[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

გადაწყვეტილება ბათუმის მეჩეთის საქმეზე სავარაუდოდ, ხვალ გამოცხადდება

ბათუმის მეჩეთის საქმეზე დასკვნითი სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 12 სექტემბერს, 10:00 საათზე დაიწყება. დიდი ალბათობით, საქმეზე გადაწყვეტილებაც სწორედ ხვალ გამოცხადდება.

სასამართლოში მუსლიმი თემის ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) იცავენ.

ბათუმის მეჩეთის საქმე:

სასამართლოში მიმდინარე დავის არსს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის თაობაზე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ნებართვის გაცემაზე უარის თქმის აქტების კანონიერების შესწავლა, ბათუმის მერიის მხრიდან რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენა და დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგების აღმოფხვრაა. ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენებაზე უარი განპირობებული იყო, იმ საფუძვლით, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საცხოვრებელ ზონა 6 (სზ-6), რომელიც მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონაა, შესაბამისად ბათუმის მერია მიიჩნევს, რომ მყარად ჩამოყალიბებული განაშენიანება საცხოვრებელი სახლების მშენებლობის კუთხით არ უნდა შეიცვალოს და მისი სამომავლო განვითარება უნდა გაგრძელდეს საცხოვრებელი სახლების მეშვეობით. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სპეციალური ზონალური შეთანხმება შესაძლებელია თუ საქმე გვაქვს სხვა საზოგადოებრივ ინტერესებთან. იმ პირობებში როდესაც „ორთა ჯამეს“ ისტორიული მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს და ასეულობით მუსლიმს ქუჩაში უწევს ლოცა (2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, ბათუმში დაახლოებით 40 000 მუსლიმ ცხოვრობს), სახელმწიფოსთვის აშკარა უნდა ყოფილიყო მეორე მხარს მდგარი მწვავე სოციალური საჭიროება მეჩეთის არსებობაზე და რელიგიის თავისუფლების დაცვაზე.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ იმავე ფუნქციურ ზონაში, რომელშიც სამშენებლოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს, უკვე აშენებულია და ამჟამადაც მიმდინარეობს მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე საკულტო ნაგებობის მშენებლობა. საქართველოს სახალხო დამცველი ბათუმის მერის მიმართ 2018 წელს გაცემულ რეკომენდაციაში (N 04-9/4743) უთითებს, რომ სახალხო დამცველის აპარატმა გამოითხოვა ინფორმაცია აღნიშნულ ზონაში მართლმადიდებელი ეკლესიის მშენებლობებთან დაკავშირებით და გაირკვა, რომ მათზე არ არის გაცემული მშენებლობის ნებართვა, უნებართვო მშენებლობისთვის კი არ დაწყებულა ადმინისტრაციული წარმოება. ეს გარემოება შეფასებულია ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არაერთგვაროვან მიდგომად, სხვადასხვა კონფესიის მიმართ. სახალხო დამცველის შეფასებით, მეჩეთის მშენებლობის ნებართვის საკითხის გადაწყვეტის დისკრეციული უფლებამოსილება არასწორად იქნა გამოყენებული და ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება კერძო და საჯარო ინტერესების დაუბალანსებლად მიიღო. ამასთან, მიღებული გადაწყვეტილებები არ არის სათანადოდ დასაბუთებული, რის გამოც, სახეზეა სპეციალურ ზონალურ შეთანხმებასა და ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებების ბათილად ცნობის საფუძვლები.

ბათუმის მერის მხრიდან მოლაპარაკების თაობაზე პოზიციების ფორმალურობის და არასათანადო ძალისხმევის გათვალისწინებით, მუსლიმი თემი სამართლებრივი გზების გამოყენებით აგრძელებს ბრძოლას დარღვეული უფლებისათვის.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“