[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

EMC-ის მიმართვა პარლამენტს რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზე

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება საქართველოს კონსტიტუციაში რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების მომწესრიგებელ ნორმებში დაგეგმილ ცვლილებებს და მოუწოდებს ხელისუფლებას აღნიშნული ცვლილება რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს.

2017 წლის  24 სექტემბერს პრეზიდენტისთვის გაგზავნილი ოფიციალური მიმართვის საფუძველზე, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე 26 სექტემბერს დაგეგმილია საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით განხილვა.[1]პროექტზე თავისი მოსაზრება წარდგენილი აქვს ვენეციის კომისიასაც.[2]

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შესაბამისად, იცვლება რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლები და ნაცვლად არსებული ჩანაწერისა, რომელიც სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შეზღუდვას მხოლოდ სხვათა უფლებების დაცვის ინტერესით ამართლებს (19-ე მუხლის მე-3 ნაწილი), აფართოებს შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნებს და უთითებს, რომ „[..]შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, დანაშაულის თავიდან აცილების, ჯანმრთელობის დაცვის, მართლმსაჯულების განხორციელების ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.“

აღსანიშნავია, რომ რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნების გაფართოების აუცილებლობაზე უთითებდა ვენეციის კომისიის პირველადი დასკვნაც, რომელიც აცხადებდა, რომ   არსებული შეზღუდვის ფარგლები, რომელიც რწმენის გამოვლინებების შეზღუდვას მხოლოდ სხვათა უფლებების საფუძვლით იცნობს, წარმოშობს რისკს, რომ უფლების დაცვასა და სხვა ინტერესს შორის, ადეკვატური ბალანსის დაცვის პროცესში, რწმენისა და სინდისის თავისუფლება განიმარტოს ზედმეტად ვიწროდ ან/და “სხვათა უფლებების” დარღვევა საპირისპიროდ - ზედმეტად ფართოდ. შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნების გაფართოების აუცილებლობა მით უფრო იმ პირობებში ხდება მნიშვნელოვანი, როდესაც დღეს მოქმედი კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული უფლებები იმიჯნება და სიტყვისა და აზრისა და რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებები კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებით მოწესრიგებას დაექვემდებარება.

თუმცა, საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საპირისპიროდ,  „სხვათა უფლებებთან“ ერთად შეზღუდვის საფუძვლები გონივრულად  და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად კი არ გააფართოვა, არამედ გაწერა რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის გაუმართლებელი ლეგიტიმური საფუძვლები,  მათ შორის დანაშაულის თავიდან აცილების, მართლმსაჯულების განხორციელებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესი, რომელიც არ არის გათვალისწინებული რელევანტურ რეგიონალურ და საერთაშორისო კონვენციებში და რელიგიის თავისუფლების თვითნებური შეზღუდვის მაღალ რისკებს შეიცავს.

აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მსგავს მიდგომებს იზიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაც. „სხვათა უფლებების“ ფართო განმარტება გარდაუვალი აღმოჩნდა საქმეზე, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლოს „კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის“ უფლების მე-19 მუხლით დაცული სფეროს ქვეშ მოაზრება მოუწია. ამ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ „სხვათა უფლებების“ ფართო განმარტების გზით, შესაძლებელი გახადა რწმენის თავისუფლების ვიწრო განმარტების თავიდან არიდება.

ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნის რედაქცია[3] პირდაპირ მიუთითებს საქართველოს პარლამენტს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლების „ეროვნული უსაფრთხოებისა“ და „მართლმსაჯულების განხორციელების“ კონსტიტუციის ტექსტიდან ამოღების აუცილებლობაზე. კომისია ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სასამართლოს შესაბამის მიდგომაზე და განმარტავს, რომ კონვენციის ტექსტში აღნიშნული საფუძვლების გამორიცხვა უნდა განიმარტოს, როგორც მიზანმიმართული მიდგომა, ნორმის განმარტებისას შეზღუდვა არ გაფართოვდეს დღეს საქართველოს პარლამენტის მიერ ცვლილებების პროექტში პირდაპირ გაწერილი საფუძვლებით.  ვენეციის კომისია იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ კონსტიტუციის ტექსტი საერთაშორისო დონეზე მიღებული მიდგომის საპირისპიროდ „ეროვნული უსაფრთხოებისა“ და „მართლმსაჯულების განხორციელების“ ინტერესების კონსტიტუციით გაწერის ფონზე, ყურადღების მიღმა ტოვებს ისეთ მნიშვნელოვან შეზღუდვის საფუძვლებს, როგორიცაა „საჯარო წესრიგი“.

ხშირ შემთხვევაში ეროვნული უსაფრთხოების მსგავსი მიზნები მოიაზრება საჯარო წესრიგის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების და სხვათა უფლებების საფუძვლებში[4]. აღნიშნული საფუძვლების ფართო შინაარსის მიუხედავად, ცალსახაა საერთაშორისო დონეზე ადამიანის უფლებების დამდგენი ძირითადი დოკუმენტების[5] პრინციპული მიდგომა, სხვა უფლებებისგან განსხვავებით, რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლების[6] ამომწურავად და ვიწროდ ფორმულირებასთან დაკავშირებით.

