[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

EMC ბოლნისსა და მარნეულში პოლიციას თემზე და ადამიანის უფლებებზე ორიენტირენული მუშაობის გაძლიერებისკენ მოუწოდებს

ფოტო: kvira.ge

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმაურება მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეთა დაჯარიმების პროცესში გამოვლენილ სავარაუდო თვითნებობის ფაქტებს და მოუწოდებს პოლიციას თემზე და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები მიიღოს. 

COVID 19 ვირუსის გავრცელების მაღალი რისკებისა და მისი სათანადო პრევენციის მიზნით, 2020 წლის 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 23 მარტს კი საქართველოს მთავრობამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო რეჟიმი დაადგინა და ეს რეგიონები დანარჩენი რეგიონებისგან მკაცრად იზოლირდა. ოფიციალური ინფორმაციით, გასული დღეების მანძილზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის საფუძვლით ასეულობით მოქალაქე ადმინისტრაციული წესით დააჯარიმეს. დაჯარიმების შემთხვევები გამოვლინდა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში. თუმცა, ადგილობრივები ჩვენ მიერ ჩაწერილ ახსნა-განმარტებებში და ასევე, მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში უთითებენ, რომ ცალკეულ შემთხვევებში მათი დაჯარიმება მოხდა უსაფუძვლოდ და თვითნებურად. მათი განმარტებით, ცალკეულ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლებისთვის აღქმადი უნდა ყოფილიყო, რომ ისინი არ არღვევდნენ საკარანტინო ღონისძიებებს, ქუჩაში მხოლოდ საკვები პროდუქტის შეძენის მიზნით გადაადგილდებოდნენ და 10 კაცზე მეტნიც არ იყვნენ საჯარო სივრცეში, თუმცა, პოლიციის თანამშრომლებმა ეს გარემოება არ გაითვალისწინეს და მოქალაქეები დაუყოვნებლივ დააჯარიმეს. ზოგიერთ შემთვევაში დაფიქსირდა არაეთიკური ენის გამოყენების ფაქტებიც.  

მაგალითად, სოფელ შულავერის მაცხოვრებელი მ. ნ.-ს განმარტებით, მას საგანგებო მდგომარეობა არ დაურღვევია და სოფელში არსებულ მაღაზიასთან პროდუქტის შეძენის მიზნით იმყოფებოდა, რა დროსაც ის პოლიციამ 3000 ლარით დააჯარიმა. მ.ნ.-ს განმარტებით, იგი მოხუც დედასთან და მცირეწლოვან ძმისშვილთან ერთად ცხოვრობს. დედამისი ქრონიკული დაავადებით არის დაავადებული და 28 მარტს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა, ხოლო შემდგომ ოჯახის წევრებისთვის საჭმელი მოამზადა და პურის შეძენის მიზნით, მაღაზიაში წავიდა. მისი თქმით, მაღაზიასთან მისულმა ნახა, რომ მაღაზიის მეპატრონე ადგილზე არ იყო და მეპატრონის მოსვლამდე მაღაზიასთან გაჩერდა, სადაც აგრეთვე იმყოფებოდა მისი ორი თანასოფლელი, ასევე პროდუქტის შეძენის მიზნით.  მ.ნ.-ს თქმით, ადგილზე პოლიციის ოთხი თანამშრომელი მივიდა და მას პოლიციის განყოფილებაში გაყოლა მოსთხოვა. მ. ნ.-ს განმარტებით, პოლიციის თანამშრომლებმა არ გაითვალისწინეს მისი მითითება, რომ მაღაზიაში პურის საყიდლად იყო გამოსული და სახლში ავადმყოფი დედა და მცირეწლოვანი ძმისშვილი ელოდებოდნენ. მისი თქმით, პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა აღნიშნულ განმარტებაზე უთხრა "ფეხებზე მკიდია რისი ყიდვა გინდოდა, არ მაინტერესებს, შენმა ოჯახის წევრებმა ქვა შეჭამონო" და შეაგინა. სოფელ შულავერის პოლიციის განყოფილებაში მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო 3000 ლარით დააჯარიმეს. დააჯარიმეს მისი ორი თანასოფლელიც.  მ.ნ.-ს განმარტებით, მან პოლიციის თანამშრომლებს უთხრა, რომ ქართულად წერა-კითხვა არ იცოდა, ამიტომ შედგენილი ოქმის გაცნობას ვერ შეძლებდა, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა ოქმის თარგმნა მისთვის გასაგებ ენაზე არ უზრუნველყვეს.[1]

