[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / სტატია

გადადღაბნილი კონსოლიდაციის რეჟიმი: პუტინის სისტემა 2024 წლის არჩევნებამდე და შემდეგ

 

ანდრეი კოლესნიკოვი

6 მარტი, 2024

 

პუტინის სისტემა საპრეზიდენტო კამპანიით გამოიცდება. თუმცა, კამპანია უკვე ავლენს აბსოლუტური კონსოლიდაციის მითის ეროზიას სახელმწიფოს უცვლელი მეთაურის  შესახებ

 

პუტინის ძალაუფლების მოდელი 2024 წლის არჩევნებში უმრავლესობის პასიურ კონფორმიზმსა და შიშის მერყევ საყრდენს უნდა დაეფუძნოს. პუტინის სისტემა საპრეზიდენტო კამპანიით გამოიცდება. თუმცა, უკვე ჩანს აბსოლუტური კონსოლიდაციის მითის ეროზია სახელმწიფოს უცვლელი მეთაურის  შესახებ. პუტინი იმარჯვებს მოკლევადიან პერიოდში, მაგრამ ნაღმებს უწყობს ქვეყნის მომავალს. პრინციპის „ჩვენს შემდეგ წყალსაც წაუღია ქვეყანა“ მიხედვით მოქმედი რეჟიმი სამომავლო მიზნების კრიზისს განიცდის.  გრძელვადიან პერსპექტივაში მისი პოლიტიკური, ეკონომიკური, დემოგრაფიული და ფსიქოლოგიური რესურსები ამოიწურება.

 

არსებობს უცნაური ომი პერმანენტული სპეცოპერაციის სახით და არსებობს უცნაური ნეოტოტალიტარიზმი, რომელიც ამ უცნაურ ომს შეესაბამება. ის არ ჰგავს ადრინდელ დაპირისპირებებს, თვით ბოლოდროინდელსაც კი. ერთი შეხედვით,  გეოგრაფიული საზღვრები გააჩნია, თუმცა, ამასთანავე, მსოფლიო ტურბულენტობის და გლობალური პროცესების ნაწილია, და გარკვეულწილად, მესამე მსოფლიო ომის ფრაგმენტიცაა, რომელიც უჩვეულო ფორმით მიმდინარეობს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. ეს ბრძოლა საბჭოთა იმპერიის ჯერ კიდევ მიმდინარე რღვევის ნაწილიცაა, იმპერიისა, რომელიც სამი ათეული წელია, ვერ დაიშალა.

 

ნარცისი  ომში მიდის

ახალი უცნაური ომი, ისევე, როგორც ნებისმიერი გრძელვადიანი კონფლიქტი,  პოსტინდუსტრიული ეპოქისთვის უჩვეულო სისასტიკესა, სიკვდილის პათოსურ ჰეროიკასა და არქაიკაში გვაბრუნებს. პოლიტიკურმა რეჟიმმა ეს ყველაფერი უნდა ახსნას და გაამართლოს; მოქალაქეები უნდა დაარწმუნოს უაზრობის მნიშვნელობაში. იმაში, რომ სამშობლოსთვის სიკვდილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისთვის ცხოვრება. იმაში, რომ ქიმერული მიზნისთვის „გმირული“ სიკვდილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვეულებრივი ცხოვრება. იმისათვის, რომ გაამართლოს გაუმართლებელი, აუხსნას საკუთარ თავს აუხსნელი, მასის ადამიანი იღებს „ჩანასახის პოზიციას“(სოციოლოგ ლევ გუდკოვის ტერმინი)[1], იხსნის ნებისმიერ პასუხისმგებლობას და თავს ზემოდან ნაკარნახევი პროპაგანდისტული კლიშეებით იცავს.

ჩვენი დროის გმირი  პასიური კონფორმისტია, რომელსაც არ სურს დაინახოს და გაიგონოს ის, რაც აშკარაა, ხოლო არქაული და ამორალური მორალურად და ერთადერთ შესაძლებლობად გამოაცხადოს. კონფორმისტთა სამყაროში არ არსებობს არანაირი კოლექტიური დანაშაული ან  კოლექტიური პასუხისმგებლობა − მათ არაფერზე შეუძლიათ ზეგავლენა, შესაბამისად, არც არაფერში არიან დამნაშავენი: „არ გვჭირდება ეს ომი, მაგრამ ჩვენ ხომ არ დაგვიწყია?“ 

პუტინის რეჟიმი ორ წელიწადში ადაპტირდა და მოერგო პერმანენტულ ომს. ეს ყველაფერს დაეტყო − პროპაგანდას, მოსახლეობის ყოველდღიურ განწყობებს, ელიტებისა და ქვეშევრდომების ქცევის უნიფიცირებულ პოლიტიკურ მოდელს, განათლებისა და იუსტიციის სისტემას და რაც მნიშვნელოვანია − ეკონომიკას.   

მოსახლეობას ისღა დარჩენია, მოერგოს. ეს უკვე აღარაა ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც მხოლოდ სიჩუმეს დასჯერდება, არამედ ნაწილობრივი ტოტალიტარიზმია (ჰიბრიდული ტოტალიტარიზმი)[2], რომელიც თანამონაწილეობას ითხოვს: სახელმწიფოს ახლობლების გვამებით უნდა გადაუხადოთ, რომელთაც  მანამდე სანგრებში გაგზავნიან, მონაწილეობა უნდა მიიღოთ მასობრივი აღფრთოვანების შეძახილებში „ლუჟნიკებზე“ და სოციალურად გამართლებულ ქმედებებში − უნდა დაასმინოთ ომის მოწინააღმდეგე კოლეგები (მოსწავლეები, მასწავლებლები, პროფესორები, სტუდენტები, მეზობლები), ასევე თვითცენზურასაც უნდა მიმართოთ, მაგალითად, პრევენციულად უნდა შეიკავოთ თავი „უცხოეთის აგენტების“ წიგნების გაყიდვისგან. 

ახალი რეჟიმის ტოტალიტარულობა საკმარისად ტოტალური არ არის: სახელმწიფომ შეიძლება ოჯახებს მოსთხოვოს ახალი ჯარისკაცების წარმოება და ამისთვის აბორტების რეგულირებაც დაიწყოს, ანუ ოჯახებს აუკრძალოს ცხოვრება ინდივიდუალური ტრაექტორიით დაგეგმონ, მაგრამ ამასთანვე  ტოვებს ნაპრალებს კერძო არსებობისთვისაც: სანგრებში ყველას არ გზავნიან და სახელმწიფოს ამ მოწყალე ჟესტის სანაცვლოდ, მასის ადამიანი მზადაა,  დაადასტუროს პირველი პირის ლეგიტიმურობა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უცვლელია: სწორედ ასეთი იყოს სოციალური კონტრაქტის პირობა „სპეცოპერაციის“ მეორე წელს. რუსეთის მოქალაქე მოჩვენებით სიმშვიდეს  ყუთში ჩაგდებული ბიულეტენის ვალუტით ყიდულობს მაშინ, როცა არ არსებობს გარანტია იმისა, რომ „პროდუქტი“ დაუზიანებლად და დროულად მივა ადრესატამდე, არა. მაგრამ თავად მასის ადამიანი არ ფიქრობს ალტერნატივაზე, მიაჩნია, რომ ის არ არსებობს: პუტინისთვის ხმის მიცემით განწირულია, იყიდოს საკუთარი „სტაბილურობა“ და თავი დაიცვას სანგრებში სიკვდილის რისკისგან. ასეთი კონტრაქტი ჯერჯერობით ორივე მხარეს აწყობს – როგორც ხელისუფლებას, ისე მორჩილ უმრავლესობას, რომელსაც მხოლოდ  დასწავლილი ინდიფერენტულობისა სწამს.[3]

პუტინის ახალ ლეგიტიმურობისა და ამასთანავე, ომის ლეგიტიმურობას ისინი აძლევენ ხმას, ვინც სოციალურად, ეკონომიკურად ან პოლიტიკურად სახელმწიფოზეა დამოკიდებული. ისინიც, ვინც დემოგრაფიულად  ელექტორალურ უმრავლესობას შეადგენენ − მაგალითად, ხანდაზმული ადამიანები, ვისაც ჯარში გაწვევა არ ემუქრებათ. პუტინის „პოლიტბიუროს“ ხანშიშესული წარმომადგენლები და პასიური კონფორმისტები, რომლებიც სახელმწიფოსგან იღებენ ხელფასებს, პენსიებს და სოციალურ შეღავათებს, ახალგაზრდებს უწყვეტენ არა იმას, თუ როგორ  იცხოვრონ, არამედ იმას, თუ ვისთვის და როგორ უნდა მოკვდნენ.

