[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ქალთა უფლებები / სტატია

ემიგრანტი ქალების შრომა და ზრუნვის გლობალური ჯაჭვი

გიგა კარაპეტიანი 

შესავალი

ემიგრანტი ქალების შრომა, დომინანტი ნეოლიბერალური დისკურსისთვის ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და ქალთა ემანსიპაციის ჩარჩოშია მოქცეული. ამასთანავე, ხშირად, ქალთა შრომასთან დაკავშირებული დისკუსიები არ აღწერს იმ მრავალშრიანი შრომის მიზეზებს, რომელსაც ქალთა სხვადასხვა ჯგუფი ანაზღაურებადი და უხილავი საოჯახო და ზრუნვითი შრომის სახით ასრულებს. წინამდებარე კვლევით სტატიაში, ვცდილობ გავაანალიზო ემიგრანტ ქალად ყოფნის საჭიროება და აწმყო შრომითი გარემო, უშუალოდ იტალიაში, საოჯახო სექტორში დასაქმებული ქალების პერსპექტივიდან. გაანალიზებაში თემასთან დაკავშირებული ცალკეული მიგნებების საფუძველზე კვლევითი დასკვნების გამოტანის პროცესს ვგულისხმობ (Trent and Cho 2014, 639-640), რის მისაღწევადაც დავეყრდნობი უკვე არსებულ თეორიებსა თუ კვლევით მიგნებებს, ვინაიდან თეორიას ამ სტატიაში ემანსიპატორულ ფუნქციას ვაკისრებ - მაძლევს საშუალებას, რომ ფაქტები არ დავივიწყო და აღნიშნულის ჩვენებით ხელი შევუწყო ინკულუზიური ფემინისტური ბრძოლის ჩამოყალიბებას ხედვებისა და პერსპექტივების ხელახალი გადახედვით (Hooks 1994, 74).

კვლევის მიზანთან დაკავშირებული საკითხები თვისებრივი მეთოდოლოგიით შევისწავლე. აღნიშნულმა მეთოდოლოგიამ საშუალება მომცა საკითხი სამიზნე ჯგუფის პერსპექტივებით შემესწავლა (Leckenby and Hesse-Biber 2011, 3). კონკრეტულ მეთოდს, რისი საშუალებითაც რესპონდენტებისგან კვლევის მიზანთან დაკავშირებული ინფორმაცია შევაგროვე სიღრმისეული ინტერვიუ წარმოადგენდა; ეს იყო ინფორმაციის გაცვლის და ცოდნის შექმნის პროცესი, სადაც რესპონდენტებმა ემიგრაციასთან დაკავშირებული გამოცდილებები გამიზიარეს და, მეორეს მხრივ, თავადაც მივიღე მონაწილეობა მათი მდგომარეობისა თუ გამოცდილების გამომხატველი სიტყვების შექმნის პროცესში (Brooks, Feminist Standpoint Epistemology: Building Knowledge and Empowerment Through Women's Lived Experience 2011, 5). სიღრმისეულ ინტერვიუებს სხვადასხვა ელექტრონული პლატფორმის[1] გამოყენებით ვატარებდი. ყველა რესპონდენტი საქართველოს მოქალაქე და ამჟამად იტალიაში დასაქმებული 45-60 წლამდე ემიგრანტი ქალი იყო. რესპონდენტების მოძიების პროცესში საწყისად პირადი კონტაქტები გამოვიყენე, ხოლო შემდეგ, ე.წ თოვლის გუნდის პრინციპით სხვა რესპონდენტებს მივაკვლიე. აღვნიშნავ, რომ სტატიაზე მუშაობის პროცესში ვეყრდნობოდი ფემინისტურ ეპისტემოლოგიას, რამაც საშუალება მომცა ცენტრში მომექცია სამიზნე ჯგუფის წევრების მსოფლმხედველობა, ემოცია და გარე სამყაროს მიმართ პოზიციონირება (Brooks and Hesse-Biber, An Invitation to Feminist Research 2011, 13).

კვლევის საფუძველზე შეგროვებული მიგნებების ანალიზი შემდეგ თემატურ კატეგორიებად დავაჯგუფე - (1) სამშობლოში ცხოვრების სირთულე და ოჯახური ვალდებულებები, (2) ემიგრაცია, როგორც სიღარიბის დაძლევის უალტერნატივო იმედი და (3) ემიგრანტი ქალის ცხოვრება: ზრუნვის გლობალური ჯაჭვი და ანაზღაურებადი შრომის სირთულე.

 

სამშობლოში ცხოვრების სირთულე და ოჯახური ვალდებულებები

კვლევის პროცესში, იქამდე სანამ ემიგრანტი ქალების აწმყო გამოცდილებებით დავინტერესდებოდი, შევეცადე, გარკვეული ინფორმაცია შემეგროვებინა მათი სამშობლოში ცხოვრების ბოლო წლების შესახებ. ამის გამო, კვლევა გარკვეულ ბიოგრაფიულ-ნარატიულ ხასიათს ატარებდა - ქალები მიზიარებდნენ საკუთარ განათლებაზე, დაოჯახებაზე, შვილების მიმართ დარდსა  და საკუთარი ცხოვრებისეული ბრძოლების შესახებ ინფორმაციას. ინტერვიუს ამ ნაწილში, ჩემი ჩარევა მინიმალური იყო - ვცდილობდი განმესაზღვრა არა საუბრის შინაარსი, არამედ საკითხები ქრონოლოგიურად დამელაგებინა და ჩაკითხვებით მათგან მოწოდებული ინფორმაციის სწორად გაგებაში დავრწმუნებულიყავი.

