[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები / განცხადება

EMC-ს განცხადება ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

1992 წლიდან 10 ოქტომბერს მსოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე აღინიშნება და  მიზნად ისახავს ამ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და სოციალური სტიგმის დაძლევას. ფსიქიკური ჯანმრთელობის ჭრილში საკითხების მრავალფეროვნებისა და კომპლექსურობის გათვალისწინებით, ყოველწლიურად ამ დღის აღნიშვნის თემატიკა იცვლება - მიმდინარე წელს თემატიკა სუიციდის პრევენციას უკავშირდება.[1]

საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა 2013 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო კონცეფციის შემუშავება, რომელმაც ამ მიმართულებით ჩამოაყალიბა ქვეყნის პრიორიტეტები. დოკუმენტის მიღებით სახელმწიფომ აღიარა, რომ ფსიქოსოციალური საჭიროება არ შეიძლება იქცეს დისკრიმინაციის საფუძვლად და ამ ჯგუფის წარმომადგენლებს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის ნებისმიერ სეგმენტში ღირსეულად მოპყრობის უფლება აქვთ.

ზემოაღნიშნული კონცეფციის საფუძველზე დამტკიცდა 2015 – 2020 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა. ამ ინსტრუმენტებით, სახელმწიფოს მთავარ სტრატეგიულ მიზნებს შორის მოხდა მოსახლეობის ფსიქიკური კეთილდღეობის ხელშეწყობა, ფსიქიკური დარღვევების პრევენცია, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა უფლებების დაცვა, მათი თვითგამორკვევა და საზოგადოებაში ინტეგრირება. აღნიშნული მიზნები თავის თავში დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის განხორციელებასა და თემზე დაფუძნებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების განვითარებასაც გულისხმობს. მიუხედავად ზემოაღნიშნული დოკუმენტების მიზნებისა, გაუმჯობესდეს ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა, სახელმწიფოს მიერ მათი პრაქტიკაში დროული იმპლემენტაცია გამოწვევებთან არის დაკავშირებული.[2]

უმწვავეს პრობლემად რჩება საზოგადოებაში არსებული სტიგმა ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებთან დაკავშირებით. ხშირ შემთხვევაში, ამ ჯგუფის მიმართ განხორციელებული ძალადობა საზოგადოებისა და სახელმწიფოსათვის უჩინარი რჩება, ხოლო გახმაურებული ძალადობრივი შემთხვევები ავტომატურად ფსიქოსოციალურ საჭიროებას მიეწერება.

მიუხედავად სხვადასხვა საერთაშორისო თუ ეროვნული ინსტრუმენტებით აღებული ვალდებულებისა, შშმ პირთა დიდი ზომის დაწესებულებების - ფსიქიატრიული ინსტიტუციებისა და პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში ხელშესახები შედეგები სახეზე ჯერ კიდევ არაა, რის გამოც ასეულობით ადამიანს უწევს საზოგადოებისგან შორს, ხშირ შემთხვევაში, ღირსების შემლახველ გარემოში ცხოვრება. ამ კუთხით განსაკუთრებით მწვავედ დგას ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა სათანადო საცხოვრისისა და  დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის აუცილებელი სერვისების არარსებობის/არასაკმარისობის პრობლემა. სახელმწიფო პოლიტიკის უკიდურესი ხარვეზიანობის პირობებში, დიდი ზომის დაწესებულებებმა თავიანთი ბენეფიციარებისათვის მუდმივი საცხოვრებლის ფუნქცია შეითვისა. სახალხო დამცველის ანგარიშების მიხედვით, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში განთავსებულ ამგვარ პირთა რაოდენობა მაღალია და მთლიანი კონტინგენტის დაახლოებით 30-40 %-ს შეადგენს.[3]

დეინსტიტუციონალიზაციასთან დაკავშირებული გამოწვევის პარალელურად, მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ქმედუნარიანობის რეფორმის განხორციელება, რომლის პრაქტიკაში განხორციელების დროს არსებითად უნდა შეცვლილიყო მეურვეობის ინსტიტუტი და ჩანაცვლებულიყო გადაწყვეტილების მხარდაჭერის მოდელით, თუმცა სახელმწიფო ეფექტიან ნაბიჯებს არ დგამს რეფორმის პრაქტიკაში იმპლემენტაციისა და მისი არსის შესახებ შესაბამისი აქტორების ჯეროვანი ინფორმირებისათვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად გაიაზროს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში თავისი ვალდებულებები და სხვა ბევრ მიმართულებასთან ერთად:

  • შეიმუშავოს და განახორციელოს დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია; შექმნას და განავითაროს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული საცხოვრისისა და დამოუკიდებელი ცხოვრების უფლების განხორციელებისათვის აუცილებელი სერვისები;
  • ეფექტიანად და კომპლექსურად განახორციელოს სამართლებრივი ქმედუნარიანობის რეფორმა;
  • გადადგას ეფექტიანი ნაბიჯები ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობისა და ამ ჯგუფთან მიმართებით არსებული სტიგმის დაძლევის მიზნით.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

 

[1] https://www.who.int/mental_health/world-mental-health-day/en/

[2] საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2018, გვ. 271.

[3] ადამიანის უფლებათა მდგომარეობა დახურული ტიპის დაწესებულებებში, საქართველოს სახალხო დამცველი, პრევენციის ეროვნული მექანიზმი, 46-47 (2017)

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“