საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
შესავალი
1987 წელს სვანეთში მომხდარმა დიდთოვლობამ ათასობით ადამიანი დააზარალა და მათი ევაკუაცია გახდა საჭირო. ისინი სხვადასხვა რეგიონში გადაასახლეს, მათ შორის, დმანისშიც. სვანების დმანისში ჩასახლების ერთ-ერთი ძირითადი მოტივი აზერბაიჯანელებით დასახლებულ ქალაქში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის რაოდენობის გაზრდა იყო. ამ პერიოდში ქვეყნის პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა, რაც დმანისსაც შეეხო − იქ ხანგრძლივ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის, რის შემდეგაც ეთნიკური აზერბაიჯანელების დიდი ნაწილი იძულებული გახდა, ქალაქი დაეტოვებინა. რამდენიმე წლის შემდეგ სიტუაცია დამშვიდდა და კონფლიქტების პერიოდიც დასრულდა.
2021 წლის 16-17 მაისს სვანებისა და აზერბაიჯანელების დაპირისპირება ისევ მოხდა. ორდღიანმა დაპირისპირებამ გააჩინა კითხვები სივრცისა და სივრცეში განხორციელებული ძალაუფლების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ეკომიგრანტების საკითხი საქართველოში სიღრმისეულად არ არის შესწავლილი. არ არსებობს მეცნიერული ცოდნა სვანების დმანისში მიგრაციის, ინტეგრაციის, დასახლების შემდეგ დღემდე ჩამოყალიბებული პრაქტიკების შესახებ, ასევე, იმის შესახებ, თუ როგორი ზეგავლენა იქონია მომხდარმა პროცესებმა ადგილობრივი ჯგუფების ყოველდღიურობაზე.
კვლევის ფოკუსს წარმოადგენდა დმანისში მცხოვრები სვანების თვითდამკვიდრების პრაქტიკები ქალაქის სივრცის მაგალითზე. კვლევის ფარგლებში ჩატარდა დაკვირვება და სიღრმისეული ინტერვიუები დმანისში მცხოვრებ სვანებთან, ქართლელებთან, აზერბაიჯანელებთან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან თვითდინებით ადგილნაცვალ პირებთან. ნაშრომის მიზანი იყო მიგრაციული ჯგუფის მიერ სივრცეში თავის დამკვიდრების ფენომენის შესწავლა, სვანი მიგრანტების დმანისში ცხოვრების მაგალითზე. მიზნიდან გამომდინარე კვლევისთვის საინტერესო იყო, ერთი მხრივ, სივრცის მოშინაურების პრაქტიკები. ხოლო, მეორე მხრივ, სივრცეში არსებული ობიექტების მოქმედება სვან მიგრანტებზე.
კვლევა ეფუძნება ისეთ ძირითად წყაროებსა და თეორიებს, როგორიცაა ედუარდ სოჯას „მესამე სივრცე“, რომელიც მნიშვნელოვნად დაგვეხმარა დმანისში არსებული სივრცეების შესწავლასა და გაანალიზებაში, თუ როგორია ისინი და რა როლი აქვს ადგილობრივების ცხოვრებაში. კვლევა ასევე ეფუძნება ბრუნო ლატურის „საგნების მოქმედების თეორიას“, რომელიც მისი რამდენიმე ნაშრომის კომპილაციასა და ანალიზს წარმოადგენს.
