[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

EMC შეშფოთებას გამოთქვამს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“კანონპროქტის განხილვის პროცესის გადავადების გამო და მოუწოდებს პარლამენტს დაუყოვნებლივ მიიღოს კანონი

1498898228_parlamenti

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება საქართველოს პარლამენტში 2017 წლის 1 ივნისს ინიცირებული „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვის შეფერხებას და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას განაახლოს ინტენსიური მუშაობა კანონპროექტზე და უახლოეს ვადებში დაასრულოს მისი განხილვისა და მიღების პროცესი.

საქართველოს მთავრობის მიერ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის ინიცირება მიმდინარე წლის მაისში ტყიბულის შახტაში 4 დასაქმებულის დაღუპვის ფაქტს მოჰყვა, რასაც თან ახლდა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მხრიდან დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთლობის დაცვის საკითხების დაუყოვნებლივი რეგულირებისა და შრომის ინსპექტირების მექანიზმის გაძლიერების საჭიროებისა და მნიშვნელობის საჯარო აღიარება.

არაერთი ფუნდამენტური ხარვეზის მიუხედავად, კანონპროექტის ინიციარების ფაქტი და მისი ცალკეული დებულებები პოზიტიურად იქნა შეფასებული სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მალევე განიხილა, რასაც მოჰყვა რამდენიმეთვიანი ინკლუზიური და ინტენსიუსი მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეოდნენ სოციალური პარტნიორები და სხვა დაინტერსებული მხარეები, რაც ქმნიდა ინიცირებულ ვერსიაზე ცვლილების მოხდენის შესაძლებლობას.

საკანონმდებლო პროცესის დაწყებამ პრობლემის აღიარების, პოლიტიკური ნების მომწიფების, საბოლოოდ კი კანონის მიღების ბუნებრივი და ლეგიტიმური მოლოდინი გააჩინა, რაც მთავრობისა და პარლამენტის გეგმით 2017 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო. თუმცა, მიმდინარე კვირის მოვლენებმა აჩვენა რომ კანონპროექტის გადამუშავების პროცესი მთავრობის მხრიდან არსებითად გაჭიანურდა. კანონპროექტის მეორე მოსმენის წინა დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს და წინააღმდეგობა გაუწიეს რამდენიმე თვის წინ შეთანხმებულ ბაზისურ საკითხს ინსპექტირების მექანიზმის მიერ სანქციების გამოყენების პრინციპთან მიმართებით, რამაც გადაავადა კანონპროექტის განხილვის პროცესი და მისი წლის ბოლომდე მიღების შესაძლებლობა სრულად გამორიცხა.

შედეგად, სამინისტროებს შორის მიმდინარე 5 თვიანი სამუშაო პროცესი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებს შორის შეთანხმების ეტაპზეა გაჩერებული, რაც ეკონომიკის სამინისტროში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს უკავშირდება და ეჭვის ქვეშ აყანებს ამ დრომდე მიმდინარე სამუშაო პროცესს და ხელისუფლების მხრიდან გამოვლენილ პირვანდელ პოლიტიკურ ნებას.

EMC მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან „შრომის უსაფრთხობის კანონის“ მიღების პროცესი დაუსაბუთებლად და ხელოვნურად არის გაჭიანურებული, ამასთან, სამუშაო ჯგუფში გამოთქმული არაერთი ფუნდამენტური კრიტიკის მიუხედავად, კანონპროექტის გადამუშავებული ვერსია არ ასახავს EMC-ის მიერ პარლამენტისათვის გაზიარებულ არაერთ არსებით საკითხს, რომლებიც სამუშაო პროცესის ფარლებში ასევე წარმოადგენდა პროფესიული კავშირებისა და საქართველოს სახალხო დამცველის კრიტიკის მთავარ საგანს.

კერძოდ, კანონპროექტის დამატებითი გადამუშავების მიუხედავად, მისი ტექსტი კვლავ არ ასახავს დაინტერესებული მხარეების მხრიდან წარდგენილ შემდეგ არსებით საკითხებს:

კანონის მოქმედების შეზღუდული სფერო

კანონპროექტის მნიშვნელოვან ხარვეზს მისი მოქმედების შეზღუდული სფერო წარმოადგენს. რამდენადაც კანონი ვრცელდება არა ყველა დამსაქმებელზე, არამედ მხოლოდ იმ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოებზე, რომელთა ნუსხასაც კანონის ამოქმედებიდან 3 თვეში საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს. შესაბამისად, კანონი მოქმედების სფეროდან გამორიცხავს იმ დასაქმებულებს, რომლებიც მთავრობის მიერ დამტკიცებული სამუშაოების ნუსხაში არ მოხვდებიან, რაც დასაქმებულთა გაუმართლებელ დიფერენცირებას ახდენს და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მათ. ამასთან, მთავრობის ხელშია შესაძლებლობა დაავიწროვოს ან გააფართოვოს კანონის მოქმედების სფერო, რამდენადაც, კანონის მოქმედების არეალი სრულად მთავრობის მიერ დადგენილ ნუსხაზეა დამოკიდებული. კანონპროქტის გადამუშავებული ვერსია ასევე არ ასახავს კონსესუალურ შეთავაზებას, რაც გულისხმობდა ყველა სექტორზე კანონის გავრცელების ვალდებულების გარდამავალ დებულებებში გათვალისწინებას და მისი ამოქმედების ვადის წინასწარ განსაზღვრას.