დასწავლილი გულგრილობა, დასწავლილი ოპტიმიზმი, დასწავლილი უღირსებობა, რომელსაც ღირსებად, სიქველედ და მაღალ მორალად  ასაღებენ − სულ ესაა, რასაც სახელმწიფო ასწავლის საშუალო სტატისტიკურ ქვეშევრდომს (და არა მოქალაქეს, რადგანაც ეს ცნება პასუხისმგებლობას გულისხმობს). აქ პუტინის რეჟიმი ისეთივე ბანალურია, როგორც ნებისმიერი ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმი − უნიკალური მხოლოდ ისაა, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისის მონახაზის მიხედვით შექმნილი, რატომღაც, ოცდამეერთეში გაჩნდა.

საშუალო სტატისტიკური რუსის არსებობის ჩარჩო პუტინის მეოთხე (ფაქტობრივად, მეხუთე) ვადაში ჰიბრიდული ტოტალიტარიზმით მოიხაზა, რომელიც სახელმწიფო კაპიტალიზმით იკვებება. ეს სისტემა ანაწილებს ნავთობისა და გაზის უკვე შეთხელებულ რესურსებს, ყიდულობს მასების ლოიალობას, აფინანსებს სამხედრო ოპერაციებსა და რეპრესიებს, ინარჩუნებს საზოგადოებას არა სრულად მობილიზებულ, არამედ ნახევრად მობილიზებულ მდგომარეობაში და ამისთვის „განსაკუთრებული გზის“ იდეოლოგიას იყენებს. 

სახელმწიფო ისე ცდილობს შეავსოს ყველა არსებული ნიშა, თითქოს თხევადი იყოს. ის აღწევს მედიაში, კინოში, თეატრში, იჭრება წიგნის ბაზარზე, ცვლის რუსული ენის წესებს, აუქმებს ფემინიტივებს, როგორც  ლგბტ თემის მიმართ სიმპათიის ნიშნებს და უკვე ღამის კლუბებსაც აკითხავს. ბორის აკუნინის წიგნების აკრძალვა და აბორტების რეგულაციის მცდელობა  ერთი რიგის მოვლენებია. ესაა ბიოპოლიტიკა, ინდივიდის ცხოვრებისეული გეგმების მართვის სურვილი და პირადი არსებობის სრული ნიველირება, მისი სხეულის, აზრებისა და სულის ნაციონალიზაცია. სხეულები იქ წავლენ, სადაც სამხედრო კომისარიატი გაგზავნის. ისტორიის გამოცდაზე მედინსკის, ტორკუნოვისა და ჩუბარიანის სახელმძღვანელოების მიხედვით იმსჯელებენ, ხოლო იდეოლოგიურად სწორი ქცევა სტუდენტურ ნაშრომებში „უცხოური აგენტების“ წიგნების ციტირების აკრძალვას დაეფუძნება.

ეს ბრბო და ჯგუფური ნარცისიზმის საზოგადოებაა: „ჩვენ ერთად ვდგავართ, ყველაზე კონსოლიდირებულები ვართ, ყველაზე საუკეთესოები. შემოგვხედეთ, როგორ ლამაზები ვართ უმაღლესი მთავარსარდლის სიტყვებში და ტელევიზორების ეკრანებიდან“. ახლახან გარდაცვლილმა ბრწყინვალე ფილოსოფოსმა ალექსანდრ რუბცოვმა სწორად აღნიშნა: „ყველაზე მეტად უჭირს რეჟიმებს, რომლებიც საკუთარი დიდებულებისა და ყოვლისშემძლეობის ილუზიებს ეფუძნება“. ისევე, როგორც ნარცისი და ექო დაიხოცნენ არა  უპასუხო სიყვარულისგან, არამედ, ბანალური შიმშილისგან, შეიძლება მთელ ქვეყნები  მორალურად და „ფიზიკურად“ დეგრადირდნენ თავიანთი ანარეკლით გამოუთქმელი ტკბობისგან“, − წერდა ის. [4]

ხელისუფლების „გრანდიოზული მე“ (რუბცოვის სიტყვებით) 2022-2023 წლებში კოლექტიურ „გრანდიოზულ ჩვენ-ად“ იქცა, სადაც მოსახლეობის კონფორმისტი ნაწილი საკუთარი თავით ტკბობასაა მიცემული. ადრე სიტყვა „ჩვენ“ მოქალაქეებს გულისხმობდა,  ხოლო სიტყვა „ისინი“ იმათ, ვინც ზევით ისხდნენ,  ქვეყანას მართავდნენ და ფულს შოულობდნენ. ახლა ვერტიკალური კონსტრუქცია ჰორიზონტალურად გადაიქცა: „ჩვენ“ ვართ რუსები, მათ შორის პუტინი და ხელისუფლებაც, „ისინი“ კი − დასავლეთი და უკრაინა. უფრო მეტიც, კლასიკური ფსიქოანალიზის თანახმად, მტერი დეპერსონალიზებულია, მტერი ხომ უკვე ადამიანი აღარაა, შეგიძლია ებრძოლო, დაამცირო და მოკლა.[5]

 

„ისტორიის დასასრულის“ დასასრული

რუსები ცხოვრობენ ნეგატიური იდენტიფიკაციის რეჟიმში („ჩვენ არა ვართ ისეთები, როგორებიც ისინი“) და ნეგატიურ კონსენსუსში („ჩვენ ცივილიზაციის ჩვეული გზით კი არ უნდა ვიაროთ, არამედ, განსაკუთრებულით – ჩვენი სპეციფიკური, განსაკუთრებული თვისებების გათვალისწინებით“). ეს რეჟიმი 2022 წლის თებერვლამდე დიდი ხნით ადრე ჩამოყალიბდა. [6]

პუტინი  „ეგზისტენციალურ“ ომს აწარმოებს დასავლეთისგან რუსეთის განსაკუთრებული იდენტობის დასაცავად. ხელისუფლება ამ ომის არსს ულტრაკონსერვატიული იდეოლოგიურ საფარველში ახვევს. სისტემა თავს იმკვიდრებს არქაული ტერმინებით (ტერიტორიის ზომა) და არანაკლებ არქაულ მეთოდებს იყენებს  (გაფართოება, აგრესია).

პუტინი და მის რეჟიმი, პოლიტოლოგ ფრენსის ფუკუიამას კლასიფიკაციას თუ მივმართავთ, „მეგალოთიმიით“ არის დატვირთული − საკუთარი თავის უმაღლესი დონის სუბსტანციად აღიარებას ითხოვს.[7] არ შეიძლება ლაპარაკი რაიმე სახის „იზოთიმიაზე“ (ანუ სხვებთან თანასწორობის სურვილზე). ქვეყნის ლიდერის ნარცისიზმი მოქალაქეთა მორჩილი უმრავლესობის ჯგუფურ ნარცისიზმად გარდაიქმნება.

ამასთან დაკავშირებით ფილოსოფოსი და სოციოლოგი ერიხ ფრომი წერდა: „ჯგუფურ ნარცისიზმს მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. კოლექტიურ ინტერესს, უპირველესად, სოლიდარობა სჭირდება, საერთო ღირებულებებთან მიკუთვნებულობა ჯგუფს შიგნიდან ამყარებს და ჯგუფით მანიპულირებას აიოლებს. ამას გარდა, ნარცისიზმი ჯგუფის წევრებს კმაყოფილების გრძნობას ანიჭებს, განსაკუთრებით იმათ, ვისაც საკუთარი თავის რწმენა აკლიათ“.[8]

ფრომმა ახსნა ტოტალიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი მასობრივი განწყობების მექანიკაც („ადამიანური დესტუქციულობის ანატომია“ 1973 წელს გამოვიდა): საკუთარი ჯგუფი ადამიანური ღირსების, მორალის, უფლებების და კეთილდღეობის დამცველად მოიაზრება, სხვები კი დაწყევლილია, ყველა ცოდვა მათ მიეწერება − ტყუილიდან და უპრინციპობიდან დაწყებული, სისასტიკითა და არაადამიანურობით დასრულებული“. [9]

