საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს და დეკანოზ გიორგი მამალაძის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასჯელის გადავადებას ითხოვს, მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებამდე.
როგორც ცნობილია, დეკანოზი მამალაძე 2019 წლის 22 თებერვლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას. გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით 2019 წლის 15 თებერვალს გაუარესდა. ის თავდაპირველად ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. სამედიცინო კონსილიუმის მიერ დისოციაციური მოტორული აშლილობა დაუდგინდა, რაც კომპლექსურ თერაპიულ მკურნალობას ითხოვდა. თუმცა, მამალაძე პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით, ღუდუშაურის კლინიკიდან რამდენიმე დღეში მოულოდნელად N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
N18 სამკურნალო დაწესებულებაში დეკანოზის მოთავსებისთანავე EMC მიუთითებდა მის მიმართ გამოვლენილ არასათანადო მოპყრობაზე და ადეკვატური მკურნალობის ჩატარების სირთულეზე, რაც კიდევ უფრო ამძიმებდა მსჯავრდებულის მდგომარეობას და ჯანმრთელობის გაუარესების რისკებს ქმნიდა. სახალხო დამცველი რეკომენდაციაში ასევე უთითებდა, გიორგი მამალაძის სამოქალაქო პროფილის კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობაზე. თუმცა, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა არც ერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა და არ მიიღო სათანადო ზომები მამალაძის მიმართ ადეკვატური მკურნალობისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, მისთვის კვლავ პრობლემას წარმოადგენს ადეკვატური ფსიქოთერაპიის წარმართვა, რამდენადაც იგი 24 საათიანი აუდიო-ვიდეო მონიტორინგის ქვეშ იმყოფება და ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის კონფიდენციალურობის დაცვის არარსებობის პირობებში, შეუძლებელია ფსიქოთერაპიის სერვისის მიღება.
მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაახლოებით სამჯერ შეაფასეს კვალიფიციურმა ექსპერტებმა, ხოლო კიდევ ერთი დამატებითი ექსპერტიზა პენიტენციური სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარდა. დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული სამივე ექსპერტიზის შემთხვევაში დადასტურებულია დეკანოზის დიაგნოზი (დისოციაციური მოტორული აშლილობა) და განსაზღვრულია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებას არ გააჩნია მსგავსი შემთხვევის მართვის შესაძლებლობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2019 წლის დეკემბერში დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ წამებისა და სასტიკი მოპყრობის მიმართ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების სახელმძღვანელო პრინციპებზე დაყრდნობით მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, მათ შორის, პარალიზებულ კიდურებზე ციანოზური ელფერი და ატროფიის ნიშნები აღინიშნება და საჭირო მკურნალობის მიუღებლობის შემთხვევაში, ინვალიდიზაციის სერიოზული რისკი არსებობს. დასკვნის მიხედვით, პენიტენციური სამსახური ვერ უზრუნველყოფს მამალაძის შემთხვევის ადეკვატურ მართვას და ექსპერტთა ჯგუფი გასცემს მკაფიო რეკომენდაციას სასჯელის მომხდის გადავადების აუცილებლობაზე. აქვე აღნიშნულია, რომ კატეგორიულად გამორიცხულია მამალაძის მხრიდან ადგილი ჰქონდეს სიმულაციას, როგორც მითითებულია პენიტენციური სამსახურის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნაში და მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება მსჯავრდებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას დამატებით ზიანს აყენებს.
ექსპერტიზის დასკვნებში პირდაპირ არის მითითებული, რომ სწორედ საპატიმრო პირობები გახდა მამალაძის ტრავმის მასტიმულირებელი. მან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის დროს განიცადა პოლიტრამვა, რომელიც ვერ იქნა დროულად ამოცნობილი ადმინისტრაციის მიერ და საბოლოოდ გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება. დეკანოზის დაკავების, მისი სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების პროცესი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების სტანდარტების უხეში დარღვევისა და კლერიკალური და პოლიტიკური აქტორებისგან საინფორმაციო ზეწოლისა და შევიწროების ფონზე მიმდინარეობდა, მას უმძიმეს ემოციურ მდგომარეობაში აყენებდა და დაუცველობის ღრმა განცდას უჩენდა. შესაბამისად, სასჯელის გადავადების შესახებ შუამდგოლომაში EMC ასაბუთებთს სტრესისგან თავისუფალ, უსაფრთხო გარემოში დეკანოზის გადაყავანის მნიშვნელობას მისი მკურნალობისთვის, რაც ფსიქოსომატური დაავადების მიზეზის შეცვლისა და მისთვის ადეკვატური და კომპლექსური მკურნალობის მიღების შესაძლებლობას შექმნის.
ცხადია, რომ N18 სამკურნალო დაწესებულებაში არსებული პირობებისა და მკურნალობის პროცესის ამ ფორმით შენარჩუნება დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობას არსებითად დაამძიმებს და მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკას კიდევ უფრო გაამყარებს.
დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, EMC საჭიროდ მიიჩნევს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი 283-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მოხდის გადავადების მექანიზმის გამოყენებას, რაც გულისხმობს, რომ გიორგი მამალაძეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ, უსაფრთხო, მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიტაროს ადეკვატური მკურნალობა და მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში დაბრუნდეს სასჯელის მოხდის ადგილზე. ეს პროცედურა მსჯავრდებული პირების მიმართ ჰუმანური მოპყრობისა და ზიანის შემცირებაზე მიმართული მექანიზმია და სასამართლოს პატიმრობში მყობი პირების მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შემსუბუქების საშუალებას აძლევს.
EMC მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით და იმედოვნებს, რომ სასამართლო შეისწავლის და გაიაზრებს საქმის ფაქტობრივ და ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილ გარემოებებს და გიორგი მამალაძის მიმართ განაჩენის აღსრულებას ჯანმრთლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე გადაავადებს.
ინსტრუქცია