[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

EMC და TDI სახელმწიფოს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ აღკვეთოს “თანდოიანცის” ისტორიული სომხური ეკლესიის უკანონო დაზიანების ფაქტები

ქალაქ თბილისში, აღმაშენებლის #38-ში მდებარე სომხურ ისტორიულ  ეკლესიაზე, რომელიც სახელმწიფომ 2017 წლის 28 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენის გარეშე დაურეგისტრირა საკუთრებაში, დღეს უკანონო ფიზიკური ზემოქმედება მიმდინარეობს, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობას. ის ასევე საფრთხეს უქმნის მისი ისტორიული, კონფესიური და არქიტექტურული მახასიათებლების შენარჩუნებას.

2018 წლის 26 მარტს გადაღებული ფოტოები ცხადყოფს, რომ ძეგლის ის მდგომარეობა, რომელიც მისი საპატრიარქოსათვის გადაცემისას იყო, შეცვლილია და იგი არსებითად დაზიანებულია. კერძოდ, ჩამოშლილია ფრონტონი (შენობის ფასადის ნაწილი), მოსწორებულია ეკლესიის კედლები რომელიც ადრე, ბუნებრივი ცვეთის პირობებში, უსწორმასწორო იყო.

ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთის ფასადი 2018 წლის 30 იანვრისა და 26 მარტის მდგომარეობით.

ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთის ფასადი 2018 წლის 30 იანვრის და 26 მარტის მდგომარეობით.

ის ფაქტი, რომ აღნიშნული დაზიანება არ წარმოადგენს შემთხვევითობას და საქართველოს საპატრიარქო ეკლესიაზე აქტიურ ფიზიკურ ზემოქედებას განზრახ ახორციელებს, დასტურდება საპატრიარქოს მიერ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში წარდგენილი ეკლესიის რესტავრაცია-რეკონსტრუქციის ესკიზური პროექტით. პროექტის თანახმად დაგეგმილია ძეგლის იერსახის არსებითი ცვლილება, მათ შორის  დარბაზული ტიპის ეკლესიის ერთნავიანი გადახურვის სამნავიან ბაზილიკად გადაკეთება.

სურ 1. ეკლესიის ერთნავიანი გადახურვის ამსახველი ფოტო.

სურ. 2. საპატრიარქოს მიერ მომზადებული პროექტით დაგეგმილი ეკლესიის ფასადი.

აღსანიშნავია, რომ სწორედ სააგენტოში წარდგენილი ესკიზური პროექტის თანახმად, ეკლესიის სამნავიანი გადახურვის მიზნით, იგეგმებოდა არსებული ფრონტონის მოხსნა, რაც ადასუტრებს იმ გარემოებას, რომ საპატრიარქო, სწორედ ახალი ეკლესიის მშენებლობის მიზნით ახორციელებს ძეგლის დაზიანებას და მისი იერსახის ცვლილებას.

 

სურ. 3. 2017 წლის ნოემბერში ეკლესიის არსებული ფრონტონის ამსახველი ანაზომი-დასავლეთის ფასადი.

სურ. 4. საპატრიარქოს მიერ დაგეგმილი მშენებლობის ესკიზი-დასავლეთის ფასადი.

ახალი ეკლესიის მშენებლობის მიზნით საპატრიარქოს ინტერსიურ მზადებას ადასტურებს  ნარიყალას ციხიდან უნებართვოდ გამოთხრილი ე.წ ქართული ქვები, რომლებიც სწორედ თანდოიანცის ეკლესიის ეზოში მოათავსეს, სავარაუდოდ ეკლესიის მშენებლობისთვის.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად[1], საქართველოს საპატრიარქოს არ გააჩნია ძეგლზე არცერთი სახის სამშენებლო სამუშაოების წარმოების ნებართვა. მის სახელზე გაცემულია მხოლოდ კვლევითი სამუშაოების ნებართვა, რომლის განხორციელების უფლება, 2017 წლის 13 დეკემბრიდან 2018 წლის 30 მარტამდე აქვს. აღსანიშნავია, რომ  სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიას სადავოდ აქვს გამხდარი კვლევითი სამუშაოების ნებართვის კანონიერება, რადგანაც სააგენტომ ის კანონით გათვალისწინებული საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე გასცა.