ყველა რესპონდენტი, დაოჯახებული იყო. ისინი ემიგრაციამდე მეუღლესთან, შვილთან/შვილებთან და, ზოგ შემთხვევაში, მეუღლის მშობლებთან ერთად ცხოვრობდნენ. ყველას ჰქონდა საშუალო განათლება მიღებული, ხოლო ნაწილს - უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება. მათი თქმით, ამის მიუხედავად სამშობლოში პროფესიით დასაქმებას ვერ ახერხებდნენ ან, დასაქმების შემთხვევაში, ანაზღაურება იმდენად მიზერული იყო, რომ ოჯახის წევრების საჭიროებების დაკმაყოფილება ვერ ხერხდებოდა. საგულისხმოა ისიც, რომ ქალები ანაზღაურებად შრომაში ჩართვის სირთულეზე საუბრის დროს, ყურადღებას დროის მუდმივ დეფიციტზე ამახვილებდნენ. მათი თქმით, იყო ისეთი ტიპის სამსახურები, სადაც, ფაქტობრივად, უნდა ,,გეცხოვრა’’, გრძელი შრომითი დღიდან გამომდინარე. ანაზღაურებად შრომით სივრცეებში არსებულ პრობლემებზე საუბრის დროს, რესპონდენტებს ვთხოვე გაეზიარებინათ თუ სად იყვნენ დასაქმებულები სამშობლოში ცხოვრების ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ყველა მათგანმა აღნიშნა, რომ სერვისის სფეროში მუშაობდა სისტემატიურად, ან გარკვეული პერიოდულობით, რადგან სხვაგან სამსახურს ვერ შოულობდნენ. ეს მიგნება ნათლად წარმოაჩენს, რომ ადგილობრივ დონეზე ქალების დასაქმების ძირითად სფეროდ სერვისის სექტორია მონიშნული (Millman 2013, 72), რაც ამ სფეროში დასაქმებული ქალების განსაკუთრებულად ჭარბი რაოდენობით გამოიხატება. მას შემდეგ, რაც დავრწმუნდი, რომ ქალები სამშობლში ცხოვრების პერიოდის გახსენების დროს სამსახურისა და ოჯახური საქმეების შეთავსების პრობლემაზე საუბრობდნენ, დავინტერესდი და ვთხოვე, უფრო ვრცლად ეამბოთ ამ თემაზე. მათი თქმით, სახლში ყოფნისთვის საჭირო დრო მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც ისინი ასრულებდნენ საოჯახო საქმეებს, შვილზე ძირითად ზრუნვას წევდნენ და მოხუცებულ ოჯახის წევრებს უვლიდნენ. ერთ-ერთმა რესპონდენტმა გამიზიარა, რომ სახლში მისი მეუღლის დედას სისტემატიურად სჭირდებოდა ნემსის გაკეთება, თანმხლები ქრონიკული დაავადებიდან გამომდინარე, ამის გამო კი სულ წუხდა, რადგან სამსახურში მუშაობის დროს სახლში წასვლას დროულად ვერ ახერხებდა. ექთანის მომსახურების მისაღებად კი ოჯახს ფინანსური საშუალება არ ჰქონდა:

,,დედამთილი რომ გიწევს სახლში და ნემსის გამკეთებელი შენ გარდა არავინ ყავს და შენც დღე და ღამე მუშაობ, რა უნდა ქნა? ვერაფერს ვერ იზამ. სასწრაფო არ გაუკეთებს ნემს - ჩემი საქმე არააო გეტყვის, ექთანს რანაირად დაურეკავ? რასაც დღეში მიხდიდნენ ის ფულიც არ მეყოფოდა ერთი ნემსის გაკეთებისთვის რომ გადამეხადა[2]’’.

აღნიშნული მიგნება ხაზს უსვამს, ერთის მხრივ, ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებს, რაც მასზე ხელმიუწვდომლობას განაპირობებს (Sen and Durano 2014, 19) და, მეორეს მხრივ, მიანიშნებს ქალების მიერ შესრულებული საოჯახო შრომის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნებაზე, რაც ავადმყოფი ოჯახის წევრის მიმართ მოვლა-მზრუნველობითი საქმის შესრულებით გამოიხატება (ACT 2013, 11); გარდა მოვლა მზრუნველობითი საქმისა, ქალები ისეთი ტიპის საოჯახო საქმეების შესრულებისთვის საჭირო ნაკლებ დროზეც საუბრობდნენ, როგორიცაა სახლის დალაგება, ტანსაცმლის, ჭურჭლისა და სახლთან დაკავშირებული ისეთი ნივთების გარეცხვა, როგორიცაა ფარდაგები და ფარდები. მათი თქმით, ყველა ამ საქმეს დიდი დრო სჭირდებოდა; განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ ოჯახში მცხოვრებ სხვა ქალებს ან არ შეეძლოთ მათ დახმარებოდნენ, ან ამის დრო ფიზიკურად არ ჰქონდათ.

