საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
(გამოხმაურება გიორგი მაისურაძის ლექციაზე "მართლმადიდებლობის ანთროპოლოგია")
პოსტ-საბჭოთა საქართველოში, პატრიოტულმა მოძრაობებმა იფეთქა და მთელ ქვეყანას მოედო მათი პათოსი. 90-იანი წლების დასაწყისის ვნებათაღელვა, სამოქალაქო ომითა და შემდგომი სტაგნაციით გაგრძელდა. ამ მოვლენათა პარალელურად, დიდწილად იმატა მართლმადიდებელი მრევლის რაოდენობამ. განსხვავებული კორელაცია გვაქვს 2000-იანების დასაწყისში. ციფრები იზრდება, გამოხატვის ფორმები კი ტრანსფორმირდებიან. საპატრიარქოს ძალაუფლება ფართოვდება, პატრიარქი კი ყველაზე დიდი ავტორიტეტია.
ზემოაღნიშნული მოვლენები მოსახლეობასა და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე დადებითად ნამდვილად არ ასახულა. მეტიც, მთელი რიგი ინსტიტუტებისა თუ სოციალური ფენომენებისა დეფორმირდა; გაცდა განვითარების იმ გზას, რომელიც დემოკრატიული, სამართლებრივი და თანამედროვე სახელმწიფოსკენ მიუძღოდა. შედეგად მივიღეთ არა ის, რაც 1995 წლის კონსტიტუციის პრეამბულაში იყო ჩადებული, არამედ მისი აღრეული და გროტესკული ვარიანტი.
მოსახლეობის ნაწილის შეხდულებები ცალკეულ საკითხებზე, მისტიკურ მდინარეში დაცურავს. ეს მდინარე, ხშირ შემთხვევაში, იმ ტერიტორიაზე მიედინება, სადაც მთავარ ავტორიტეტებად საეკლესიო პირები გვევლინებიან. შეინიშნება ფანატიკური დამოკიდებულება ისეთი თემების მიმართ, როგორებიცაა მართლმადიდებლობა, ქართველობა. ამ ცნებების დეფინიციები ლამისაა ასიმილირდეს; ამავდროულად, მკაცრად საკრალიზებულია, თითქოს ერის იდენტიფიკაცია მხოლოდ ამ ნიშნებთან იყოს დაკავშირებული. ფანატიკური საბურველი ყოველთვის სახიფათოა. რაც მასზე უფრო საფრთხის შემცველად მესახება, ეს აღნიშნული საბურველის მოცილების მცდელობაა.
მისტიკურ მდინარეს ცრუმორწმუნეობის შენაკადებიც ერთვის. ხშირად ხდება ისეთი თემების დემონიზება, რაც „პოტენციურ საფრთხეს“ წარმოადგენს. ჩაკეტილი სივრცე, რომელიც თითქოს არც შეცვლილა საბჭოთა პერიოდის შემდეგ, წარმოშობს მითებსა და ლეგენდებს ამ სივრცის გარეთ მყოფ ხალხსა თუ მოვლენებზე. ხანდახან ამ მდინარიდან რიტორიკის ნაკადი შეიძლება დაგვატყდეს, თუმცა ამ ყველაფრის მიღმა ბუტაფორიები და უსულო ფეტიშები დგანან. სადღაც წავიკითხე, რომ პირი, რომელსაც მისტიკის სწამს, იბნევა სიცხადისა და რეალურობის წინაშე, მაგრამ გაცნობირებულია, აღიარებს არარსებულს. ცალკეულ ნივთებსა თუ სუბსტანციებს სასწაულმოქმედი ძალა მიეწერებათ, თუმცა, ამ შემთხვევაში, პლაცებოს ეფექტი უძლურია. ამ მოვლენათა პარალელურად, ეკლესია მრევლის რაოდენობას არ უჩივის. მარკ ტვენს უთქვამს, ცრუმორწმუნეობა ადამიანებს ქამელეონებს ამსგავსებს, რაც ხელსაყრელ პირობებთან ერთად ცვალებადობაში გამოიხატებაო.
