[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ქალთა უფლებები / თარგმანი

ძალადობის გენდერი

თამთა მელაშვილი 

genderმაიკლ კიმელი

ჩვენ, ამერიკელები, შეპყრობილები ვართ ძალადობით. გვტანჯავს მოზარდთა ძალადობა, ვწუწუნებთ დანაშაულებზე და გვეშინია ბანდების, შოკირებული ვართ ძალადობით საჯარო სკოლებში. როდესაც ვფიქრობთ ამ შემაძრწუნებელ ფაქტებზე, ვიაზრებთ კი იმას, რომ თეთრკანიანი იქნება, თუ შავკანიანი, ქალაქელი თუ გარეუბნელი, ამ ბანდებში გაერთიანებული ადამიანები - ყველა ახალგაზრდა მამაკაცია? ვუყურებთ საინფორმაციო გამოშვებებს, სადაც მოგვითხრობენ შაჰიდებზე ახლო აღმოსავლეთში და ტერორისტულ აქტებზე აშშ-ში, გერმანიაში თურქებზე რასისტულ თავდასხმებზე, ან პაკისტანელებზე ინგლისში, ჰომოფობიით განპირობებულ მკვლელობებზე და სამოქალაქო ომებზე. ახსენებენ საინფორმაციო გადაცემებში, რომ ეს ტერორისტები, რასისტები და დამნაშავეები მამაკაცები არიან? განიხილავს ვინმე იმას, თუ როგორ უწყობს ხელს მასკულინობის იდეოლოგიები ამ დანაშაულთა მოტივაციას? იშვითად თუ აღნიშნავს ვინმე, რომ დანაშაული კაცმა ჩაიდინა. წარმოიდგინეთ, რომ კაცების ადგილას დამნაშავეები ქალები იყვნენ. არ იქნებოდა ეს ის საკითხი, რომელიც უნდა აგვეხსნა, გაგვეანალიზებინა, გვესაუბრა ამაზე გენდერულ ჭრილში? მაგრამ ფაქტი, რომ ამას კაცები აკეთებენ ისეთი ბუნებრივია, რომ კითხვის არავინ სვამს, არავინ არაფერს აანალიზებს. უბრალო სტატისტიკაც (აშშ) ასახავს რეალობას: გაუპატიურების 99%, მკვლელობის 90%, ქურდობის 88%, ბანდიტური თავდასხმების 79%, ოჯახური ძალადობის 75% კაცებზე მოდის.

როგორ ავხსნით ამ თვალშისაცემ კავშირს დანაშაულსა და მასკულინობას შორის? არის ეს ბიოლოგიის შედეგი, ბუნებრივი და უნივერსალური მოცემულობა? რამ განსაზღვრა აშშ-ში ისტორიული კავშირი გენდერსა და ძალადობას შორის? გაძლიერდა ეს კავშირი, თუ შესუსტდა დროთა განმავლობაში? რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვახდინოთ ძალადობის პრევენცია? რა თქმა უნდა, ძალადობას ბევრი აანალიზებს. ზოგიერთი მკვლევარი ეყრდნობა ქალსა და კაცს შორის ბიოლოგიურ განსხვავებულობას და ამტკიცებს, რომ კაცებში გავრცელებული აგრესია მისი გენეტიკური განსხვავებულობიდან გამომდინარეობს, რომ ამაში მამაკაცური ჰორმონები, განსაკუთრებით კი ტესტოსტერონია მთავარი “დამნაშავე”. ტესტოსტერონის მაღალი დონე მართლაც კავშირშია აგრესიულ ქცევასთან - ტესტოსტერონის დონის ზრდა იწვევს აგრესიის ზრდასაც. სხვა მკვლევრებმა აქცენტი გააკეთეს ევოლუციურ ახსნებზე, როგორიცაა, მაგალითად, ჰომოსოციალური კონკურენცია, რომლის მიხედვითაც, ძალადობა მამრებში მდედრის მოპოვებისთვის ევოლუციური შეჯიბრის შედეგია. მამრები იბრძვიან ერთმანეთთან, რომ შექმნან იერარქიები. ის ვინც იმარჯვებს, ირჩევს მდედრს. თუმცა, ეს ბიოლოგიური ახსნები დამაჯერებელი არაა. მართალია ტესტოსტერონი კავშირშია აგრესიასთან, მაგრამ ის იწვევს არა აგრესიას, არამედ ზრდის იმ აგრესიას, რომელიც უკვე არსებობს. ჰორმონის ზრდა ხშირად საქციელზე არ აისახება. ათლეტურ შეჯიბრებებში გამარჯვებულებს ყოველთვის მაღალი ტესტოსტერონის დონე აღენიშნებათ გამარჯვების შემდეგ. ტესტოსტერონი არც მის მიმართ იწვევს ძალადობას, ვინც იერარქიულ საფეხურზე დგას უფრო მაღლა. ასევე ნაკლები მტკიცებულებები მოიპოვება ჰომოსოციალური შეჯიბრის ევოლუციური თეორიისათვის. ზოგიერთ კულტურაში კაცები არ არიან აგრესიულები, ზოგიერთ კულტურაში კი განსაკუთრებით აგრესიულები არიან ქალების მიმართ - ზუსტად მათ მიმართ, ვისი გულისთვისაც, ამ თეორიის მიხედვით, ერთმანეთში უნდა იბრძოდნენ.