თავდაცვითი აგრესია, განსაკუთრებით, მილიტარიზაციის პირობებში, იმხელა მასშტაბს აღწევს, რომ პათოლოგიად იქცევა. ამ ტიპის აგრესია ინსტრუმენტალურად ძალიან ხელსაყრელია ხელისუფლებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი პოპულარობა იკლებს (რაც 2020-2021 წლებში შეინიშნებოდა). „ომის დროს თითოეული მთავრობა საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს „წყალქვეშა“ დინებებს და ხალხის ფარულ უკმაყოფილებას“, − განმარტავს ფრომი, − ხელისუფლება წინააღმდეგობის განწყობებს შეგნებულად მიმართავს თავისი სამხედრო მიზნების მისაღწევად; ამავე დროს, ავტომატურად თავისუფლდება შიდა აფეთქების საფრთხეებისგან, რადგან ომის პირობებში  მკაცრი დისციპლინის ატმოსფერო იქმნება. მოსახლეობა ულაპარაკოდ ემორჩილება ლიდერებს, რომელთაც პროპაგანდა ადიდებს, როგორც უანგარო სახელმწიფო მოღვაწეებს და ხალხის მხსნელებს.“[10] 

„სპეცოპერაცია“ დაიწყო ლოგიკით „ჩვენებს ურტყამენ“, თუმცა, გაგრძელდა მსოფლიო წესრიგის ცვლილების პრეტენზიით. ხოლო გზა ამ მსოფლიო წესრიგის შესაცვლელად (უწესრიგობის დასამყარებლად) მხოლოდ საომარ მოქმედებებზე გადის, რადგან ამისთვის რუსეთს რბილი ძალა აღარ ჰყოფნის. მას შემდეგ, რაც სპეცოპერაცია დაიწყო, რბილმა ძალამ, ისევე, როგორც რბილმა რეჟიმმა ნეგატიური კონოტაცია შეიძინა: პუტინის რუსეთი არაა ისეთი, როგორიც დასავლეთია (ეს არა პოზიტიური, არამედ ნეგატიური თვითიდენტიფიკაციაა) და ამიტომ საკუთარ თავს კიდევ ერთი ჰიპოთეზური სუბსტანციის, „მსოფლიო უმრავლესობის“ ლიდერად წარმოიდგენს. თუმცა, მსოფლიოს არევა მეოცე საუკუნის დასაწყისისა და შუა ხaნების მეთოდებით სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რამენაირად იმოქმედებ მსოფლიო წესრიგის ფორმირებაზე, მით უმეტეს, როცა რაღაც პრინციპულ სიახლეზე გაქვს პრეტენზია.

მიუხედავად ამისა, პუტინმა თავისებურად უზრუნველყო „ისტორიის დასასრულის“ დასასრული, თუკი კომუნიზმის დაცემის შემდეგ მსოფლიოში უნივერსალური ლიბერალური ღირებულებების მდგრადი დამკვიდრების ფრენსის ფუკუიამასეულ ლოგიკას მივყვებით.

ფუკუიამასეული „დასასრულის“ შემდეგ,  9/11-ის კატასტროფიდან, ისტორიამ ისევ ეფექტურად იწყო შემობრუნება. პუტინის ძალაუფლების მოდელი ავტორიტარულად ტრანსფორმირდა (2007 წლის მიუნხენის სიტყვა სამოქმედო პროგრამად იქცა). დაიწყო პოპულიზმის ტალღა და საარჩევნო ავტოკრატიების აღზევება. წარმატებას მიაღწია მემარჯვენე კონსერვატიულმა დისკურსმა. ხოლო დონალდ ტრამპის ფენომენის გამოჩენამ და პუტინის მიერ ყირიმის ხელში ჩაგდებამ, 2022 წლის თებერვლის კატასტროფასთან ერთად, საბოლოოდ დაასრულა სურათი.

ბულგარელი პოლიტოლოგის, ივან კრასტევის თქმით, ფუკუიამას წიგნის სათაურიდან − „ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი“ დარჩა მხოლოდ „უკანასკნელი ადამიანი“ და სამყაროს იმ საფუძვლების განადგურების მუდმივი განცდა, რომლებიც თითქოს საკმაოდ მყარი ჩანდა.[11] სწორედ ეს შთამბეჭდავი ტურბულენტობა აძლევს საშუალებას პუტინს, დემონსტრაციულად გვიჩვენოს საკუთარი ძლიერება: რაიმე ფუნდამენტურად ახლის მშენებლობისა და მოდერნიზაციის სფეროში მარცხის შემდეგ, მას შეუძლია საუკეთესოდ წარმოჩინდეს დესტრუქციული ექსპანსიისა და მოდერნიზაციის ნგრევის სივრცეში.

 

რევოლუცია, თვითგადატრიალება და ნეგატიური იდენტობა

ასეთი ტურბულენტობის შექმნა, მსოფლიო წესრიგის საფუძვლებს რომ ამსხვრევს და ერთგვარ რევოლუციას წააგავს, ცხადია, ახალი სიტყვა არაა ისტორიისთვის. დღევანდელი რუსების ლექსიკისთვის სიტყვა "რევოლუციას" მკაფიოდ უარყოფითი მნიშვნელობა აქვს − რევოლუციები მხოლოდ "ფერადია" და  "სტაბილურობას" ანადგურებს. და მაინც, ის, რაც ახლა ხდება ქვეყანასა და მსოფლიოში, პუტინის მმართველობის პიკზე, თითქმის მეოთხედი საუკუნის შემდეგ, რაც ის ღია პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა, სწორედ რევოლუციად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ ეს რევოლუცია − კონსერვატორულია და რევერსული. 

ის, რაც ხდებოდა ესპანეთში ფრანკოს დიქტატურის დამყარებისას, ტრადიციონალისტური იდეოლოგიის ტერმინებით შეფასდა, როგორც „ეროვნული რევოლუცია და ჯვაროსნული ლაშქრობა“. ზუსტად ასევე კლასიფიცირდებოდა 1930-იან წლებში გერმანიაში მომხდარი პროცესებიც. 1930-იანი წლების დღიურებსა და წერილებში თომას მანი ხშირად ახსენებდა ამ მოსაზრებას. მაგალითად, 1933 წლის 15 მაისს მან ალბერტ აინშტაინს მისწერა: „ჩემი ღრმა რწმენით, მთელი ეს „გერმანული რევოლუცია“, ნამდვილად არაბუნებრივი და საძაგელია. მას არ აქვს არც ერთი თვისება, რომლითაც ნამდვილმა რევოლუციებმა, მათ შორის, ყველაზე სისხლიანებმაც კი, მსოფლიოს სიმპათია დაიმსახურეს. ის, თავისი არსით „ამბოხი“ კი არ არის, რასაც არ უნდა ამბობდნენ ან ყვიროდნენ მისი მომხრეები, არამედ ესაა სიძულვილი, შურისძიება, მკვლელობის ამაზრზენი ვნება და სულის მეშჩანური უბადრუკობა“ [12]

ამგვარ „რევოლუციას“ მოაქვს ხელისუფლების მიერ თავსმოხვეული მსოფლმხედველობისა  და ქმედების უნიფიკაცია. რასაც მაშინ მოიხსენიებდნენ სიტყვით − Gleichschaltung („ერთგვაროვნება“, „გათანაბრება“, მთელი საზოგადოების ჩართვა დომინანტურ იდეოლოგიაში, ერთიანი პოლიტიკა და მმართველობისას იმ ადამიანების უფლებების შეზღუდვა, ვინც არ შეესაბამება ახალ წესებს).[13] თომას მანს ამაზეც წერს თავის დღიურებში (1933 წლის 30 ივნისი): „...ეს „ტოტალურობის“ პრობლემაა, სახელმწიფოსა და კულტურის შერწყმა, რომელიც ძალადობრივად მიიღწევა გაერთიანებითა და „უნიფიკაციით“.[14]

ისე კი, როგორ უნდა ვილაპარაკოთ 21-ე საუკუნის ოციანი წლების რუსული რეჟიმთან მიმართებით რევოლუციაზე? ეს კონტრრევოლუცია ბურჟუაზიული რევოლუციის შემდგომ, თუკი გავიხსნებით იმას, რაც რუსეთში 1991-1993 წლებში მოხდა (1992 წლის ლიბერალური რეფორმები, ეროვნული რუსული სახელმწიფოს ჩამოყალიბება და 1993 წელს ორმაგი ძალაუფლების აღმოფხვრა ევროპული ტიპის კონსტიტუციით). გორბაჩოვის დროის პერესტროიკაც ასევე რევოლუციად შეფასდა, ოღონდ ამ სიტყვის დადებითი გაგებით. პუტინის რეჟიმი ამ მემკვიდრეობაზეც ამბობს უარს. 