საოჯახო შრომის შესრულებასთან დაკავშირებული გამოცდილებები ცხადყოფს, რომ მისი შესრულების ვალდებულება ექსკლუზიურად ქალებს მიეწერებათ და აღნიშნული გადანაწილება აღიქმება როგორც მოცემულობა (ფედერიჩი 2016, 74) და არა არსებული სოციალური და ეკონომიკური წესრიგის შედეგი; ამის შედეგად, კაცის როლი საოჯახო საქმეების შესრულებაში ცოლების დამხმარე სტატუსით ინიშნება (დელფი და ლეონარდი 2016, 102) და ყურადღების მიღმა რჩება საოჯახო შრომის შესრულების მნიშვნელოვნება. ამასთანავე, ქალების თქმით, შრომატევადია საოჯახო საქმეების შესრულების პროცესი, რაც, საბოლოოდ, მათ მუდმივ დაღლილობას განაპირობებს (ფრეიზერი 2017, 188). ეს ხაზს უსვამს გენდერული სამართლიანობის მისაღწევად საჭირო თავისუფალი დროის არ არსებობას (ფრეიზერი 2017, 188), რასაც საოჯახო შრომის უთანასწორო გადანაწილება და ანაზღაურებადი შრომისთვის საჭირო გაზრდილი სამუშაო დრო განაპირობებს (Shippen 2014, 41).  ამის გამო, ქალების ცხოვრება სახლისა და სამსახურის მიღმა იშვიათად გადის; გრძელი სამუშაო დღის გამო, ქალების თქმით, ხშირად სახლში ყოფნა ენატრებოდათ. ამბობდნენ, რომ სახლშიც იღლებოდნენ, მაგრამ სახლში ყოფნას მათთვის მეტი კომფორტი ჰქონდა, შვილებთან ერთად გატარებული დროის გამო.

განხილული მიგნებები ცხადყოფს, რომ ემიგრაციაში მყოფი ქალების ის გამოცდილებები, რომელიც სამშობლოში მათი ცხოვრების ბოლო წლებს ეხება  მძიმე საოჯახო და ანაზღაურებად შრომას უკავშირდება. ქალების საოჯახო შრომა გამოიხატებოდა, როგორც ფიზიკური შრომით, ასევე ახლობლებზე მოვლა-მზრუნველობითი საქმის გაწევით. ამასთანავე, ადგილობრივ დონეზე ქალების ანაზღაურებადი შრომითი სივრცეები სერვისის სფეროს უკავშირდება, რომელსაც ქალები გრძელი სამუშაო დღითა და ცხოვრებისთვის არასაკმარისი, მიზერული ანაზღაურებით ახასიათებენ.

 

ემიგრაცია, როგორც სიღარიბის დაძლევის უალტერნატივო იმედი

სამშობლოში ცხოვრების ბოლო წლებში ქალებს სერვისის სფეროში უმუშავიათ სისტემატიურად ან პერიოდულად. მიუხედავად მიზერული ანაზღაურებისა და გრძელი შრომითი დღისა, ქალებმა აღნიშნეს, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ - ამ სექტორში დასაქმება იყო მათი არა არჩევანი, არამედ ერთადერთი შანსი, რომელიც უნდა გამოეყენებინათ. საგულისხმოა ისიც, რომ უმრავლესი მათგანი შრომითი დაცვის გარანტიების არ ქონაზე მიუთითებდა; მათი თქმით, ხშირად მათი შრომა არაფორმალური იყო, არ ითვალისწინებდა ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას და ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის შესაძლებლობას. სერვისის სექტორთან დაკავშირებული ადგილობრივი მიგნებები ცხადყოფს, რომ ამ სექტორში დასაქმება იმ ზოგადი, გლობალური მოდელით ხდება, რომელიც შრომით პროცესს მისი დაცვის გარანტიების გარეშე აწარმოებს (Zimmerman, Litt and Bose 2006, 106); საგულისხმოა, რომ სამშობლოში ყველა რესპონდენტის სერვისის სექტორში დასაქმების გამოცდილება შემთხვევითი არ არის; ეს არის ანაზღაურებადი შრომის ის უთანასწორო პრაქტიკა, რომელიც ქალს, როგორც საოჯახო შრომის შემსრულებელს, დიასახლისს დაუკავშირდა. ამ გაგებით, არსებული ეკონომიკური მოდელი ქალის იმ შრომას იყენებს, რომელიც საზოგადოებაში დაუფასებელია (ფრეიზერი 2017, 188) და იგივე საქმეების შესრულებაში ქალებს მიზერულ ანაზღაურებას სთავაზობს. ამ ლოგიკით, დასაქმებული ქალების არა როგორც მშრომელების, არამედ, როგორც დიასახლისების იდენტობის კვლავწარმოება ხდება (Mies, Housewifization International: Women and the New International Division of Labour 2014, 116), რაც ქალებს სოციალური დაცვის მექანიზმების მიღმა ტოვებს. ამასთანავე, ქალების გამოცდილებების შესწავლამ გამოკვეთა, რომ სერვისის სექტორში დასაქმებულ ქალებს, ხშირად ისეთი საქმეების შესრულება უწევდათ, რომელზეც დამსაქმებლებთან შეთანხმებულები არ ყოფილან. ზედმეტი შრომა კი მათი ანაზღაურების გაზრდას არ განაპირობებდა. ამ პრაქტიკით, მშრომელი ბევრს შრომობს, მისი ანაზღაურება კი მცირდება - შრომითი დღისა და შესასრულებელი ვალდებულებების გაზრდის შესაბამისად (Ugarteche 2014, 74).