ფროიდიდან მოყოლებული, ზოგიერთმა მეცნიერმა სცადა, კაცებში აგრესია ოიდიპალური დრამით აეხსნა. ბიჭის ფრუსტრაცია მის სექსუალურ სურვილებში ტრანსფორმირდება აგრესიად. ბიჭმა განუწყვეტლივ და საჯაროდ უნდა ამტკიცოს, რომ დედისგან სეპარაცია წარმატებით განახორციელა და იდენტიფიკაცია მამასთან მოახდინა, ანუ მასკულინური გახდა. ძალადობა კაცებში საშუალებაა სწორედ ამ მასკულინობის დასამტკიცებლად. ხანდახან, ძალადობა ერთადერთი ლეგიტიმური ემოციური გამოხატულების ფორმაა კაცისთვის. ფსიქოლოგიური ახსნებიც ხშირად უნივერსალურ განზოგადებებს აკეთებს და ნაკლებ ყურადღებას აქცევს კროსკულტურულ ვარიაციებსა თუ ისტორიულ ცვლილებებს. კულტურული და ისტორიული ფაქტორები კი ძალიან მნიშვნელოვანია ძალადობის ასახსნელად. 1980-იან წლებში, ორმა ანთროპოლოგმა კითხვა შეაბრუნა: რა შეგვიძლია ვისწავლოთ იმ საზოგადოებებისგან, სადაც ძალადობის ძალიან დაბალი დონეა? აღმოჩნდა, რომ ის, თუ როგორ განისაზღვრება მასკულინობა საზოგადოებაში, მნიშვნელოვანწილად აისახება ძალადობის დონეზე. საზოგადოებებში, სადაც კაცებს უფლება ჰქონდათ ეღიარებინათ შიში, ძალადობის დონე დაბალი იყო. ხოლო საზოგადოებები, სადაც მასკულინური სიყოყოჩე - ძალის პოზირება, შიშის უარყოფა და რეპრესირება - მასკულინობის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი იყო, ძალადობის მაღალი დონით და მასკულინობისა და ფემინურობის უკიდურესი დიფერენცირებით ხასიათდებოდა. ასე რომ, საზოგადოებებში, სადაც გენდერული უთანასწორობა მაღალია, იქ მასკულინობა და ფემინურობა უკიდურესი ოპოზიტებია. თუმცა არსებობს საზოგადოებები, სადაც მასკულინობას და ფემინურობას სულ სხვანაირად განსაზღვრავენ. მაგალითად, ამაზონის ჯუნგლებში პაიროებისთვის ქალობა და კაცობა ერთმანეთთან მშვიდობიანი თანამშრომლობაა ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუ ანთროპოლოგიურ შეჯამებას გავაკეთებთ, ქვემოთ მოყვანილი ფაქტორები არის როგორც ინტერპერსონალური, ასევე საზოგადოებათშორისი ძალადობის განმსაზღვრელი: 1. კაცის იდეალი არის ძლიერი და სიმპატიური მეომარი; 2. ლიდერი არის მამაკაცი, ის უფროსია, როგორც ქალების, ასევე სხვა მამაკაცების; 3. ქალები არ არიან წახალისებული, ან სულაც ეკრძალებათ საჯარო და პოლიტიკური სივრცეში მონაწილეობა; 4. საჯარო ინტერაქცია ხდება ძირითადად მამაკაცებს შორის და არა მამაკაცებსა და ქალებს შორის; 5.ადგილი აქვს გოგოებისა და ბიჭების სისტემატურ სეგრეგაციას ადრეული ასაკიდან (მათი გენდერული სტერეოტიპებით “მოწამვლა”); 6. ხდება მამაკაცური ძალის, ვაჟკაცობის, სექსუალობის გამოხატვის წახალისება; 7. ნაყოფიერების რიტუალური ზეიმი უკავშირდება მამაკაცს და არა ქალს; 8. მამაკაცური ეკონომიკური აქტივობა და მამაკაცური შრომის პროდუქტი უფრო ფასობს, ვიდრე ქალის.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ნათლად დავინახოთ, რომ ძალადობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი მიზეზი გენდერული უთანასწორობაა.

