[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

EMC ბაკურიანში მშენებლობაზე დასაქმებული პირის დაღუპვას ეხმიანება

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) შემაშფოთებლად მიიჩნევს 2019 წლის 16 აგვისტოს ბაკურიანში სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული 56 წლის მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

მიუხედავად გატარებული საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური რეფორმებისა, სახელმწიფო დღემდე ვერ ახერხებს სამუშაო ადგილებზე ეფექტური შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვას და ჯანმრთელობის დაზიანებისა თუ სიცოცხლის მოსპობის შემთხვევების პრევენციას.

ერთი მხრივ, მისასალმებელია სამშენებლო უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის ზედამხედველობის მიზნით ინტეგრირებული მონიტორინგისა და ინსპექტირების  ჯგუფების შექმნა,[1] რომელმაც ამ წლის აგვისტოში, თბილისის მასშტაბით არა ერთი სამშენებლო ობიექტი შეამოწმა. შემოწმების შედეგები კარგად ასახავს სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ მძიმე მდგომარეობას. კერძოდ, მონიტორინგის შედეგების მიხედვით, 23 ივლისიდან დღემდე თბილისში 120-მდე სამშენებლო ობიექტი შემოწმდა და შრომის პირობების დარღვევის გამო 53 შეჩერდა. დაკისრებული ჯარიმის მოცულობა კი 1.6 მილიონ ლარს აჭარბებს.[2]  

ამავე დროს, სამწუხაროდ, ინტეგრირებული მონიტორინგი ჯერჯერობით მხოლოდ თბილისის მასშტაბით ხორციელდება, მაშინ როდესაც სამშენებლო ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების მხრივ სავალალო მდგომარეობაა რეგიონებშიც, მაგალითისთვის ბათუმსა და ბაკურიანში, სადაც ინტენსიური მშენებლობები მიმდინარეობს. აღნიშნულს ემატება ისიც, რომ თავად შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს არ ყავს წარმომადგენლობა რეგიონებში და ასევე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილ სტანდარტთან შედარებით ორჯერ მცირეა აღნიშნული დეპარტამენტში დასაქმებულ ინსპექტორთა რაოდენობაც.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, გამკაცრდა სანქციის ოდენობა ქ. თბილისში მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის და პირი მსგავსი სამართალდარღვევისთვის 30 000 ლარით ჯარიმდება. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ სანქციების გამკაცრება პროპორციულად  განხორციელდეს სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, სადაც დარღვევისთვის სანქცია დღეს მხოლოდ 500 ლარს წარმოადგენს. ასევე უნდა მოხდეს სანქციების დიფერენცირება მშენებლობის ხასიათიდან გამომდინარე.

სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით პრობლემურია, ასევე, ის საკითხი, რომ კანონის მოქმედება და შესაბამისი ვალდებულებები არ ვრცელდება არაშრომითი ხელშეკრულებით (მომსახურების ხელშეკრულებით) დასაქმებულ პირებზე. აღნიშნული განსაკუთრებით გავრცელებულ პრაქტიკას  სამშენებლო სექტორში წარმოადგენს. მაგალითისთვის, ამ პირებზე არ ვრცელდება ისეთი ვალდებულება, როგორიცაა უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაბამის პასუხისმგებელ პირებს მოვუწოდებთ:

საქართველოს მთავრობას:

  • დასაქმებულთა ღირსეული შრომითი პირობების შექმნის მიზნით დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება და შრომითი ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით შესაბამისი მხარდაჭერა.
  • უზრუნველყოს რეგიონებში ინტეგრირებული მონიტორინგისა და ინსპექტირებული ჯგუფის შექმნა შესაბამისი მუნიციპალიტეტების მონაწილეობით, მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან, ასევე მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ სამუშაო ადგილებზე, რომლებიც შეიცავს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ასევე იმ ობიექტებზე, სადაც არ არის უზრუნველყოფილი სამშენებლო/ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები, შრომის ან/და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევების პრევენციის, მონიტორინგისა და მყისიერი რეაგირების მიზნით.

პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • უზრუნველყონ გარდაცვალების შემთხვევის დროული და ეფექტური გამოძიება და მოახდინონ ბრალდებული პირების იდენტიფიცირება.

 

[2] ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე https://www.interpressnews.ge/ka/article/560579-tbilisshi-bolo-ert-tveshi-120-mde-samsheneblo-obiekti-shemocmda-da-qvela-matganze-shromis-usaprtxoebis-normebis-dargveva-dapiksirda

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

 

[1] აერთიანებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“