[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

EMC წიაღისეულის მოპოვების 100 ახალი ლიცენზიის გაცემის ინიციატივას ეხმაურება

EMC ეხმაურება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივას წიაღისეულის მოპოვების 100 ახალი ლიცენზიის აუქციონზე გამოტანის შესახებ. მიგვაჩნია, რომ ეს ინიციატივა „საქართველოს წიაღის სექტორის სტრატეგიის” დოკუმენტს ეწინააღმდეგება და ბუნებრივი რესურსების დემოკრატიული, გამჭირვალე და სათანადო ცოდნაზე დაფუძნებული მართვის პრინციპებთან შეუსაბამოა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება აგრძელებს პრივატიზაციისა და აუქციონის წესით ლიცენზიების გაცემის პრაქტიკას, მიუხედავად იმისა, რომ ტყიბულში, ჭიათურასა და სხვა რეგიონებში დაგროვებული გამოცდილება ამ პოლიტიკის სოციო-ეკონომიკურ და ეკოლოგიურ მდგრადობას ეჭვქვეშ აყენებს, ხოლო  2019 წლის დეკემბერში დამტკიცებული “წიაღის სექტორის სტრატეგია” სამთო-მოპოვებით სექტორში არსებულ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ჩავარდნებზე მიუთითებს, რომელთა აღმოუფხვრელად მოპოვების ლიცენზიების გაცემის მასშტაბური ტალღის წამოწყება უკიდურესად საფრთხისშემცველია.

2019 წელს საქართველოს მთავრობამ EBRD-ის მხარდაჭერით “საქართველოს წიაღის სექტორის სტრატეგიის” დოკუმენტი დაამტკიცა, რომლითაც ბუნებრივი რესურსების მართვისას უნდა იხელმძღვანელოს. წიაღის სექტორის სტრატეგიის შემუშავება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა საკანონმდებლო ჩარჩოების შექმნა, არსებული რეგულაციების გაუმჯობესება და კანონქვემდებარე აქტების ძალაში შესვლა. სამწუხაროდ უგულვებელყოფილია მომზადებული დასკვნის მიგნებები, ლიცენზირება კი კვლავ გამარტივებული აუქციონის რეჟიმში მიმდინარეობს.

30 იანვარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, პრივატიზაციის ახალი ტალღის შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ აუქციონზე გამოტანილ სახელმწიფო ობიექტებს წიაღისეულის მოპოვების 100 ლიცენზიაც დაემატება. განცხადების მიხედვით, საპრივატიზაციო ობიექტთა სია მუდმივად განახლდება და პარალელური ელექტრონული აუქციონების რეჟიმში შეიკრიბება. პრივატიზაციის ეს დაგეგმილი ტალღა 2019 წელს დაწყებული პროექტის „100 შეთავაზება ბიზნესს“ ნაწილია.

ამ ინციატივით, პროექტი „100 შეთავაზება ბიზნესს“, რომელიც ბიუჯეტის ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის საშუალებად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებს და უფუნქციო მიწის ნაკვეთების გასხვისებას მოიაზრებს, კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი ხდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაანონსებულ პრივატიზების ახალ ტალღაში  ბუნებრივი წიაღისეულის ჩართვა და მათი პრივატიზება ბუნებრივი რესურსების სპეციფიკურ მნიშვნელობას და მოპოვებითი ინდუსტრიის მრავალფეროვან სოციო-ეკოლოგიურ განზომილებებს უარყოფს. ხშირ შემთხვევაში წიაღისეულის მოპოვება დიდწილად განაპირობებს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ ცხოვრებას და ხელშესახები გავლენა აქვს ბუნებრივი გარემოს მდგომარეობაზე - ამიტომ ბუნებრივი რესურსების კერძო ინვესტორებისთვის გრძელვადიანად გადაცემა მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული და განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წიაღისეულის ლიცენზიების პროაქტიულად პრივატიზების ეს ახალი ინიციატივა ერთპიროვნულად მიიღო და მას ადგილობრივი მოსახლეობის, ექსპერტების და სხვა დაინტერესებული პირების ჩართულობა და გაფართოებული მსჯელობები წინ არ უძღვოდა. ასევე პრობლემურია პრივატიზაციის დაჩქარებული ტემპიც - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, 30 იანვარს 100 წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის აუქციონზე გამოტანა “მომავალი კვირიდან” ივარაუდა. ბუნებრივი წიაღის მოპოვების ლიცენზიების გასხვისების დაანონსებული პროცესი უპირატესობას მოკლევადიან ეკონომიკურ სარგებელს ანიჭებს და გრძელვადიანი სოციალური, ეკოლოგიური და მათ შორის ეკონომიკური ხარჯების სათანადო გათვალისწინებას ვერ უზრუნველყოფს.

ამავდროულად, “საქართველოს წიაღის სექტორის სტრატეგიაზე” დაყრდნობით აშკარა ხდება, რომ სახელმწიფოს სხვადასხვა რგოლები პრივატიზაციის ამ ტალღას მოუმზადებლები ხვდებიან. სტრატეგიის დოკუმენტი სექტორის მდგომარეობას ასე აფასებს: “საკანონმდებლო ბაზა არ არის საკმარისად მკაფიო, მნიშვნელოვნად უგულვებელყოფილია ისეთი ასპექტები, როგორიცაა სამთომოპოვებით საქმიანობასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი რეაბილიტაციისა და რემედიაციის საჭიროებები. წიაღისეულის მარაგების შესახებ ანგარიშგების სისტემა და საფასურის გაანგარიშება ვერ უზრუნველყოფს ზუსტი მონაცემების ხელმისაწვდომობას და წიაღისეულში განხორციელებული ინვესტიციებიდან შესაძლო შემოსავლების ოპტიმიზაციას.”[1]