დანაშაულის გენდერი

თუ გვინდა გავიაზროთ მასკულინობასა და ძალადობას შორის კავშირი, პირველ რიგში, უნდა შევხედოთ კაცების სხვადასხვა დაჯგუფებას. რა თქმა უნდა, ყველა მათგანი ძალადობრივი არაა და განსხვავდება კლასის, რელიგიის, რასის, ასაკის, სექსუალობის, ეთნიკურობის მიხედვით. ამასთან, უნდა გავიაზროთ ამ კავშირის ისტორიული მერყეობა და შევადაროთ თანამედროვე აშშ სხვა ინდუსტრიულ ქვეყნებს. თუ შედეგის მარტივ ფორმულირებას გავაკეთებთ, ის შემდეგია: ახალგაზრდა ამერიკელი კაცები ყველაზე ძალადობრივი ჯგუფია ინდუსტრიულ მსოფლიოში. ჩვენთან მკვლელობების რიცხვი 5-20%-ით მეტია, ვიდრე სხვა დასავლურ დემოკრატიებში; ციხეშიც პროცენტულად მეტი ადამიანი ზის, ვიდრე მსოფლიოს სხვა ქვეყენაში, რუსეთის გარდა. 10-დან 9 დამნაშავე კაცია, როცა საქმე მოკლულს ეხება, მოკლული 10 ადამიანიდან 9 კი ქალია.

სტატისტიკა უარესდება. 14-დან 17 წლამდე ახალგაზრდა მკვლელ მამაკაცთა რიცხვი 1985-1994 წლებში გასამმაგდა. კრიმინოლოგებმა შეამჩნიეს ტენდენცია, რომ დამნაშავეობა განსაკუთრებით ყვავის 14-ან 25 წლამდე ახალგაზრდებში, თუმცა გამოვლინდა საინტერესო ფაქტები ქალ კრიმინალებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ქალებიც ჩადიან დანაშაულს, მაგრამ საინტერესოა შევხედოთ რა ტიპის დანაშაულს სჩადიან ისინი და რა არის ამის მიზეზი. ქალებში გავრცელებული მძიმე დანაშაულის ფორმა მკვლელობაა. დამნაშავე ქალთა ⅔ -მა მოკლა ახლობელი (ნაცნობი) ადამიანი, განსხვავებით კაც დამნაშავეთა 1/3-ისა. ფაქტი, რომ ქალი მკვლელობისთვის საშუალოდ სამი წლით ნაკლებ სასჯელს იღებს, ვიდრე კაცი მკვლელი, კავშირშია არა გენდერთან, არამედ მკვლელობის განმაპირობებელ ფაქტორებთან, მკვლელის კრიმინალურ წარსულთან, მკვლელსა და მსხვერპლს შორის არსებულ ნათესაურ თუ სხვა კავშირთან. თუ ორივე, ქალი და კაცი თავის ინტიმურ პარტნიორს კლავს, მაშინ სასჯელის ზომაც ერთნაირია.

