საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
EMC ეხმიანება პარლამენტში ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების განსაზღვრის თაობაზე ინიცირებული კანონპროექტის განხილვას და მოუწოდებს მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებს, შეწყვიტონ საზოგადოების შეცდომაში შემყვანი რიტორიკა იმის თაობაზე, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფოს უმოქმედობა ჰუმანური ნარკოპოლიტიკის დანერგვის მიმართულებით, თითქოს სამოქალაქო ორგანიზაციების, აქტივისტებისა და ექსპერტების ბრალია.
მე-10 მოწვევის პარლამენტში საგაზაფხულო სესიის ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი 8 ნარკოტიკული საშუალებისთვის მცირე ოდენობის განსაზღვრას შეეხება. კანონპროექტი მიზნად ისახავს კანონმდებლობაში არსებული ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემის - ნარკოტიკული საშუალებებისთვის მცირე ოდენობების განუსაზღვრელობის - მოგვარებას. ნარკოპოლიტიკის მიმართულებით დღეს არაერთი სისტემური გამოწვევა არსებობს: მოხმარების კრიმინალიზება, პრევენციის სისტემის არარსებობა, მკურნალობისა და ზიანის შემცირების პროგრამების არასაკმარისი ხელმისაწვდომობა. ამ პრობლემების მიუხედავად, თუნდაც ოდენობების საკითხის ლოკალურად, მაგრამ სამართლიანად მოწესრიგება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, რათა მომავალში ადამიანები არ დაექვემდებარონ ხანგრძლივ საპატიმრო სასჯელებს პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის.
კანონპროექტის შემოთავაზებული რედაქცია აუმჯობესებს დღეს არსებულ საკანონმდებლო წესრიგს, თუმცა მისი შინაარსი სრულად ვერ ეხმიანება ჰუმანური, ადამიანის უფლებებზე მორგებული ნარკოპოლიტიკის პრინციპებს. ამის მიზეზი კი ისევ ქართული ნარკოპოლიტიკის დასჯაზე ორიენტირებულობა და რეპრესიულობაა. არსებულ გამოწვევებთან მიმართებით, კანონპროექტი პრობლემის მხოლოდ მცირე ნაწილის, ისიც არასაკმარისად მოგვარებას გვთავაზობს. შემოთავაზებული რედაქცია ოდენობების განსაზღვრის პრინციპად იღებს ნარკოტიკის ეპიზოდური მომხმარებლისთვის საჭირო დოზებს და უგულებელყოფს უფრო მოწყვლადი ჯგუფების - ნარკოტიკის რეგულარული მომხმარებლების და წამალდამოკიდებული ადამიანების საჭიროებებს. შედეგად, ეს ადამიანები კვლავაც შეიძლება აღმოჩდნენ მკაცრი საპატიმრო სასჯელის რისკის ქვეშ, თუნდაც მათთვის საჭირო ერთჯერადი დღიური დოზით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის.
კანონპროექტის შინაარსის მიღმა, უკიდურესად პრობლემურია მისი განხილვის დროს ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკა, რომ თითქოს მათი უმოქმედობა ნარკოპოლიტიკის რეფორმის მიმართულებით, სამოქალაქო ორგანიზაციების, დარგის ექსპერტების და აქტივისტების პასუხისმგებლობაა, რომლებიც, 2017-2018 წლებში სისტემური რეფორმის გატარებას მოითხოვდნენ. აგრეთვე პასუხისმგებლობისგან გაქცევას ჰგავს ხელისუფლების მხრიდან პირობების წამოყენება, რომ თუკი დარგის ექსპერტები, აქტივისტები და უფლებადამცველები კრიტიკულად შეაფასებენ კანონპროქტს, მაშინ პარლამენტი შეაჩერებს მის განხილვას და ამაზე პასუხისმგებელი სამოქალაქო ორგანიზაციები იქნებია.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკაზე - მის გამოწვევებზე, თუ პროგრესზე. ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ორი მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ საკმარისი დრო ჰქონდა ნარკოპოლიტიკის მიმართლებით ნაბიჯების გადასადგმელად, მათ შორის შემოთავაზებული ინიციატივის მისაღებად. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული კანონპროექტი არ მოითხოვს ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტურ, პრინციპების დონეზე გადახედვას და მხოლოდ მიკრო-დონეზე ისახავს პრობლემის მოგვარებას. შესაბამისად, მსგავსი ნაბიჯის გადადგმის არათუ შესაძლებლობა ჰქონდა ხელისუფლებას, არამედ პოლიტიკურად იყო ვალდებული, დროულად აღმოეფხვრა კანონმდებლობიდან აღნიშნული ხარვეზი.
კანონპროექტის განხილვის პროცესში სამოქალაქო ორგანიაციების და დარგის ექსპერტების კრიტიკაზე ხელისუფლების პასუხი არ უნდა იყოს კანონპროექტის განუხილველად დატოვების მუქარა. არამედ, ეს არის შესაძლებლობა შემდგომ რეფორმებზე მსჯელობისთვის. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ თავად მმართველი პოლიტიკური გუნდიც აღიარებს, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი სრულყოფიულად ვერ აგვარებს ნარკოპოლიტიკის მიმართულებით არსებულ პრობლემებს და საჭიროა შემდგომი მუშაობა დაბალანსებული, ჰუმანური პოლიტიკის გასატარებლად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:
ინსტრუქცია