[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

ელენე ხოშტარიასთვის 1.5-წლიანი პატიმრობის შეფარდება ადასტურებს, რომ მართლმსაჯულება პოლიტიკური ანგარისშწორების იარაღად იქცა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ოპოზიციური პარტიის „დროა“-ს ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება და მიგვაჩნია, რომ ბანერზე წარწერის გაკეთების გამო, პოლიტიკოსისთვის 1,5-წლიანი პატიმრობის შეფარდება პარტიულ კონტროლს დაქვემდებარებული მართლმსაჯულების კიდევ ერთი ნათელი გამოვლინებაა.

24 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ  გიორგი არველაძემ  ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ელენე ხოშტარია გასული წლის  15 სექტემბერს  დააკავეს, მელიქიშვილის გამზირზე, თბილისის მერობის მაშინდელი კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე მარკერით "რუსული ოცნება" დაწერის გამო. მისი მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მას ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობის საპატიმრო გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომლის გადახდაზეც პოლიტიკოსმა  უარი თქვა.

ელენე ხოშტარიას  განმარტებით, მისი ქმედება, ახალგაზრდა აქტივისტის, მეგი დიასამიძის სოლიდარობის ფორმას წარმოადგენდა,  რომელმაც 8 სექტემბერს, იგივე წარწერა გააკეთა კახა კალაძის ბანერზე, რის გამოც მის მიმართ გამოძიება დაიწყო და    აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

ელენე ხოშტარიას საქმის მოსამართლის განმარტებით, სასჯელის შეფარდებისას გათვალისწინებულ იქნა ის გარემოება, მას გადახდილი არ აქვს 16 ადმინისტრაციული ჯარიმიდან არცერთი, არ არის ანაზღაურებული ზარალი, რომელიც  ჯამში 570 ლარს შეადგენს. ელენე ხოშტარია სასამართლოს დასკვნით სხდომას არ დასწრებია, ისევე როგორც სხვა არცერთ სხდომას, რომელიც სისხლის სამართლის ამ საქმეზე მიმდინარეობდა.

სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც ელენე ხოშტარიას  მიმართ  განაჩენი დადგა, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს სხვისი ნივთის დაზიანებისთვის ან განადგურებისთვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი უნდა გამოიწვიოს. მნიშვნელოვან ზიანი ამ მუხლის მიზნებისთვის სახეზეა, თუ ნივთის ღირებულება 150 ლარს აღემატება.

სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, განადგურება უკავშირდება ნივთის იმგვარ მდგომარეობას, როცა იგი სრულიად უსარგებლო ხდება გამოსაყენებლად ან აღარ არსებობს, ხოლო დაზიანების დროს ნივთი კვლავ სახეზეა, თუმცა არა პირვანდელი სახით და მისი აღდგენა შესაძლებელია.

ხაზგასასმელია, რომ ბანერის დაზიანებისთვის პასუხისმგებლობას, სპეციალური კანონი ითვალისწინებს, რომელიც უშუალოდ მიემართება სააგიტაციო მასალას, რაც სრულად გამორიცხავს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აღნიშნული ქმედებისთვის და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ბრალის აბსურდულობას და “სამაგალითოდ დასჯის” პოლიტიკურ დაინტერესებას.[1]

კახა კალაძის საარჩევნო ბანერი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, სააგიტაციო მასალად ითვლება. კერძოდ, საარჩევნო კოდექსის თანახმად, სააგიტაციო მასალა არის პლაკატი, დროშა და ნებისმიერი სხვა მასალა, რომლებზედაც გამოსახულია საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი (მე-2 მუხლი ჰპუნქტი)

ამავე კოდექსით წესრიგდება უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან დაზიანებული საარჩევნო პლაკატებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის წესიც. საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისას სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი (93-ე მუხლის, მე-4 პუნქტი).

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის, საარჩევნო კოდექსი პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ ითვალისწინებს, თუ ბანერი დაზიანდა,

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ობიექტურად დგინდება,  რომ ბანერის დაზიანებას ადგილი ჰქონდა, სისხლისსამართლებრივ დევნის დაწყების საფუძველი მაინც არ არსებობს და შესაბამისი ნორმის საფუძველზე, შესაძლოა მოხდეს პირისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით მაქსიმუმ 1000 ლარის ოდენობით დაკისრება. (93-ე მუხლის მე-4 პუნქტი).

მიუხედავად აღნიშნულისა, ამ ნორმების უგულებელყოფით, სასამართლომ ელენე ხოშტარიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა ისე, რომ ამ სამართლებრივ კონტექსტზე პრაქტიკულად სათანადოდ არ იმსჯელა.