გენდერისა და ძალადობის ანალიზისას, რა თქმა უნდა, არ უნდა მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ ყველა კაცი მოძალადე ცხოველია და ყველა ქალი უცოდველი კრავი. საზოგადოებებში, სადაც დამნაშავე კაცთა რიცხვი მაღალია, როგორც წესი, მაღალია დამნაშავე ქალთა რიცხვიც. არსებობს ქალთა მხრიდან ძალადობის ფაქტებიც, მაგრამ ის კარდინალურად განსხვავებულია კაცების ძალადობისგან. ქალების ძალადობა ხშირად თავდაცვითი ხასიათისაა, კაცების პირიქით - თავდასხმითი. თუ კაცის ძალადობა ინსტრუმენტულია - რაიმე მიზნის მისაღწევად, ან ემოციის გამოსახატავად, ქალის მხრიდან ხშირად ეს გამოუვალ მდგომარეობაში მოხვედრის, თუ უძლურების შედეგია. დანაშაულის ტიპები, რომელსაც ქალები ჩადიან, იქნება ეს ბავშვებზე ძალადობა, თუ ბავშვის მკვლელობა, მოხუცების შეურაცხყოფა, ახალდაბადებულთა მკვლელობა, ხშირად, სწორედ უმწეობისა და შიშისგან გამომდინარეობს.

ძალადობის გენდერული პატერნები ბავშვებშიც შესამჩნევია. ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ გოგონები (ყველა ასაკის ყველაზე პატარა გოგონების გარდა) იყენებენ აგრესიის არაპირდაპირ ფორმებს, (როგორიცაა ზურგსუკან ტყუილის თქმა, სხვასთან დამეგობრება, როგორც შურისძიების ფორმა, ვინმეს ათვალწუნება ან მეგობრობაზე უარის თქმა) ბიჭები კი ჩართული არიან აგრესიის პირდაპირ ფორმებში - ურტყამენ, ცემენ, აგინებენ და შეურაცხყოფას აყენებენ ერთმანეთს. გოგონების არაპირდაპირი აგრესია, რა თქმა უნდა, გამომდინარეობს არა მათი მშვიდობიანი ქალური ბუნებიდან, არამედ გენდერული უთანასწორობის შედეგია. კულტურათა აბსოლუტური უმრავლესობა გოგონას უკრძალავს, ჩაერთოს პირდაპირ აგრესიულ კონფლიქტში. შედეგად, მისი აგრესია ფარულ ფორმებში ვლინდება, როგორიცაა ზურგსუკან ლაპარაკი, ჭორაობა, ვინმეს ათვალწუნება და ექსკლუზია, დამამცირებელი სახელის შერქმევა, მანიპულირება და ა.შ. ძალადობა, როგორც ვხედავთ, ყველაზე გენდრირებული ქცევაა ჩვენს საზოგადოებაში.

