საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შეიხ მირტაგი ასადოვის გამოკითხვის პროცესს და მარნეულსა და ბოლნისში ადგილობრივი თემების სოციალურ პროტესტთან დაკავშირებით სუს-ის მიერ საბოტაჟის მუხლით გამოძიების დაწყებას სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს პრინციპების დარღვევად და უმცირესობებთან დაკავშირებულ პოლიტიკაში სუს-ის ჭარბი ინტერვენციის კიდევ ერთ მაგალითად მიიჩნევს.
2020 წლის 17 აპრილს სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე მირტაგი ასადოვი და ამავე ორგანიზაციის დამფუძნებელი რ.ა. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თემების სოციალური პროტესტის ფაქტთან დაკავშირებით სუს-ში გამოიკითხნენ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები, კომენდანტის საათის დადგომისას 21:00 საათიდან 21:05 საათამდე საკუთარი ეზოებიდან ავტომობილების საყვირებით, სტვენით და ტაშით აპროტესტებდნენ მუნიციპალიტეტებში, კარანტინის პირობებში შექმნილ სოციალურ კრიზისს. მოქალაქეთა განმარტებით, კარანტინის გამო, ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი სამსახურისა და ყოველდღიური შემოსავლის გარეშე დარჩა, ვერ ახერხებენ სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციას. აქციის მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო სტრუქტურებისა და საზოგადოების ინფორმირება მუნიციპალიტეტში არსებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების შესახებ. სწორედ ამ სოციალურ პროტესტთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის 1-ლი ნაწილის (საბოტაჟის) საფუძველზე დაიწყო.
17 აპრილს სასულიერო პირების გამოკითხვის პროცესში, საგამოძიებო ორგანო არსებითად დაინტერესდა თუ რა იყო გამოსაკითხი პირების მიზანი, როდესაც სოციალურ ქსელში მითითებული აქციის შესახებ ინფორმაცია გააზიარეს, ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის შესახებ და იყო თუ არა მათი მიზანი, რომ მოქალაქეებს დაერღვიათ საგანაგებო მდგომარეობის რეჟიმით განსაზღვრული მოთხოვნები და შეექმნათ მასობრივი არეულობა. ბუნებრივია, გამოსაკითხმა პირებმა სოციალური აქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს საგამოძიებო ორგანოს და მიუთითეს, რომ მათი მხრიდან დანაშაულებრივ ქმედებას, ან საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევას ადგილი არ ჰქონია და მსგავსი მოწოდება არც სხვა პირების მიმართ გაუკეთებიათ. მეტიც, მათ მიუთითეს, რომ სწორედ 21:00 საათის შემდეგ პროტესტის გამოხატვას კარანტინის რეჟიმის დაცვის მიზანი ჰქონდა.
აშკარაა, რომ სოციალური პროტესტის ორგანიზების ფორმა, შინაარსი და სხვა გარემოებები არ მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის დეკრეტით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე, ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულებრივი ქმედების, მით უფრო საბოტაჟის დანაშაულის ნიშნების არსებობაზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულია გამოხატვის თავისუფლება, რაც ერთი მხრივ გულისხმობს მოქალაქეთა აზრის გამოხატვისა და აზრის გამოხატვის გამო დევნის აკრძალვას, მეორე მხრივ კი მოიაზრებს ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გამოხატვის თავისუფლება არც საქართველოს პრეზიდენტის 21 მარტის დეკრეტით შეზღუდულა. აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება გულისხმობს საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას და ცხადია ავტომობილის საყვირის მეშვეობით გამოხატული სოციალური პროტესტი არ შეიძლება განვიხილოთ სახელმწიფოს დასუსტების მიზნად და საბოტაჟად.
საგამოძიებო ორგანოს მიერ გამოკითხვის პროცესში დასმული კითხვები და გამოძიების დაწყების სამართლებრივი საფუძვლის აბსურდულობა მიუთითებს, რომ მას სოციალური პროტესტის ჩახშობის და ცალკეული პირების დაშინების მიზანი უფრო ჰქონდა. მაშინ, როდესაც პანდემიის პირობებში მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო იერარქების კანონის ღია უგულებელყოფის ფაქტები ხელისუფლების სრული სამართლებრივი უმოქმედობის და ამის საპირისპიროდ ღია ლოიალობის საგანი ხდება, მუსლიმი სასულიერო პირების დაბარება სუს-ში მოსახლების სოციალურ პროტესტთან დაკავშირებით, რომელიც ერთი შეხედვითაც აშკარად თავსდება გამოხატვის თავისუფლების და საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვების ფარგლებში, თვითნებობის ნიშანია და ადგილობრივ თემში უთანასწორობის განცდას აჩენს. სამართალდაცვითი მექანიზმების სოციალური უკმაყოფილების ჩასახშობად გამოყენება სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპებთან მოდის წინააღმდეგობაში. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს და წუხილების ეფექტიანი, სამართლიანი და მდგრადი სოციალური დაცვის პოლიტიკითა და დემოკრატიული დიალოგით უპასუხოს, ის სამართალდაცვით და რეპრესიულ აპარატს იყენებს. მით უფრო პრობლემურია ამ ფაქტების საბოტაჟის მუხლით შეფასება და ამ გზით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემოყვანა პროცესში, რომელსაც ისედაც მიემართება მძაფრი კრიტიკა ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებულ პოლიტიკაში ჭარბი ინტერვენციის, კონტროლის და ამ საკითხების ვიწრო უსაფრთხოების პერსპექტივით დანახვის შესახებ.
22 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის დაწესების შემდეგ ადგილობრივი თემის სოციალური მდგომარეობა არსებითად გაუარესდა. ამ მუნიციპალიტეტების სოფლებში ისედაც პრობლემური იყო წვდომა ბაზისურ სოციალურ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის, სასმელ წყალზე, აფთიაქებზე, მაღაზიებზე. ადგილობრივი თემის დიდი ნაწილი თვითდასაქმებულია სოფლის მეურნეობაში და ვაჭრობაში. მიწის უსამართლო განაწილების პრაქტიკამ ადგილობრივი გლეხების დიდი ნაწილი საკუთარი მიწის რესურსების გარეშე დატოვა და ისინი იაფ მუშახელად მუშაობენ ე.წ. „არენდატორების“ მეურნეობებში (მიწაზე და სათბურებში). ამ პირობებში ცხადია, რომ ოჯახების დიდი ნაწილი ყოველდღიურ შემოსავალზე იყო დამოკიდებული. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვამ და სამსახურის დაკარგვამ, ასევე უკვე დაგროვებული სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზების სათანადო და სამართლიანი პრაქტიკის არქონამ ოჯახების დიდი ნაწილი შემოსავლის გარეშე დატოვა და მათი სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. ადგილობრივი თვითმმართველობების ჰუმანიტარული მხარდაჭერის პროგრამები აშკარად სუსტი, ფრაგმენტულია და ვერ პასუხობს ადგილობრივების რეალურ საჭიროებებს. ბუნებრივია, რომ შექმნილი ვითარება ადგილობრივი თემის უკმაყოფილების მიზეზი ხდება და კარანტინში მყოფი სოფლების და ქალაქების მოსახლეობის დამატებით სოციალურ მხარდაჭერას მოითხოვს.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს:
საქართველოს მთავრობას
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს
ინსტრუქცია