2020 წელს მოხდა რაღაც, რაც მასშტაბურობის თვალსაზრისით რევოლუციას ჰგავს –რეფერენდუმი კონსტიტუციის შეცვლისა და საპრეზიდენტო ვადების განულების მიზნით. ზოგიერთებმა ამას „გადატრიალებაც“ უწოდეს. ერთი შეხედვით, როგორაა გადატრიალება, როცა პუტინს და მის გუნდს უკვე ჰქონდა ძალაუფლება? მაგრამ, თუ ისტორიულ პრეცედენტებს გავიხსენებთ, 1991 წლის აგვისტოს გადატრიალება სსრკ-ში ხელისუფლებაში მყოფმა ადამიანებმა წამოიწყეს, თუმცა ის ქვეყნის პირველი პირის წინააღმდეგ იყო მიმართული. ქვეყნის ძირითადი კანონის შესწორება იმ კვაზისამართლებრივი ფორმებით, რომლითაც განხორციელდა, კონსტიტუციური წყობის საფუძვლებს ცვლის. სამართლებრივი, პოლიტიკური და (რაც, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია) მორალური ნორმების ინვერსიისა და პროფანაციის მასშტაბების თვალსაზრისით, ეს კლასიკური თვითგადატრიალებაა (autogolpe): ხელისუფლება თავადვე იგრძელებს მმართველობას კონსტიტუციის თვითნებური და უმნიშვნელოვანესი ცვლილებების გზით.

სწორედ 2020 წლის ზაფხულის უცნაურმა რეფერენდუმმა დაასრულა იმ რეჟიმის ფორმირება, რომელმაც  „სპეციალური ოპერაცია“ დაიწყო 2022 წლის 24 თებერვალს. ფაქტობრივად, ეს რეფერენდუმი პრეზიდენტის კიდევ ერთხელ „არჩევა“ იყო, რომლის შედეგადაც პუტინმა მიიღო უფლება, 2036 წლამდე მართოს ქვეყანა. საკმაოდ მყარად მოხვდა „პოსტზე“ −  78,45% "მომხრითა" და 21,41% „წინააღმდეგით“ (ეს უკანასკნელი რიცხვი პრაქტიკულად დაემთხვა ლიბერალური შეხედულებებისა და ანტიპუტინური პოზიციის მქონე რესპონდენტთა სტანდარტულ 20 პროცენტს).

ერთი შეხედვით, პუტინის რეჟიმი, ისევე, როგორც მსგავსი ტოტალიტარული რეჟიმები, ძლიერი და ფორმალიზებული ჩანს. მაგრამ სინამდვილეში ის თავის ინსტიტუციურ საფუძვლებს მოკლებულია: კანონები, ისინიც კი, რომელებიც ავტორიტარული, რეპრესიული სამართლის კონტურებში ექცევა, თვითნებურად მიიღება, ხელისუფლების დანაწილების პრინციპი – ფიქციაა, კონსტიტუციური სამართალი და თავისუფლება აღარ არსებობს, ინსტიტუტები მოშლილია და ემორჩილება არა ხელისუფლების ვერტიკალს, არამედ ერთი ადამიანის გადაწყვეტილებებს. ჩინოვნიკები და სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლები სანამ იმოქმედებენ, წარმოიდგენენ, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მათ ადგილას ის „ერთი კაცი“ – სისტემა მრავალი პატარა პუტინისგან შედგება. ეს სახელმწიფოებრიობის გამყარება კი არა, მისი მოშლაა. ინსტიტუტების წაშლა და დეინსტიტუციონალიზაციაა და არა – მათი შენება.

გარეგნულად ზეძლიერი ხელისუფლება სამართლებრივ ფუნდამენტსა და ინსტიტუციურ ძალას კარგავს. შესაბამისად, რეალურად სუსტია, რადგან მისი ლეგიტიმურობა სამართალს კი არა, სამართლის იმიტაციას ეფუძნება. თითქოს სამართალი არსებობს, მაგრამ სახელმწიფო, საგამოძიებო ორგანოები, სასამართლო,  მისი ფორმალური გამოყენებით არასამართლებრივ კონტროლსა და ძალადობას ახორციელებენ. ამ ფენომენს სამართალმცოდნე ლეონიდ ნიკიტინსკი „არასამართლებრივ“ სისტემას უწოდებს.[15] გერმანელ-ამერიკელმა იურისტმა ერნსტ ფრენკელმა ნაშრომში „ორმაგი სახელმწიფო“  (The Dual State) რთული ფენომენი აღწერა: ერთსა და იმავე სახელმწიფოს სივრცეში არსებობს „ნორმატიული სახელმწიფო (the normative state - სამართლებრივი ნორმები არ უარუყვიათ) და „პრეროგატიული სახელმწიფო“ (the prerogative state), რომელიც თვითნებურად მიმართავს ძალადობას, არ ითვალისწინებს კანონთა სისტემას და მხოლოდ ფორმალურად ეყრდნობა მას.[16]

„მტრის“ ამოცნობისა და მასთან ბრძოლის ეს „ორმაგი“ ბუნება კარგად ახსნა ერთ-ერთმა რუსმა მაღალჩინოსანმა სამართალდამცავმა: „ეს ადამიანები (ამ შემთხვევაში, სტუდენტი, რომელიც უარყოფითად საუბრობდა „სპეცოპერაციაზე“. - ა.კ.) ჩვენი მტრები არიან. დიახ, მათ  დანაშაული არ ჩაუდენიათ, მაგრამ ისინი მაინც ჩვენი სამიზნენი არიან − უშიშროების უწყებების, შინაგან საქმეთა უწყებების და პროკურორებისა“.[17] რეპრესიული ორგანოები მათ, ვინც ცდილობდა ალექსეი ნავალნის ხსოვნის პატივისცემა გამოეხატა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის სხვადასხვა ადგილას, – ეპყრობოდა, როგორც მტრებს და არა როგორც თანაბარუფლებიან მოქალაქეებს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ პუტინის რეჟიმი სტალინური დიქტატურის პირდაპირი მემკვიდრეა.

კანონის ასეთი უგულებელყოფა ასევე ძველი „ტრადიციაა“: ჩვენ აქ და ახლა ისე არ ვართ, როგორც დანარჩენები − განსაკუთრებულ „სამხედრო“ პირობებში ვიმყოფებით. აღმოაჩინეს რა ნეგატიური იდენტობა, პუტინმა და მისმა ელიტამ ის საზოგადოებას მოახვიეს თავს: სწორედ „სპეციალური ოპერაციაა“ ბრძოლა ახალი, ხელოვნური იდენტობისთვის; მისი გამტკიცების ტექნოლოგია გაფართოებაა საერთაშორისო სამართლის უარყოფისა და რეპრესიული შიდა პოლიტიკის ხარჯზე. ხოლო საერთო საქმე, რომელმაც უნდა განამტკიცოს ეს იდენტობა,  ახლა  საოცარი სიტყვათშეთანხმებებით გამოიხატება: ადამიანები ერთიანდებიან იმით,  რომ ერთად „ქსოვენ შესანიღბავ ბადეებს“ და „ამზადებენ სანთლებს სანგრებისთვის“.

პროკრემლისტური ВЦИОМ-ის (საზოგადოებრივი აზრის კვლევის სრულიად რუსეთის ცენტრი) ხელმძღვანელის, ვალერი ფედოროვის თქმით, როდესაც „სპეციალური ოპერაციის“ დასაწყისში გაირკვა, რომ მეტი დრონი იყო საჭირო, „გაჩაღდა საერთოეროვნული მუშაობა“ (სიმპტომატური ფრაზა, რომელიც შეიცავს აშკარა გაზვიადებას, მაგრამ ამავე დროს, სოციალურად გამართლებული ქცევას აღნიშნავს – ა .კ.): „ვიღაცამ იყიდა დრონები საზღვარგარეთ, ვიღაცამ თვითონ შექმნა, ვიღაცამ ისწავლა მათი მართვა და განავითარა ლოგისტიკა. ამგვარი მაგალითები ცოტა არ არის”.[18]

ამასთანავე, მშობლიური სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი  ტრადიციულ იარაღს ამზადებს (რის შედეგადაც იზრდება ხელფასი და მშპ) და იგონებს სუპერიარაღს, რომელსაც, როგორც ავტოკრატი ირწმუნება, მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. არადა, შეეძლოთ ტექნოლოგიებისა და სერვისების გამოგონება არა ადამიანების დასახოცად, არამედ სიცოცხლისთვის. მშპ-ს და შემოსავლების გაზრდა მშვიდობიანი ეკონომიკური და არა სამხედრო-სამრეწველო საქმიანობით.

დღევანდელი იდენტობის მოდელის საკვანძო მახასიათებელია ის, რომ აღარ არსებობს კოლექტიური ან ინდივიდუალური პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება. და, შედეგად, თავისუფლდები ნებისმიერი დანაშაულისგან − მორალურისგანაც და იურიდიულისგანაც.

