საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
EMC ეხმაურება ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებს სოფელ ჟონეთში და მხარს უჭერს ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნას ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის გარშემო მიმდინარე პროცესი წარიმართოს საჯაროდ და დემოკრატიულად.
სახელმწიფოს მხრიდან სამთვიანი უგულებელყოფის შემდეგ ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე გაიმართა შეხვედრები მოსახლეობის, ეკონომიკის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით. თუმცა, ფორმატში მონაწილეობის წინაპირობად ხელისუფლების წარმომადგენლები მიმდინარე პროტესტის შეწყვეტას ითხოვენ, ხოლო შეხვედრების მიზნად არა დაგეგმილი პროექტის აშენების გადაწყვეტილების გადახედვას, არამედ პროექტის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას ასახელებენ. ამავდროულად, სახელმწიფოს წარმომადგენლები ვერ უზრუნველყოფენ გამჭირვალე და ჩართულობით პროცესს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ არა მხოლოდ დაგეგმილი პროექტის მხარდამჭერები, არამედ დაინტერესებულ მხარეთა და ექსპერტთა ფართო ჯგუფი.
შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობა, მიუხედავად მათი სურვილისა მონაწილეობა მიიღონ კონსტრუქციულ და ქმედით მსჯელობაში, უარს ამბობს მიმდინარე პროტესტის შეწყვეტაზე. ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვს იმას, რაც მათი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა: გადაწყვეტილების მიღების გამჭირვალე, ცოდნაზე დაფუძნებულ და დემოკრატიულ პროცესს. სახელმწიფოს წარმომადგენლები კი დათმობად და კომპრომისად ასაღებენ იმას, რაც სინამდვილეში მათი ვალდებულებაა: ბუნებრივი რესურსების მართვა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების მიხედვით და არა მათ საწინააღმდეგოდ.
სახელმწიფოს ქმედებები და რიტორიკა აჩვენებს, რომ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები არ უზრუნველყოფენ ქმედით, საჯარო და ცოდნაზე დამყარებულ ფორმატს შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის მოსაძებნად, ხოლო მათ წინაპირობას პროტესტის შეწყეტის შესახებ მიმდინარე პროცესები ჩიხში შეყავს. მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ნაცვლად ფორმალური ჩართულობის შეთავაზებისა, გადადგას ქმედითი ნაბიჯები და შესთავაზოს ადგილობრივ მოსახლეობას და დაინტერესებულ პირებს განხილვის რეალური, მონაწილეობითი და საჯარო პროცესი, რაც არ შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც ადგილზე არსებული მშვიდობიანი პროტესტის ალტერნატივა.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ უკვე სამ თვეზე მეტია რიონის ხეობაში, სოფელ ჟონეთთან, ადგილობრივი მოსახლეობა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით ღამეს კარვებში ათენებს. ისინი ამბობენ, რომ დაგეგმილი ჰესების კასკადი, რომლის პროექტიც ორი კაშხლის აშენებას და 600 ჰექტარზე მეტი ფართობის დატბორვას მოიცავს, წყალქვეშ მოაქცევს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და საფრთხეს უქმნის რეგიონის სოციალურ ქსოვილსა და ბუნებრივ გარემოს.
რიონის ხეობის მოსახლეობა მთელი ამ დროის მანძილზე ქმნის მნიშვნელოვანი და მშვიდობიანი ორგანიზებული წინააღმდეგობის უნიკალურ გამოცდილებას. ადგილობრივი მოსახლეობა საჯარო, დემოკრატიული და ცოდნაზე დაფუძნებული მსჯელობის შესაძლებლობის შექმნის გზით ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის სრულიად გაუმჭვირვალე და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვს, რასაც მხარს უჭერს არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი, ორგანიზაცია და დარგის სპეციალისტი.
ადგილობრივები აგრძელებენ პროტესტს და 7 თებერვალს, 13:00 საათზე სოფელ ჟონეთში აქციას აანონსებენ ნამახვანის ჰესების კასკადის დაგეგმილი მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით. უკანასკნელი თვეების მძიმე გამოცდილების გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფომ უარი თქვას საპოლიციო ზომების გამოყენებაზე და უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნების საჯაროდ გაჟღერების შესაძლებლობის სრულად უზრუნველყოფა.
ინსტრუქცია