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კვლევითი სამუშაოები სამეცნიერო-საძიებო და პრაქტიკული სახისაა. მათი მიზანია ძეგლთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება, მისი მდგომარეობის, დაზიანებებისა და მათი გამომწვევი მიზეზების დადგენა, ასევე სარეაბილიტაციო ღონისძიებათა შესახებ რეკომენდაციების შემუშავება. თუმცა, აღნიშნული ნებართვის ფარგლებშიც საპატრიარქო გასცდა კვლევითი სამუშაოების ფარგლებს და მიზნებს. ის ამ დრომდე ისტორიულ ძეგლზე გაწმენდით, არქეოლოგიურ და დემონტაჟის სამუშაოებს აწარმოებს, რაც უკანონოა. მეტიც, აღნიშნული საქმიანობა შეიცავს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2592 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან საქართველოს კანონმდებლობით დაცული სხვა კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანება ან განადგურება[2]) ნიშნებს. შესაბამისად, არსებითად მნივნელოვანია, რომ სახელმწიფომ დაუყოვნებლივ შეაჩეროს კულტურულ ძეგლზე უკანონო და თვითნებური ზემოქმედებისა და ნგრევის მიმდინარე პროცესი.

თანდოიანცის ეკლესიის საქმეზე, სახელმწიფოს მიერ ისტორიული სომხური ეკლესიის საპატრიარქოსთვის უკანონო გადაცემის გადაწყვეტილება, ისევე როგორც, შემდგომ ეტაპზე ძეგლის იერსახის და ავთენტურობის წაშლის ეს პროცესი, წინააღმდეგობაში მოდის ქალაქში კულტურული მრავალფეროვნებისა და მისი ავთენტური კულტურული თუ სოციალური გარემოს დაცვის ინტერესებთან. პროცესი ამავდროულად, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომეხი თემის კოლექტიური მეხსიერების წაშლის და ისტორიის რეპრესირების მცდელობაა. ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ისტორიული ძეგლების დაუცველობის, განადგურების და დომინანტი რელიგიური ორგანიზაციისთვის გადაცემის შექმნილი პრაქტიკა, ინსტიტუციონალიზებული ქსენოფობიის გამოვლინებაა და წინააღმდეგობაში მოდის მთავრობის მიერ დეკლარირებულ ანტიდისკრიმინაციულ და სამოქალაქო თანასწორობაზე დაფუძნებული ინტეგრაციის პოლიტიკასთან.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით მოვუწოდებთ:

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს

  • დაუყოვნებლივ მიიღონ შესაბამისი ზომები და აღკვეთონ თბილისში, აღმაშენებლის #38-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ეკლესიაზე მიმდინარე უკანონო ფიზიკური ზემოქმედება;
  • საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის გათვალისწინებით, უზრუნველყონ პრობლემასთან დაკავშირებით საზოგადოების პროაქტიული ინფორმირება ეკლესიაზე მიმდინარე ფიზიკური ზემოქმედების ფაქტებზე მათ მიერ განხორციელებული შეფასებებისა და საქმიანობების შესახებ;

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ  

  • სისხლის სამართლის კოდექსის 2592 მუხლის საფუძველზე, უზრუნველყოს კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანების ფაქტზე დროული და ეფექტიანი გამოძიება, მათ შორის, ქმედების შესაძლო დისკრიმინაციული მოტივის იდენტიფიცირება და გამოვლენილი სამართალდარღვევის დროული პრევენცია.

 

 

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2018 წლის 23 მარტის N09/909 წერილი

[2] კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის მე-3 მუხლის „წ“ ქვეპუნქტის თანახმად, ძეგლის დაზიანება წარმოადგენს ძეგლის ან მისი ნაწილის იმგვარ სახეცვლილებას, რომელიც აუარესებს ძეგლის მდგომარეობას ან აღქმას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“