ფილიპ დიკის რომანში, „ოცნებობენ თუ არა ანდროიდები ელექტრულ ცხვრებზე?“, გვხვდება კვაზი-რელიგია - მერსერიზმი. მერსერიზმის მამამთავრად ითვლება უილბურ მერსერი, ადამიანი ომამდელი პერიოდიდან. ის, სიზიფეს მსგავსად, დიდ მთაზე ცდილობს ასვლას. ხანდახან მწვერვალს უახლოვდება და აღწევს კიდეც, თუმცა ზემოდან გამოტყორცნილი ქვა-ღორღი თუ სხვა ძალები მიზნის მიღწევის საშუალებას არასდროს აძლევენ. მერსერიზმის მიმდევრებს სახლში აქვთ ე.წ. „ემპათიის ყუთი“, რომლის მეშვეობითაც ერთგვარი კოლექტიური თანაგრძნობა და საზრისი იქმნება. ისინი ინაწილებენ მერსერის ტკივილს, რომელიც დრომოჭმული ღვთაების განსახიერებაა. ამავდროულად, სხვა მომხმარებლებსაც უზიარებენ პოზიტიურ შთაბეჭდილებებსა თუ სხვა სახის ემოციურ გამოცდილებას. ადამიანებს სურდათ, ჰქონოდათ რელიგია და შექმნეს იგი; მოირგეს მოდელი, რომელიც მინიმალური ძალისხმევით მიღწეულ მაქსიმალურ შედეგს იძლევა.
უნდა აღინიშნოს “Bling”-ის ელემენტი. როგორც ჩანს, ძვირფასი ლითონებით მოოჭოვილი სამკაული და სხვა ატრიბუტიკა ხელს არ უშლის სულის ცხონებას. იქ, სადაც სისადავეს უნდა ჰქონდეს ადგილი დაკავებული, ფუფუნებას დაუსადგურებია; ვიტყოდი, რომ ეს ყველაფერი ხშირად ვულგარულად გამოიყურება. ამასთან ერთად, უკვე გარდაცვლილი პიროვნებების განდიდებისთვის უფრო მეტი რესურსი იხარჯება, ვიდრე ცოცხლად დარჩენილი ადამიანების გადასარჩენად. მწარე რეალობიდან გამომდინარე, მართლაც გადარჩენისთვის იბრძვიან ადამიანები. ამის ნათელი მაგალითია დედა პარასკევას ხილვა, რასაც ათასობით ადამიანის რეაგირება მოჰყვა, post factum კი აღინიშნა, რომ არავითარი ხილვა არ ყოფილა, თუმცა ამაზე ტრაგიკული სხვა რამ იყო.
ადამიანები ყოველდღიური და ვიტალური პრობლემების მოგვარების იმედით მივიდნენ საფლავთან. გამოდის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი სასოწარკვეთილია და აბსტრაქტულ ძალას შესთხოვს ხსნას და არა სახელმწიფოს. მიზნის მიღწევის უფრო პრაგმატული გზა რთულია, თუმცა ხალხი ისევ მისტიკის ნისლეულს აფარებს თავს.
უკვე ნახსენებ ფილიპ დიკის ნაწარმოებში, ადამიანებს გარკვეული სტატუსის მოსაპოვებლად სჭირდებათ ფლობდნენ რომელიმე ცხოველს. რაც უფრო იშვიათ და ძვირადღირებულ სახეობასთან აქვთ საქმე, პრესტიჟიც უფრო მეტია, რადგან ცხოველების რაოდენობა შეზღუდულად დარჩა. არსებობს ალტერნატივა - ხელოვნურად შექმნილი ელექტრული ვერსია ნებისმიერი მათგანისა, თუმცა ეს უკანასკნელი დიდ გავლენას ვერ ახდენს სოციალურ სტატუსზე.
