[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ნარკოპოლიტიკა / განცხადება

EMC „თეთრი ხმაურის“ აქციის მონაწილეთა დაკავების საქმეებს აჯამებს

470_%e1%83%97%e1%83%94%e1%83%97%e1%83%a0%e1%83%98_%e1%83%ae%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1_%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90                                   

ფოტო: „ლიბერალი"

EMC ეხმაურება 2016 წლის 10 დეკემბერს „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის აქციაზე დაკავებულ პირთა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების განხილვის დასრულებას თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამ საქმეებში დაკავებულების ინტერესებს EMC წარმოადგენდა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აღნიშნული აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს და მისი ძირითადი მოთხოვნა იყო რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დასრულება და დასჯის ნაცვლად, მკურნალობაზე და ზიანის შემცირებაზე ორიენტირებული მიდგომების გატარება. აქციაზე პოლიციამ ორი მშვიდობიანი დემონსტრანტი დააკავა, რასაც მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის დაწყება მოჰყვა.

დაკავებულებს - შოთა ხინჩას და მირიან მალაყმაძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას[1] ედავებოდნენ. მოგვიანებით პოლიციამ დაკავებულების მიმართ ახალი მუხლის - შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევის[2] ბრალდებით დაამძიმა სამართალწარმოების პროცესი. ამასთან, შოთა ხინჩას და მირიან მალაყმაძის საქმის განხილვისას საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირების მიმართ სასჯელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება მოითხოვეს, რაც ბოლო პერიოდის საპოლიციო პრაქტიკის გათვალისწინებით, იშვიათ პრეცედენტს წარმოადგენდა და კიდევ ერთხელ მიუთითებდა პოლიციის მკვეთრად რეპრესიულ დამოკიდებულებაზე აქციის მონაწილეების მიმართ.

აქციის ჩატარებიდან ორი კვირის შემდგომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა აქციის კიდევ ერთი აქტივისტის - პაატა საბელაშვილის მიმართ. ამ შემთხვევაში საქმის წარმოება დაიწყო წვრილმანი ხულიგნობის და ერთ-ერთი გამორჩეულად მძიმე სანქციის მქონე მუხლით - აქციის ორგანიზატორის მიერ აქციაზე გზის გადაკეტვის თაობაზე უკანონო მოწოდებების ბრალდებით. პოლიციის ამგვარ ქმედებებს ცალსახად შეიძლება ქონდეს “მსუსხავი ეფექტი” მომავალში შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის უფლებით სარგებლობაზე ქვეყანაში. აღნიშნულ საფრთხეს კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფაქტი, რომ საქმის განხილვისას სამართალდამცავები სახდელის სახით აქციის მონაწილეების ადმინისტრაციულ პატიმრობას ითხოვდნენ.

მნიშვნელოვანია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ  აღნიშნულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით არაერთი პროცესის ჩატარების შემდგომ შოთა ხინჩას მიმართ არსებული ორივე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეწყვიტა სამართალდარღვევის არარსებობის გამო, პაატა საბელაშვილის, როგორც აქციის ორგანიზატორის მიერ აქციაზე უკანონო მოწოდებების გაკეთებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის საქმე ასევე შეწყვიტა აღნიშნული ფაქტის არარსებობის გამო, ხოლო წვრილმანი ხულიგნობისთვის იგი დააჯარიმა 100 ლარის ოდენობით. მირიან მალაყმაძე კი სამართალდარღვევად სცნო წარდგენილ ორივე ბრალდებაში და ჯარიმის სახით შეუფარდა ერთ შემთხვევაში 250 ლარის, მეორე შემთხვევაში კი 500 ლარის გადახდა. სასამართლოს მიერ აქციის მონაწილეთა მიმართ არსებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმის შეწყვეტის საფუძველს საქმეში მტკიცებულებების არარსებობა და შესაბამისად, სამართალდარღვევათა დაუდასტურებლობა წარმოადგენდა.