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო რეჟიმის გამოცხადების შემდეგ ადგილობრივები სოფლებში შექმნილ მძიმე სოციალურ პრობლემებზე საუბრობენ. ამ მუნიციპალიტეტებში ისედაც სუსტია სოციალური ინფრასტრუქტურა, სერვისები და რესურსები, თუმცა, შექმნილ ვითარებაში, როცა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გამო ოჯახების დიდი ნაწილი ვეღარ ახერხებს მუშაობას და იმ მინიმალური დღიური შემოსავლების მიღებას, რომელიც მათ მანამდე ჰქონდათ, ადგილობრივების სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამასთან, მოქალაქეები განმარტავენ, რომ კარანტინის დაწესების შემდგომ სოფლებში ზოგიერთ პროდუქტზე ფასი გაიზარდა, რის გამოც მათ შეძენას ვერ ახერხებენ. ამ დრომდე სახელმწიფოს არც ამ მუნიციპალიტეტებში, და არც მთლიანობაში ქვეყანაში, არ ატარებს დასაქმების და საარსებო მინიმუმის გარეშე დარჩენილი ოჯახების სოციალური მხარდაჭერის სპეციალურ პოლიტიკას. ამგვარი პოლიტიკა არ აქვთ არც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. მათი სოციალური მხარდაჭერის პროგრამები ფრაგმენტულია და შეზღუდულია ბენეფიციარების წრით.

მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, სადაც მათ შორის, პრობლემურია სახელმწიფო უწყებების სათანადო კომუნიკაცია და საკარანტიო რეჟიმის წესებისა და პირობების შესახებ ინფორმაციის ადგილობრივ თემებამდე მათთვის გასაგები ენაზე მიტანა, სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ რეპრესიული მიდგომების გამოყენება და ზოგიერთ შემთხვევაში სავარაუდო თვითნებური მოპყრობა, წინააღმდეგობაში მოდის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან.    

ამ კუთხით, მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააძლიეროს დაწესებული კარანტინისა და მოქალაქეების ვალდებულებების შესახებ მოქალაქეთა სათანადო ინფორმირება მათთვის გასაგებ ენაზე, ასევე, კარანტინის პირობების დაცვის დროს გამოიჩინოს მაღალი სოციალური მგრძნობელობა და ინტერესი ადგილობრივი მწვავე სოციალური საჭიროებების მიმართ. არსებითია ამ პირობებში პოლიციას ესმოდეს თემთან ნდობაზე და კონტექსტზე დაფუძნებული მიდგომების მნიშვნელობა და ისედაც მძიმე და იზოლირებული სოციალური გარემო რეპრესიული მიდგომებით კიდევ უფრო არ დაამძიმოს.  

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს

საქართველოს მთავრობას, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მერიას

  • გაითვალისწინონ საგანგებო მდგომარეობის გამო დასაქმების და ყოველდღიური შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახებისა და მოქალაქეების სოციალური და ჰუმანიტარული საჭიროებები და უზრუნველყონ მათი სოციალური მხარდაჭერის სამართლიანი და მდგრადი პროგრამები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

  • საგანგებო მდგომარეობის პირობებში მისი საქმიანობა კანონის უზენაესობის მოთხოვნასთან ერთად, თემის სოციალური ინტერესების, კონტექსტის და ნდობის ფაქტორებს დააფუძნოს; 
  • შეისწავლოს პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან გადაცდომის შემთხვევები და უზრუნველყოს სათანადო სამართლებრივი რეაგირება;
  • უზრუნველყოს პოლიციის თანამშრომელთა მიერ არაეთიკური ქცევის და სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევების პრევენცია და ამ კუთხით პროაქტიული ნაბიჯები გადადგას;
  • უზრუნველყოს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის მათთვის გასაგებ ენებზე კარგად ორგანიზებული ინფორმირება გასატარებელი საკარანტინო ზომებისა და მოსალოდნელი სანქციების შესახებ.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] აღნიშნული შემთვევის შესახებ EMC დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის შინაგან საქმეთა სამინისტროს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“