შეზღუდვის საფუძვლებიდან „ეროვნული უსაფრთხოების“ ინტერესების გამორიცხვა უზრუნველყოფს რელიგიური საქმიანობის სახელმწიფოს თვითნებური ჩარევისგან, აბსტრაქტულ საფრთხეებთან გაიგივებისგან და „პოლიტიკურად საშიშის“ იარლიყისგან დაცვას, რაც ხშირად გამოიყენება პოლიტიკური მიზნების მიღწევისა და კონკრეტულ რელიგიებთან საბრძოლველად. ასეთ ტენდენციებზე საუბრობს გაეროს სპეციალური მომხსენებელიც.[7]

საბოლოოდ, რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის დღეს მოქმედი ფარგლებიც ფართო განმარტების რისკის მიუხედავადაც კი, უფლების დაცვის უფრო მაღალ სტანდარტს ადგენს, ვიდრე შემოთავაზებული რედაქცია. რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლად იმ საჯარო ინტერესების მითითება, რომელიც გაცდენილია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის პრინციპებს, წარმოშობს რელიგიის თავისუფლებით დაცულ სფეროში არათანაზომიერი ჩარევის მაღალ რისკს.

ამასთან იმ პირობებში, როდესაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სეკულარიზმის პრინციპის მე-9 მუხლის ქვეშ დანახვის მიუხედავად, სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნის მკაფიო დეკლარირებაზე პარლამენტს არ უფიქრია,[8] პროექტით შემოთავაზებული რედაქციის მე-8 მუხლი,[9] რომელმაც სეკულარიზმის პრინციპის, ასევე მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიული როლის ცალ-ცალკე აღიარების ნაცვლად, სიმძიმის  ცენტრი უკანასკნელის მნიშვნელობაზე გადაიტანა, დამატებით მეტყველებს კანონმდებლის მიზანზე შეასუსტოს რწმენის თავისუფლებისა დაცვის არსებული სტანდარტი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)  მიმართავს საქართველოს პარლამენტს და მოუწოდებს

  • ადამიანის საერთაშორისო სტანდარტებისა და მათ შორის, ვენეციის კომისიის საბოლოო რეკომენდაციის შესაბამისად, ცვლილებების პროექტის მე-16 მუხლიდან ამოიღოს „ეროვნული უსაფრთხოების“ „დანაშაულის თავიდან აცილებისა“ და“ „მართლმსაჯულების განხორციელების“ საფუძვლები:
  • კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის მე-8 მუხლის არსებულმა რედაქციამ გაიმეოროს, როგორც მინიმუმ არსებული კონსტიტუციის ტექსტის მე-9 მუხლის ფორმულირება, ამავე დროს, სასურველია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე არსებული განმარტებების შესაბამისად, მოხდეს სეკულარიზმის კონსტიტუციური გარანტიების მკაფიო დეკლარირება კონსტიტუციაში;
 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] მეორე მოსმენით მიღებული კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი, ხელმისაწვდომია: http://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/157042;
[2] ვენეციის კომისიის პირველადი დასკვნა, ხელმისაწვდომია:
http://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-AD%282017%29013-e
[3] ვენეციის კომისიის საბოლოო ანგარიში, ხელმისაწვდომია: http://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-PI(2017)006-e
[4] მაგალითად ევროპული სასამართლო სახელწმიფოს ანიჭებს უფლებამოსილებას, “თავად განსაზღვროს მოძრაობა ან ასოციაცია, რელიგიური მიზნების განხორციელებისას, ახორციელებს თუ არა ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც მოსახლეობისთვის საზიანოა“. ასეთ განმარტება კი საკმარისად ფართოა, რათა მან მოიცვას ყველა ის შესაძლო ლეგიტიმური მიზანი, რომელიც შესაძლოა რელიგიის თავისუფლების დაცვის ინტერესს პრაქტიკაში დაუპირსპირდეს.Nolan and K. v. Russia, Application no. 2512/04, პარა 74; Mannoussakis and others v. Greece, para 40; Stankov and the United Macedonian Organization Ilinden v. Bulgaria, para 103; Metropolitan Church of Bessarabia and others v. Moldova;
[5] Siracusa Principles on the Limitation and Derogation Provisions in the International Covenant on Civil and Political Rights, პ. 29-32; პ. 58; CCPR General Comment No. 22: Article 18; Nolan and K. v. Russia, Application no. 2512/04, პარა 73;
[6] კონვენციის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილი; პაქტის მე-18 მუხლის მე-3 მუხლი;
[7] Paul M. Taylor, Freedom of Religion, UN and European Human Rights Law and Practice, გვ. 303;
[8] საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 26 თებერვლის განჩინებაში პირდაპირ მიუთითა კონსტიტუციის მე–9 მუხლიდან გამომდინარე სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპზე, რომელიც რელიგიური დაწესებულების საქმიანობიდან სახელმწიფო ორგანოების ფუნქციონალურ გამიჯვნას გულისხმობს. სასამართლოს შეფასებით, რელიგიური ორგანიზაციის კონფესიური მიზნების განხორციელება ფუნქციონალურად ვერ დაუკავშირდება საჯარო უფლებამოსილებებს, ასეთი დაკავშირება კი დაარღვევს სეკულარიზმის პრინციპს.
[9] წარმოდგენილი ცვლილება: რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად, სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს (მ.8.); არსებული რედაქცია: „სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას, ამასთან ერთად ის აღიარებს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან“ (მ.9);

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“