[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

უფლება საცხოვრებელზე / განცხადება

EMC-იმ სოფელ ვეძათხევის მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები პირების სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ (EMC) ევროპულ სასამართლოში წარდგენილი განაცხადი ეხება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეძათხევში,  მეწყრული საშიშროების მაღალი რისკის ზონაში მცხოვრები სამი ეკომიგრანტი მოსახლის (ორი ოჯახის) სიცოცხლის დაცვის ვალდებულების შეუსრულებლობას სახელმწიფოს მხრიდან. სახელმწიფომ 2015 წელს სწორედ სიცოცხლისთვის არსებული საფრთხის გამო, სოფლიდან გაასახლა  8 ოჯახი, თუმცა, განსახლებაზე უარი უთხრა ნაბისი ზვიადაურის ერთსულიან, ასევე ვეფხვია არდოტელისა და ლია ზვიადაურის ოჯახებს. სოფელში არსებული საშიშროების გამო, ვეფხვია არდოტელის და ლია ზვიადაურის შვილები დროებით ცხოვრობენ ჟინვალში დეიდის სახლში. აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, EMC, როგორც განმცხადებლების წარმომადგენელი, ევროპულ სასამართლოს მიმართავს კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება) და მე-13 (უფლება დაცვის სამართლებრივ მექანიზმებზე) მუხლების დარღვევის დადგენის მოთხოვნით.

2014 წლის 12 დეკემბერს სოფელში მცხოვრები 11 ოჯახის სახელით EMC - იმ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განსახლების საკითხების მარეგულირებელ კომისიასთან სიცოცხლის დაცვის გადაუდებელი აუცილებლობის გამო, განსახლებაზე მოთხოვნის საგამონაკლისო წესით განხილვაზე იშუამდგომლა. აღნიშნული მოთხოვნა კომისიამ, რომელიც ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნებს სხვადასხვა ზოგადი სოციალური საჭიროებიდან გამომდინარე იხილავს, გაიზიარა. მინისტრის ბრძანების შესაბამისად, პრიორიტეტული წესით განხილვა ზოგადი კრიტერიუმების გაუთვალისწინებლად განცხადებების დაჩქარებულად განხილვას გულისხმობდა. 2015 წელს კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება სოფელში მცხოვრები 8 ოჯახის განსახლების შესახებ. თუმცა განსახლებაზე უარი ეთქვათ განმცხადებლებს, იმის მიუხედავად, რომ პრიორიტეტული წესით განხილვის დროს განსახლებაზე უარის ერთადერთი საფუძველი სხვა უძრავ ქონებაზე საკუთრების არსებობა რჩებოდა და განმცხადებლებს ასეთის არარსებობის გამო იმავე გარემოებებში უწევდათ ცხოვრების გაგრძელება. განსახლებაზე უარის გადაწყვეტილებები ემყარებოდა კომისიის არგუმენტაციას, რომ ნაბისი ზვიადაური და მისი შვილი ხვიჩა ზვიადაური ხელოვნურად გახლეჩილ ოჯახს წარმოადგენდა, შესაბამისად ნაბისი ზვიადაურის ოჯახის წევრს ჰქონდა ალტერნატიული საცხოვრებელი, ხოლო ვეფხვია არდოტელისა და ლია ზვიადაურის შემთხვევაში, მათი შვილების მიერ ლია ზვიადაურის დის ბინაში ცხოვრების ფაქტი, გულისხმობდა მათ შეუზღუდავ შესაძლებლობასაც ესარგებლათ ამავე  საცხოვრებლით.

სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, რომლითაც დასტურდებოდა კომისიის მიერ განსახლებაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების უკანონობა და უსაფუძვლობა და ოჯახების მხრიდან სხვა საკუთრების არარსებობის ფაქტი, კომისიამ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საწინააღმდეგოდ, კვლავ ორივე ოჯახის მიმართ განსახლებაზე უარის გადაწყვეტილება მიიღო, ანალოგიური არგუმენტით, რომ განმცხადებლებს შვილის და ნათესავის - დის საკუთრებით შეეძლოთ შეუზღუდავად სარგებლობა.

ამდენად, სახელმწიფომ თავად დაადგინა სიცოცხლისთვის საშიში გარემოებები სოფელში და  შემდგომში სიცოცხლის დაცვის პოზიტიური ვალდებულებების შესრულებისთვის თავად აირჩია სოფლიდან 8 ეკომიგრანტი შინამეურნეობის განსახლების ღონისძიება, როგორც პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა.  თუმცა, ასეთი ვალდებულება დაარღვია სამი მოსახლის მიმართ, რომლებიც ამ დრომდე სიცოცხლისათვის სახიფათო გარემოში, მეწყერსაშიშ ზონაში აგრძელებენ ცხოვრებას.  სოფელ ვეძათხევში მეწყრული პროცესები დაიწყო 1980-იან წლებში. 2006 და 2008 წლებში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში გარემოს დაცვის სამინისტრო) მიერ ჩატარებულმა ოფიციალურმა კვლევებმა დაადასტურეს, რომ სოფელში მცხოვრები ყველა ოჯახის საცხოვრებელი სახლი მეწყრული მოვლენების მაღალი რისკის ზონაში მდებარეობდა და მოსახლეობის სიცოცხლეს უშუალოდ ექმნებოდა საფრთხე. 2008 წლის დასკვნის თანახმად, მეწყერი ხასიათდებოდა გაფართობული გავრცელებით, რთული დინამიკით და ღრმა განლაგებით, აქედან გამომდინარე ინფრასტრუქტურული ღონისძიებებით შეუძლებელი იქნებოდა რისკების თავიდან აცილება. გარემოს დაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, შემდეგ წლებში მეწყრული პროცესების გააქტიურების დინამიკა არ შეცვლილა. სოფელში დამატებით არსებობს მდინარის ადიდების საშიშროება. შედეგად,  2011-2013 წლებში არაერთმა სახელმწიფო უწყებამ, გარემოს დაცვის სამინისტრომ, დუშეთის მუნიციპალიტეტმა, ასევე საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა მთავრობას სოფლის მაცხოვრებლების განსახლების რეკომენდაციით. არსებული გეოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, სოფელი წლის მანძილზე უმეტესად მოწყვეტილია გარემოსამყაროს. სოფელში რთულდება ფეხით გადაადგილება და ვერ ადის მანქანა. მათ შორის, სოფელში წვდომა არ არსებობს ისეთ მნიშვნელოვან სერვისებზე, როგორიცაა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. გეოლოგიური პირობების, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების არარსებობის გამო სოფელში იყო მაცხოვრებლის არაერთი გარდაცვალების შემთხვევაც.

საქმეზე განმცხადებლების წარმომადგენლები ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ რელევანტურ გადაწყვეტილებებზე მიუთითებენსადაც, მათ შორის ბუნებრივი კატასტროფების შემთხვევაში, სიცოცხლის დაცვის სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზეა საუბარი, რაც შესაძლებელია პრევენციულ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებში ან როგორც ეს ამ საქმეზე გახდა აუცილებელი, განსახლებაში გამოიხატოს. ყურადსაღებია ისიც, რომ  ევროპული სასამართლო კონვენციით დაკისრებული  ვალდებულების შესრულების შეფასებისას ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფაქტს ითვალისწინებს. სახელმწიფოს მიერ კონვენციის მე-2, მე-8 და მე-13 მუხლების დარღვევის გარდა, განმცხადებლების წარმომადგენლები საკითხის სენსიტიურობის გამო, ითხოვენ საქმისთვის პრიორიტეტის მინიჭებას და მის დაჩქარებულად განხილვას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“