[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

EMC: დამსაქმებლების მიერ "სიცრუის დეტექტორის" გამოყენება ადამიანის უფლებების დარღვევაა

ფოტო: რადიო თავისუფლება

 

EMC ეხმიანება  რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში კერძო კომპანიების მიერ მოქმედი თანამშრომლების/სამსახურის მაძიებლების შესამოწმებლად „სიცრუის დეტექტორის“ გამოყენების შესახებდა მიიჩნევს, რომ ამგვარი პრაქტიკა უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლით განმტკიცებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.

„რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კერძო კომპანიებსა მათი მოქმედი თუ მომავალი დასაქმებულების შესამოწმებლად პოლიგრაფიულ მომსახურებას შპს „სიცრუის დეტექციის ცენტრი” სთავაზობს, რომელიც წელიწადში დაახლოებით 400 ადამიანს ამოწმებს. იმავე წყაროს ცნობით, ცენტრის მომსახურებით ძირითადად სარგებლობენ სადისტრიბუციო კომპანიები, ქოლ-ცენტრები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ასევე, ერთ-ერთი ცნობილი სუპერმარკეტების ქსელი.

კერძო კომპანიების მიერ დასაქმებულების პოლიგრაფით („სიცრუის დეტექტორი“) ტესტირება, ქმნის ღირსების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის რისკებს. ასევე, შესაძლოა ამგვარმა პრაქტიკამ დაარღვიოს დასაქმებულის უფლება, დაცული იყოს დიკსრიმინაციისგან.

მიგვაჩნია, რომ დამსაქმებლების მიერ „სიცრუის დეტექტორის“ გამოყენების შეფასებისას არგუმენტად ვერ გამოდგება  დასაქმებულის თანხმობის არსებობა. უმრავლეს შემთხვევებში, საეჭვოა,  რამდენად წარმოადგენს  თანხმობა დასაქმებულის თავისუფალი ნების გამოვლენას, იმ ფონზე, რომდასაქმებული და დამსაქმებელი თანაბარ პირობებში არ იმყოფებიან და ძალაუფლების ასიმეტრიული გადანაწილება მნიშვნელოვანი ფაქტორია ნების თავისუფლების შეფასებისას. იმის გათვალისწინებით, რომ უარის შემთხვევაში დამსაქმებელს შესაძლოა, ეჭვები გაუჩნდეს პირის სანდოობასთან დაკავშირებით, სავარაუდოა, რომ ასეთ დროს დასაქმებულები  მტრული მოპყრობის და შევიწროების მსხვერპლი აღმოჩნდნენ. ამგვარ ვითარებაში გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეკონომიკური იძულების გამო, დასაქმებულს ხშირად სხვა რეალისტური არჩევანი არ გააჩნია, გარდა დამსაქმებლის მსგავს შეთავაზებაზე დათანხმებისა.[1] სწორედ ამიტომ, დასაქმებულის თანხმობა ავტომატურად  ვერ მიიჩნევა, როგორც მისი ნებაყოფლობითი თანხმობა.