თავი 1. მესამე სივრცე, საგნები სივრცეში და მიგრაციის სივრცულობა
თავი 1.1. მესამე სივრცე და საგნები სივრცეში
ნაშრომის მომზადების პროცესში სივრცე შესწავლილია ედუარდ სოჯას „მესამე სივრცისა“ და ბრუნო ლატურის „საგნების მოქმედების“ თეორიების მიხედვით. ედუარდ სოჯა მესამე სივრცის ფენომენს ავითარებს ლეფევრის, ფოკალტის და ჰომი ბაბას თეორიების გათვალისწინებით მესამე სივრცის შესახებ. სოჯასთვის ეს არის სტრატეგიული, მოქნილი და ინოვაციური ფიქრის გზა (Soja 1996, 22). პირველი სივრცეა საგნები, ადგილები, შენობები, ის, თუ რა არის ეს ყველაფერი ფიზიკურად, მატერიალური სახით გეოგრაფიულ არეალში; მეორე სივრცე წარმოადგენს მათ ფუნქციას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პირველ სივრცეს − მატერიალურ, გეოგრაფიულ ადგილს მოიხმარენ; ხოლო, მესამე სივრცე გულისხმობს იმ მნიშვნელობასა და როლს, რასაც ეს საგნები, ადგილები თუ შენობები იძენენ სინამდვილეში (Soja 1996). ამ მხრივ განსაკუთრებულია ის, რომ პირველი და მეორე სივრცეები მეტად ფიქსირებულია (Soja 1996). ხოლო მესამე სივრცე მათგან განსხვავდება, იგი მოქნილია და ცვალებადი და შესაძლოა, სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა მიიღოს (Soja 1996). ამდენად, სივრცე ზეგავლენას ახდენს სოციუმზე, განსაზღვრავს ადამიანების ქცევებსა და ფიქრის მიმართულებას. შესაბამისად, საყურადღებო დატვირთვა და ფუნქცია აქვს სივრცეს სოციალური სისტემებისა თუ პრაქტიკების შესწავლის პროცესში, რომელიც თავის თავში აერთიანებს მატერიალურ თუ სიმბოლურ საგნებს და მხედველობაში იღებს მათ როლსა და ზეგავლენას.
რაც შეეხება ბრუნო ლატურის საგნების მოქმედების თეორიას, საგნები უნდა მივიჩნიოთ არა ინდივიდისთვის სასურველი მოქმედების შესასრულებელ საშუალებად, როგორც ამას ვებერი გვთავაზობს სოციალური მოქმედების განმარტებასა და კლასიფიკაციაში, არამედ აქტორად, რომლებსაც აქვთ მოქმედების უნარი, თავიანთი ხასიათით მჭიდროდ არიან დაკავშირებული ადამიანებთან, ირგებენ მედიატორის როლს და იწყებენ მოქმედებას (2005, 79; Nisbet 2017, 79-80). ისინი არამარტო გამოკვეთენ აქტორებს, არამედ ხსნიან საზოგადოების შიგნით ძალაუფლებას და მის ასიმეტრიულობას (2005, 72). საგნებს შეუძლიათ მოიპოვონ უპირატესობა და ძალაუფლება ადამიანებზე (2005, 83). ნაშრომისთვის ასევე საყურადღებოა, რომ საგნების მიერ განხორციელებულ მოქმედებასა და ზემოქმედებას შეუძლია წარმოაჩინოს საზოგადოებაში არსებული სოციალური დომინაციის ფენომენი, დომინაციისა და მარგინალიზაციის ველები (2005, 86). აქვე უნდა ითქვას, რომ ლატურის მიხედვით, შენობები გადიან რამდენიმე პერიოდიან ციკლს (Latour and Yaneva 2008). უპირველესად მნიშვნელოვანია არქიტექტორების როლი, როგორ ქმნიან ისინი შენობას, ითვალისწინებენ თუ არა გარემოსა და კონტექსტს, რომელშიც ისინი უნდა განთავსდეს (Latour and Yaneva 2008). შენობა არის მოძრავი პროექტი, ამდენად, მას მეორე ეტაპზე ცვლიან მომხმარებლები, მიმდინარე მოვლენები და მნიშვნელოვანია ვინ იყენებს (Latour and Yaneva 2008). ხოლო, საკვანძო მომენტი დგება მაშინ, როცა შენობები თავად იწყებენ მოქმედებას (Latour 2005; Latour and Yaneva 2008). მათი მოქმედება გამოიხატება იმაში, რომ ისინი ცვლიან მომხმარებლებისა და მოქალაქეების ქცევებს, რიგ შემთხვევებში გამოწვევად იქცევიან ავტორიტეტებისთვის, შეუძლიათ შეკრიბონ და დაშალონ სხვადასხვა ჯგუფი და ა.შ. (Latour and Yaneva 2008).
თავი 2.3. მიგრაცია და სივრცე
მიგრაციული და ადგილობრივი ჯგუფების ინტერაქცია არის მორიგებისა და შეთანხმების პროცესი. მიგრაციული ჯგუფის ასიმილაციას ახასიათებს სხვადასხვა ფორმა: კონსერვირება, კონფორმულობა მასპინძელ საზოგადოებასთან, კულტურული პლურალიზმი. მასპინძელ საზოგადოებაში ეთნიკურად განსხვავებულ მიგრაციული ჯგუფების წარმატებულად ინტეგრაცია გამოიხატება ახლო ურთიერთობებში, შერეულ ქორწინებებში, სტერეოტიპების/კონფლიქტების დასრულებაში (Bean and Brown 2015, 75).