აღვნიშნე, რომ ქალებს ადგილობრივ დონეზე დასაქმების სხვა, ალტერნატიული გზების ძიება უჭირდათ. ეს იყო ერთადერთი სექტორი - მინიმალური ხელფასითა და ზეგანაკვეთური შრომით, სადაც დასაქმება შეეძლოთ. იმის გამო, რომ მათ ოჯახებს უჭირდათ, ქალები იძულებულები იყვნენ მსგავს სივრცეებში დასაქმებულიყვნენ; მათი თქმით, ბანკის ვალები, მუდმივი საცხოვრებლის არ ქონა, შვილის განათლებისთვის საჭირო სახსრების არ არსებობა მათ გამოუვალ მდგომარეობაში ამყოფებდა. აღნიშნული მიგნება ნათლად კვეთს ემიგრაციაში მყოფი ქალების ბექგრაუნდს - ყველა მათგანი ღარიბია, ღარიბი ოჯახებიდან (Eldén and Anving 2019, 16). მიუხედავად რთული შრომითი დღისა, რასაც საოჯახო შრომის შესრულების ტვირთიც ემატებოდა, ქალები საკუთარი ვალდებულებების შესრულებაზე უარს ვერ ამბობდნენ. ქალების ისტორიებიდან იკვეთებოდა მათი მწველი სურვილი, რომ მათ შვილებს ჰქონოდათ უმაღლესი განათლება. მათი თქმით, ეს იყო ის, რაც შვილების დასაქმების უკეთეს შესაძლებლობებს განაპირობებდა. დედები მუდმივად განიცდიდნენ იმას, რომ შვილებს ვერ აძლევდნენ ისეთ ფინასურ ბენეფიტებს, რაც მათ უკეთესი განათლების მიღებაში ხელს შეუწყობდა. აღნიშნული გამოცდილებები ამყარებს იმ ფაქტს, რომ ოჯახები, რომლებსაც არ ყავთ ემიგრანტი ოჯახის წევრი, უფრო ნაკლებს ხარჯავენ განათლებაში, ვიდრე ისინი, ვისაც ემიგრანტი ოჯახის წევრი ჰყავთ (მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია, საქართველოს 2017 წლის მიგრაციის პროფილი 2017, 33). ამასთანავე, ცხადად იკვეთება ქალის, როგორც ოჯახის ძირითადი მზრუნველის როლი, რომელიც ოჯახის წევრებზე ზრუნვას სიყვარულსა და პატივისცემაზე დაფუძნებით წევს (Eldén and Anving 2019, 14). ზემოთ განხილული მიგნებით ცხადი ხდება, რომ ზრუნვა არის არა მხოლოდ აწმყო პრაქტიკა, არამედ შვილებისთვის უკეთესი მომავალი ცხოვრების შენების პროცესი, რაც მძიმე ფიზიკურ და ზრუნვით შრომას საჭიროებს (Eldén and Anving 2019, 15).

კვლევის აღნიშნულ სექციაში, ნათლად წარმოჩინდა, რომ ქალების სამშობლოში ცხოვრების ბოლო წლები რთული იყო. ისინი ასრულებდნენ საოჯახო შრომას, მოვლა-მზრუნველობით საქმეს და, ამასთანავე, ჩართულები იყვნენ ანაზღაურებად შრომაშიც. გამოიკვეთა, რომ ყველა ქალს ჰქონია სერვისის სექტორში დასაქმების გამოცდილება; აღნიშნული სივრცეები ხასიათდება დაბალი ანაზღაურებით, აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომითა და შრომითი დაცვის გარანტიების არ არსებობით. ალტერნატიული შრომითი სივრცეების არ არსებობამ კი ქალების ემიგრაციაში წასვლის აუცილებლობა გამოიწვია. მათი თქმით, ეს იყო იძულებითი გამოცდილება, რომელიც ისეთმა გარემო ფაქტორებმა განაპირობა, როგორცაა შვილების განათლებისთვის საჭირო სახსრების არ არსებობა, ბანკის ვალები და ისეთი ბაზისური საჭიროებების ვერ დაკმაყოფილება, როგორიცაა კომუნალური გადასახადების გადახდა და წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე.

 

ემიგრანტი ქალის ცხოვრება: ზრუნვის გლობალური ჯაჭვი და ანაზღაურებადი შრომის სირთულე

