ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონის თბილისის ოფისთან თანამშრომლობით იწყებს ახალ პროექტს “კვლევისა და ადვოკატირების გზით სამშვიდობო პოლიტიკის პოზიტიური ტრანსფორმაციის ხელშეწყობა”.
პროექტის მიზანია საზოგადოებრივ და პოლიტიკურ წრეებში შექმნას და წაახალისოს ალტერნატიული ხედვები საქართველოში არსებული კონფლიქტების პოზიტიური ტრანსფორმაციის და ნდობის მშენებლობის მიმართულებით, გააძლიეროს მშვიდობის პერსპექტივები სახელმწიფო პოლიტიკაში და საზოგადოებაში.
პროექტის ფარგლებში EMC-მ შექმნა ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭო, რომელიც აერთიანებს კონფლიქტის თემაზე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტებს, რომლებთან უშუალო კონსულტაციით შევიმუშავებთ კონფლიქტის ტრანსფორმაციის და ნდობის მშენებლობის პოლიტიკის ალტერნატიულ ხედვებს.
ექსპერტთა საბჭოს წევრები არიან:
- პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, მას აქვს როგორც სახელმწიფო ისე სამოქალაქო სექტორში კონფლიქტის ტრანსფორმაციის და ნდობის მშენებლობაზე მუშაობის, ასევე, აფხაზ და ოს ხალხთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება.
- ნათია ჭანკვეტაძე, მშვიდობისა და კონფლიქტების მკვლევარი, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში, კარტერის მშვიდობისა და კონფლიქტების მოგვარების სკოლის დოქტორანტი. ასევე ფლობს მანჩესტერის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს მშვიდობისა და კონფლიქტების კვლევაში. ნათია წლებია მუშაობს კონფლიქტების ანალიზის, ტრანსფორმაციისა და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით.
- მალხაზ სალდაძე, პოლიტოლოგი. ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში, კარტერის მშვიდობისა და კონფლიქტების მოგვარების სკოლის დოქტორანტი. მალხაზი ფლობს მაგისტრის ხარისხს პოლიტიკურ მეცნიერებაში მანჩესტერის უნივერსიტეტისგან და მოსკოვის სოციალური და ეკონომიკური სკოლისგან. ასევე ვაშინგტონის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის კვლევებში.
- მიხეილ მირზიაშვილი, განვითარების და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარე. ის 25 წელზე მეტია მუშაობს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის, რეგიონული თანამშრომლობის, კონფლიქტების მოგვარების და პრევენციის, დემოკრატიის განვითარებისა და ადამიანის უფლებების თემებზე. აქვს ევროკავშირში მოქმედ საერთაშორისო სამშვიდობო ორგანიზაციაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, ხელმძღვანელობდა სამშვიდობო პროექტებს შავი ზღვისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.