საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2020 წლის 17 მარტს მიღებულ განჩინებას, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ, განაჩენის აღსრულების გადავადებაზე უარის თქმის შესახებ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. EMC მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
როგორც ცნობილია, EMC-მ 2020 წლის 12 თებერვალს, დეკანოზის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა განაჩენის აღსრულების გადავადება. შუამდგომლობის განხილვის მიზნით, წარდგენილი იქნა რამდენიმე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. ჩატარებულ სასამართლო პროცესებზე მოწმის სახით დაიკითხნენ ექსპერტები, რომელთაც სასამართლოს დაუდასტურეს დეკანოზის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და მის მიმართ განაჩენის აღსრულების გადავადების მექანიზმის გამოყენების საჭიროება. ამის მიუხედავად, 17 მარტს, სასამართლომ უარი თქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და გიორგი მამალაძე სასჯელის მოხდის მიზნით კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დატოვა. სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით ერთმნიშვნელოვნად არ დგინდებოდა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის ფაქტი, რის გამოც უარი თქვა განაჩენის აღსრულების გადავადების მექანიზმის გამოყენებაზე. ამგვარი შეფასების მიუხედავად, სასამართლომ არ უარყო, რომ მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა დაადასტურეს დეკანოზის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და განმარტეს, რომ ზოგადად, ფსიქიატრიაში დამკვიდრებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლის მიხედვით არ ხდება დაავადებების კატეგორიზაცია და ყველა დაავადება, მათ შორის, მამალაძისთვის დასმული დიაგნოზი ითვლება მძიმე დაავადებად. ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლომ არ გაიზიარა პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილი შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ მიერ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც გიორგი მამალაძის ქცევა თითქოსდა ატარებდა დაყენებით (სიმულაციურ) ხასიათს. სასამართლომ მიუთითა, რომ დასკვნა წინააღმდეგობაში იყო ექსპერტიზის სხვა დასკვნებთან და ამ დასკვნით დადგენილი გარემოებები ვერ იქნებოდა უტყუარი.
EMC-ს შეფასებით, სასამართლოს მიერ განჩინებაში მითითებული გარემოებები, კერძოდ, სასამართლოს შეფასება, რომ ექსპერტიზის დასკვნებით ვერ დგინდებოდა მამალაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, არ შეესაბამება რეალობას, რამდენადაც წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნები დეტალურად მიმოიხილავს დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობას, დადგენილ დიაგნოზს, დაავადების განვითარების დინამიკას, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შემდგომი მკურნალობის უპერსპექტივობას და მოსალოდნელ არაკეთილსაიმედო პროგნოზს. ამასთან ერთად, სასამართლო პროცესზე ექსპერტებმა დაადასტურეს მამალაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მკურნალობის გაგრძელების შეუძლებლობა.
წარდგენილ საჩივარში EMC უთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არღვევს კანონის მოთხოვნებს. მნიშვნელოვანია სააპელაციო სასამართლომ ჯეროვნად შეაფასოს საქმის ყველა ფაქტობრივი გარემოება, მისცეს ადეკვატური სამართლებრივი შეფასება და გადაავადოს გიორგი მამალაძის მიმართ დადგენილი განაჩენის აღსრულება.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზი მამალაძე 2019 წლის 22 თებერვლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას. არაერთი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, პენიტენციური სამსახური ვერ უზრუნველყოფს მამალაძის შემთხვევის ადეკვატურ მართვას და ექსპერტთა ჯგუფი გასცემს მკაფიო რეკომენდაციას სასჯელის მომხდის გადავადების აუცილებლობაზე.
რამდენიმე თვის განმავლობაში დეკანოზისთვის არასათანადო მკურნალობა და ამ პროცესში მის მიმართ მოპყრობის სხვა პრობლემური გარემოებები (ჰიგიენის სტანდარტების დაცვა, მხარდაჭერის დროულობა და ა.შ.) გიორგი მამალაძის მიმართ არაჰუმანურ მოპყრობას უტოლდება და საქმის საერთო სამართლებრივი და პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის უფლებები განგრძობითად ირღვევა, ხოლო მართლმსაჯულების სისტემა მისი უფლებების დასაცავად დემონსტრაციულად სუსტი და არაქმედითი აღმოჩნდა. EMC იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო მოახერხებს ამ საქმეზე ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას და დეკანოზის მიმართ არაჰუმანური მოპყრობის პრაქტიკის ეფექტიან აღკვეთას.
ინსტრუქცია