ყველა ქალი, რომელსაც საკვლევ კითხვებთან დაკავშირებულ თემებზე ვესაუბრე, იტალიაში ცხოვრობდა. მათგან ორი სახლების დამლაგებლად, ხოლო 15 ოჯახებში, მოხუცებულთა მომვლელებად მუშაობდნენ. ქალების თქმით, აღნიშნულ სივრცეებში მათი დასაქმება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრის დაწყების დროს, სხვა ემიგრანტი ახლობელი ქალებისგან იცოდნენ დასაქმების შესაძლებლობები. მათი თქმით, რომ არ ყოლოდათ იტალიაში დასაქმებული ერთი ახლობელი მაინც, ემიგრაციაში ვერ წავიდოდნენ, რადგან ამ ნაბიჯის გადადგმას დიდი შფოთვა ახლავს თან. ცხადი გახდა, რომ ქალები ემიგრაციაში წასვლაზე თვეების განმავლობაში ფიქრობდნენ. ამ გადაწყვეტილების მიღება მათთვის რთული იყო, თუმცა არსებული გარემო ფაქტორები მათ სხვა შანსს არ სთავაზობდა; ეს მიგნება იზიარებს 2019 წელს ჩატარებული კვლევის შედეგს, რომელიც ცხადყოფდა, რომ ქალები ისურვებდნენ ემიგრაციაში წასვლის საჭიროება არ ჰქონოდათ (ყალიჩავა 2019, 2); ამასთანავე, ქალების მიერ ქვეყნის არჩევა არა მათმა პირადმა სურვილმა, არამედ უკვე არსებულმა კონტაქტებმა განაპირობა, რაც ამყარებს არგუმენტს იმის შესახებ, რომ ემიგრაციისთვის ახლობლების არსებობა გადამწყვეტია (ICMPD 2019, 27) დასაქმებასთან დაკავშირებული ფორმალური ცოდნის არ ქონის გამო. ქალებმა ამ საკითხს დამატებითი გამოცდილებებიც შემატეს და აღნიშნეს, რომ უკვე არსებული კონტაქტები მათ არა მხოლოდ სამსახურის დაწყებაში დაეხმარათ, არამედ - ინტერნეტზე წვდომის საკითხის მოგვარებასა და ციფრული სასაუბრო პლატფორმების ათვისებაშიც, რაც ქალებს შორის არსებულ მნიშვნელოვან სოლიდარობის პრაქტიკებზე უსვამს ხაზს.

აღვნიშნე, რომ რესპონდენტებიდან 2 დამლაგებლადად მუშაობდა. ისინი აღნიშნავდნენ, რომ ამ სივრცეებში ის საქმდება, ვისაც უფრო მეტი ვალი და ოჯახური ვალდებულება აქვს. აღნიშნულმა გამოკვეთა, რომ ემიგრანტი ქალების შრომა, ხშირ შემთხვევაში, უკავშირდება არა ერთ, არამედ რამდენიმე შრომით სივრცეს (Neetha 2008, 26-27); ეს იმ ვალდებულებებზეა დამოკიდებული, რომელიც მათ სამშობლოში მცხოვრებ საკუთარი ოჯახის წევრებზე აქვთ აღებული. რაც უფრო რთულია მათი და მათი ოჯახის წევრების ფინანსური მდგომარეობა, ქალებს მით უფრო მძიმე და მეტი შრომის გაწევა უხდებათ.

ქალებმა საუბრის დროს საკუთარი შრომის სიმძიმეზეც ისაუბრეს. აღნიშნეს, რომ ხშირად ყველაფრის მიტოვებისა და სამშობლოში დაბრუნების სურვილი აქვთ; მათი თქმით, შრომა რომელსაც ისინი ეწევიან ძალიან მძიმეა არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ემოციურადაც. ქალებს შრომით სივრცეებში არა მხოლოდ ფიზიკური (Neetha 2008, 27), არამედ მოვლა-მზრუნველობით შრომის შესრულებაც უწევთ. მათი თქმით, ამ შრომის შესრულება დიდ ძალისხმებას საჭიროებს, რაც მათ სხვა, პირადი აქტივობებისთვის დროს აღარ უტოვებს:

,,დასვენების დღე ხომ მაქვს. ვფიქრობ ხოლმე სად წავიდე. კი მივდივარ, მაგრამ ხან ძალით მივდივარ. ისეთი დაღლილი ვარ ხოლმე ხანდახან ხალისი აღარ მაქვს. ხალისი ხომ გჭირდება ადამიანს. [...] სხვა რაზეა ლაპარაკი, იმ სერიალს ვერ ჩართავ რაც გაინტერესებს. რაც ჩართულია იმას უნდა უყურო. ოთახში ვერ შეხვალ, რომ წამოწვე და წიგნი წაიკითხო. შეიძლება არაფერს აკეთებდე, მაგრამ მაინც მოხუცთან უნდა იჯდე. როცა დასჭირდები იქ უნდა იყო[3]’’.

მიგნებები ცხადყოფს, რომ ანაზღაურებად საოჯახო სექტორში ქალების როლი კვლავ მოვლა-მზრუნველობითი საქმისა და საოჯახო შრომის შესრულებით განისაზღვრა (Millman 2013, 74). ამასთანავე, ცხადი ხდება რომ ემიგრანტ ქალებს პირადი დროის მუდმივი დეფიციტი აქვს. ამ მიგნებით, ვასკვნი, რომ ისეთი პერსონალური აქტივობებისთვის, რომელიც ბედნიერების მომტანია ქალებს დროითი რესურსი არ რჩებათ (Shippen 2014, 28-32), რაც მათი გრძელი შრომითი დღითაა განპირობებული.