დასაქმების ადგილებზე უპირობო დაშვების მექანიზმის არარსებობა

კანონპროექტით, საზედამხედველო ორგანოს არ გააჩნია უპირობო დაშვების მექანიზმი დასაქმების ადგილებზე საგამონაკლისო შემთხვევების გარდა, რაც არაშერჩევითი კონტროლის განხორციელების შემთხვევაში სასამართლოსგან წინასწარი ნებართვის სავალდებულოდ მიღებას გულისხმობს. ეს კი ამცირებს საზედამხედველო ორგანოს მხრიდან დაუყოვნებელი და ეფექტიანი რეაგირების შანსებს. დასაქმების ადგილზე უპირობო დაშვების მექანიზმის არარსებობა, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებზე, სადაც მომეტებული და მყისიერია დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების/ხელყოფის რისკი, შრომის საზედამხედველო ორგანოს ხელიდან აცლის ეფექტიანი რეაგირების მექანიზმს და მნიშვნელოვნად ასუსტებს მას, რაც ასევე წინააღმდეგობაში მოდის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ დადგენილ სტანდარტთან.

ამასთან, წინასწარი სასამართლო კონტროლის სახით დამატებით ბარიერის დადგენა, წინააღდმეგობაშია დღეს მოქმედი მსგავსი ბუნებისა და მიზნის საზედამხევდველო ორგანოებს ფუნქციონირების გამოცდილებასთან, რომლებიც უფლებამოსილების განხორციელებისას სასამართლოს წინასწარ ნებართვას არ საჭიროებენ.

სანქცირების მექანიზმის არაეფექტიანობა

პროექტის გადამუშავებული ვერსია მნიშვნელოვნად განსხვავდება მისი პირვანდელი ვერსიისაგან სანქცირების მექანიზმის ნაწილში, თუმცა, შემოთავაზებული ვერსია კვლავ არაერთ ხარვეზს შეიცავს და არ ითვალისწინებს სანქცირების ადეკვატურ ოდენობებს სხვადასხვა ბრუნვისა და შემოსავლის მქონე დამსაქმებლებისათვის (სანქციების მაქსიმალური ოდენობა არ აღემატება 5 000 ლარს), და არ მოიცავს სანქციების გამოყენების იმგვარ სისტემას რაც მისი ეფექტიანი აღსრულების გარანტიებს შექმნის და გამორიცხავს დამსაქმებლის ინტერესს გადაიხადოს ჯარიმა ხარვეზის გამოსწორების სანაცვლოდ.

საზედამხედველო ორგანოს გაძლიერების საკითხის გაუთვალისწინებლობა

კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან ჩანს, რომ მისი ამოქმედება ახალ ფინანსურ ვალდებულებებს არ იწვევს, რაც პრობლემურია, რამდენადაც მოქმედი შრომის საზედამხედველო მექანიზმი მნიშვნელოვან გარდაქმნასა და გაძლიერებას საჭიროებს, როგორც ინსტიტუციურ, ასევე ინდივიდუალური ინსპექტორების დონეზე, რაც უპირობო გარანტიაა მისი დამოუკიდებელი და ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის. კანონპროექტის დახვეწაზე მუშაობის ხანგრძლივ პროცესში არ მომხდარა კანონის სრულყოფილად ამოქმედებისათვის აუცილებელი ფინანსური დანახარჯების გაანგარიშება, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს რეფორმის აღსრულების შესაძლებლობას. ამასთან, კანონპროექტი არ მიუთითებს თუ რომელი ორგანო იქნება პასუხისმგებელი მის იმპლემენტაციაზე, რაც ასევე ბუნდოვანს ხდის კანონის აღსრულების საკითხს.

EMC მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს:

  • ინტენსიურ რეჟიმში და დაინტერსებული მხარეების მონაწილეობით დაუყოვნებლივ უზრუნველყონ კანონპროექტის გადამუშავება, რაც გაითვალისწინებს სამუშაო პროცესში წარმოდგენილ არსებით შენიშვნებსა და რეკომენდაციებს;
  • საქართველოს პარლამენტმა უახლოეს ვადებში მიიღოს კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ რომელიც რეალურად უპასუხებს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებულ საგანგაშო მდგომარეობას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“