[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

EMC-ს შეფასება ტყიბულში მეშახტეების გაფიცვასა და მის შედეგებზე

29 თებერვალს, მხარეთა შეთანხმებით ტყიბულის მეშახტეთა 16 დღიანი გაფიცვა, რომელშიც შპს „ქვანახშირი ჯი აი ჯი ჯგუფის“ დასაქმებული დაახლოებით 1200-მდე მუშა მონაწილეობდა დასრულდა.

გაფიცულების მთავარ მოთხოვნა იყო ანაზღაურების 40%-იანი ზრდა, სამუშაო პირობების და უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება, ასევე გარანტიები ყველა გაფიცული დასაქმებულის სამუშაოზე აღდენასთან დაკავშირებით. წერილობითი შეთანხმების შედეგად, რომელიც აპრილის თვის ბოლომდე ხელფასების 10%-იანი მატებას, ზოგადი ჩანაწერი შრომითი უსაფრთხოების პირობების გადახედვას და გაცდენილი დღეების ნაწილის ანაზღაურებას გულისხმობდა, გაფიცვა შეწყდა და საქმიანობა ქვანახშირის მომპოვებელ შახტებში განახლდა. შეთანხმების თანახმად, რომლის მხარეები გაერთიანებული პროფკავშირი, მეშახტეთა საგაფიცვო კომიტეტი, საწარმო და ადგილობრივი თვითმმართველობაა, ასევე გათვალისწინებულია გაფიცვის მონაწილეთა წინააღმდეგ ადმინისტრაციულ/დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოუყენებლობის გარანტიები.

ტყიბულში მიმდინარე გაფიცვა, მიუხედავად მისი უშუალო შედეგების მიმართ არსებული კრიტიკისა, დასაქმებულთა ორგანიზებული წინააღმდეგობის მნიშვნელოვან პრეცედენტს წარმოადგენს. გაფიცვამ ნათელი გახადა დასაქმების ადგილებზე ადამიანის უფლებათა შელახვის სისტემური, მძიმე გამოცდილება და დასაქმებულთა ექსპლუატაციის უხილავი პრაქტიკა, რაც შრომის პოლიტიკის ფუნდამენტურ ხარვეზებსა და სახელმწიფოს მიერ შრომითი უფლებების დაცვისთვის შექმნილი მექანიზმების არაეფექტურობას უკავშირდება. ამასთან, ტყიბულში მიმდინარე პროცესები აჩვენებდა, რომ ეს მოვლენები წარმოადგენდა არა მხოლოდ შრომით დავას მხარეებს შორის, არამედ სოციალურ პროტესტს არსებული ეკონომიკური და სოციალური სისტემის წინააღმდეგ, რომელმაც დასაქმებულთა მინიმალური კეთილდღეობა და სოციალური უსაფრთხოების სისტემის შექმნა ვერ უზრუნველყო.

მიმდინარე მოვლენების ზოგადი მნიშვნელობის გააზრების გარდა, ასევე აუცილებელია გაფიცვის მიმდინარეობის პროცესის და მასში მონაწილე აქტორების როლის შეფასება, რომელმაც გაფიცვის შედეგები განსაზღვრა და მეშახტეების დღეს შექმნილ უფლებრივ მდგომარეობაზე უშუალო გავლენა მოახდინა.

სახელმწიფოს მიერ დასაქმებულთა მოთხოვნებისა და პროცესის მნიშვნელობის არასათანადო შეფასებამ, დაგვიანებულმა და არაეფექტურმა ჩართვამ, გავლენა იქონია მოლაპარაკებების წარმართვაზე, დავის პროცესი გაახანგრძლივა და შეასუსტა მეშახტეების შესაძლებლობა გაეგრძელებინათ გაფიცვა.

სახელმწიფოს მსგავსად, საწარმოს მხრიდან დაგვიანებულმა და არაადეკვატურმა რეაგირებამ გაფიცულთა პოზიციებზე იმოქმედა, რამაც გაფიცულთა მხრიდან დათმობაზე წასვლის წინაპირობა შექმნა.

შეთანხების მიღწევის დღეს, 29 თებერვალს, მოლაპარაკებების პროცესში ბიზნესომბუდსმენისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების ჩართულობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ამ დროისათვის, დასაქმებულთა განცხადებით, საგაფიცვო კომიტეტის წევრებზე ზეწოლა გაძლიერდა, რაც კომიტეტის წევრებისა და მათი ოჯახების მიმართ განხორციელებულ სხვადასხვა ტიპის მუქარაში გამოიხატა. გაფიცულთა დიდი ნაწილის მიმართ ღია ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო.

