლანა კოკაია
„გაყვები, გაყვები და ბარათაშვილის სადგურია. ჰელადოსი ალბათ სწორედ ამ ადგილას გამორიყა ზღვამ-მეთქი, ვეუბნები ბავშვებს და ხშირად უკვირთ, ასეთი სიზუსტით როგორ მახსოვს ყველაფერი: „მასწავლებელო, როგორ ხაზავთ, როგორ გახსოვთო ყველაფერი?“ – ასე ექმნებათ ჩემს მოსწავლეებს წარმოდგენა სოხუმზე“, – ამბობს მასწავლებელი, რომელიც დაკარგულ ქალაქს მოსწავლეებისთვის დაფის მეშვეობით აცოცხლებს.
კითხვაზე, დაბრუნდებოდა თუ არა შესაძლებლობის შემთხვევაში აფხაზეთში, პასუხობს, რომ კალოშებითაც კი წავიდოდა — იმდენად ენატრება სახლი.
„მენატრება ყოველი კუთხე-კუნჭული, ყოველი ქუჩა, ქვა და კენჭიც კი. აბანოში რომ ვარ, იმ ფორმით ვერ წავალ, დანარჩენ შემთხვევაში, კალოშებშიც რომ ვიყო, როგორც კი გამოცხადდება, იმ წუთას წავალ“, – ამბობს ელიკო და ცრემლები მოსდის.
სოციალურ ქსელში დევნილთა უბრალო სოციალური მედიის ჯგუფის მიღმა, ჩანს ემოციური ხიდი, რომელიც აკავშირებს ომის შედეგად დაშორებულ ადამიანებს და ეხმარება მათ შეინარჩუნონ აფხაზეთის კოლექტიური მეხსიერება.
„თუ ასე ძალიან გიყვართ და გენატრებათ — ჩამოდით! ჩვენ, დარჩენილ სოხუმელებს, ყოველთვის გაგვიხარდება თქვენი ნახვა. ჩამოდით, ჩვენ ისევ ისეთები ვართ, არ შევცვლილვართ და ისე გვიყვარხართ, როგორც ადრე!“ – ფეისბუკ ჯგუფში ერთ-ერთი სოხუმელის ასეთ კომენტარსაც გადავაწყდი.
სოხუმი, 2021 წელი. ფოტო: ლანა კოკაია
1992 წლის აგვისტოდან 1993 წლის სექტემბრამდე მიმდინარე ომმა აფხაზეთში მძიმე შედეგები დატოვა — დაიღუპა ათასობით ადამიანი, დაახლოებით 240 000, ძირითადად ეთნიკურად ქართველი, იძულებული გახდა თავიანთი სახლ-კარი დაეტოვებინა.
ინსტრუქცია