[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

EMC მოუწოდებს ხელისუფლებას,  ვირუსის პრევენციისთვის, უზრუნველყოს წყლის გარეშე დარჩენილი სოფლების  მომარაგება

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და ადგილობრივ თვითმმართველობებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ სოფელებში წყლის უფლების დაცვას, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია COVID-19 ვირუსის პრევენციის მიზნით.  

EMC სისტემურად ახორციელებს ქვემო ქართლის რეგიონსა და ახმეტის მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლების საჭიროებების კვლევას. სოფლების უმეტესობაში მთავარ გამოწვევად სწორედ სუფთა სასმელ და სამომხმარებლო წყალზე ხელმისაწვდომობა რჩება.   მაგალითად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ხუტორ-ლეჟბადინს,  თაზაქენდს, სოფელ კირიხლოს, ქვემო სარალს, ულაშლოს წყალი საერთოდ არ მოეწოდება; წყლის პრობლემებია ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავში, ტალავერში, დაბაზში, მამხუტსა და სავანეთში; სუფთა და საკმარის სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებული პრობლემაა პანკისის ხეობის სოფლებში.

ზემოხსენებული მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ სოფლებისა,  სადაც EMC-ს გუნდმა საჭიროებების კვლევა ჩაატარა  და სადაც სასმელი წყალი უპირველესი გამოწვევაა. ცხადია, რომ მსგავსი გამოწვევები დგას სხვა რეგიონების არაერთ სოფელში, თუმცა, ჩვენი დაკვირვებით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სოფლის ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო სუსტად განვითარებულია, რაც მათ შორის, ამ რეგიონებში სუსტი დემოკრატიული და მონაწილეობითი პრაქტიკით, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადგილობრივების ენის იგნორორებით, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ დაბალი ნდობით, საბიუჯეტო რესურსების უსამართლო განაწილებით არის განპირობებული.

სოფლების დიდი ნაწილი არ არის მიერთებული სახელმწიფო/რაიონულ წყლის სისტემას და ხშირ შემთხვევაში მოსახლეობა საჭირო წყლის მარაგს არტეზიული ჭებიდან იმარაგებს, რომლებიც ხშირად დაბინძურებულია. აღნიშნული წყლების ვარგისიანობაზე შემოწმება სახელმწიფოს მიერ არ ხდება. წყლის რესურსის არარსებობა პირდაპირ აისახება ღარიბი და სოციალურად დაუცველი, ან მრავალშვილიანი ოჯახების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე; წყლის რესურსების და შესაბამისად, ჰიგიენის დაცვის საკითხი  ასევე განსაკუთრებით პრობლემურია ქვემო ქართლში, კახეთის რეგიონში და პანკისის ხეობაში არსებულ საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, რაზეც ყოველწლიურ ანგარიშებში ყურადღებას ამახვილებს როგორც სახალხო დამცველი,[1] ასევე გაეროს ბავშვთა დაცვის ორგანიზაცია (UNICEF).[2]

მაშინ როდესაც, მსოფლიო და საქართველო ახალი ვირუსის, Covid-19-ის პანდემიის წინაშე დგას, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ და ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა უზრუნველყონ თითოეული უწყლო სოფელი საჭირო რაოდენობის სუფთა სასმელი და სამომხმარებლო წყლით. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია საკუთარ რეკომენდაციებში სწორედ სუფთა სასმელი და სამომხმარებლო წლის საჭიროებაზე საუბრობსიმისთვის, რომ ადამიანებმა შეძლონ შესაბამისი ჰიგიენის შენარჩუნება და თავი დაიცვან ვირუსის გავრცელებისგან.[3] უსაფრთხო სასმელ წყალზე შეუზღუდავი ხელმისაწვდომობის უფლება,  პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე ადამიანის უფლების უგულებელყოფით ირღვევა თითოეული ადამიანის ისეთი ფუნდამენტური   უფლებები, როგორიცაა სიცოცხლის, ჯანმრთელობის, განათლების, ღირსების უფლება, სოციალური და ეკონომიკური უფლებები.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი სახელმწიფებს ავალდებულებს უზრუნველყონ წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე ადამიანის უფლების აღიარება, დაცვა და განხორციელება. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, 1966 წელს, მიღებული „ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-15 ზოგად კომენტარის თანახმად „ყოველ ადამიანს აქვს უფლება მიიღოს საკმარისი ოდენობის, უსაფრთხო, ფიზიკურად და ფინანსურად ხელმისაწვდომი წყალი, როგორც პირადი, ისე საყოფაცხოვრებო მოხმარებისათვის“.

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს  გარემოს დაცვა და ადამიანის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უფლებების დაცვისთვის ადეკვატური პირობების უზრუნველყოფა. ასოცირების შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე საქართველო ასევე იღებს ვალდებულებას წყლის მდგრადი მართვისა და სანიტარიული ნორმების დაცვის საყოველთაო უზრუნველსაყოფად.[4]

საქართველოს მთავრობის 2018-2020 წლების სამთავრობო პროგრამის – „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“– მიხედვით კი სახელმწიფო იღებს ვალდებულებას მთელი ძალისხმევა მიმართოს თითოეულ ადამიანზე, ვინაიდან ადამიანი და მისი ჯანმრთელობაა ქვეყნისთვის უპირველესი ღირებულება. შესაბამისად ადამიანის ჯანმრთელობის,  თავისუფლებისა და ღირსების დაცვაზე, მისთვის საკუთარ ქვეყანაში კეთილდღეობისა და თვითრეალიზაციის ფართო შესაძლებლობების მიცემაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ. საქართველოს მთავარობა მის ერთ-ერთ პრიორიტეტად აცხადებს „ხარისხიანი სასმელი წყლის 24-საათიანი მიწოდების რეჟიმით მოსახლეობის უზრუნველყოფას“.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე EMC მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:

  • უზრუნველყოს სახელმწიფო ინსტიტუტების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მობილიზება, რათა მათ კოორდინირებულად, დაუყოვნებლივ, ყოველდღიურ რეჟიმში მოახდინონ თითოეული სოფლის მომარაგება საჭირო რაოდენობის სუფთა სასმელი და სამომხმარებლო წყლით, სადაც ეს რესურსი არ არსებობს;
  • მუნიციპალიტეტებმა შექმნან, მართონ და მუდმივ რეჟიმში განაახლონ წყლის რეზერვები ყველა სოფლისთვის.
  • დაავალდებულოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტები პროაქტიულად უზრუნველყონ სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში, ინფორმაციის მიწოდება, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესახებ; სოფლებში ინტერნეტიზაციის არარსებობის პირობებში, მნიშვნელოვანია ეს ინფორმაცია უმცირესობების ენაზე ცენტრალური და რეგიონალური ტელევიზიებისა და სხვა უშუალო ფორმებით გავრცელდეს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“