ომისა და მშვიდობის გენდერი

რას ფიქრობთ? არის ომი და მშვიდობა როგორღაც უფრო მასკულინური და უფრო ფემინური? ქალების მმართველობის შემთხვევაში, იქნებოდა ძალადობისა და ომის ნაკლები რისკები? თუ, რა თქმა უნდა, ბიოლოგიურ არგუმენტებს იზიარებ ტვინის ქიმიურ შემადგენლობასა და ტესტოსტერონზე, თუ ფიქრობ, რომ მამრები ევოლუციურად პროგრამირებულნი არიან მიდრეკილნი იყვნენ ძალადობის, აგრესიისა და კონკურენციისკენ, მაშინ ასევე შეიძლება ირწმუნო, რომ უფრო მშვიდად დაიძინებ, თუ მომდევნო დღეს ისეთ მსოფლიოში გაგეღვიძება, სადაც ყველა - ადგილობრივი, ეროვნული თუ გლობალური პოლიტიკური ინსტიტუციის მმართველი ქალი იქნება. თუმცა, იქვე შეიძლება კითხვა გაჩნდეს იმ ქალებთან დაკავშირებით, რომლებიც უკვე პოლიტიკაში არიან. ისინი მათ მამაკაც კოლეგებზე არანაკლები მებრძოლები არიან. მაგალითად, მარგარეტ ტეტჩერი ან ინდირა განდი.

თქვენ სოციოლოგიურ ჭრილში იფიქრებთ, თუკი ამ კითხვას დასვამთ და მართლებიც იქნებით. სოციოლოგიური მიდგომა გაითვალისწინებდა როგორც იმ ადამიანის გენდერს, რომელიც პოლიტიკურ სამსახურშია, ასევე თავად სამსახურის “გენდერსაც”. რა თქმა უნდა, თუ ქალს გაზრდი მშვიდობიან, ემპათიურ, პასიურ მსმენელად, ის ნაკლებად მიდრეკილი იქნება ძალადობისკენ, მაგრამ არსებობს სფეროები, სადაც ძალადობის ავტორიზაცია სავალდებულოა. ძალადობა შედეგია როგორც ადმიანებს შორის გენდერული ურთიერთობების, ასევე ინსტიტუციონალური და პოლიტიკური სფეროების გენდერული ნიშნით მოწყობის.

ქალთა მიმართ ძალადობა

კაცები სწავლობენ, რომ ძალადობა ურთიერთობის მიღებული ფორმაა როგორც კაცებს შორის, ასევე კაცებსა და ქალებს შორის. ძალადობა იმდენად გავრცელებულია, იმდენად ჩაქსოვილია ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ მას ჩვეულებრივ, ცხოვრებისეულ მოვლენად აღვიქვამთ, როცა მას ადგილი აქვს ოჯახში, მეგობრებს თუ შეყვარებულებს შორის. ძალადობის მსხვერპლთა უმრავლესობა იცნობს მოძალადეს და თან საკმაოდ ახლოს. ძალადობის 5 მსხვერპლიდან ერთი მაინც იყო მეუღლის, ყოფილი მეუღლის, შეყვარებულის ან ყოფილი შეყვარებულის მსხვერპლი. ძალადობა შეიძლება იყოს ძალიან პირადული და ინტიმური, ისევე როგორც ძალიან საჯარო, როცა მას ადგილი აქვს საზოგადოებებსა თუ საზოგადოებრივ დაჯგუფებებს შორის ურთიერთობისას.

თვალში საცემია ინტიმური ძალადობის გენდერული დისბალანსი. მსგავსი ძალადობის ათი მსხვერპლიდან 9 ქალია. ინდუსტრიულ სამყაროში გაუპატიურების, ოჯახური ძალადობის, მეუღლის მკვლელობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აშშ-შია. აქ, ყოველწლიურად, 4 მილიონი ქალი ხდება ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. სტატისტიკურად, ყოველ 6 წუთში აუპატიურებენ, ხოლო ყოველ 18 წამში ერთ ქალს სცემენ და ყოველდღე 4 ქალს კლავენ მოძალადეები.

ანთროპოლოგმა პეგი სადნეიმ აღმოაჩინა, რომ საზოგადოებები, სადაც მაღალი იყო გაუპატიურების დონე, იყო მილიტარისტული, გამოირჩეოდა ზოგადად ძალადობის მაღალი მაჩვენებლით, კაცური ძლიერების იდეოლოგიითა და ახასიათებდა მამა-შვილს შორის დისტანციური ურთიერთობები. იმ საზოგადობებში, სადაც გაუპატიურება იშვიათად ხდებოდა, პატივს სცემდნენ ქალის ავტონომიას (ქალები ინარჩუნებდნენ საკუთრების უფლებას გათხოვების შემდეგ), აფასებდნენ ბავშვებს (კაცები ჩართულნი იყვნენ ბავშვების აღზრდაში.) მარტივად რომ ვთქვათ, იქ, სადაც დაბალია ქალის სტატუსი, მაღალია გაუპატიურებების რიცხვი. აქედან რა შეგვიძლია დავასკვნათ?