მიგრირებული ჯგუფის ზომამ, ეთნიკურობამ, ტრადიციულობამ და სხვ., შესაძლოა, სტიმული მისცეს ცვლილებებს კულტურის, სოციალურ, ეკონომიკურ და დემოგრაფიულ სფეროებში (Smith and Edmonston 1997; Holzer 2011). მიგრაციის დონის ზრდას შეუძლია წაახალისოს მრავალფეროვნება, გაზარდოს მიმღებლობა, სოციალური მდგრადობა და შეამციროს სტიგმატიზაცია, იმდენად, რამდენადაც, შესაძლებელია გაიზარდოს კონფლიქტების რიცხვი (Gordon 1964). ხოლო, რამდენიმე მიგრაციული ჯგუფის ინტეგრაციას ერთ სივრცეში თან ახლავს განსხვავებული მიდგომები სხვადასხვა ჯგუფის მიმართ. რაც უფრო მეტი საერთო აქვს მიგრაციულ ჯგუფს ადგილობრივებთან, როგორიცაა ენა, კულტურა, ტრადიციები, ეთნოსი, რასა და სხვ., მით უფრო ნაკლები დაბრკოლება ხვდებათ მათ სივრცეში (Frey 1995).
საინტერესოა, როგორ აისახება მიგრაციული ჯგუფის ინტეგრაციისა თუ ასიმილაციის პროცესი ურბანულ გარემოზე. ჰეტეროლოკალიზმის მიხედვით, მიგრაციული ჯგუფები ცდილობენ ურბანული სივრცე საკუთარი კულტურისა და ტრადიციების შესანარჩუნებლად გამოიყენონ, რასაც გეოგრაფიული დაშორების მიუხედავად ახერხებენ (Zelinsky and Lee 1998; Zelinsky 2001).
თავი 2. ისტორიული კონტექსტის მიმოხილვა
სვანების მიგრაცია 1987 წლის იანვარში მომხდარმა ბუნებრივმა კატასტროფამ, დიდთოვლობამ გამოიწვია, რომლის შედეგად ათასობით ადამიანს ზიანი მიადგა (ტრიერი და ტურაშვილი 2007, 11). დაახლოებით, 2 000 საცხოვრებელი სახლი ზვავში მოჰყვა, ხოლო 85 ადამიანი დაიღუპა (2007, 11). საბოლოოდ, სტიქიის ზონიდან, მესტიისა და ლენტეხის ზონიდან 16 000 ადამიანის ევაკუირება გახდა საჭირო (2007, 11). როგორც არსებული წყაროებიდან ირკვევა, ამ წელს სვანეთში სტიქიით დაზარალებულთა ჩასახლება უსაფრთხო ტერიტორიებზე, მაშინდელმა საბჭოთა ხელისუფლებამ სწრაფად და ორგანიზებულად მოახერხა (ტრიერი და ტურაშვილი 2007; ლაილი 2012).
ქვემო ქართლი ეკომიგრანტების განსახლების ერთ-ერთი ძირითადი რეგიონი და ტურაშვილი 2007, 42). სვანეთში მომხდარი სტიქიური მოვლენების შემდეგ, 1987 წელს, ქვემო ქართლში - 2 500-მდე (2007, 42), ხოლო უშუალოდ დმანისში 300 ოჯახის ჩასახლება დაიგეგმა (2007, 44). თუმცა, რეალურად ქვემო ქართლში საცხოვრებლად სვანეთიდან 1 645 ოჯახი ჩავიდა (2007, 42), ხოლო, უშუალოდ დმანისში - 251 (2007, 85).