 

სპეცოპერაციის მონაწილეთა დიალექტი

სამხედრო-პატრიოტული რეალობის აღწერას და გამართლებას ახალი ენა სჭირდება, რომელიც გმირულ პათოსს და ბრალმდებლურ ტონალობას გულისხმობს. ეს სოციალური დიალექტი ყალიბდება ნეგატიური იდენტობის ლოგიკის მიხედვით და, შესაბამისად, უხეში და ბრალმდებლურია „მოღალატეების", „ნაძირალების", „უცხოეთის აგენტების“ მიმართ, უნებურად იმეორებს 1940-იანი წლების ბოლოსა და 1950-იანი წლების დასაწყისის „კოსმოპოლიტებთან ბრძოლის“ ეპოქის ენას (ჰოლანდიელმა ისტორიკოსმა იოჰან ჰუიზინგამ სიტყვების ამგვარ გამოყენებას „ვერბიციდი“ უწოდა).[19]

„უცხოური აგენტების“ შესახებ კანონმდებლობის გამკაცრების აუცილებლობა იმდროინდელ ენას იმეორებს. გვიანი სტალინიზმის იდეოლოგი, ანდრეი ჟდანოვი ამბობდა: „ბრძოლის ველზე ჩვენი დამარცხების განზრახვა ჩავარდა. ახლა იმპერიალიზმი უფრო და უფრო დაჟინებით დაიწყებს ჩვენს წინააღმდეგ იდეოლოგიურ შეტევას. აქ დენთი მშრალად უნდა შევინახოთ“. [20]

შესაძლოა, ეს ფრაზა პუტინის სპიჩრაიტერების ლოგიკას შევადაროთ − აი, პრეზიდენტის 2023 წლის გზავნილის ფრაგმენტი: „წარმოუდგენელია, არ იცოდნენ, რომ რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე შეუძლებელია, ამიტომაც სულ უფრო აგრესიულ საინფორმაციო თავდასხმებს ახორციელებენ ჩვენ წინააღმდეგ“.[21] და იქვე: „დასავლეთი შეეცდება შეარყიოს და გახლიჩოს ჩვენი საზოგადოება, დაეყრდნოს ერის მოღალატეებს, რომელთაც მუდმივად, − მინდა ეს ხაზგასმით აღვნიშნო, – აქვთ საკუთარი სამშობლოს ზიზღი, და სურთ ამავე საწამლავის გაყიდვით ფული იშოვონ იმათგან, ვინც მზადაა ამისთვის გადაიხადოს“.

პრობლემა ისაა, რომ Z-ენა, მიუხედავად მისი პუბლიცისტურობისა, მაინც ინსტრუმენტულია:  იხმარება ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი დევნის დროს. მაგალითად, ცნობილი უფლებადამცველის, ოლეგ ორლოვის ბრალდების განახლებისას, როცა მას არმიის დისკრედიტაციაში დასდეს ბრალო, სრულიად არასამართლებრივი ფორმულა გამოიყენეს: „იდეოლოგიური მტრობა ტრადიციული რუსული სულიერი, მორალური და პატრიოტული ფასეულობების წინააღმდეგ“. [22]

Z-ენა ამცრობს მნიშვნელობებსა და ნარატივებს და, რა თქმა უნდა, ვერ იარსებებს მტრის ხატის გარეშე. ეს არის ენა, რომლის ცნებები ბრჭყალებში უნდა ჩაისვას, რადგან ყველაფერი იმიტაციაა. მაგრამ ის თავად უჯანყდება ბრჭყალებს − ცნობილია შემთხვევები, როდესაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები დაისაჯა იმიტომ, რომ ბრჭყალებში ჩასვეს ეპოქის მთავარი ტერმინი - "სპეციალური სამხედრო ოპერაცია“.

ამასთანავე, Z-ენა ერთგულ მოქალაქეებს საშუალებას აძლევს არა მხოლოდ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, არამედ ამხილონ მტრებიც. ამის მაგალითია ძალაუფლებისთვის ბრძოლა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში 2024 წლის იანვარში, როდესაც „სუვერენული ფილოსოფიის“ მომხრეთა ჯგუფმა  კოლეგები „დასავლეთის თაყვანისცემაში", სწორედ 1940-იანი წლების სტალინური ტერმინებით დაადანაშაულა.[23]  

პირველად „ყველაფრის უცხოურის მიმართ თაყვანისცემის“ სულისკვეთება ნახსენები იყო საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის საორგანიზაციო ბიუროს 1946 წლის 14 აგვისტოს ცნობილ დადგენილებაში ჟურნალების, „ზვეზდასა“ და „ლენინგრადის” შესახებ. „კოსმოპოლიტები“ სიტყვიერი მიმოქცევაში ჯერ კიდევ 1940-იან წლებში ჩაუშვეს, მაგრამ ტერმინის ოფიციალური რეგისტრაცია უზრუნველყო 1949 წლის 28 იანვარს „პრავდაში“ გამოქვეყნებულმა სტატიამ „თეატრის კრიტიკოსთა ერთი ანტიპატრიოტული ჯგუფი“. სტატიის ფიგურანტები გამოცხადდნენ „საბჭოთა ადამიანისთვის ყოვლად საძულველი კოსმოპოლიტიზმის მატარებლებად, რომლებიც ანადგურებენ „საბჭოთა საზოგადოების იდეოლოგიურ მონოლითურობას“.[24]

ხშირად გვხვდება ტერმინები – მონოლითურობა, კონსოლიდაცია, ერთიანობა, მათგან გათავისუფლება, ვინც მასას არ უერთდება. პუტინი თავის 2023 წლის გზავნილში ამბობდა: „მოქალაქეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაიკავა პრინციპული პოზიცია სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით, გააცნობიერა ჩვენ მიერ განხორციელებული ქმედებების მნიშვნელობა და მხარი დაუჭირა ჩვენს მოქმედებებს დონბასის დასაცავად. ამ მხარდაჭერაში უპირველეს ყოვლისა, გამოიხატა ჭეშმარიტი პატრიოტიზმი – განცდა, რომელიც ისტორიულად აქვს თანდაყოლილია ჩვენს ხალხს“.

ამასთანავე, რთულია „პრინციპულ პოზიციაზე“ ლაპარაკი, მაშინ, როცა ლევადა-ცენტრის მონაცემების მიხედვით (2023 წლის ნოემბერი), რესპონდენტების 62% სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით განიცდიდა გრძნობების ისეთ სპექტრს, როგორიცაა „ბრაზი, აღშფოთება“, „სირცხვილი“, „დათრგუნულობა, გაოგნება", „შფოთვა, შიში, საშინელება“, „შოკი“ ხოლო 45% − „რუსეთით სიამაყეს“ (კიდევ 5% −  „კმაყოფილებას, სიხარულს“ და 6. % −  „შთაგონებას“)25[25]

„სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ გააერთიანა ჩვენი საზოგადოება უპრეცედენტო გზით და ხელი შეუწყო მის გაწმენდას იმ ადამიანებისგან, რომლებიც არ გრძნობდნენ მიკუთვნებულობას  რუსულ ისტორიასა და რუსულ კულტურასთან,“ − განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 2024 წლის 19 იანვარს 2023 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.[26] ამგვარი დისკურსი საბჭოთა ხელისუფლებასაც კი არ ჰქონდა  „განვითარებული სოციალიზმის“ შედარებით ვეგეტარიანულ პერიოდში (ყოველ შემთხვევაში „განწმენდაზე“ პრაქტიკულად აღარ ლაპარაკობდნენ). ის კვლავ გვიანდელ სტალინურ პერიოდში გვაბრუნებს და ზოგადად, ულტრაკონსერვატიული იდეოლოგებისთვისაა დამახასიათებელი.