არგუმენტი, რომ გაუპატიურება ლუზერის რეპროდუქციული სტრატეგიაა დამაჯერებელი არაა. ასევე არაა დამაჯერებელი არგუმენტი, რომ გაუპატიურება იზოლირებული ინდივიდუალური აქტია, რომელსაც ის ავადმყოფი სჩადის, რომელიც თავის სექსუალურ იმპულსებს ვერ აკონტროლებს. სხვა თუ არაფერი, დამნაშავეთა 75% გეგმავს გაუპატიურებას და მათგან მხოლოდ 5% შეიძლება მოხვდეს ფსიქოპატთა კატეგორიაში. ვერც ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს “დავაბრალებთ” კონტროლის დაკარგვას. ალკოჰოლისა და ნარკოტიკის ზეგავლენის ქვეშ ქალები რატომ არ აკეთებენ იმავეს? ადეკვატური კითხვა შემდეგი იქნებოდა: რატომ აუპატიურებენ ნორმალური, ჩვეულებრივი კაცები? როგორც სოციოლოგი ალან ჯონსონი წერს, “როგორ შეიძლება ძალადობის ასეთ გავრცელებულ ფორმას მხოლოდ რამდენიმე ფსიქოპათი კაცი ჩადიოდეს? სექსუალური ძალადობა ისეთი გავრცელებულია, რომ მას ჩვენი კულტურა განსაზღვრავს როგორც “ნორმალურ” ინტერაქციას ქალსა და კაცს შორის.” როგორც სოციოლოგი დიანა სქალი ამბობს, “კაცები აუპატიურებენ არა იმიტომ, რომ იდიოსინკრეზულები და ირაციონალურები არიან, არამედ იმიტომ, რომ მათ ისწავლეს, რომ ამ კულტურაში სექსუალური ძალადობა მიღებულია, იმიტომ, რომ იციან - ამისთვის არ დაისჯებიან”. გაუპატიურება დანაშაულია, რომელიც აერთიანებს სექსსა და ძალადობას, სადაც სექსი ძალადობრივი აქტის იარაღია. ეს ვნების დანაშაული ნაკლებადაა, სამაგიეროდ, მეტადაა ძალაუფლების დანაშაული. ქორწინების ლეგალურობაც კი არ იცავს ქალებს გაუპატიურების საფრთხისაგან და ოჯახში ძალადობასაც ქალთა მიმართ უკიდურესად მაღალი მაჩვენებლები აქვს. გათხოვილი ქალების ⅓ აღიარებს სექსუალური კავშირის არსებობას მისი სურვილის საწინააღმდეგოდ.