ქართული კანონმდებლობა არ იცნობს „სიცრუის დეტექტორით“ გამოცდას და პოლიგრაფის გზით მოპოვებული მტკიცებულება სისხლის სამართლის პროცესში დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნევა. სიცრუის დეტექტორის დასკვნს ვერ ექნება იურიდიული ძალა და მის საფუძველზე დამსაქმებელი ვერ გაათავისუფლებს დასაქმებულს სამსახურიდან. თუმცა, იმ ფონზე, როდესაც დამსაქმებლები მზად არიან, პოლიგრაფით ტესტირების მომსახურების საფასური გადაიხადონ, სავარაუდოა, რომ ტესტირებას გარკეეული შედეგები მოჰყვება და, თუნდაც, პოლიგრაფის დასკვნა ფორმალურ საფუძვლად არ იყოს გამოყენებული, დამსაქმებელი შეეცდება შექმნას დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების სხვა საფუძვლები, რაც დასაქმებულისთვის მტრული გარემოს შექმნის საფრთხეს აჩენს.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ შემუშავებული მშრომელთა პერსონალური მონაცემების დაცვის კოდექსი ცალსახად მიუთითებს, რომ პოლიგრაფები ან სხვა მსგავსი გამოსაცდელი პროცედურადამსაქმებელმა არ უნდა გამოიყენოს .[2] აღსანიშნავია, რომ პოლიგრაფით ტესტირებისას გამოიყენება სხვადასხვა ტიპის (რელევანტური, არარელევანტური და საკონტროლო)  შეკითხვა. შესაბამისად, ტესტირების პროცესში დასაქმებულს შეიძლება დაუსვან ისეთი შეკითხვები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვს გამოსაკვლევ შემთხვევასთან.[3] მაშინ, როდესაც საქართველოში არ არსებობს პოლიგრაფით ტესტირების მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩო და  პროცესი ყოველგვარი კონტროლის გარეშე მიმდინარეობს, დამსაქმებელების მიერ „სიცრუის დეტექტორის“ გამოყენება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში არაპროპორციულ ჩარევად  და პერსონალური მონაცემების გაუმართლებელ დამუშავებად უნდა შეფასდეს.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ არსებობს დამსაქმებლების მიერ პოლიგრაფის ბოროტად გამოყენების საფრთხე. არსებობს რისკი, რომ „სიცრუის დეტექტორი“ დამსაქმებელმა  იმგვარად გამოიყენოს, რომ სამუშაო ადგილზე დისკრიმინაცია წახალისდეს. მაგალითისთვის, ცნობილია შემთხვევები, როდესაც რუსეთში მასწავლებლების პოლიგრაფით ტესტირებისას შეკითხვები შეეხებოდა მათ სექსუალურ ორიენტაციას.[4] ამასთან, კონკრეტულ შემთხვევებზე დაყრდნობით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) მიუთითებს, რომ დასაქმების ადგილას „სიცრუის დეტექტორის“ გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს დისკრიმინაცია პროფესიული გაერთიანებების წევრობის ნიშნითაც.[5]

ამდენად, EMC-ის მიაჩნია, რომ დამსაქმებლების მიერ პოლიგრაფის გამოყენება უხეშად არღვევს მშრომელთა უფლებებს და, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციო-ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით, წარმოადგენს მშრომელთა დაშინების და დამცირების კიდევ ერთ მექანიზმს დამსაქმებლების ხელში.

შესაბამისად, EMC მოუწოდებს:

საქართველოს სახალხო დამცველს:

უზრუნველყოს „სიცრუის დეტექტორის“ გამოყენების პრაქტიკის კანონიერების შესწავლა;

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს:

დაინტერესდეს მშრომელების „სიცრუის დეტექტორით“ შემოწმების პრაქტიკით და უზრუნველყოს შრომითი უფლებების სავარაუდო დარღვევების გამოვლენა გაფართოებული მანდატის ამოქმედების შემდეგ, 2021 წლის 1 იანვრიდან;

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] იხილეთ, მაგალითად, Polsky v. Radio Shack, 666 F.2d 824 (3d Cir. 1981), ხელმისაწვდომია: https://bit.ly/34rqp24. აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჯერ კიდევ 1988 წელს მიღებული „დასაქმებულთა დაცვის აქტით“ აკრძალა პოლიგრაფით ტესტირების გამოყენება დამსაქმებლების მიერ კერძო შრომით ურთიერთობებში; იხილეთ: https://bit.ly/31I6N8g.

[2] ILO Code on Protection of Workers' Personal Data, მუხლი 6.10, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2TrWcJY.

[3] „რადიო თავისუფლების“ სტატიაში ნათქვამია: „დამსაქმებელს ასევე შეუძლია სამსახურის მაძიებელს დაუსვას კითხვები მაგალითად, იმის შესახებ, ხომ არ მოიხმარს ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ საშუალებებს.“ იხილეთ: https://bit.ly/31I6N8g.

[4] Nikolay Viktorovich BAYEV and two other applicants v. Russia (Application Nos: 67667/09, 44092/12, 56717/12) Written Submissions by “Coming Out”, the Russian LGBT Network and ILGA-Europe, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3oleB9A.

[5] Compilation of decisions of the Committee on Freedom of Association, ILO, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3jsph2z; ასევე, იხილეთ: https://bit.ly/31IU05l.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“