უნდა აღინიშნოს, რომ დმანისის მუნიციპალიტეტში, ისევე, როგორც ქვემო ქართლის რეგიონში, მიგრაციის პროცესი ამით არ დასრულებულა (ტრიერი და ტურაშვილი 2007; ლაილი 2012; დემოკრატიის ინსტიტუტი 2016). საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 90-იან წლებში კვლავ გაგრძელდა სვანი ეკომიგრანტების გეგმიური განსახლება მესტიისა თუ ლენტეხის მუნიციპალიტეტებიდან, რის პარალელურადაც სხვებმაც დაიწყეს სვანეთიდან და სხვა რეგიონებიდან, თვითდინებით ჩამოსახლება (ტრიერი და ტურაშვილი 2007; ლაილი 2012; დემოკრატიის ინსტიტუტი 2016). ამასთან, 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა, შექმნილმა პოლიტიკურმა თუ სოციალურმა მდგომარეობამ მრავალი ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქე იძულებული გახადა დაეტოვებინა საცხოვრებელი და ქვეყანა (ტრიერი და ტურაშვილი 2007; ლაილი 2012; ზვიადაძე და ჯიშკარიანი 2018). ზოგიერთი აზერბაიჯანული სოფელი დმანისში თითქმის სრულად დაიცალა, განსაკუთრებით, სომხეთის საზღვართან ახლოს მდებარე აზერბაიჯანული დასახლებები (2007, 45). ამასთან ერთად, 90-იანებში მიმდინარე სამოქალაქო ომის პერიოდში ქვემო ქართლში მხედრიონის მიერ შექმნილმა მძიმე კრიმინალურმა სიტუაციამ და სახელმწიფოს სისუსტემ, განეხორციელებინა ლეგიტიმური ძალაუფლება კრიმინალის აღმოფხვრისთვის, გაამძაფრა და გაზარდა ადგილობრივებში არსებული შიში (Scott 2007, 30-31).
სვანი ეკომიგრანტების ქვემო ქართლში ჩასახლება განხორციელდა კარგად განსაზღვრული მიზნით, გაზრდილიყო ეთნიკურად ქართველთა რაოდენობა, ზვიად გამსახურდიას პერიოდში კი აზერბაიჯანელების მიერ მიტოვებულ სახლებს სახელმწიფო, რუსთაველის საზოგადოება და კოსტავას ფონდი ყიდულობდა და გადასცემდა ეთნიკურად ქართველ ოჯახებს (ტრიერი და ტურაშვილი 2007, ლაილი 2012, ზვიადაძე და ჯიშკარიანი 2018, Zolberg 1983; McGarry 1998). აღნიშნულ პროცესს ლაილი ხსნის, როგორც ზვიად გამსახურდიას მიერ ეკომიგრანტების საკითხის გამოყენებას „დემოგრაფიული დაბალანსების“ იარაღად, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ საზღვრისპირა რეგიონებში ქართველების ჩასახლების გზით (2012, 3). ხოლო ზვიადაძე და ჯიშკარიანი აფასებენ, ეთნიკურ-რელიგიურ ნაციონალიზმად და „გაქართველების“ პოლიტიკად, რომელიც მიმართული იყო ეთიკური უმცირესობების შევიწროებისკენ (2018, 4).
აქვე, ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს 90-იანი წლების მოვლენების ზეგავლენა სვანების მდგომარეობაზე დმანისში. ეკომიგრანტების ჩასახლებიდან რამდენიმე წელში, ქვემო ქართლში, მათ შორის დმანისში, წარმოიშვა კონფლიქტები, ძირითადად, სვან და აზერბაიჯანელ ჯგუფებს შორის, ერთ რაიონში მომხდარი დაპირისპირება კი მალევე ვრცელდებოდა რეგიონის მასშტაბით (2007, 54). დმანისში დაპირისპირებები და კონფლიქტები იღებდა უდანაშაულო ადამიანების მკვლელობების, ერთი ჯგუფის მიერ მეორე ჯგუფის დასახლებაში სახლებში მივარდნისა და დაშინების სახეს, შურისძიების მიზნით (ტრიერი და ტურაშვილი 2007; ზვიადაძე და ჯიშკარიანი 2018). შევარდნაძის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია მეტ-ნაკლებად განიტვირთა, მათ შორის, დმანისში მწვავე დაპირისპირებები და კონფლიქტები ჩაცხრა, თუმცა ეკომიგრანტების მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა, ხოლო ინტეგრაციის საკითხი ხელისუფლების მხრიდან უგულებელყოფილი იყო (ტრიერი და ტურაშვილი 2007; ლაილი 2012). აქვე უნდა ითქვას, რომ ბევრი არაფერი შეცვლილა სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ (ლაილი 2012, 3). არ შექმნილა მნიშვნელოვანი ცოდნა სვანი ეკომიგრანტების დმანისში ცხოვრებისა