საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) სამოქალაქო აქტივისტის სამირა ბაირამოვასთვის, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, საჯარო საქმიანობის განხორციელების დროს უკანონო ხელშეშლის ფაქტებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და ადეკვატურ სამართლებრივ რეაგირებას სთხოვს.
სამირა ბაირამოვა წლების განმავლობაში აქტიურ საჯარო საქმიანობას ეწევა და ქვემო ქართლის რეგიონში ქალთა სოციალური და პოლიტიკური გაძლიერებისთვის მუშაობს. ბოლო პერიოდში ის „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ პლატფორმის წევრია და პროექტის ,,ქალების ხმა იგებს არჩევნებს“ ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში საინფორმაციო შეხვედრებს ატარებს. შეხვედრების მიზანი ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალების სოციალური და უფლებრივი გამოწვევების იდენტიფიცირება და მათი პოლიტიკური ჩართულობისა და მობილიზაციის ხელშეწყობაა. სამირა ბაირამოვას მიერ ერთ-ერთ სოფელში მსგავსი შეხვედრის „ფეისბუქ“ გვერდით ტრანსლაციის დროს, არაიდენტიფიცირებად ა ,,ფეისბუქ“ მომხმარებელმა სოციალურ ქსელში ს. ბაირამოვას ფოტოსურათი შეურაცხმყოფელი და ქალის საჯარო საქმიანობის შემზღუდავი, სტერეოტიპული შინაარსის ტექსტით ატვირთა და მოსახლეობას მოუწოდა, ს. ბაირამოვა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში აღარ შეეშვათ. მითითებულ მოწოდებას ასევე სხვა არაიდენტიფიცირებად „ფეისბუქ“ მომხმარებლის შეურაცხმყოფელი კომენტარები მოჰყვა. აღნიშნული ,,ფეისბუქ-პოსტის’“ შემდგომ, მარნეულის სხვა სოფლებში გამართული საინფორმაციო შეხვედრების დროს, სამირა ბაირამოვამ და მისმა თანამშრომლებმა უცხო პირების მხრიდან მათდამი კონტროლისა და თვალთვალის შემთხვევები დააფიქსირეს.
EMC მიიჩნევს, რომ სამირა ბაირამოვას მიმართ იკვეთება ინფორმაციის გავრცელებაში უკანონო ხელშეშლა, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153-ე მუხლით (სიტყვის თავისუფლების ხელყოფა) გათვალისწინებულ დანაშაულს შეადგენს. აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ სამირა ბაირამოვასთვის საჯარო საქმიანობის შეზღუდვა ღიად უკავშირდება იმ გარემოებას, რომ ის ქალია, რაც სსკ-ის 53 1-ე მუხლის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ წინა პერიოდში მარნეულში აქტიური საჯარო ქალების მიმართ დაფიქსირდა საჯარო აქტივიზმის ხელშეშლის სხვა მცდელობები. ცხადია, ამგვარი ქმედებები მნიშვნელოვნად ართულებს რეგიონში ქალთა პრობლემებზე საჯარო დისკუსიების შესაძლებლობას და ამ პროცესებში ქალთა აქტიურ მონაწილეობას. მსგავს შემთხვევებზე სამართალდამცავი ორგანოების, ისევე როგორც ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არაეფექტიანი და არასენსიტიური რეაგირება გამყინავ ეფექტს იქონიებს სხვა ქალების საჯარო გამოხატვასა და აქტივიზმზე.
ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი აქტივისტების განცხადებით, ქვემო ქართლის რეგიონში საჯარო აქტივისტური საქმიანობა უსაფრხოების სამსახურების ინტენსიურ კონტროლს ექვემდებრება, რაც არსებითად ხელს უშლის ადგილობრივ საზოგადოებაში დემოკრატიული და ემანსიპატორული პროცესების დაწყებას. ამ პირობებში ცხადია, რომ ქალთა აქტივიზმისა და თვითორგანიზების პროცესი ეკონომიკურად დაუცველ და მკვეთრად პატრიარქარულ საზოგადოებაში, სადაც სამეურნეო და საშინაო შრომის მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ ქალები წევენ, კიდევ უფრო მეტ წინააღმდეგობას განიცდის გაბატონებული პოლიტიკური და კულტურული/სიმბოლური სისტემების მიერ.
შესაბამისად, EMC მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოიძიოს სამირა ბაირამოვას მიმართ გამოვლენილი უკანონო ქმედებები, მოახდინოს შესაბამისი პირების იდენტიფიცირება და განახორციელოს ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება საქმეზე. აღნიშნულ საქმეზე სათანადო რეაგირებას მნიშვნელოვანი ეფექტი იქნება სხვა მსგავს შემთხვევების პრევენციისთვის.
ამასთან არსებითია ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებმა საკუთარი საჯარო განცხადებებსა და პოლიტიკაში ხაზი გაუსვან ქალთა უფლებებისა და პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობას და განსაკუთრებით წინასაარჩევნო პროცესში გამოხატულად აჩვნენონ პატივისცემა ქალთა თანასოწორობისა და პოლიტიკური მონაწილეობის იდეების მიმართ.
განცხადება მომზადებულია პროექტის „მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაძლიერება დისკრიმინირებული რელიგიური თემებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC).” პროექტი ხორციელდება ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული.
ინსტრუქცია