საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
EMC ეხმაურება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ, 10 ნოემბერს, მედიისათვის გაკეთებულ სატელევიზიო კომენტარს, რომელიც მოიცავდა არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე კრიტიკას და პირდაპირ ეხებოდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს, ეკა გიგაურს.
მივიჩნევთ, რომ ბიძინა ივანიშვილისა და სახელისუფლებო პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების მხრიდან სამოქალაქო სექტორის მიმართ გამოხატული დაუსაბუთებელი კრიტიკა და მათი მარგინალიზაციის მცდელობა განგრძობად ხასიათს ატარებს და ცალსახად ნეგატიურად უნდა შეფასდეს.
მნიშველოვანია, ხელისუფლებამ გაიაზროს, რომ სამოქალაქო სექტორის საქმიანობა გულისხმობს, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში აქტიურ მონაწილეობასა და ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე დაფუძნებული ხედვებით ხელისუფლებისა და სხვა ძალაუფლებრივი აქტორების კრიტიკას, რაც პლურალური დემოკრატიის პირობაა. თუმცა, ხელისუფლებისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობა პოლიტიკაში პარტიული პოლიტიკის გატარებასთან იგივდება, რაც კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოების და პოლიტიკური სივრცის პოლარიზებას და ანტაგონიზმს. პოლარიზებული გარემო ზღუდავს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესების კრიტიკული და მრავალმხრივი გააზრების შესაძლებლობას და ართულებს ამგვარ პოზიციონირებას.
ამასთან, მსგავსი კრიტიკა საზოგადოებაში შეიძლება აღიქმებოდეს არა მხოლოდ იმ აქტორებზე თავდასხმად, რომლებიც ცდილობენ დაიცვან სამართლებრივი სახელმწიფოსა და ადამიანის უფლებების იდეა, არამედ თავად ამ ღირებულებების დაკნინების მცდელობად, რომელიც განსაკუთრებით პრობლემურია ევროინტეგრაციის მიმდინარე პროცესის ფონზე.
თავის მხრივ, სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციის სურვილი ხელისუფლების მხრიდან, აჩენს მის მიერ პოლიტიკური პროცესების ჩაკეტვის, თვითიზოლაციისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების ბოჭვისა და კონტროლის შესუსტების რისკებს, რამაც შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მიმდინარე რეფორმებისა და საჯარო პოლიტიკის დემოკრატიულობისა და ლეგიტიმურობის საკითხი.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ყოფილ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს:
- უზრუნველყონ საჯარო პოლიტიკის დემოკრატიულ და პლურალურ ნორმატიულ ჩარჩოში წარმართვა და დააზღვიონ ხელისუფლების მიერ პოლიტიკური პროცესებისა და მიმდინარე რეფორმების დახურვის რისკები;- ადეკვატურად გაიაზრონ სამოქალაქო სექტორის როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში და საკუთარ საჯარო გამოსვლებში მოახდინონ დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობის დემონსტრირება;- ხელი შეუწყონ ისედაც პოლარიზებული სივრცის განმუხტვას და სხვადასხვა ჯგუფისა და აქტორის საქმიანობისათვის თავისუფალი საჯარო სივრცის შექმნას.
ინსტრუქცია