და მიმდინარე პროცესების შესახებ, სანამ 2021 წლის 16-17 მაისის დაპირისპირება არ მოხდა (მამედლი და ჩაჩიბაია 2021). კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო სვანების ჯგუფის მიერ ერთ-ერთ მაღაზიაში ნისიის მოთხოვნით და მეორე დღეს სხვადასხვა დასახლებებიდან შეკრებილი აზერბაიჯანელების მიერ სვანების დასახლებაში ჯგუფურად მისვლით გაგრძელდა. დაპირისპირების განმუხტვა მხოლოდ სხვა რაიონებიდან მოსული სპეცრაზმის და სხვადასხვა ავტორიტეტის ჩარევით გახდა შესაძლებელი (მამედლი და ჩაჩიბაია 2021, 7-9). მოკლე, ქრონოლოგიურ მიმოხილვაში ნათლად ჩანს ჯგუფებს შორის ძალაუფლებისა და დომინაციისთვის ბრძოლა. ერთი მხრივ, საკუთარი სივრცის დაცვისა და ამ სივრცეში საკუთარი ძალის დემონსტრირების მცდელობა. ხოლო, მეორე მხრივ, ერთი ჯგუფის მიერ მეორე ჯგუფის გავლენის არეალში საკუთარი ძალაუფლების გატარების სურვილი და საკუთარი დომინაციის დემონსტრირება დაპირისპირებულ ჯგუფზე. აქვე აღსანიშნავია, რომ ორდღიანი კონფლიქტის შემდეგ სახელმწიფოს დამნაშავეები არ დაუსჯია. საყურადღებოა ადგილობრივი ჯგუფების მიერ მარგინალიზებულობისა და პრივილეგირებულობის აღქმა. მაგალითად, ტრიერი-ტურაშვილის კვლევის მიხედვით, ქართველები და აზერბაიჯანელები მიიჩნევენ, რომ ეთნიკური ჯგუფების უფლებები ხშირად ირღვევა. აზერბაიჯანელები დარწმუნებულები არიან, რომ ქართველებს სოციალურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ სფეროებში უპირატესობები ენიჭებათ, და აზერბაიჯანელები იჩაგრებიან. მეორე მხრივ, კი მიგრირებულ სვანებში მაღალი უმუშევრობის გამო, ეკომიგრანტი სვანები თვლიან, რომ აზერბაიჯანელები უფრო პრივილეგირებულები არიან, ვიდრე ისინი (2007, 57).
ამდენად, ეკომიგრანტებისა და მათი ჩასახლების ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა დამოუკიდებელ საქართველოში არც ერთი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული არასდროს ყოფილა, რასაც ტრიერი და ტურაშვილიც წერენ (2007, 4). ეკომიგრანტების საკითხი არ განიხილება სათანადოდ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხრიდანაც, გამომდინარე იქიდან, რომ არც ერთ მუნიციპალიტეტში, სადაც ეკომიგრანტები ცხოვრობენ, მათ შორის, არც დმანისში, 2016 წლის მდგომარეობით არ განხორციელებულა ეკომიგრანტთა ინტეგრაციის პროგრამები (2016, 32).
თავი 3. სვანების დომინაციის სივრცეები დმანისში
ქალაქი დმანისის ურბანული გარემო აირეკლავს ქალაქში არსებულ იერარქიულობასა და ადგილობრივი ჯგუფების პოზიციებს საზოგადოებაში. დმანისის ცენტრი საბჭოთა პერიოდიდან დღემდე მომხდარ ცვლილებებზეც ბევრ ამბავს ყვება; თუ როგორ შეიცვალა პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური კონტექსტები ქალაქში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ როგორ დარჩა უფუნქციოდ ქალაქის ნაწილი, ხოლო ნაწილს როგორ შეეცვალა მნიშვნელობები; როგორ განიდევნა (და დღემდეც გრძელდება) ცენტრიდან ეთნიკური განსხვავებები. დღეს ქალაქი, ერთი შეხედვით, არ გეუბნება თუ რამდენად მრავალფეროვანია იქ მცხოვრები საზოგადოება. თუმცა, ჩანს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ბეჯითად ცდილობს პროპაგანდა გაუწიოს ქართულ ეთნო-რელიგიურ ჰომოგენურობას.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ დმანისი შედგება მრავალი სივრცისგან, სადაც სვანებსა თუ სხვა ადგილობრივ ჯგუფებს განსხვავებული ადგილი უკავიათ. პირველ რიგში ყურადღებას გავამახვილებ ისეთ სივრცეებზე, სადაც სვანების უპირატესობა ცალსახაა. შემდეგ ვისაუბრებ გაზიარებულ სივრცეებზე და ბოლოს, იმ ადგილებზე, სადაც მათ არადომინანტური, მარგინალური ადგილი უკავიათ.
