საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
მიმდინარე წლის 11 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხაილოს მიმართ არსებული შინაპატიმრობის რეჟიმი გაამკაცრა და მას საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვადად, ნაცვლად 21:00-დან 08:00 საათამდე პერიოდისა, განუსაზღვრა 19:00-დან 08:00 საათამდე პერიოდი. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება დაეფუძნა თბილისის პრობაციის ბიუროს წარდგინებას, რომლის თანახმადაც მიხაილომ არასაპატიო მიზეზით დაარღვია შინაპატიმრობის წესები და 13 და 17 ოქტომბერს ღამის საათებში არ იმყოფებოდა საცხოვრებელ ტერიტორიაზე.
EMC-ს შეფასებით, თბილისის პრობაციის ბიურომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სასამართლოსადმი მისი წარდგინება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული. კანონმდებლობის თანახმად,[1] შინაპატიმრობის რეჟიმის დარღვევად მიიჩნევა ისეთი შემთხვევა, თუკი მსჯავრდებული განზრახ არიდებს თავს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა საპატიოდ ჩაითვლება, თუკი ამის მიზეზი იყო სამსახურებრივი ან პროფესიული, ანდა სპორტულ, კულტურულ ან საგანმანათლებლო-სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებული მივლინება, რასაც ადასტურებს შესაბამისი დოკუმენტი.
მიუხედავად იმისა, რომ მითითებულ თარიღებში მიხაილო ნამდვილად არ იმყოფებოდა საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე, მის მიერ პრობაციის ბიუროსთვის წარდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ამის მიზეზი იყო პროფესიული საქმიანობის განხორციელება. ხაზგასასმელია, რომ მსჯავრდებულის მიერ რეჟიმის დაუცველობა გამოწვეული არა თვითნებობით, ან მასზე დაკისრებული მოვალეობისადმი უპასუხისმგებლო, გულგრილი დამოკიდებულებით ან დადგენილი რეჟიმის დარღვევის მიზნად დასახვით, არამედ ობიექტური გარემოების არსებობით, რაც თავისმხრივ, მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. გასათვალისწინებელია ისიც, აქამდე მიხაილოს სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობა, პროფესიული საქმიანობის განხორციელება და ამ მიზეზით ღამის საათებში საცხოვრებელ ტერიტორიაზე არყოფნა არაერთხელ ჩაითვალა საპატიო გარემოებად. უფრო მეტიც, თავად პრობაციის ბიუროს უფროსი მიღებულ გადაწყვეტილებებში ხაზს უსვამდა, რომ მსჯავრდებულის მონაწილეობა სხვადასხვა მუსიკალურ ღონისძიებაში ხელს უწყობდა მისი რესოციალიზაციის პროცესს და მსჯავრდებულის პროფესიულ განვითარებას. შესაბამისად, ამ შემთხვევაში როდესაც არ არსებობს წინა შემთხვევებისგან განსხვავებული გარემოება, პრობაციის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არსებითად დაუსაბუთებელი და კანონსაწინააღმდეგოა.
პროფესიული განვითარება და მუსიკის დარგში საქმიანობა პირდაპირ ემსახურება მიხაილოს რესოციალიზაციის მიზანს და მნიშვნელოვანია, რომ ჩაითვალოს საპატიო გარემოებად. ამავდროულად, ეს საქმიანობა მიხაილოსთვის არის ძირითადი შემოსავლის წყარო. იმ პირობებში, როცა პრობაციის ბიუროს მიერ აქამდე ყოველთვის საპატიოდ მიიჩნეოდა პროფესიული საქმიანობის მიზეზით შინაპატიმრობის რეჟიმის დარღვევა, გაუგებარია, ამჯერად რა არგუმენტით არ ჩაეთვალა მიხაილოს საცხოვრებელ სახლში არყოფნა საპატიოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ დაუსაბუთებელი და უსამართლოა პრობაციის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მიხაილოს 13 და 17 ოქტომბერს ღამის საათებში საცხოვრებელ ტერიტორიაზე არყოფნა არ ჩაეთვალა საპატიოდ. შესაბამისად, ასევე დაუსაბუთებელი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 11 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება მიხაილოს მიმართ შინაპატიმრობის რეჟიმის გამკაცრების თაობაზე. ორივე ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებს EMC კანონით დადგენილი წესით ასაჩივრებს.
[1] იხ. ,,შინაპატიმრობის აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის N146-ე ბრძანება.
ინსტრუქცია