მიუხედავად იმისა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა გლობალური პრობლემაა, ხანდახან, ქმრების მჩაგვრელი ქალების შესახებაც გვესმის. როდესაც რომელიმე სოციოლოგი იტყვის, რომ ქმარზე ძალადობა ძალადობის ყველაზე ნაკლებად გამხელილი ფორმაა, ანტიფემინისტთა ლეგიონი “გენდერულ სიმეტრიაზე” ალაპარაკდება ოჯახური ძალადობის კონტექსტში. ისინი ამტკიცებენ, რომ ქალებიც ისევე ურტყამენ კაცებს, როგორც პირიქით. ირონია ისაა, რომ ამ არგუმენტის გამზიარებელი ადამიანები, როგორც წესი, ისინი არიან, ვისაც მიაჩნია, რომ ქალები და კაცები ერთმანეთისგან ბიოლოგიურად განსხვავდებიან და რომ ქალები არასაკმარისად აგრესიულები არიან იმისთვის, რომ სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ. თუ ძალადობა თანაბარია, ჩნდება კითხვა: რატომ არ არსებობს თავშესაფარი ძალადობის მსხვერპლი კაცებისთვის? რატომ არაა ნაცემი კაცების ეპიდემია სასწრაფო სამედიცინო მომსახურებაში? რატომ არ ითხოვენ მსხვერპლი კაცები დაცვას? ამ შემთხვევაში არგუმენტი შესაძლოა ის იყოს, რომ ძალადობის მსხვერპლი კაცი არ გააცხადებს ძალადობის ფაქტის შესახებ, იმდენად შეეშინდება დაცინვის და შეურაცხყოფის. სოციოლოგმა სუზან შტაინმეცმა 57 წყვილი გამოკითხა და აღმოჩნდა, რომ კითხვაზე, თუ ოდესმე დაურტყამს პარტნიორისთვის - ქალებმა და კაცებმა თანაბრად უპასუხეს. თუმცა, ეს რიცხვი დრამატულად შეიცვალა მას შემდეგ, როდესაც კითხვა შემდეგნაირად დაისვა - ვინ იყო ძალადობის ინიციატორი, თავდასხმითი იყო ძალადობა, თუ თავდაცვითი, რამდენად დაუნდობელი იყო და რამდენად ხშირად განმეორებადი. საბოლოოდ შედეგები კი ჩვენთვის უკვე ნაცნობია - ქალთა მიმართ ძალადობის სიხშირე, სისასტიკე და რაოდენობა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე მამაკაცთა მიმართ.

ქალები და კაცები ერთნაირი ოდენობით და მსგავსი მიზეზებით არ სჩადიან ძალადობას. კაცები ოჯახურ ძალადობას ინსტრუმენტულად და მიზანმიმართულად იყენებენ ცოლის შეშინების და დატერორებისთვის, მისი დაქვემდებარებისა და მორჩილებისთვის. ქალები ძალადობას ექსპრესიულად მიმართავენ ფრუსტრაციის ან მყისიერი ბრაზის გამოსახატავად, მაგრამ ქალთა მხრიდან ძალადობა სისტემატიური და მიზანმიმართული იშვიათად არის. ქალთა მიმართ ძალადობა არ ცნობს რასობრივ, კლასობრივ, თუ ეთნიკურ საზღვრებს. განათლებული, წარმატებული, დახვეწილი კაცები ისევე სცემენ ცოლებს, როგორც “რკინიგზის მუშები,” თუმცა განსხვავებები მათ შორისაც არის. მაგალითად, ოჯახური ძალადობა ხშირად პირდაპირ კავშირშია უმუშევრობასთან.

ოჯახური ძალადობა კიდევ ერთი გზაა, რომლის საშუალებითაც კაცები ქალებზე ძალაუფლებას ახორციელებენ. ჩვენ უნდა დავიცვათ ქალები ძალადობისგან, რომელიც მათ ემუქრება, მაგრამ უნდა დავიცვათ ბიჭებიც მისტიკური მასკულინობის იმიჯისგან, რომელიც ძალადობას მასკულინობის შემადგენელ შტრიხად მოაიზრებს. სხვა თუ არაფერი, კაცებიც არიან ძალადობის მსხვერპლი. მე, პირადად, გულწრფელად მჯერა, რომ კაცები ბევრად უკეთესები ვართ და არ ვართ ბიოლოგიურად დაპროგრამებული ცხოველები.

(მაიკლ კიმელის სტატია „ძალადობის გენდერი“ ნათარგმნია წიგნიდან "გენდერირებული საზოგადოება" (Oxford University press, 2011): 381-408.)

---------------------------------------------------------------------------------------------------

თარგმანი მომზადებულია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტროინგის ცენტრის (EMC)“ პროექტის „ჩაგრულთა ხმები: კვლევა, ხელოვნება და აქტივიზმი სოციალური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, რომელიც National Endowment for Democracy (NED)-ისმხარდაჭერით ხორციელდება

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“