[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

EMC შსს-ს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს

2015 წლის 9 იანვარს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) შსს-ს წინააღმდეგ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. სარჩელი შეეხება შსს-ს გენერალური ინსპექციის დებულებისთვის საიდუმლო გრიფის მოხსნის საკითხს. ამჟამად, შსს-ს გენერალური ინსპექციის დებულება გასაიდუმლოებულია და ხელმისაწვდომი არ არის დაინტერესებული საზოგადოებისთვის.

EMC აღნიშნულ საკითხზე სამართლებრივ პროცედურებს რამდენიმე თვეა აწარმოებს, მათ შორის, 2014 წლის 11 ნოემბერს, ორგანიზაციამ განცხადებით მიმართა შს მინისტრს და მოითხოვა გენერალური ინსპექციის დებულებისთვის საიდუმლო გრიფის მოხსნა. აღნიშნული განცხადება მინისტრმა რეაგირების გარეშე დატოვა, რაც მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას გულისხმობს.

EMC მიიჩნევს, რომ შსს-ს გენერალური ინსპექციის დებულების საიდუმლოება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მოთხოვნებს, ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” კანონის ნორმებს. EMC-ის პოზიცია შემდეგ სამართლებრივ არგუმენტაციას ეფუძნება:

  • შსს-ს გენერალური ინსპექცია სარგებლობს ოპერატიულ-სამძებრო, საგამოძიებო და სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიებების განხორციელების უფლებით. ამდენად, მისი საქმიანობა პირდაპირ და მჭიდრო კავშირშია ადამიანის უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობასა და მექანიზმებთან. ამ ფონზე, დებულების საიდუმლოება ეწინააღმდეგება “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” კანონს, რომელიც დაუშვებლად აცხადებს საიდუმლოებას მიეკუთვნოს ნებისმიერი ცნობა, რომლითაც შეიძლება შეილახოს ან შეიზღუდოს ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები;
  • გენერალური ინსპექციის უფლებამოსილებების, კომპეტენციისა და საქმიანობის სფეროს გათვალისწინებით, მას შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს საიდუმლო ინფორმაციის შემცველი საქმის გამოძიებასთან, მათ შორის, კონკრეტულ გარემოებებსა და გადაწყვეტილებებთან, რაც დაცულია დასაიდუმლოების წესებით. თუმცა, ეს შემხებლობა არ შეიძლება გულისხმობდეს, იმ პროცედურის, პრინციპებისა და რეგულაციების გასაიდუმლოებას, რომლის მეშვეობითაც მოქმედებს ორგანო და იღებს გადაწყვეტილებებს კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით. დებულების ამგვარი ბლანკეტური გასაიდუმლოება იწვევს ინფორმაციის დახურვას განურჩევლად იმისა, თავისი შინაარსით ეს ინფორმაცია მიეკუთვნება თუ არა სახელმწიფო საიდუმლოებას.
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, დაუშვებელია პირებს შეეზღუდოთ ხელმისაწვდომობა საჯარო დაწესებულების სტრუქტურის, ორგანიზების, გადაწყვეტილების მიღების წესების შესახებ. შსს-ს გენერალური ინსპექცია წარმოადგენს საჯარო დაწესებულებას, ამდენად მისი დებულებაც სხვა არაფერია, თუ არა ამ ორგანოს სტრუქტურისა და ორგანიზაციის მარეგულირებელი დოკუმენტი. ამდენად, დებულების გასაიდუმლოება წინააღმდეგობაში მოდის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებთანაც;
  • საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არ არის აბსოლუტური უფლება და ის შეიძლება შეიზღუდოს, მათ შორის, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით. თუმცა, ნებისმიერი შეზღუდვა, როგორც ფორმალური ისე მატერიალური თვალსაზრისით, შესაბამისობაში უნდა იყოს კონსტიტუციურ დანაწესთან და უნდა იყოს თანაზომიერი. მოცემულ შემთხვევაში, დებულების გასაიდუმლოება ვერ იქნება მიჩნეული თანაზომიერ, პროპორციულ საშუალებად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გენერალური ინსპექციის დებულება შეიცავს გარკვეულ საიდუმლო ინფორმაციას, გრიფის მინიჭება შეიძლება მომხდარიყო მხოლოდ კონკრეტულ დებულებებთან მიმართებით და არა დებულების სრული ტექსტის მიმართ, სადაც სხვა საკითხებთან ერთად მოწესრიგებულია სამსახურის ორგანიზება, სტრუქტურა და გადაწყვეტილების მიღების წესი.

აღნიშნული არგუმენტაციის გათვალისწინებით, EMC მიმართავს სასამართლოს და ითხოვს, რომ შს მინისტრს დაევალოს, გენერალური ინსპექციის დებულებისთვის კანონის მოთხოვნათა დარღვევით მინიჭებული საიდუმლო გრიფის მოხსნა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“