[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

კრიტიკული ფემინისტური აზრი / თვალსაზრისი

ფემინისტური აქტივიზმის 5 გამოწვევა

ფოტო: Mariam Sunflower ფოტო: Mariam Sunflower

„გადაწვა“

აქტივიზმისთვის აუცილებელია, ხშირად დასვას კითხვები: „რა შეგვეშალა?“, „რა შანსები გავუშვით ხელიდან?“, „რა არ ვიცით?“, „რისი გათვლაა შეუძლებელი?“, „რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთ?“... თუმცა, ასეთი „შარიანი თვალით“ მზერა ყოველთვის შთამაგონებელი და იმედისმომცემი ვერ იქნება, თავისი ნეგატივიზმი ახლავს. ამის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ადამიანმა აქტივისტური ორომტრიალისგან რამდენიმე ნაბიჯი განზე გადგას, და სხვა მნიშვნელოვანი კითხვაც დასვას ხოლმე: „ვაღწევთ კი საერთოდ რამეს?“

ეს მნიშვნელოვანია, რადგან აქტივისტებში ხშირია მიმდინარე ცვლილებების ტემპით უკმაყოფილება, და გულაცრუებაც. ცხადია, გენდერულ შეხედულებებს ბევრი ადამიანი იცვლის და წინსვლის შემჩნევაც შესაძლებელია; მაგრამ თუნდაც ნელი ტემპით მიმდინარე ეს მნიშვნელოვანი პროცესი აქტივისტის უშუალო გარემოზე მინიმალურად აისახება: ნათესავს ისევ ვერაფერს აგებინებ, პარლამენტი ისევ არაკომპეტენტური კაცების კლუბია, მედიასა და სარეკლამო ბიზნესში კვლავ სტერეოტიპებს აძლიერებენ და ა.შ. ამის გამო ადვილია, სწრაფად „გადაიწვა“ - იმედები გადაიწურო და პროცესში მონაწილეობის ჟინი დაკარგო.

დაკვირვების უფრო ფართო ხედი უშფოთველი და ხელ-ჩაქნეული პესიმიზმისთვის ნაკლებ სივრცეს ტოვებს.

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, საკუთარი თავის „ფემინისტად“ იდენტიფიცირებას გენდერული თანასწორობის საქმეში უშუალოდ ჩართული ხალხიც ერიდებოდა; ეს მნიშვნელოვანწილად შეიცვალა. 5 წლის წინ, საჯარო სივრცეში, ფემინისტ კაცებზე საუბარი გაუგონარი ამბავი იყო. ახლა „გაგონილია“, თუნდაც ჯერ კიდევ სასაცილო ან საეჭვო ამბავი იყოს.

აქტივისტებს შორის უთანხმოება და შიდა კამათი უნივერსალური მოვლენაა. ამის გათვალისწინებით, მითუმეტეს საჭიროა, აქტივისტებმა ზოგჯერ შეახსენონ ერთმანეთს, რომ მნიშვნელოვან საქმეს ემსახურებიან: ეს სრული სიმართლეა.

აბსოლუტიზმი

ერთი შეხედვით, „ფემინისტის“ იარლიყისგან დისტანცირება დამაიმედებელი სიგნალი არაა, განსაკუთრებით იმ სივრცეებში, სადაც გავლენის მოხდენა და ალტერნატივების შემუშავებაა შესაძლებელი (წარმომადგენლობითი ორგანოები, არასამთავრობო სექტორი, პროფესიული ჯგუფები და სხვა).

2013 კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 65 %-ზე მეტი პარლამენტში გენდერული კვოტის და სახელფასო თანასწორობის მომხრეა [UNDP, გვ. 79-80]; თუ ქუჩაში, შემთხვევითი წესით, გამვლელებს „გენდერულ ძალადობაზე“ აზრს ვკითხავთ, მეტწილად მივიღებთ პასუხს, რომ ეს მათთვის მიუღებელია. თუმცა, როდესაც გენდერული თანასწორობის შინაარსს ვაკონკრეტებთ, ხშირად აღმოვაჩენთ, რომ ძალადობის (განსაკუთრებით არაფიზიკური) ფორმებისადმი მიმღებლობა მაღალია. ანალოგიურად, „ფემინიზმის“ იარლიყის შიშიც შეიძლება ეპისტემური პრობლემის ნიშანი იყოს: რეაგირებენ გენდერული ძალადობის ხილვად შედეგებზე (მაგ. ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე), მაგრამ ნაკლებია მისი საფუძვლების - მასკულინური და ფემინური როლების, პატრიარქალური ოჯახის სტრუქტურის, ეკონომიკური საფუძვლების გააზრება.