ის მაგიური რეალობა, რაც დღეს გვხვდება, თავისთავად მოიცავს ფინანსურ მხარესაც. ინდულგენციებიც სხვა ფორმებით გაიცემა. სასუფეველში ადგილის დასამკვიდრებლად, საჭირო დეპოზიტზე თანხის დასმა უფრო მარტივია, ვიდრე მთელი ქონების დათმობა, მუხლებზე დადგომა და ა.შ. ამის პარალელურად კი მთავარი ღირებულებებისთვის ტვინების ჰემისფეროები ვეღარ იცლიან. ჯერ ხომ მტრის ხატები უნდა შეიქმნან, ადამიანებმა ნაკლები უნდა იფიქრონ, რათა მისტიკური მდინარიდან, რაციონალურობის ნაპირზე არ დაიწყონ ამოცოცვა, რატომ უნდა მიმართონ სახელმწიფოს, როდესაც ნუგეშის კალთა ელით სხვა მხარეს.
მოსახლეობის დიდ ნაწილს სჯერა, რომ საქართველოს სახელმწიფო რელიგია გააჩნია. ასეთ პირობებში სეკულარიზმი კრახისთვისაა განწირული. ამავდროულად, სახელმწიფო ლევიათანი, სრული თავისი ძალაუფლების მოკრებითაც კი ვერ გაუტოლდება საპატრიარქოს ავტორიტეტს. ეს უკანასკნელი კი კარგად სარგებლობს ამით, მიუხედავად იმისა, რომ სეკულარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. ამის ნათელი მაგალითია თვითთმმართველობის რეფორმა, რომელიც საპატრიარქომ გააკრიტიკა. მსგავსი ფაქტები აფერხებენ დემოკრატიულ პროცესებს, თუმცა ყველაზე ძლიერნიც კი ამა ქვეყნისანი, უძლურნი არიან. ისინი ყოველთვის ცდილობენ ანგარიში გაუწიონ ეკლესიას და ხშირ შემთხვევაში, ამის აფიშირებით, პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებასაც კი ახერხებენ.
ის თემები, რომლებიც განვიხილე, ნელ-ნელა აღწევენ აპოგეას და აქტუალობის ზენიტს, თუმცა მსგავსი განხილვები, ხშირად ეროვნული სპორტის სახეობად გვევლინებიან. ამ ყველაფრის ფონზე, ადამიანი, როგორც უმთავრესი ღირებულება, მეორედხარისხოვანია. ეს ნათლად ჩანს, როდესაც ქვეყანაში ვხვდებით ქსენოფობიის, ჰომოფობიისა და სხვა სახის შეუწყნარებლობების შემთხვევებს. ხშირ შემთხვევაში, აგრესიის ადრესანტი სასულიერო პირები და მათ მიერ აკუმულირებული ხალხის მასები არიან, რაზეც სახელმწიფო მიზერული ძალისხმევით პასუხობს. ნობელიანტ მწერალ პერლ ბაკს ეკუთვნის მოსაზრება, რომ ერს ვერ ექნება ხვალინდელი დღე, თუ ლტოლვილებს მისსავე მოქალაქეებში ვიპოვით. ვერც პოსტ-მოდერნული საზოგადოების მდგომარეობამდე მივალთ, თუ ცალკეულ ცნებებს ობსკურანტულ ყალიბებში ჩამოვასხამთ. მითებისა და ლეგენდების, რაინდებისა თუ მეფეების, ისტორიული თუ ჰეროიკული რემინისცენციების დრო უნდა დასრულდეს და თვალი გავუსწოროთ მომავლის სამყაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში თავიდან ვერ ავიცილებთ დრეიფს დროსა და სივრცეში, ჩვენი ემპათია კი ისევ ყუთში დარჩება.
ინსტრუქცია