საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
წყარო: რადიო თავისუფლება
რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზე განვიხილე ქართულ საზოგადოებაში არსებული დომინანტური მზერა ეთნიკური აზერბაიჯანელების მიმართ.
ეს წერილი არის მცდელობა, წერილობით გადმოვცე ჩემი ხედვა, რათა ამ ტიპის საკითხების განხილვა გასცდეს მცირე აუდიტორიებსა თუ კონფერენციებს, სადაც, ასე თუ ისე, ყველა აღიარებს პრობლემას. მნიშვნელოვანია, საჯაროდ ვისაუბროთ და გამოვამზეუროთ ჩვენს საზოგადოებაში არსებული პრობლემური, ხშირად უღიარებელი და უმცირესობებისთვის მტკივნეული დომინანტი მზერის ტიპები ეთნიკური აზერბაიჯანელების (და, ზოგადად, თითქმის ყველა ეთნიკური ჯგუფის) მიმართ.
რეტროსპექტულად რომ განვიხილოთ ქართული სახელმწიფოს დომინანტური მზერა მისი მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელების მიმართ, პროგრესი აშკარაა: თუ პირველი პრეზიდენტი უმცირესობებს საერთოდ არ მიიჩნევდა ქვეყნის ნაწილად და მათ ეტაპობრივ გასახლებაზეც საუბრობდა, შევარდნაძის პერიოდში ასეთი რადიკალური და ექსტრემისტული განცხადებები ღიად აღარ გახმოვანებულა. მიუხედავად ამისა, ე.წ. Failed State-ის პირობებში, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები არ ან ვერ ფუნქციონირებდნენ, უმცირესობების მიმართ დომინანტი მზერის არსებითად შეცვლაზე საუბარი ზედმეტი იყო. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შედეგად, პროდასავლურმა და მოდერნისტულმა ხელისუფლებამ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების ბევრ სფეროში გარდატეხა მოახდინა. მათ შორის, შეიცვალა ეთნიკური უმცირესობების მიმართ დამოკიდებულებაც. თუმცა, ამ პერიოდში ხელისუფლების გამოცხადებული პოლიტიკა, რომ ყველა მოქალაქე თანასწორია განურჩევლად მისი ეთნიკური, რელიგიური, რასობრივი თუ სხვა სახის კუთვნილებისა, რეალურ ცხოვრებაში ერთბაშად წინააღმდეგობრივი და ზედაპირული იყო. შესაბამისად, ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო თანასწორობა, ძირითადად, ცენტრალური ხელისუფლების მიმართ მორჩილებაში აისახებოდა. ყველა თანასწორად და ერთნაირად ემორჩილებოდა ერთ პირს. ახლანდელ ხელისუფლებას კი, როგორც მრავალ სხვა საკითხშიც, რა ხედვა აქვს უმცირესობების მიმართ, სულ მცირე, გაუგებარია. გარდა შესაბამისი ბიუროკრატების რუტინული საქმიანობისა და განცხადებებისა, სახელმწიფო მეთაურების დონეზე სწორად გააზრებული გზავნილები არ გვხვდება.
იმისათვის, რომ განვსაზღვროთ, თუ რას ნიშნავს უმცირესობების მიმართ დომინანტური მზერა, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავარკვიოთ, რა არის საქართველო და ქართველი, რადგანაც უმცირესობების მიმართ მზერას უმეტესად განსაზღვრავს ის, თუ სად გადის ზღვარი ე.წ. ქართველს, ანუ ჩვენიანს, და სხვებს შორის.
საქართველოში ამის შესახებ ორგვარი ნარატივია დომინანტური. ერთის მიხედვით, ქართველი არის ეთნიკური ქართველი და, ამავე დროს, მართლმადიდებელი. ხოლო, ვინც ამ ფორმულის მიღმა რჩება, ისინი წარმოადგენენ უმცირესობებს, უცხოს, პრობლემას. ამის საუკეთესო მაგალითია კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის ბოლო კვლევა, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის თითქმის ნახევარი ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებას უარყოფითად მიიჩნევს.
მეორე შეხედულება, რაც უფრო და უფრო იკიდებს ფეხს ახალგაზრდებს შორის, არის ის, რომ თუ ხარ საქართველოს მოქალაქე, მაშინ ავტომატურად ხარ ქართველი ერის ნაწილი. ხოლო კულტურული და ეთნიკური განსხვავებები შესაძლებელი და დასაშვებია.
შესაბამისად, ზედაპირულად თუ განვიხილავთ, იგივე შეხედულებები ვრცელდება ეთნიკურად აზერბაიჯანული თემის მიმართ: ერთი მას განიხილავს ნეგატიურად – როგორც „სხვას“, არაქართველს, ხოლო მეორე – პოზიტიურ-ნეიტრალურად: როგორც „ჩვენიანს“, მაგრამ რეალობა, ამ მარტივ და თეორიულ, ბინარულ დამოკიდებულებაზე უფრო კომპლექსურია. შესაბამისად, გთავაზობთ ეთნიკური აზერბაიჯანელების (და, ალბათ, ყველა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის) მიმართ დომინანტური მზერის ოთხ ტიპს კონკრეტული მაგალითებით.
ტექსტს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ რადიო თავისუფლების გვერდზე: https://bit.ly/2oJGC0y
ინსტრუქცია