[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

EMC ეხმიანება ახალგაზრდებს შორის ბოლო დღეებში მომხდარ დაპირისპირებებს


ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება ბოლო პერიოდში ახალგაზრდებს შორის მომხდარ ძალადობრივ კონფლიქტებს და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიწყოს სისტემური მუშაობა განათლების და დანაშაულის პრევენციის მიმართულებით, რომლის მიზანიც იქნება ძალადობრივი კულტურისა და ახალგაზრდებში კრიმინალური მენტალიტეტის გავრცელების პრევენცია.

EMC იზიარებს ბოლო პერიოდში ძალადობრივი კონფლიქტების შედეგად დაღუპული ახალგაზრდების ოჯახებისა და ახლობლების მწუხარებას. ორგანიზაცია ასევე გამოთქვამს იმედს, რომ თითოეულ ასეთ შემთხვევას სამართალდამცავი უწყებები გამოიძიებენ დროულად, ეფექტიანად და გამჭვირვალედ, რათა გამოძიების მიმართ არ დარჩეს შეკითხვები.

19 ივნისს დაკარგული გიორგი შაქარაშვილის საქმემ და მასზე 17 პირის დაკავებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, თუ რამდენად მძიმე პრობლემას წარმოადგენს ძალადობრივი კულტურა მოზარდებში. სამწუხაროდ, ამ საქმის პარალელურად, 28 ივნისს ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი მოხდა სოფელ ჩუმლაყშიც (გურჯაანის რაიონი), რომლის შედეგად ერთი ახალგაზრდა დაიღუპა, ხოლო ერთი - მძიმედ დაიჭრა. 30 ივნისს კი კიდევ ერთი კონფლიქტი მოხდა თბილისში, რომელშიც ახალგაზრდა კაცმა ურთიერთშელაპარაკებისას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მსხვერპლს და მისი მკვლელობა სცადა.

მოკლე პერიოდში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევები აჩვენებს, რომ ინდივიდუალური ძალადობრივი ფაქტების მიღმა, ფუნდამენტურ გამოწვევას წარმოადგენს ის ზოგადი გარემო, რომელშიც მოზარდებს უწევთ თანაცხოვრება და განვითარება. ეს შემთხვევები კიდევ ერთხელ გვახსენებს ხორავას ქუჩის საქმეს, რომელმაც სამართალდამცავი ორგანოების სისტემურ ჩავარდნებთან ერთად, ასევე გამოავლინა განათლების სისტემის და სკოლის არაეფექტურობა, მოზარდებში შეემცირებინა კრიმინალური და ძალადობრივი მენტალიტეტი. სამწუხაროდ, ხორავას ქუჩის შემთხვევიდან 30 თვის გასვლის შემდეგაც არ ვიცით, რა ნაბიჯები გადაიდგა განათლების სფეროში ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის მიმართულებით.

ძალადობისა და აგრესიის პრობლემაზე სახელმწიფოს მუშაობის მთავარი ღერძი კვლავაც სამართალდამცავი სისტემაა, რომელიც მკაცრი ხელისა და მკაცრი კანონის რიტორიკას ეფუძნება, თუმცა ეს მიდგომა მთლიანად უგულებელყოფს ამ პრობლემის სოციალურ და კულტურულ განზომილებას. დღემდე, სახელმწიფოს არ გააჩნია ხედვა, როგორ გახადოს სასკოლო სივრცე უფრო ინკლუზიური და სოლიდარული, როგორ უზრუნველყოს მოზარდებისთვის არაფორმალური განათლებისა თუ კულტურული სივრცეების ხელმისაწვდომობა და როგორ აამაღლოს სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ მათი ნდობა. ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, სახელმწიფო მხოლოდ კამპანიურ მეთოდებს იყენებს, სადაც წამყვან როლში ისევ პოლიცია გვევლინება, რომელიც ერთჯერადი სასკოლო გაკვეთილებისა თუ გამწვანების აქციების ფარგლებში ცდილობს მოზარდების ნდობის მოპოვებას.

პრობლემას ამძაფრებს ისიც, რომ ჩვენს საჯარო სივრცეში მსგავს ტრაგიკულ შემთხვევებზე მომზადებულ მედიაპროდუქტს, როგორც წესი, ხშირად გასდევს სენსაციურობისა და ექსკლუზიურობის ელფერი, რა დროსაც უგულებელყოფილია კონფლიქტში მონაწილე მოზარდებისა თუ მათი ახლობლების ინტერესები და კეთილდღეობა. პასუხისმგებლობიანი მედიასაშუალებების დეფიციტურობის ფონზე, აღნიშნულ საკითხებზე საფუძვლიანი და სისტემური მსჯელობისთვის ასევე იშვიათად რჩება საკმარისი სივრცე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, EMC მოუწოდებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • ამ საქმეებზე აწარმოოს ეფექტიანი და ობიექტური გამოძიება და უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე იმ დათქმით, რომ დამატებითი ზიანი არ მიადგება დაზარალებულების ოჯახის წევრებისა და ამ საქმეებში მონაწილე პირების ინტერესებს;
  • დანაშაულის პრევენციის მექანიზმები და პოლიტიკა, სადაც მთავარი აქცენტი გაკეთდება არა მკაცრ სასჯელზე, არამედ მოქალაქესა და პოლიციელს შორის ნდობასა და თანამშრომლობაზე;

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს:

  • შეიმუშავოს სასკოლო და საგანმანათლებლო სფეროებში ძალადობის გავრცელების წინააღმდეგ სისტემური ხედვა;
  • უზრუნველყოს მოზარდებისთვის უსაფრთხო, თანასწორობასა და ინკლუზიურობაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო და კულტურული სივრცეების ხელმისაწვდომობა;

საქართველოს მთავრობას და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს:

  • უზრუნველყონ მოზარდებისა და ახალგაზრდების განვითარებასა და მათი ინტერესების რეალიზებაზე ორიენტირებული პოლიტიკის შემუშავება და შესაბამისი სერვისებისა და პროგრამების დანერგვა, როგორც ცენტრალურ, ასევე მუნიციპალურ დონეზე.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“