მაგალითად, გერმანელი იურისტი კარლ შმიტი წერდა საზოგადოებრივი ცხოვრების „გაწმენდის“ შესახებ „უცხო ელემენტებისაგან“.[27] რუსულ ნარატივში პოპულარული გახდა გამოთქმა „მუქარების ეგზისტენციალური ბუნება“[28], „ეგზისტენციალური დაპირისპირება“. კარლ შმიტი წიგნში „პოლიტიკურის გაგება“ წერდა: „მტერი, ძალიან ინტენსიური არსით, ეგზისტენციალურად განსხვავებული და უცხოა, ვისთანაც მხოლოდ ეგზისტენციალური კონფლიქტებია შესაძლებელია“.[29]

დასავლეთი ამ დისკურსში რუსეთის წინააღმდეგ შეთქმულების წყაროა. რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი, სერგეი ნარიშკინი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა: „მედასავლეთეებმა იფიქრეს, რომ მათ შეეძლოთ რუსეთი დაემარცხებინათ – თითქმის ღიად გვპირდებოდნენ რევოლუციას და კანონიერად არჩეული ხელისუფლების, კანონიერად არჩეული მთავრობის დამხობას“.[30] ასეთი სულისკვეთება ჰქონდა ბევრს, მათ შორის, ძირითადად, საეკლესიო მოღვაწეებს ჯერ კიდევ მე-16-17 საუკუნეებში, რომ აღარაფერი ვთქვათ ნებისმიერი სახის დასავლური გავლენის მიუღებლობაზე: რუსეთის მოდერნიზაციის ისტორიის მკვლევარი, დიმიტრი ტრევინი აღნიშნავს, რომ იმ დროს „განმანათლებლობა სასიკვდილოდ სახიფათო საქმე იყო“.[31] ხოლო 1917 წელს პატრიოტმა კონსერვატორებმა გაავრცელეს ჭორები იმის შესახებ, რომ რევოლუცია „მოახდინეს ლიბერალებმა − სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა, რომელთაც მითითებებს აძლევდა  ლორდი ბიუკენანი“ (ინგლისის ელჩი - ა.კ.)[32]

ნებისმიერი ავტორიტარიზმი, რომელიც პოულობს სიტყვებს იდეოლოგიის ჩამოსაყალიბებლად და მიდრეკილია იქცეს რაიმე სახის ნახევრად ტოტალიტარულ ან ნეოტოტალიტარულ ფორმაციად, თუ პიროვნების მთლიანად შეცვლას არა, იმას მაინც ცდილობს, რომ წარმოსახვითი იდეალი, პლაკატური ანთროპოლოგიური ტიპი შექმნას. პუტინის რეჟიმისთვის ესაა მკაცრი ახალგაზრდა მამაკაცი სამხედრო ფორმაში, რომელიც ბილბორდიდან მოუწოდებს: „შეუერთდეთ სპეციალურ საომარ ოპერაციას!“ ესაა ტიპაჟი, რომელიც საშინლად ჰგავს მე-20 საუკუნის დიქტატურების ზეადამიანს. პლაკატები და სურათებიც შემაშინებლად იდენტურია. რაღა უნდა ვთქვათ პოპულარულ „პატრიოტ“ მომღერალ შამანზე − ქერა არიელ ტიპზე, შავ ტყავში რომ გახვეულა, პლაკატურ-მონუმენტური პოზებს რომ იღებს და სადღაც, 1930-იან წლებში რომ გადაგვისვრის. ეს ტოტალიტარული ხელოვნების იდეალური ცოცხალი მაგალითია.

შამანი პაპსა სიმღერების საშუალებით ავრცელებს მასებში ნეგატიურ იდენტობას („რუსი ვარ მთელი მსოფლიოს ჯიბრზე!“) და გმირული სიკვდილის კულტს: „ავდგეთ, სანამ ღმერთია ჩვენთან და ჭეშმარიტებაა ჩვენთან / ჩვენ მადლობას ვეტყვით იმათ, ვინც გამარჯვება მოგვიტანა / მათ, ვინც სამოთხე  მოიპოვეს და  ჩვენთან აღარ არიან / ავდგეთ და ვიმღეროთ სიმღერა“.

იმავე აზრს პატრიარქი კირილი თავის სამწყსოს რელიგიის საშუალებით გადასცემს: „ეკლესია აცნობიერებს, რომ თუ ვინმე მოვალეობის გრძნობით, ფიცის აღსრულების აუცილებლობით უერთგულებს საკუთარ მოწოდების და მიდის ვალის ამოსახდელად,  და თუ ამ დროს კვდება, მაშინ ის უეჭველად სჩადის მსხვერპლშეწირვასთან გათანაბრებულ ქმედებას. თავს სწირავს სხვებისთვის. ამიტომაც გვჯერა, რომ ეს მსხვერპლი შლის ყველა ცოდვას, რაც ადამიანმა ადრე ჩაიდინა“.[33] ასეთივე სულისკვეთებით ქადაგებს რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ბევრი იერარქი, ამასთანავე, მათი პოზიცია და ომის გამართლება (ასევე, იმ მღვდლების დევნაც, ვინც  ეწინააღმდეგება „სპეცოპერაციას“) ეწინააღმდეგება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალურ კონცეფციას.[34]

ამას გარდა, არსებობს სიკვდილის კულტიც – რომელიც ალექსანდრ დუგინის ქაოსური შემოქმედების ერთ-ერთი მოტივია. ამ კულტის, ნაწილობრივ მაინც, სოციალისტურ საფუძვლებზე სალაპარაკოც არაფერია: საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ადამიანების რამდენიმე თაობას ახსოვს სიტყვები: „როგორც ერთი, ისე მოვკვდებით ყველანი მათთვის“, ანუ, „საბჭოების ხელისუფლებისთვის“.[35]

ახალი ადამიანი ტრადიციული ფასეულობების მცველია, შეუძლია მოკვდეს სამშობლოსთვის, მრავალშვილიანი მამაა და მისი მყარი ოჯახი შობს ბევრ ახალ ჯარისკაცს და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მუშას, რომლებიც წარმატებით დაამარცხებენ არა მხოლოდ გარე, არამედ შიდა მტრებსაც. მტერი ავტოკრატიული ჟანრის კლასიკაა, იქნება ეს „ხალხის მტერი“, „უფესვებო კოსმოპოლიტი“ თუ „უცხოეთის აგენტი“. ამ კრიტერიუმის მიხედვით, და ასევე იმიტომაც, რომ ნადგურდება მეხსიერება სტალინის რეპრესიების შესახებ, დღევანდელ რეჟიმს შეიძლება, ნეოსტალინური ვუწოდოთ.

ომის მეორე წელს, საჯარო სფეროსთან დაკავშირებულმა ადამიანებმა (მაგალითად, კინოსა და თეატრის მუშაკებმა ან საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა) გადაწყვიტეს, რომ რეჟიმი, რომელიც მაქსიმალურად გამკაცრდა, სამუდამოა.  ეს კი ნიშნავს, რომ  არა მხოლოდ უნდა მოერგოთ მას, არამედ დანებდეთ კიდეც − ანუ ღიად დაუჭიროთ მხარი პუტინს და ომს. ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა საპრეზიდენტო კამპანიის დროს, როდესაც ბევრისთვის პუტინის და ომის ღია მხარდაჭერა ნიშნავდა პროფესიული კარიერის გაგრძელების შესაძლებლობას და აღმოფხვრიდა მტრად გამოცხადების რისკსაც − ყველაფერი კლაუს მანის "მეფისტოფელში" აღწერილ ლოგიკას მიჰყვებოდა.

ეს, ნაწილობრივ, გაურკვევლობისგან დაღლის შედეგიცაა. მსგავსი რამ ხდებოდა 2014 წელსაც, როდესაც ბევრმა (თუნდაც მათ, ვინც მონაწილეობდა 2011-2012 წლების საპროტესტო აქციებში) გადაწყვიტა, რომ არაფერი ჰქონდა საწინააღმდეგო ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებული კოლექტიური ეიფორიის მიმართ და საჭირო იყო შეერთებოდა საერთო მხიარულ მასას.  ამ გზით  უფრო ადვილად გადარჩებოდა.

 

Paleomodernity და პრეადაპტაცია

პუტინმა დაიწყო ომი, რათა შეეცვალა მსოფლიო და ეიძულებინა ის, ეცხოვრა მისი წესების მიხედვით, ამისთვის კი სჭირდებოდა, რომ საკუთარი ქვეყანა და მისი გეოპოლიტიკური გავლენის ზონა ჰყოლოდა იმ მდგომარეობაში, რომელსაც კულტუროლოგი ალექსანდრ ეტკინდი paleomodernity-ის უწოდებს. ეს paleomodernity ეფუძნება ენერგიის იმ ტიპებს, რომელთაც სჭირდება „რესურსული კოლონიზაცია, მოსახლეობის იმპერიალიზმი, სამხედრო კაპიტალიზმი“, რაც დიდწილად ხსნის პუტინის, ძველი ტიპის ადამიანის მზადყოფნას ტერიტორიების გასაფართოებლად.[36]

ძველი რუსეთი ექსტენსიურად ვითარდებოდა, შიდა კოლონიზაციის ხარჯზე, ხოლო იმპერიის კოლონიზებული იმ ტერიტორიების დაცვამ, სადაც ბიუჯეტის მთავარი საფუძვლები, ნავთობი და გაზი მოიპოვება – ელიტას თავდაცვითი ცნობიერება და საკუთარი უსაფრთხოების კულტი ჩამოუყალიბა. ამ კულტის გასამართლებლად არსებობს ულტრაკონსერვატორული ნაციონალურ-იმპერიული იდეოლოგიაც.