ინტერვიუს დროს, ქალებს ვთხოვე გაეზიარებინათ, ჰქონიათ თუ არა ზეგანაკვეთური აუნაზღაურებელი შრომის გამოცდილებები. მათი თქმით, მსგავსი ფაქტები ხშირია. ეს კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად რთულია იმ მოხუცების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებსაც ისინი უვლიან:

,,ბევრი დასვენების დღე ვერ გამომიყენებია. როცა ხედავ რომ ცუდად არის ადამიანი შენ ყავის დასალევად ხომ ვერ წახვალ. თითქოს შენს ნამუსზეა დამოკიდებული. როგორ დატოვებ ადამიანს, ლოგინიდან რომ ვერ ადგება ერთ დღეს. ერთხელ ორი კვირა მარტო საჭმლის საყიდლად გავდიოდი. ცუდად იყო. შვილებს არ ეცალათ და ვერ მოდიოდნენ. მეუბნებოდა წადი ცოტა ხანს, დაისვენეო მაგრამ ვერ დავტოვე. შემეცოდა[4]’’.

მიგნებებმა ზრუნვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნების საკითხი ნათლად გამოკვეთა. ამასთანავე, ჩანს, რომ ზრუნვის კომოდიფიკაცია, რაც მის საგნად ქცევას ანაზღაურების გაწევის სანაცვლოდ გულისხმობს პრაქტიკაში ვერ იწარმოება; ვინაიდან ზრუნვას მორალური მხარე აქვს, რაც მზრუნველის მხრიდან ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და საჭიროებების გათვალისწინებით გამოიხატება (Eldén and Anving 2019, 14) და არა ტრადიციული შრომითი ურთიერთობებით. ამასთანავე, აღნიშნული მიგნება იმ მოსაზრების სიმცდარესაც უსვამს ხაზს, რომლის მიხედვითაც ,,ზრუნვა რაღაცისთვის’’, როგორც ანაზღაურებადი შრომითი პრაქტიკა, პატივისცემისა და სიყვარულის მიღმა იწარმოება (Eldén and Anving 2019, 13).

ანაზღაურებად საოჯახო შრომაზე საუბრისას, ქალები ხშირად იხსნებდნენ იმ დარდს, რომელიც მათ საკუთარი ოჯახის წევრების, განსაკუთრებით კი შვილების მიმართ აქვთ. მათი თქმით, ისინი ბევრად უფრო ნაკლებ დროს აპირებდნენ დარჩენას ემიგრაციაში, ვიდრე ეს რეალურად მოხდა; ეს განპირობებულია იმით, რომ ქალების ანაზღაურება ბოლომდე არ ჰყოფნით მათი ოჯახების წევრებს. ძირითადად, ქალების ხელფასი გათვლილია შვილების სწავლის გადასახადისთვის, ბინის ქირის გადახდისთვის, ოჯახის ავადმყოფი წევრის მკურნალობისთვისა და იმ საბანკო ვალდებულებებისთვის რომლებსაც ისინი ჯერ კიდევ იხდიან. ქალების თქმით, ხელფასიდან ხშირად მეათედიც არ რჩებათ; ამასთანავე, აღნიშნეს, რომ ხშირად ისინი საკუთარი თავისთვის ფულს სხვა ემიგრანტი ქალებისგან სესხულობენ, რადგან ხელფასი ოჯახის წევრების საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის წინასწარ გაწერილია, რაც მათ პირადი დანაზოგების საშუალებას არ აძლევს; სწორედ არსებული მდგომარეობა განაპირობებს ქალების დიდხნიან ემიგრაციასა (Isaksen, Devi and Hochschild 2008, 406) და ოჯახის წევრებისგან სიშორეს.

ქალების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრებისგან ძალიან შორს არიან, ისინი მაინც ძირითად მზრუნველებად რჩებიან. მათი თქმით, რომ არა სხვადასხვა საკომუნიკაციო პლატფორმები, ისინი ვერ შეძლებდნენ ოჯახიდან შორს ყოფნას. ამ პლატფორმების გამოყენებით ისინი ოჯახის წევრებთან მუდმივ ინტერაქციას ინარჩუნებენ - ესაუბრებიან, ისტორიებს უზიარებენ და რჩევებს აძლევენ, რასაც როგორც მზრუნველობით პრაქტიკას ისე მიიჩნევენ:

,,ჩამოკიდებულები ვართ ვაიბერში. რას ამბობ, რა გამაძლებინებს მაგათი [ოჯახის წევრების] ხმა რომ არ გავიგონო. ხან რა აინტერესებთ ხან რა. მეც ვუზიარებ ჩემ ცხოვრებას ისინი თავისას და დროც მალე გადის. ჩემს შვილს სულ რჩევებს ვაძლევ. გზას არ აცდეს. მომავალზე იფიქროს. ახალგაზრდაა და სულ ყურადღება სჭირდება. ჩემი ესმის. ჩემი დარიგება უფრო უყვარს[5]’’.

მიგნებები, რომელიც ემიგრანტი ქალების მიერ, ოჯახის წევრებზე ზრუნვას ეხება, ააშკარავებს არა მხოლოდ იმას, რომ ქალები საკუთარი ოჯახების ფინანსური კეთილდღეობის მთავარ გარანტად რჩებიან, არამედ - მათი, როგორც ოჯახების ძირითადი მზრუნველების როლსაც. აღნიშნული ქალის, როგორც ტრანსნაციონალური მზრუნველის სახე-ხატს აყალიბებს (Millman 2013, 72), რომელიც ზრუნვას ოჯახის წევრებზე დისტანციურად წევს. საბოლოოდ, ზრუნვა ლოკალურიდან გლობალურ პროცესად ტრანსფორმირდება და მისი პრაქტიკაში განხორციელების გარკვეულ, ჯაჭვურ მექანიზმს აყალიბებს (Isaksen, Devi and Hochschild 2008, 407). ამ გაგებით, ქალი სასიცოცხლო ზრუნვას წევს ანაზღაურებად შრომით სივრცეში და ასევე, საკუთარი ოჯახის წევრების ძირითად მზრუნველად რჩება.