მეორე მხრივ, „ფემინისტის“ იარლიყი არ უნდა იყოს კატეგორიული მოთხოვნა, რადგან მისგან დისტანცირებაც ხშირად არაა განაჩენი, მხოლოდ - დროებითი სტრატეგიული არჩევანი. საერთო ჯამში კი, ყველაფერს ფემინისტურ ძალისხმევაში შეტანილი კონკრეტული წვლილი გადაწონის - მთავარი მაინც საქმეა. მომავლის ფართო ხედვა და დინამიკის პროცესში აღქმა ამიტომაც მგონია მნიშვნელოვანი: არმოსაწონის გამო - პოტენციურ თანამოაზრეებზე თავდასხმის ნაცვლად, საერთო ამოცანებზე ორიენტირებას ამარტივებს.

მტკივნეული წარმატება

საჯარო მსჯელობაში „ფემინისტის“ გაჩენა სასურველია, მაგრამ საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლი ქალის არსებობა - აუცილებელი. შეგვიძლია ამ უკანასკნელით დავიწყოთ.

ხილვადობა რომ საჭიროა, ეს ბანალური ჭეშმარიტებაა; თუმცა უკვე გვაქვს გამოცდილება, სადაც აქტივიზმი სტაბილურად არსებობდა, შესაბამისი რეფერენტული ჯგუფი კი ვერ პოლიტიზირდებოდა - სუბიექტი წლიდან წლამდე უჩინარ ან აბსტრაქტულ კატეგორიად რჩებოდა (ლგბტ/ქვიარი, ტრანსი, შშმ პირი). გასაგები მიზეზებით, ფემინისტურმა მოძრაობამ ეს ბარიერი შედარებით სწრაფად დაძლია და აბორტის საწინააღმდეგო მოწოდებების ფონზე, საკუთარი დღის წესრიგის განსაზღვრა დამოუკიდებლად შეძლო. დღეს, უფლებებისთვის მებრძოლ ქალთა რაოდენობა თავისით არ გაიზრდება; გენდერული ძალადობის თუნდაც ყველაზე აშკარა ფორმების წინააღმდეგ კულტურული ომი ჯერ არ არის მოგებული; ამრიგად, ქალთა მობილიზაცია, ამ მობილიზაცისთვის შესაბამისი სახის მიცემა და მისი მაქსიმალური გაშლა #1 ამოცანა მგონია.

ამრიგად, უახლოეს წლებში ფემინისტური აქტივიზმის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა თავად აქტივიზმის გაშლის პროცესი იქნება. რაც უფრო მეტად გავრცელდება ქალთა უფლებების მოთხოვნა, მით უფრო გაიზრდება უთანხმოებები არა მხოლოდ სამოქმედო სტრატეგიების, არამედ ამ უფლებებისა და თანასწორობის შინაარსის ირგვლივაც.

სოციალური მოძრაობის გაფართოებისას, ხშირია რადიკალური ანალიზისა და მოთხოვნების შერბილება და ამის გამო უკმაყოფილება. სასურველია, ნებისმიერი აქტივიზმი ამ გამოწვევისთვის მზად იყოს და შიდა უთანხმოებების მართვის მექანიზმები იმთავითვე გამოიმუშაოს. დანარჩენი მუშაობის ფორმატზეა დამოკიდებულია, რომელიც, ბუნებრივია, მხოლოდ არაფორმალური ან უწესდებო ჯგუფების სახით ვერ განაგრძობს არსებობას.