პუტინი და მისი გუნდი სწორედ ასეთი paleomodernity-ის პროდუქტია. სამყარო წინ მიდის. ეტკინდის ტერმინი რომ ვიხმაროთ - gaiamodernity-ისკენ, რაც გულისხმობს ენერგიის სხვა წყაროებზე გადასვლას და მათ დაზოგვას ისე, რომ „ჩვენს შემდეგ“ ქვეყანა „წყალმა“ არ წაიღოს. მსოფლიოს  საკუთარი ხედვისას განხორციელებისას პუტინი იცავს რესურსების მოხმარების წარმავალ მოდელს, რომელიც მოითხოვს ტოტალიტარულ და იმპერიულ პოლიტიკურ ჩარჩოს. მისი ომი − ესაა მომავალთან ბრძოლა წარსულისთვის, ბრძოლა მკაფიოდ განსაზღვრული სტრატეგიული მიზნის გარეშე. მიზნების კრიზისი და ადამიანური კაპიტალის მომავლის უგულებელყოფა ჩაწნულია რუსეთის რეჟიმის არსობრივად ტაქტიკურ პოლიტიკასთან.

თავის მეორე ნაშრომში „ბოროტების ბუნება“ ალექსანდრ ეტკინდი  ასე ხსნის პუტინისეული სახელმწიფოს ფორმირების ლოგიკას, რომელიც დაუსრულებლად აწარმოებს გარე ექსპანსიის პერმანენტულ საფრთხეს: „ინსტიტუტების ნაცვლად, რომლებიც დაკავებულნი არიან შრომისა და ცოდნის წარმოქმნით, შენდება უსაფრთხოების აპარატი, რომელიც აუცილებელია სატრანსპორტო გზებისა და ფინანსური წყაროებისთვის. აქვე ვითარდება ბიუროკრატიული სისტემა, რომელიც ანაწილებს მატერიალურ სიმდიდრეს და თავისთვისაც იტოვებს საჭირო ნაწილს“.[37] 

აქვე შევნიშნავთ, რომ „სპეცოპერაციის“ დროს სახელმწიფომ დაიწყო ნედლეულის  გამოყენება იარაღის წარმოებისთვის, ასევე სამხედრო მოქმედებებისთვის ცოცხალი ძალის შესაძენად და მოსახლეობის იმ ნაწილის ლოიალობის მოსაპოვებლად, რომელიც ჩართულია ომში პირდაპირ ან ირიბად. ხოლო ადამიანური კაპიტალის სფეროებისთვის, როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება (თუ არ ჩავთვლით ახალი თაობების ინდოქტრინაციას  პუტინიზმის იდეოლოგიით), უფრო და უფრო ნაკლებ წილს გამოყოფს. 

მმართველობის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში პუტინმა შექმნა პარაზიტი ელიტა, რომელიც დამოკიდებულია არა ქვეყნის მოსახლეობაზე, არამედ სახელმწიფოზე და მისგან მიღებულ წილზე. ამიტომ მიიღო ამ ელიტამ პუტინის „სპეცოპერაცია“ და მოქმედებს პრინციპით „ჩვენს შემდეგ წყალსაც წაუღია ქვეყანა“. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ბიუჯეტზე და მთავრობის მიერ შექმნილ სამუშაო ადგილებზე დამოკიდებულებით, რეჟიმმა შექმნა კონტროლირებადი და გულგრილი ადამიანების დიდი მასა, რომლის ამოცანა უფრო  გადარჩენაა და არა – განვითარება. შესაბამისად, ის სერიოზულად ვერ ფიქრობს  მომავალზე. განდევნილი მეწარმეებისა და შემოქმედებითი ელიტის ნაცვლად, ახალ საშუალო კლასს სულ უფრო და უფრო მეტად ქმნიან ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებულები და ჩინოვნიკები, რომელთა შემოსავალი და სოციალური მდგომარეობა მთლიანად სახელმწიფოზეა დამოკიდებული. ჩამოყალიბდა არა მხოლოდ ნეგატიური იდენტიფიკაციის, არამედ ნეგატიური სელექციის რეჟიმიც. სხვათა შორის, არა ელიტის მმართველობითი უნარების მიხედვით, არამედ მორალისა და ნეგატიური ადაპტაციის თვალსაზრისით: ადამიანური კაპიტალი, რომელიც ომს შეურიგდა, მორალურად დამცრობილია.

ლაპარაკია არა უბრალოდ გარემოებებთან შეგუებაზე, არამედ ნახევრადსაომარი ეპოქის ფსიქოლოგიისა და იდეოლოგიის განუწყვეტელ წარმოებაზე. როგორც ფსიქოლოგმა ალექსადრ ასმოლოვმა აღნიშნა, უსაფრთხოების იდეოლოგიას პერმანენტული კრიზისი სჭირდება. მოდუნება შეუძლებელია, არასტაბილურობისა და უბედურების განცდა, მსოფლიო ომის შიში მართლაც უწყვეტია, მაგრამ ყოველდღიური ცხოვრება, თუ არ გავითვალისწინებთ სასაზღვრო ტერიტორიებს, გარეგნულად ისე მიდის, თითქოს ომი არც არსებობდეს −  სამხედრო ოპერაციები მხოლოდ ყოფის უსიამოვნო ფონია.

უწყვეტი კრიზისისა და ომის ფონზე ცხოვრების ნორმალიზება და დემობილიზებული მდგომარეობიდან მყისიერი მობილიზაციისთვის მზადყოფნა, მოსახლეობის დიდ ნაწილს სტრესულ გარემოებებთან ადაპტაციის საოცარ უნარს უმუშავებს. მაგრამ ამასთანავე, აწარმოებს გულგრილობას, რადგან გულგრილობა თავდაცვის მექანიზმიცაა, სოციალური გადარჩენის გზაა მაშინ, როცა ცხოვრებისეული გეგმების ჰორიზონტი უკიდურესად ვიწროვდება.

შეუძლებელია ივარაუდო, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება თავის გატანის ამგვარი მოდელი. რეჟიმი ვარაუდობს, რომ დრო მასზე მუშაობს, შესაბამისად, შეიძლება „სპეცოპერაციის“ გაგრძელებაც. მით უმეტეს, მაშინ, როცა პუტინმა და მისმა უწყვეტმა ომმა ახალი ლეგიტიმაცია მიიღო არჩევნებზე. ამაზე პირდაპირ ლაპარაკობს ავტოკრატის ახლო თანამებრძოლი, ნიკოლაი პატრუშევი: „მტერი მახვილითა და ცეცხლით არაერთხელ მოსულა ჩვენს მიწაზე. ახლა კი აშშ და ნატო, და მათი სატელიტები კიევის ნაცისტური რეჟიმის ხელით და სხვადასხვა ტიპის დაქირავებულებით პროქსი-ომს აწარმოებენ ჩვენი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც ანგლოსაქსური სამყარო არ შეწყვეტს უკრაინის ომის „ცხელი ფაზის“ დასრულების შემდეგაც“.[38]

ასე, რომ, პუტინი მზადაა, განაგრძოს. ქვეყნის შიგნით რეჟიმს ყველა ინსტრუმენტი აქვს იმისთვის, რომ არ დახუროს მეორე ფრონტი − ომი საკუთარ სამოქალაქო საზოგადოებასთან. მიუხედავად ამისა, რეჟიმთან დაპირისპირება გრძელდება, არსებობს მოთხოვნა ანტისაომარ და ანტიპუტინურ ინიციატივაზეც. ეს გაცხადდა მაშინ, როცა ქვეყანაში, სადაც ყველაფერი, რაც ცოცხალია, ითრგუნებოდა, გამოჩნდნენ პოლიტიკოსები − ეკატერინა დუნცოვა (არსაიდან) და ბორის ნადეჟდინი (შორეული ლიბერალური წარსულიდან). ისინი იქცნენ ექოლოტებად, რომლებმაც გაზომეს დემოკრატიული ალტერნატივის მოთხოვნა.

ყველაზე ცხადად ეს გამოჩნდა მაშინ, როდესაც გროვდებოდა ხელმოწერები ნადეჟდინის კანდიდატურის მხარდასაჭერად. რუსები, რომელთაც წაართვეს უფლება, გამოსულიყვნენ მოედნებზე, მთელ ქვეყანაში ჩადგნენ რიგებში, რათა საკუთარი ხელმოწერით დაემოწმებინათ ომის იმ ერთადერთი მოწინააღმდეგე კანდიდატის მხარდაჭერა, რომელიც კრემლმა სერიოზულად არ ჩათვალა. ეს ნიშნავს, რომ კრემლის პოლიტოლოგიამ ვერ გათვალა, რომ არსებობდა მოთხოვნა ალტერნატივაზე ან ვერ დაიჯერა, რომ ეს მოთხოვნა შეიძლებოდა რამენაირად გამოხატულიყო სოციალურ და პოლიტიკურ ველზე სრული რეპრესიული კონტროლის პირობებში. ადამიანები დუმდნენ, მაგრამ როგორც კი შესაძლებლობა გაუჩნდათ, რომ სამი თითი ჯიბიდან ამოეღოთ და რეჟიმისთვის ეჩვენებინათ − ეს გაკეთდა.