 

დასკვნა

წარმოდგენილი კვლევითი სტატიით შევეცადე აღმეწერა იტალიაში, საოჯახო სექტორში დასაქმებული საქართველოს მოქალაქე ქალების ემიგრაციის მიზეზები და მათი აწმყო შრომითი გამოცდილებები. მიგნებებმა ცხადყო, რომ ემიგრაცია არ ყოფილა ქალების არჩევანი, არამედ უალტენატივო იმედი და შემდეგ ნაბიჯი, რომელიც ქალებმა მათი ოჯახის წევრების კეთილდღეობის უზრუნველყოფის გამო გადადგეს. ადგილობრივ დონეზე, ქალების დასაქმების ძირითად სფეროს სერვისის სექტორი წარმოადგენდა, სადაც ქალებს ზეგანაკვეთური აუნაზღაურებელი შრომის შესრულება უწევდათ, ჰქონდათ გრძელი სამუშაო დღე და სანაცვლოდ მცირე ანაზღაურება. რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ ეს ანაზღაურება მათი და მათი ოჯახის წევრების საჭიროებებს ვერ ფარავდა; კომუნალური გადასახადები, ოჯახის წევრის მკურნალობისთვის საჭირო სახსრები, შვილების სწავლის გადასახადი და საბანკო ვალდებულებები - ეს იმ ფინანსური ვალდებულებების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ემიგრანტი ქალების შრომა დღეს ფარავს. ამის გამო, ქალებს პირადი ფინანსური რესურსები არ რჩებათ. საგულისხმოა ისიც, რომ აღნიშნული ვალდებულებები ქალების გრძელვადიან ემიგრაციას განაპირობებს. რესპონდენტებმა მათი ამჟამინდელი შრომა დაახასიათეს, როგორც ფიზიკურად და ემციურად მძიმედ შესასრულებელი. ქალების თქმით, ისინი სხვადასხვა ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით საკუთარი ოჯახების წევრების ძირითად მზრუნველებად რჩებიან, რაც ტრანსნაციონალური დედის სახე-ხატსა და მათ მიერ გაწეული ზრუნვის გლობალურ ჯაჭვს აყალიბებს.

საბოლოოდ, იმედს ვიტოვებ, რომ ქალთა მდგომარეობასთან დაკავშირებული სამომავლო დისკუსიები წინ წამოწევს ადგილობრივ დონეზე ქალთა დასაქმების პერსპექტივებსა და აწმყო პრაქტიკებს და, მეორეს მხრივ, ემიგრანტი ქალების შრომაზე დებატის დროს, გაფართოვდება თვალსაწიერი, რაც ემიგრაციის ინდივიდუალიზებული არჩევანის მიღმა მისი გამომწვევი მიზეზების შესწავლაზე იქნება ორიენტირებული. ვფიქრობ, ამის საფუძველზე შესაძლებელი იქნება ინკლუზიური ფემინისტური ბრძოლის წარმოება და არსებული რეალობის გარდაქმნის პროცესში ცხოვრებისეული გამოცდილებების ცენტრში მოქცევა.

 

სტატია მომზადდა სქესობრივი განათლების შვედური ასოციაციის (RFSU) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „ლგბტი პირთა უფლებების გაძლიერება, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების ადვოკატირება და ქვიარ აქტივისტთა მხარდაჭერა.“

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ავტორის პოზიციას და  არ შეიძლება განიხილებოდეს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ და "სქესობრივი განათლების შვედური ასოციაციის" (RFSU) შეხედულებების ამსახველად.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

ბიბლიოგრაფია:

ACT. 2013. საზოგადოებრივი დამოკიდებულებები გენდერულ თანასწორობაზე პოლიტიკასა და ბიზნესში. ACT, თბილისი: UNDP Georgia. წვდომილი 2020 წლის 4 December. https://www.ge.undp.org/content/georgia/ka/home/library/democratic_governance/public-perceptions-on-gender-equality-in-politics-and-business.html.

Brooks, Abigail. 2011. "Feminist Standpoint Epistemology: Building Knowledge and Empowerment Through Women's Lived Experience." In Feminist Research Practice, by Sharlene Nagy Hesse-Biber and Patricia Lina Leavy. SAGE Publications, Inc. Accessed August 2, 2017. doi:https://dx.doi.org/10.4135/9781412984270.

Brooks, Abigail, and Sharlene Nagy Hesse-Biber. 2011. "An Invitation to Feminist Research." In Feminist Research Practice, by Sharlene Nagy Hesse-Biber and Patricia Lina Leavy, 2-24. SAGE Publications, Inc. Accessed August 2, 2017. doi:https://dx.doi.org/10.4135/9781412984270.