ძალაუფლების მცდარი გაგება

ამრიგად, ქართულ ფემინიზმს პოპულარულ მესიჯებსა და პატრიარქატის სიღრმისეულ კრიტიკას შორის გადებულ ბეწვის ხიდზე მოუწევს გავლა. ორივე აუცილებელია: პოლიტიკური მობილიზაციისა და ადამიანებთან საუბრის გარეშე, ფემინიზმი უვნებელ სუბკულტურად იქცევა, ხოლო გენდერული უთანასწორობის სიღრმეების გააზრების გარეშე, მოძრაობა სუსტი და მოთვინიერებადი გახდება. ამავდროულად, თითოეულ აქცენტზე დაუბალანსებელი ცენტრირებაც არაპროდუქტიულია. როგორც უნდა ადაპტირდეს და „დარბილდეს“ ფემინისტური მესიჯები სამიზნე ჯგუფებთან კომუნიკაციაში, პრობლემა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაჩნდება, თუ აქტივიზმი ლესბოსელს ან ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობის წევრს ფემინიზმიდან გამოხშირავს, კრიტიკული ინტერპრეტაციებისა და გადაწყვეტილებების პროცესში მონაწილეობისთვის სივრცეს არ დატოვებს.

გასათვალისწინებელია, რომ 2014 წელს ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით [UNFPA, გვ. VII], გენდერული თანასწორობის მიმართ ლოიალური დამოკიდებულების მქონე ქალთა 77% უმაღლესი განათლების მქონეა. ბოლშევიკურ მოწინავე პარტიაზე ფიქრში არავინ უნდა ჩაგვითვალოს იმის აღიარება, რომ რესურსებზე მაღალი წვდომის გამო, ცვლილებების განხორციელების მეტი შანსი შედარებით პრივილეგირებულ ქალებს აქვთ (ძირითადად, დედაქალაქის პროფესიულ კლასს). ამოცანა არა მხოლოდ ამ პრივილეგიების აუცილებელი გააზრება და არტიკულირებაა, არამედ მათი პოპულისტური გმობის ნაცვლად, - პრივილეგიების პასუხისმგებლობებად თარგმნაც.

ფემინიზმი კაცების გარეშე

თუკი პასუხისმგებლობის ტვირთს მამაკაცებიც არ იგრძნობენ, ფემინიზმის დღის წესრიგი განწირულია. ცხადია, აქ საფრთხე იმალება: ტრადიციული პატრიარქალური გაგებით, „პასუხისმგებლობის აღება“ ხშირად ისეთ მასკულინურ პრივილეგიებთანაა გაიგივებული, როგორიცაა გადაწყვეტილების პროცესში აქტიური მონაწილეობა და, ხშირად, ერთპიროვნული ლიდერობისკენ სწრაფვა. კაცები უნდა შევეგუოთ, რომ ასეთ სუფრაზე არ გვეპატიჟებიან.

პირველ რიგში, აღიარებისა და ძალაუფლებისადმი სწრაფვის მოთოკვა და მოსმენა უნდა ვისწავლოთ; ასევე უნდა გავიაზროთ, რომ ფემინიზმის მხარდაჭერა კეთილშობილება არ არის: ხისტი გენდერული როლები კაცებსაც აუბედურებს.

ამავდროულად, ქალებმა უნდა გვიკარნახონ არა მხოლოდ ის, რა არ ვაკეთოთ, არამედ ისიც, თუ როგორ შევძლოთ პოზიტიური კონტრიბუცია, - მათ როგორ ესახებათ კაცების როლი ფემინიზმში. მხოლოდ ასე შევძლებთ არა მხოლოდ საკუთარ პრივილეგიებზე დაკვირვებასა და მოსმენას, არამედ აქტიური წვლილის შეტანასაც.

---------------------------------------------------------------------------------------------------

პუბლიკაცია მომზადებულია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტროინგის ცენტრის (EMC)“ “სამოქალაქო აქტივიზმის პლატფორმის” ფარგლებში, რომელიც National Endowment for Democracy (NED)-ის მხარდაჭერით ხორციელდება
პუბლიკაციაში მოტანილი მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს EMC-ისა და NED-ის პოზიციას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“