საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებულ პროექტს, რომელსაც საბოლოოდ უნდა ეყაროს კენჭი და მოუწოდებს კომისიას, ერთი მხრივ, არ გააუარესოს კონსტიტუციაში არსებული უფლებრივი სტანდარტები და მეორე მხრივ, უზრუნველყოს სოციალური უფლებების ბაზისური დაცვის გარანტიების კონსტიტუციის ტექსტში გათვალისწინება.
მივესალმებით, იმ გაუმჯობესებებს, რომელსაც კონსტიტუციური კანონის პროექტი თანასწორობის შესახებ დებულებების გაძლიერებისა და სოციალური სახელმწიფოს პრინციპის დაზუსტების კუთხით მოიცავს. თუმცა, შეშფოთებას გამოვთქვამთ იმ შესაძლო გაუარესებასთან დაკავშირებით, რომელიც კანონპროექტის არსებულ ვერსიაში იკითხება. ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საკონსტიტუციო კომისია დაუბრუნდეს მსჯელობას სოციალური უფლებების დამატებითი გარანტიების გაჩენასთან დაკავშირებით და ასახოს ისინი კონსტიტუციური კანონის საბოლოო პროექტში.
EMC-ის მოსაზრებით, არსებულ უფლებრივ სტანდარტს აუარესებს პროექტის არსებული ვერსია, რომელიც საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის საკითხს არა ძირითადი უფლებების, არამედ ზოგადი დებულებების თავში მოიხსენიებს. დამატებით, კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში, უფლებათა თავის კატეგორიიდან ასევე ზოგად დებულებებში გადანაცვლდა. აღნიშნულ შემთხვევებშიც ხსენებული საკითხების ზოგადი დებულებების ნაწილში გადატანა ზღუდავს მათი უფლების დამდგენი შინაარსით გამოყენების შესაძლებლობას.
ანალოგიურად პრობლემურია საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მდებარეობის შეცვლა. აღნიშნული ნორმის ფარგლებში კონსტიტუციით დაცული უფლებებია ადამიანისა და მოქალაქის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და თავისუფლებები, რომლებზეც საქართველოს კონსტიტუცია არ მიუთითებს, თუმცა გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებიდან. კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია, აღნიშნულ ნორმას ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების თავში ითვალისწინებს, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის არსებული ვერსიით, იგი ინაცვლებს ზოგადი დებულებების თავში. ეს ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე აღნიშნული ნორმით დავა გამოირიცხება, რაც ცალსახად უფრო დაბალი სტანდარტია ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით. აღნიშნული მუხლი წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას კონსტიტუციის არსებულმა შინაარსმა მოიცვას და დაიტიოს ის უფლებები, რომელიც პირდაპირ არ არის მოხსენიებული მის ტექსტში, რაც ვფიქრობთ აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. საკონსტიტუციო სასამართლოში 1996-2016 წლებში წარმოებული დავების ოფიციალური მონაცემებით, მოსარჩელეების მხრიდან 39-ე მუხლის გამოყენების განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებელი, მისი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა თავში შენარჩუნების აუცილებლობას უსვამს ხაზს. მითითებულ გაუარესებას ვფიქრობთ, გავლენა ექნება არაერთ უფლებასთან მიმართებით, თუმცა, კონსტიტუციის ტექსტში სოციალური უფლებების სიმწირის გათვალისწინებით შესაძლოა მან განსაკუთრებულად ნეგატიური ეფექტი იქონიოს სოციალურ და ეკონომიკურ უფლებათა დაცვითი სტანდარტების დაწევის და ამ კუთხით სასამართლოს პრაქტიკის ჩამოყალიბების კუთხით.
EMC-იმ ადამიანის უფლებების მკვლევარებთან და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებთან თანამშრომლობით შეიმუშავა და კომისიას წარუდგინა საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების კანონის პროექტი, რომელიც მოიცავდა სოციალური სახელმწიფოს პრინციპის შინაარსს, ასევე შრომის, საცხოვრებლის, განათლების უფლებებს და რომლის მხოლოდ მცირე ნაწილია ასახული სოციალური სახელმწიფოს მუხლის წარმოდგენილ რედაქციაში.
EMC მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო კომისიამ მისი მუშაობის ფარგლებში აღიაროს და სათანადოდ უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც არსებობს ჩვენს რეალობაში უკიდურესი სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის, სიღარიბისა და უმუშევრობის მაჩვენებლისა თუ სოციალური დაცვის მყიფე გარანტიების კუთხით. ამასთან, სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობის მყარი სამართლებრივი საფუძვლების შექმნისთვის სოციალური უფლებების კონსტიტუციაში ცხადად და პირდაპირ გათვალისწინება არსებითია.
შესაბამისად, მოვუწოდებთ კომისიას, რომ კიდევ ერთხელ იმსჯელოს და კონსტიტუციური კანონის პროექტში გაითვალისწინოს შემდეგი საკითხები:
EMC მიმართავს საკონსტიტუციო კომისიის წევრებს, არ დაუჭირონ მხარი სოციალური უფლებების დაცვითი სტანდარტების გაუარესებას და მეტიც, კონსტიტუციის ტექსტით გარანტირებული გახადონ ის ბაზისური სტანდარტები, რომლებიც სოციალური და ეკონომიკური უფლებების აღიარების გზით უზრუნველყოფს სოციალური სახელმწიფოს იდეის რეალიზებას.
ინსტრუქცია