საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) განცხადებით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს საჯარო სექტორში დასაქმებული (დასაქმების მსურველი) გარკვეული კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სოციალური პაკეტით სარგებლობის უფლების შემზღუდავი რეგულაციების დისკრიმინაციულად ცნობის მოთხოვნით.
EMC წარმოადგენს განმცხადებლის თ.მ. - ის ინტერესებს, რომელსაც საჯარო სამსახურის განხორციელების პარალელურად ეზღუდება სოციალური პაკეტით სარგებლობის უფლება. ამგვარი შეზღუდვის სამართლებრივ საფუძველს ქმნის „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილების ნორმა, რომელიც ადგენს, რომ „სოციალური პაკეტის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა“.
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ არსებული რეგულაცია მას დისკრიმინირებულ მდგომარეობაში აყენებს ერთი მხრივ, სოციალური პაკეტის მიმღებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ პირებთან შედარებით, რომლებიც დასაქმებულნი არიან (სურვილი აქვთ დასაქმდნენ )კერძო სექტორში და მეორე მხრივ, საჯარო სექტორში დასაქმებულ (დასაქმების მსურველ) სოციალური პაკეტის მიმღებ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან შედარებით, რომელთაც კანონმდებლობა არ უზღუდავს სოციალური პაკეტის მიღების უფლებას საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირს, დადგენილი სტატუსიდან გამომდინარე გააჩნია განსაკუთრებული საჭიროებები, შესაბამისად მათი ინტერესი მიიღონ კანონით გათვალისწინებული სოციალური პაკეტი არ უნდა იყოს დასაქმების სექტროზე დამოკიდებული.
მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ გარემოებას რომ, მიუხედავად შესაძლებლობათა შეზღუდვის ხარისხისა ყველა შეზღუდული შესაძლელობის მქონე პირის მდგომარეობა არის მსგავსი იმ აზრით, რომ მათ გააჩნიათ განსაკუთრებული საჭიროებები, ერთმანეთისგან განსხვავებული მოცულობით.
გარდა კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური უფლებისა, EMC მიიჩნევს, რომ არსებული რეგულაციის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეზღუდებათ უფლებები შრომასა და სოციალურ დაცვაზე, რაც თავისმხრივ მოიცავს საპენსიო დახმარებისა და პროგრამების თანაბარ მისაწვდომობას, უფლებას აბილიტაცია/რეაბილიტაციაზე, ცხოვრების ადეკვატურ სტანდარტსა და სხვას. აღნიშნულ უფლებათა გარანტირების ვალდებულებას კი ეწინააღმდეგება არსებული საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც სოციალურ გასაცემელსა და გაწეული სამუშაოსთვის მიღებულ ანაზღაურებას ერთმანეთის ალტერნატივად განიხილავს.
შესაბამისად, EMC სახალხო დამცველს მიმართავს მოთხოვნით, დაადგინოს განმცხადებლისადმი დისკრიმინაციული პრაქტიკის არსებობა და მისი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციით მიმართოს საქართველოს მთავრობას; ასევე, მოამზადოს ზოგადი წინადადება საქართველოს მთავრობის მიმართ, არსებული დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოფხვრის კერძოდ, დასახელებული დისკიმინაციული ნორმებისა და შესაბამისი პრაქტიკის დაუყოვნებლივი გაუქმების თაობაზე.
ინსტრუქცია