Eldén, Sara, and Terese Anving. 2019. "Researching Families and Paid Domestic Care." In Nanny Families: Practices of Care by Nannies, Au Pairs, Parents and Children in Sweden, by Sara Eldén and Terese Anving, 13-32. Bristol: Bristol University Press. doi:10.2307/j.ctvm7bbst.6.

Hooks, Bell. 1994. "Theory as Liberatory Practice." In Teaching to Transgress - Education as the Practice of Freedom, by Bell Hooks, 59-77. Taylor & Francis Group. Accessed November 2020. https://books.google.ge/books?printsec=frontcover&vid=LCCN94026248&redir_esc=y#v=onepage&q&f=false.

ICMPD. 2019. Enigmma 2 Case Study: Georgian Diaspora in Greece, Italy and Spain. Desk Research, Interviews and Focus Group Discussions, Vienna: International Centre for Migration Policy Development, 67. Accessed November 2020. https://www.icmpd.org/fileadmin/1_2018/Publications_2018/Case_Study_GR_IT_ES_Final.pdf.

Isaksen, Lise Widding, Sambasivan Uma Devi, and Arlie Russell Hochschild. 2008. "Global Care Crisis: A Problem of Capital, Care Chain, or Commons?" American Behavioral Scientist (Sage Publications) 52 (3): 405-425. Accessed 2020.

Leckenby, Denise, and Sharlene Nagy Hesse-Biber. 2011. "Feminist Approaches to Mixed-Methods Research." In Feminist Research Practice, by Sharlene Nagy Hesse-Biber and Patricia Lina Leavy. SAGE Publications, Inc. Accessed August 2, 2017. doi:http://dx.doi.org/10.4135/9781412984270.

Mies, Maria. 2014. "Housewifization International: Women and the New International Division of Labour." In Patriarchy and Accumulation on a World Scale : Women in the International Division of Labour, by Maria Mies, 112-144. London: Zed Books.

Millman, Heather L. 2013. "Mothering from Afar: Conceptualizing Transnational Motherhood." Journal of Anthropology (The University of Western Ontario) 21 (1). Accessed December 2020. https://ir.lib.uwo.ca/totem/vol21/iss1/8.

Neetha, N. 2008. "Regulating Domestic Work." Economic and Political Weekly 43 (37): 26-28. Accessed 2020. https://www.jstor.org/stable/40277945.

Sen, Gita, and Marina Durano. 2014. "Social Contracts Revisited: the promise of human rights." In The remaking of social contracts - Feminists in a fierce new world, edited by Gita Sen and Marina Durano, 3-32. London: Zed Books.

Shippen, Nichole Marie. 2014. CRITICAL POLITICAL THEORY AND RADICAL PRACTICE: Decolonizing Time - Work, Leisure and Freedom. Palgrave Macmillan.

Trent, Allen, and Jeasik Cho. 2014. "Interpretation Strategies: Appropriate Concepts." In The Oxford Handbook of Qualitative Research, edited by Peter E. Nathan, 639-658. Oxford University Press. Accessed December 1, 2020.

Ugarteche, Oscar. 2014. "The Modern Business of War." In The remaking of social contracts - Feminists in a fierce new world, edited by Gita Sen and Marina Durano, 70-83. London: Zed Books.

Zimmerman, Mari K., Jacquelyn S. Litt, and Christine E. Bose. 2006. Global Dimensions of Gender and Carework. California: Stanford University Press.

დელფი, ქრისტინ, და დიანა ლეონარდი. 2016. „კვლავაც კაპიტალიზმის ნაწილი? მარქსისტულ ფემინისტური პერსპექტივები ოჯახზე.“ თარგმანების კრებული-ში, მაია ბარქაია-ის მიერ, რედაქტირებული თამუნა ქებურია-ის მიერ, გადათარგმნილია სალომე ლაცაბიძე-ის მიერ, 82-117. თბილისი: EMC.

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია. 2017. საქართველოს 2017 წლის მიგრაციის პროფილი. თბილისი: მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია. წვდომილი 2020. http://migration.commission.ge/files/migraciis_profili_2017_a4_new_1.pdf.

ფედერიჩი, სილვია. 2016. „ანაზღაურება საშინაო შრომისთვის.“ თარგმანების კრებული-ში, მაია ბარქაია-ის მიერ, რედაქტირებული თამუნა ქებურია-ის მიერ, გადათარგმნილია სალომე ლაცაბიძე-ის მიერ, 73-81. თბილისი: EMC.

ფრეიზერი, ნენსი. 2017. ფემინიზმის თავგადასავალი. რედაქტირებული თამარ ცხადაძე-ის მიერ. გადათარგმნილია გიორგი ჩუბინიძე-ის მიერ. თბილისი: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო.

ყალიჩავა, თამარ. 2019. შრომითი მიგრაციის ფემინიზაციის გავლენა საქართველოში მყოფ შვილებზე. Research, Tbilisi: openscience.ge, 1-48. წვდომილი 2020. https://openscience.ge/bitstream/1/1325/1/Kalichava-%20MA%20Thesis%20soc2019.pdf.

[1] ვაიბერი, სკაიპი, მესენჯერი.

[2] რესპონდენტი #9, ლიანა, 60 წლის

[3] რესპონდენტი #8, ეთერი, 47 წლის

[4] რესპონდენტი #8, ეთერი, 47 წლის.

[5] რესპონდენტი #15, მაია, 48 წლის

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“