[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

EMC "პოლიციის შესახებ" კანონპროექტის ავტორებს რეკომენდაციით მიმართავს

პარლამენტში ინიცირებული “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღებამდე მნიშვნელოვანია, რომ ინიციატორმა სათანადოდ დაასაბუთოს პოლიციის პრევენციული უფლებამოსილებების გაზრდის საჭიროება და მიზანშეწონილება.

არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები შეეხება როგორც პოლიციის უფლებამოსილებებთან დაკავშირებულ საკითხებს, ისე კანონის ცალკეულ თავებსა და მთლიანად კანონის სტრუქტურას: "საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ცალკეულ ინსტიტუციურ და სტრუქტურულ საკითხებთან ერთად, იცვლება პოლიციისა და მოქალაქის ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები, ფართოვდება პოლიციის უფლებამოსილებები".

კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, პოლიციას პრევენციული მიზნებისთვის პირის უფლებებში ჩარევის უფლება ენიჭება, რათა თავიდან აიცილოს ან/და აღკვეთოს პოტენციური სამართალდარღვევა. EMC-ის აზრით, მიუხედავად სახელმწიფოს ლეგიტიმური მიზნისა, რომ შენარჩუნებულ იქნას საზოგადოების უსაფრთხოება, მიზნის მიღწევის მეთოდები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ადამიანის უფლებების პრინციპებს.

“კანონპროექტის განმარტებითი ბარათი არ იძლევა შესაძლებლობას დადგინდეს რა საჭიროებებით არის ნაკარნახევი საპოლიციო ღონისძიებებისთვის ამ რაოდენობის მექანიზმების დამატება. მიგვაჩნია, რომ უმჯობესია კანონპროექტის ავტორებმა და ინიციატორებმა წარმოადგინონ შესაბამისი დასაბუთება, რაც განაპირობებს ამ ტიპის ცვლილებების აუცილებლობას”,- წერია განცხადებაში.

გარდა ამისა, კანონპროექტს შემოაქვს ისეთი ახალი საპოლიციო ღონისძიებები, როგორებიცაა: პირის გამოკითხვა, პირის იდენტიფიკაცია, პირის მოწვევა, ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება, სპეციალური შემოწმება, სპეციალური საპოლიციო კონტროლი და სხვა.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, კანონპროექტში განსაზღვრული ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობა პოლიციას ენიჭება როგორც პირის მიერ დანაშაულის წარსულში ჩადენის ისე მის მიერ დანაშაულის მომავალში შესაძლო ჩადენის შემთხვევაში. მაგალითად, კანონპროექტის მე-19 მუხლის თანახმად პოლიციელი უფლებამოსილია პირი გამოკითხოს “არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა ან ჩაიდენს სამართალდარღვევას”.

- “ბუნდოვანია რა გარემოებებიდან გამომდინარე უნდა ივარაუდოს პოლიციელმა, რომ პირი ქუჩაში დანაშაულებრივი განზრახვით გადაადგილდება. ასეთი სამართლებრივი რეგულირების შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ სამართალდამცავთა აქცენტები პირის მიერ განხორციელებულ მოქმედებებზე მეტად პირის მახასიათებლებეზე გადავა. ზოგადად, სახიფათოდ მიგვაჩნია, მომავალში დანაშაულის შესაძლო ჩადენის საფრთხეზე პოლიციის მხრიდან ასეთი ინტენსივობის პრევენციული ფუნქციების განხორციელება”,- განმარტავს EMC.

გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, უდავოა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ინტერესი ადამიანის უფლებებში სხვადასხვა ფორმით ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი შეიძლება იყოს. თუმცა, აღნიშნულის საპირისპიროდ საზოგადოების წევრებს ასევე აქვთ ლეგიტიმური უფლება თავს გრძნობდნენ დაცულად თავისუფლებასა და პირად ცხოვრებაში თანამდებობის პირების მხრიდან დაუსაბუთებული,

თვითნებური და უკანონო ჩარევებისგან. ამისათვის, EMC-ის განმარტებით, კანონმდებლობა უნდა იყოს საკმარისად ზუსტი და ნათელი, რომ სამართალდამცავთა მოქმედება მხოლოდ მათი სუბიექტური შეფასებების თუ ინტუიციის შედეგი არ იყოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ იმგვარი პოლიციური ფუნქციების ზრდა რაც პირდაპირ შემხებლობაში მოდის ადამიანის უფლებებთან ქვეყანაში არსებული კონტექსტით იყოს ნაკარნახევი:

“მიგვაჩნია, რომ პოლიციური ფუნქციების ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტერვენციის შესაძლებლობის განმტკიცება ადამიანის უფლებების მდგომარეობის საზიანოდ იმოქმედებს”.

არასამთავრობო ორგანიზაცია კანონპროექტის ავტორებს რეკომენდაციით მიმართავს და აღნიშნავს, რომ კანონპროექტის ავტორებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დასაბუთება პოლიციის პრევენციული უფლებების ზრდის საჭიროებასთან დაკავშირებით;

ასევე, გადაიხედოს “ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონისმოქმედების სფერო, თავად ოპერატიული ღონისძიებების ხასიათი და გადაწყდეს აღნიშნული ღონისძიებების ადგილი სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში;

შეფასდეს პოლიციის საქმიანობის შიდა კონტროლის მექანიზმების მუშაობა; პოლიციის პრევენციული უფლებამოსილებების მარეგულირებელი ნორმები განიხილონ ადამიანის თავისუფლებასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან კავშირში და ლიმიტირებული იქნას პოლიციის უშუალო შემხებლობა პირთან, გარდა უკიდურესი აუცილებლობისა;

კანონპროექტიდან ამოღებულ იქნას პირის მოწვევის იმგვარი ფორმა, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მოწმის დაკითხვის ახალ წესზე გადასვლის ეფექტურობას;

დაბოლოს, შემოღებულ იქნას პირის თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევის თითოეული ფორმის შემთხვევაში, პოლიციის მოქმედების დოკუმენტირების აუცილებლობა მისივე მხრიდან;

Liberali.ge

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“