წიაღის სექტორის სტრატეგიის დოკუმენტი მოპოვების ლიცენზიების აუქციონის წესით გასხვისებაზეც საუბრობს: “მოქმედი სისტემის შესაბამისად წიაღითსარგებლობის უფლების მინიჭება ხორციელდება დროში გაწერილი და ვებ-ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ელექტრონული აუქციონის მეშვეობით. ეს წესი საერთოა ყველა ტიპის სასარგებლო წიაღისეულისთვის, მიუხედავად მისი მოცულობისა და მოპოვების წესისა. აღნიშნული ამცირებს მთავრობის მიერ ინვესტიციების ოპტიმიზაციის შესაძლებლობას, რამდენადაც მთავრობა შეზღუდულია განახორციელოს პრეტენდენტის ტექნიკური, ეკოლოგიური, ფინანსური და სოციალური შეფასება. ასეთი მიდგომა არ იძლევა პრეტენდენტის ტექნიკური, ეკოლოგიური, სოციალური და ფინანსური თვალსაზრისით შეფასების შესაძლებლობას.”[2]

დღეს რომ სახელმწიფოს წიაღისეულის მოპოვების სათანადოდ რეგულირება არ შეუძლია, ისიც ადასტურებს, რომ წიაღისეულის მოპოვების უმსხვილესი კერები - ჭიათურა და ტყიბული - ეკოლოგიური და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, საგანგებო მართვის რეჟიმში იმყოფებიან. ტყიბულის საწარმოში გახშირებული საწარმოო შემთხვევებისა და შრომითი უსაფრთხოების მწვავე დარღვევების გამო, წარმოების პროცესი 2018 წლის ივნისიდან არის შეწყვეტილი. ხოლო ჭიათურაში 2017 წლის მაისად სპეციალური სახელმწიფო მმართველია დანიშული, რომლის ვალდებულება ეკოლოგიური და გარემოს დაბინძურების ზიანის შემცირების მიმართულებით მუშაობა და პროცესების კონტროლია. რაც შეეხება კაზრეთს, აქ საწარმოს სრული კონტროლი აქვს მოპოვებული ქალაქზე თუ მიმდებარე სოფლებზე, რაც ართულებს პროცესების დაკვირვებისა თუ ინფომრაციის მოპოვების შესაძლებლობებს.[3]

სამივე რეგიონი უკვე წლებია ღრმა სოციო-ეკოლოგიურ კრიზისში იმყოფება. ლიცენზიით სარგებლობის შედეგად ჭიათურის ბუნებრივი გარემოსთვის მიყენებული ზიანი, გარემოსდაცვით ზედამხედველობის ანგარიშის მიხედვით, 350 მილიონ ლარს აჭარბებს,[4] რაც ეფექტური მონიტორინგისა და რეგულირების მექანიზმების არარსებობას ადასტურებს. ჭიათურის, ტყიბულისა და კაზრეთის მაგალითები ეკოლოგიური ზიანის შესაძლო შეუქცევადობაზეც მეტყველებს, რაც მოპოვების ლიცენზიების გაცემისას განსაკუთრებული სიფრთხილის აუცილებლობაზე მიუთითებს.

ამასთან, საქართველოს წიაღის სექტორის პოლიტიკის დოკუმენტი, რომელსაც სახელმწიფო სტრატეგია ეფუძნება, ადასტურებს იმასაც, რომ კონსტიტუციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით,[5] “მუნიციპალიტეტები პასუხისმგებელნი და უფლებამოსილნი არიან მართონ ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსები. თუმცა, ასეთი პასუხისმგებლობისა და უფლებამოსილების დეტალები კოდექსში არ არის აღწერილი.” ამჟამინდელი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტების ჩართულობას აუქციონის ჩატარების პროცესში,[6] რაც პრივატიზაციის ამ ტალღას უკიდურესად გაუმჭირვალეს და არადემოკრატიულს ხდის.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, საგანგაშოდ მიგვაჩნია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება 100 წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის აუქციონის წესით გაყიდვის შესახებ.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს:

  • საქართველოს წიაღის სექტორის სტრატეგიის დოკუმენტში აღწერილი საკანონმდებლო ჩავარდნების გამოსწორებამდე თავი შეიკავოს ბუნებრივი რესურსების გასხვისებისგან.
  • “წიაღის სექტორის სტრატეგიაში” გამოვლენილი ჩავარდნების გათვალისწინებით გადაიხედოს მოპოვების ლიცენზიების გაცემის არსებული წესები. შეფასდეს არსებული ლიცენზირების  სისტემის გრძელვადიანი სოციო-ეკონომიკური და ეკოლოგიური შედეგები.
  • უზრუნველყოს მუნიციპალიტეტების და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა ბუნებრივი რესურსების მართვის პროცესში.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] საქართველოს წიაღის სექტორის სტრატეგია, გვ.9

[2] საქართველოს წიაღის სექტორის სტრატეგია, გვ.9-10

[3] მარიამ დევიძე; ოქროს საბადოსთან ცხოვრების საფასური: კომპანია „არემჯის“ საქმიანობის ეკონომიკური და სოციალური გავლენები მოსახლეობაზე; ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო. 2019

[4] ჭიათურის მანგანუმის გამამდირებელი საწარმო და გარემოსდაცვითი პრობლემები. EMC, მწვანე ალტერნატივა. 2016

[5] კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 (გ) პარაგრაფი

[6] საქართველოს წიაღის სექტორის სტრატეგია, გვ.57

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“