უნდა ითქვას, რომ ყველა სახის შეკრება, გარდა იმისა, რომელსაც აქვს ძალადობრივი მიზნები და უარყოფს დემოკრატიულ ღირებულებებს, იმსახურებს სათანადო დაცვას.  მშვიდობიანი შეკრების პირობებში, მისი შინაარსის მიუხედავად, როდესაც დემონსტრანტები არ ერთვებიან ძალადობის აქტებში, სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს, „შემწყნარებლობის განსაზღვრული დონე“ (degree of tolerance). წინააღმდეგ შემთხვევაში თავად შეკრების თავისუფლება დაცლილი იქნება სრულად ყოველგვარი შინაარსისგან. (Novikova v. Russia, პ. 164, karabulut v. Turkey, პ. 37)

აღნიშნულის საპირისპიროდ, „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის აქციასთან დაკავშირებულმა სამართალდარღვევების საქმეებმა, პოლიციის ქცევამ და აქტივისტების დაკავებამ გამოკვეთა პოლიციის გამორჩეული რეპრესიულობა და სიხისტე. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ აქციის მსვლელობისას პოლიციის მოქმედება არ იყო სათანადოდ ორგანიზებული, სამართალდამცავებს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით არ განუმარტავთ დემონსტრანტებისთვის მათი უფლება-მოვალეობის თაობაზე, დემონსტრანტებს არ მიეცათ ადეკვატური დრო და საშუალება, რომ გზის სავალი ნაწილიდან გადასულიყვნენ საფეხმავლო ნაწილზე. აქციის მონაწილეების დაკავებას ასევე წინ არ უძღვოდა მათთვის გასაგები და ნათელი ფორმებით მოწოდება და წინასწარი გაფრთხილება, დამორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. საერთო ჯამში, აქციის დროს სამართალდამცავთა მხრიდან გამოყენებული ფიზიკური ძალა და იძულების ღონისძიებები (დაკავებასთან ერთად, სამართალდამცავები იყენებდნენ ხელკეტებსაც), აქციის მშვიდობიანი და არაძალადობრივი ხასიათის გათვალისწინებით, არაპროპორციული და არაგონივრული იყო. კონსტიტუციურ უფლებებში დაუსაბუთებელი და არაპროპორციული ჩარევა დაადასტურა სასამართლოს გადაწყვეტილებებმაც, რომლითაც პასუხისგებაში მიცემული პირების მიმართ წარმოებული საქმეების დიდი ნაწილი შეწყდა სამართალდარღვევის ფაქტის არარსებობის გამო.

შეჯამებისთვის, აღნიშნულ აქციაზე სამართალდამცავთა მხრიდან გამოყენებულმა იძულების ღონისძიებებმა და შემდგომში წარმოებულმა საქმეებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ბრალდებით, ცალსახად გამოიწვია შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამავდროულად, აქციის მსვლელობისას და შემდგომში პოლიციის მხრიდან გაჟღერებული პოზიციები მიზნად ისახავდა არა საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფას, არამედ კრიტიკული აზრის დაფიქსირებისთვის ხელის შეშლას და ნარკოპოლიტიკის და საპოლიციო სისტემის ცვლილების მოთხოვნით აქციაზე მისული პირების წინააღმდეგ გამორჩეულად მკაცრი ზომების გამოყენებას. მიუხედავად სასამართლოს მიერ ცალკეულ საქმეებში მიღებული პოზიტიური გადაწყვეტილებებისა, აღნიშნული საქმე შესაძლოა მაინც იქცეს მომავალში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საშიშ პრეცედენტად და აქტივისტების თვითშეზღუდვის წყაროდ.

EMC გააგრძელებს აქციის მონაწილეების ინტერესების დაცვას შემდგომი ინსტანციის სასამართლოში.

 

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი

[2] ასკ-ის 1741-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილი

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“