ალექსეი ნავალნის გარდაცვალებამ შოკი მოჰგვარა სამოქალაქო საზოგადოებას, მაგრამ მკაცრი რეპრესიული რეჟიმის პირობებში კლასიკური ტიპის პროტესტი შეუძლებელი იყო. სამოქალაქო პოზიციის გამოხატვის ერთადერთი გზად სპონტანური ქმედება იქცა, როცა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალებთან ყვავილებს დებდნენ იმ ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად, რომელიც პუტინის აშკარა ალტერნატივად ჩაითვალა. ხელისუფლებამ სამართლიანად მიიჩნია ეს წინააღმდეგობის აქტად და ხალხს აუკრძალა მემორიალებთან მიახლოება, რითაც კიდევ ერთხელ აჩვენა, სტალინის რეჟიმის პირდაპირი მემკვიდრეა.

იმ დღეებში ბევრს გაუჩნდა კითხვა, იყო თუ არა ნავალნის სიკვდილი პოლიტიკური ისტორიის შემობრუნების მომენტი. პასუხია − არა, რადგან ასეთი მოვლენები მანამდეც ბევრი ყოფილა: 2014-ში − ყირიმის ანექსია, 2020-ში − პუტინის უფლებამოსილების გახანგრძლივება და ოპოზიციის ლიდერის მოწამვლა, 2021-ში − „მემორიალის“ განადგურება და, რა თქმა უნდა, 2022-ში − „სპეცოპერაცია“.

კრემლმა გაამარტივა საზოგადოების სოციალური სტრუქტურა, მაგრამ ის მაინც რთულია. კრემლი ცდილობდა მონოლითურობისა და კონსოლიდაციის მიღწევას, მაგრამ ხელს უწყობდა ორმაგ აზროვნებას და დასწავლილ, მორიდებულ ინდიფერენტულობას. შესაძლოა, რეჟიმის რესურსი, რომელიც ცხოვრობს პრინციპით – „ჩვენს შემდეგ, წყალსაც წაუღია ქვეყანა“ ნამდვილად საკმარისი იყოს რამდენიმე წლისთვის, მაგრამ „დიდხანს ჯდომა“ ხიშტებსა და პოლიციის ხელკეტებზე ნამდვილად ვერ იქნება კომფორტული. ასევე, ვერ იქნება მდგრადი საერთოეროვნული კონსოლიდაცია ლიდერის ირგვლივ ნეგატიურ საფუძველზე და ვერც –ცივილიზებული სამყაროს სიძულვილი და მისგან დისტანცირება.  

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] https://carnegieendowment.org/politika/88886

[2] https://carnegieendowment.org/politika/89340; https://gorby.media/articles/2023/11/16/gibridnyi-totalitarizm; https://newtimes.ru/articles/detail/211258

[3] https://carnegieendowment.org/2023/11/22/ru-pub-91083

[4] Александр Рубцов. Нарцисс в броне. Психоидеология «грандиозного Я» в политике и власти. М., «Прогресс-Традиция», 2020, из аннотации на задней обложке.

[5] Эрих Фромм. Анатомия человеческой деструктивности. М., «Республика», 1994, с. 113.

[6] Андрей Колесников. Режим негативного консенсуса. Базовые цели, свойства, характеристики российской политической системы. Московский центр Карнеги. Декабрь 2017. https://carnegieendowment.org/2017/12/21/ru-pub-75077

[7] „…isothymia is the demand to be respected on an equal basis with other people; while megalothymia is the desire to be recognized as superior”. – Francis Fukuyama. Identity. The Demand for Dignity and the Politics of Resentment. London, Profile Books, 2018, p. xiii.

[8] Эрих Фромм. Указ. соч., с. 177.

[9] Там же, с. 178.

[10] Там же, с. 187

[11] Иван Крастев. «Мы себя ведем так, как будто мы последние люди на земле». Беседовал Андрей Колесников. — Горби, январь 2024, № 5, с. 60.

[12] Томас Манн. Письма. М., Наука, 1975, с. 53.

[13] Мартин Хайдеггер. Размышления II–VI (Черные тетради 1931–1938), М., Издательство Института Гайдара, 2016, с. 148.

[14] Томас Манн. О немцах и евреях. Статьи, речи, письма, дневники. Иерусалим, «Библиотека-Алия», 1990, с. 136.

[15] Леонид Никитинский. МТМ: Машина тоталитаризма модернизированная. Власть в обществе, обретающем тоталитарные черты, — это не персоны, не институты, не закон, а стратегии и техники сохранения господства. — Горби, № 5, январь 2024, с. 54. https://gorby.media/articles/2024/01/11/mtm-mashina-totalitarizma-modernizirovannaia

[16] Ernst Fraenkel. The Dual State. A Contribution to the Theory of Dictatorship, Oxford University Press, 2017; Ян-Вернер Мюллер. Споры о демократии. Политические идеи в Европе XX века. М., Издательство Института Гайдара, 2017, с. 198-199.

[17] https://www.kommersant.ru/doc/6479845

[18] https://rg.ru/2024/01/15/vremena-goda.html

[19] Йохан Хейзинга. Homo ludens. В тени завтрашнего дня. М., «Прогресс», 1992, с. 352-353.

[20] Цит. по: Соломон Волков. Большой театр. Культура и политика. М., Издательство АСТ, Редакция Елены Шубиной, 2018, с. 397. Сама цитата известна из мемуаров Дмитрия Шепилова «Непримкнувший»; относится она к сентябрю 1947 года.

[21] http://kremlin.ru/events/president/news/70565

[22] https://www.kommersant.ru/doc/6479612

[23] https://newtimes.ru/articles/detail/246021

[24] Геннадий Костырченко. Сталин против «космополитов». Власть и еврейская интеллигенция в СССР. М., РОССПЭН, 2009, с. 130.

[25] https://www.levada.ru/2023/12/08/konflikt-s-ukrainoj-otsenki-noyabrya-2023-goda/

[26] https://ria.ru/20240118/svo-1922069168.html

[27] Эмманюэль Фай. Хайдеггер, введение нацизма в философию. На материале семинаров 1933–1935 гг. М., Издательский дом Дело, 2021, с. 338.

[28] https://www.mid.ru/ru/foreign_policy/news/1861005/

[29] Эмманюэль Фай. Указ. соч., с. 350.

[30] https://ria.ru/20240126/naryshkin-1923440074.html

[31] Дмитрий Травин. Русская ловушка. СПб., Издательство Европейского университета в Санкт-Петербурге, 2023, с. 111. Множество примеров отторжения западного влияния в русской истории, удивительным образом схожего с сегодняшними временами, приводится Джеймсом Биллингтоном в его классической книге «Икона и топор. Опыт истолкования русской культуры». М., ВГБИЛ им. М.И. Рудомино, 2011.

[32] Владислав Аксенов. Война патриотизмов. Пропаганда и массовые настроения в России периода крушения империи. М., Новое литературное обозрение, 2023, с. 412.

[33] https://www.kommersant.ru/doc/5581307

[34] Александр Солдатов. Религия смерти. Официальной идеологией РФ становится культ гибели. Кто его проповедники и какое отношение он имеет к православию. — Горби, декабрь 2023, № 4, с. 46. https://gorby.media/articles/2024/01/07/religiia-smerti

[35] იგივე კულტი არსებობდა მე-20 საუკუნის ყველა ტოტალიტარულ რეჟიმში. 1934 წლის ერთ-ერთ გამოსვლაში მარტინ ჰაიდეგერი აცხადებდა: „ჩვენი გვარი -  ჩვენი საზოგადოებაა დაღუპულ თანამებრძოლებთან საიდუმლო კავშირებით - ესაა სულიერი ხიდი ისტორიულ დიდ ომთან“. Эмманюэль Фай. Указ. соч., с. 198.

[36] Alexander Etkind. Russia against Modernity. Polity Press, 2023.

[37] Александр Эткинд. Природа зла. Сырье и государство. М., Новое литературное обозрение, 2020, გვ. 470.

[38] https://tass.ru/politika/19844097

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“