სასამართლომ მხედველობის მიღმა დატოვა, ასევე სამართლებრივი პრინციპი, რომლის მიხედვით,  სისხლის სამართალი გამოიყენება, როგორც უკანასკნელი საშუალება (ultima ratio) და მხოლოდ მაშინ, როცა სხვა, უფრო მსუბუქი სამართლებრივი რეაგირება (მაგ., ადმინისტრაციული სანქცია) არ არის საკმარისი.

აქვე აღსანიშნავია, რომ თავად სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი პრობლემურია. ის ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ ქმედებას “განადგურებასა” და “დაზიანებას” გაუმართლებლად ათანაბრებს ერთმანეთთან, მათ ფართო ფორმულირებას აძლევს და აშკარად არაპროპორციულ და უსამართლო სასჯელებს (თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთიდან ხუთ წლამდე, ჯგუფურად ჩადენის შემთხვევაში კი სამიდან ექვს წლამდე) ითვალისწინებს. „მნიშვნელოვანი ზიანის“ ცნება სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წელს განისაზღვრა და მაშინ დამკვიდრდა 150-ლარიანი ზღვარიც, რომელიც მას შემდეგ აღარ შეცვლილა. ცხადია, რომ ბოლო თითქმის 20 წლის განმავლობაში ნივთებისა და საგნების საბაზრო ღირებულება მკვეთრად შეიცვალა. თუმცა ეს არ ასახულა სისხლის სამართლის კოდექსში და არც მისი გამოყენების პრაქტიკაში, რაც მოქალაქეების ღირსებისა და თავისუფლების ხელყოფის გამარტივებულ და თვითნებურ ინსტრუმენტებს აძლევს სახელმწიფოს.

ასევე გასათვალისწინებელია მსგავს შემთხვევებზე რეაგირების შერჩევითი და უსამართლო პრაქტიკაც. ჯერ კიდევ გასულ საარჩევნო პერიოდში სოციალურ ქსელებში გავრცელდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების დაზიანებული საარჩევნო ბანერების არაერთი კადრი, რომლისთვისაც პასუხისმგებლობა არავის დაკისრება. მათ შორის, გასული წლის გაზაფხულის აქციების დროს ე.წ “ტიტუშკების” მიერ მოხდა არა ერთი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ოფისისა (რომელთა ნაწილს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსიც კი ჰქონდა) და ორგანიზაციის წარმომადგენლების სახლების დაზიანების არა ერთი ფაქტი, თუმცა მომხდარზე პოლიციას რეაგირება არც კი მოუხდენია. ეს გამოცდილება ცხადყოფს შერჩევითი სამართლის პრაქტიკას, რომელიც წინააღმდეგობაშია სამართლის უზენაესობის პრინციპთან და სამართალდამცავი ორგანოების ვალდებულებასთან, იყვნენ ნეიტრალური პოლიტიკური პროცესის მიმართ.

სასამარათლომ შეფასების მიღმა დატოვა, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებიც, მაშინ როდესაც საქართველოს კონსტიტუციის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიხედვით, გამოხატვის თავისუფლება მოიცავს არა მხოლოდ სიტყვიერ ან წერილობით განცხადებებს, არამედ სიმბოლურ ქმედებებსაც, რომელიც მათ შორის შეიძლება გამოიხატოს სწორედ ბანერზე წარწერის განთავსებაშიც, რაც ვერ ჩაითვლება რომელიმე პოლიტიკური პარტიის უფლებებში ჩარევად, ქმედების მცირე მნიშვნელობის გამო.

ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი და მკაცრი სასჯელი ქმედებისთვის, რომელიც გამორიცხავს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ჩარჩოში უფრო მეტად ექცევა და ამავდროულად, სრულად ჯდება  გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და კიდევ ერთხელ, მკაფიოდ აჩვენებს პროკურატურისა და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზირებას და პოლიტიკური ლიდერების უპრეცედენტო დევნის პრაქტიკას საქართველოში.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ვრცლად იხილეთ სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადება: “მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას არ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა მეგი დიასამიძის წინააღმდეგ“. https://socialjustice.org.ge/ka/products/movutsodebt-prokuraturas-ar-daitsqos-siskhlissamartlebrivi-devna-megi-diasamidzis-tsinaaghmdeg?fbclid=IwY2xjawQvTIFleHRuA2FlbQIxMABicmlkETFPcTFhWmlzNElyRWZmNHh3c3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHskZyI_7sHUzOprrIptENxEyvIsUY0AX12TT7tl5KRckKxikHR5iQChmNnn5_aem_Y_49aRuLgwLjnNC3u0gCIQ

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“