ადგილობრივი თვითმმართველობის ცალკეული თანამდებობის პირები, განსხვავებით გაფიცვის მთელი პერიოდისა, ავრცელებდნენ და აძლიერებდნენ საწარმოს პროგნოზს შახტის კონსერვაციის თაობაზე და მის არგუმენტებს ფინანსური რესურსების სიმცირის გამო საგაფიცვო მოთხოვნების დაკმაყოფილების შეუძლებლობის შესახებ. ამასთან, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლი გაფიცვის პროცესს აფასებდა, როგორც ტყიბულის ეკონომიკური განვითარების საწინააღმდეგო ქმედება გაფიცულების მხრიდან, რაც დასაქმებულთა მხრიდან საწარმოს შემოთავაზებაზე დათანხმებას ისახავდა მიზნად. შედეგად, გაფიცულები უთანასწორო პროცესში მარტო აღმოჩნდნენ. პროცესში სადაც დასაქმებულთა წინააღმდეგობის შესასუსტებლად სახელმწიფოსა და საწარმოს ქმედებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა და გაფიცვის უთანასწორო პირობებში დასრულების შესაძლებლობას ქმნიდა.

მიუხედავად იმისა, რომ მიღწეული შეთანხმების შედეგები უშუალოდ დასაქმებულთა მიერ უნდა შეფასდეს, ცხადია, რომ შეთანხმება მნიშვნელოვნად განსხვავდება გაფიცულების მოთხოვნებისგან, რაც დასაქმებულთა მხრიდან გაცილებით დიდი დათმობის პირობებში მიღებული გადაწყვეტილების შედეგია.

კერძოდ, ხელფასების 10%-იანი მატება, საგაფიცვო კომიტეტის მიერ დაყენებული მოთხოვნისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, რაც მთელი პროცესის განმავლობაში უცვლელი იყო. გარდა ამისა, შეთანხმებაში არ აისახა საგაფიცვო კომიტეტის მიერ შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის თითოეულ შახტაში გასატარებელი დეტალურად გაწერილი ღონისძიებების ჩამონათვალი, რაც დასაქმებულთა რეალურ საჭიროებებს ეფუძვნებოდა. ნაცვლად ამისა, შეთანხმების მიხედვით, ადმინისტრაციამ ზოგადი ვალდებულება აიღო შექმნას შრომის უსაფრთხოების გონივრული პოლიტიკა, რომელიც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს დაეყრდნობა. აღნიშნულის გარდა, შეთანხმებით არ არის გათვალისწინებული საგაფიცვო კომიტეტის მოთხოვნა გაფიცვის განმავლობაში გაცდენილი დღეების სრულად ანაზღაურების თაობაზე და მათი ნაწილის ანაზღაურება, დასაქმებულთა საშვებულებო დღეების ხარჯზე განსაზღვრა. საგაფიცვო კომიტეტის მოთხოვნებიდან მხოლოდ გაფიცულთა ადმინისტრაციულ/დისციპლინური პასუხისმგებლობისგან დაცვის გარანტიები დაკმაყოფილდა სრულად.

მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ მხარეთა შორის გადაწყვეტილების მიღება პროცესიდან დასაქმებულთა დიდი ჯგუფის გამოთიშვით მოხდა. მოლაპარაკება გვიან ღამით დასრულდა, როდესაც მეშახტეთა ნაწილი მოლაპარაკების მიმდებარე ტერიტორიაზე აღარ იმყოფებოდა . შესაბამისად, შეთანხმების პირობების გაცნობა და თანხმობის მიღება გაფიცულთა დიდ ჯგუფთან ერთად ვერ მოხდა. მანამდე კი, არსებული მოლაპარაკებების განმავლობაში, შეთანხმების ეს ფორმა მუდმივად საწარმოს შემოთავაზებაზე გაფიცულთა მიერ გადაწყვეტილების მიღების წესს წარმოადგენდა.

EMC-ს შეფასებით, მთელი პროცესის მანძილზე, სახელმწიფო სათანადოდ ვერ ხედავდა და არ აღიარებდა პრობლემის მასშტაბს და ხასიათს, რაც მის დაგვიანებულ და არაეფექტურ ინტერვენციაში გამოიხატა და უშუალო გავლენა იქონია გაფიცვის შედეგებზე. ამასთან, მივიჩნევთ, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება მიღწეულ იქნა უთანასწორო პროცესის შედეგად, შეთანხმების პირობები გაფიცულების მოთხოვნებისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და არ გამოხატავს გაფიცულთა გარკვეული ნაწილის პოზიციას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,EMC ყურადღებით დააკვირდება შეთანხმების აღსრულების პროცესებს.

ტყიბულში მეშახტეთა წინააღმდეგობის ეს პროცესი დასაქმებულთა მნიშვნელოვან ძალისხმევად რჩება, რომელმაც არსებული სისტემის მნიშვნელოვანი პრობლემები გამოვლინა და დასაქმებულთა უფლებების დაცვის საკითხის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად აქცია. ტყიბულში მიმდინარე მოვლენები სახელმწიფოს მხრიდან შრომის პოლიტიკის, მოქმედი ეკონომიკური და სოციალური წესრიგის არსებითი გადახედვის საფუძველად უნდა იქცეს, რაც მსგავსი კრიზისების წარმოქმნის შესაძლებლობას დააზღვევს და ადამიანის უფლებათა დაცვისა და კეთილდღეობის გარანტიებს შექმნის.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“