დმანისში არსებობს სხვადასხვა სივრცე, სადაც მაღალია სვანების მიერ სივრცეზე დომინირების ხარისხი. ასეთია ჰომოგენური და მეტ-ნაკლებად დახურული სივრცეები, სვანებს საშუალება აქვთ განახორციელონ სხვადასხვა ავთენტური პრაქტიკები. ამ ნაწილში განხილული სფეროები სვანებს აძლევს საშუალებას თავიანთი უპირატესობისა და პრივილეგირებულობის კულტივირებისათვის.
საკვანძო სივრცე, სადაც სვანებს დომინანტური ადგილი უკავიათ არის სვანების დასახლება. დმანისში დასახლების შემდეგ ჩასახლებულებმა განავითარეს ეს სივრცე, გარდაქმნეს და რიგი მნიშვნელობების შესძინეს.
აღსანიშნავია, რომ სვანი ეკომიგრანტების ჩასახლება ქალაქის სიახლოვეს იმდროინდელი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიზანმიმართულად გადაწყვიტეს. „ისტორიული მოვლენა არის საქართველოში“ (ეთნიკურად ქართველი მიგრანტი დმანისში, კაცი), ასე აფასებს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელსაც სვანების დმანისში ჩამოსახლებამდეც ეკავა მაღალი თანამდებობა. ერთ-ერთი რესპონდენტი იხსენებს, რომ მუნიციპალიტეტში გაჩნდა აზრი, „ჯერ ცენტრი უნდა ავიღოთ“ (ადგილობრივი ქართლელი, კაცი), რაც გულისხმობდა ეთნიკურად ქართველების რაოდენობის ზრდას რაიონში. საინტერესოა, რომ დასახლება ქალაქის ერთგვარი დამატებაა და ბოლომდე მისი ნაწილი არ არის. დასახლების პირველი სივრცე, იგივე გეოგრაფიული, მატერიალური სახით, ეკომიგრანტებისთვის აშენებული დასახლება ქალაქის განაპირას მდებარეობს და მხოლოდ ერთი მხრიდან უერთდება ქალაქის დასახლებას, კერძოდ, ბაზრის მხარეს.
მას შემდეგ, რაც სვანები დმანისში ჩამოსახლდნენ, ისინი აქტიურად ცდილობენ საკუთარი საცხოვრებელი არეალის მოშინაურებას, მონიშვნას, სელექციას ქალაქის სხვა ნაწილისგან, რასაც გეოგრაფიული მდებარეობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. მათ ქუჩებს დაარქვეს სვანეთთან დაკავშირებული სახელები: მესტიის ქუჩა, ჭუბერის ქუჩა და ხერგიანის ქუჩა, რაც თავის მხრივ, მეორე სივრცეს წარმოადგენს. მესამე სივრცის კონტექსტში, მსგავსი სახელების შერჩევა გამოყოფს ტერიტორიას, ნიშნავს მას. ამავე დროს, ზრდის მოქალაქეების მიკუთვნებულობასა და ჰეტეროლოკალიზმს მშობლიურ მხარესთან. შესაბამისად, დასახლებაც მეტად მშობლიური ხდება სვანი მიგრანტებისთვის.
მათ მიერ განხორციელებული პრაქტიკები მიემართება ჯგუფის ინდივიდუალობისა და ავტონომიურობის დემონსტრირებას, რაც ასევე დასახლების მესამე სივრცეს წარმოადგენს. სვანეთთან კავშირის შენარჩუნებისა და მიკროსოციუმის შექმნის მიზნით, ადგილობრივებმა სივრცის მახასიათებლები წარმატებით გამოიყენეს საკუთარი, ჰომოგენური გარემოს შესაქმნელად. თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს სახლში ნაგაზის ჯიშის ძაღლი, ე.წ. ბირჟაობის მიზნით დასახლებაში მხოლოდ სვანები იკრიბებიან და სხვ.
„მე არანაირი პრობლემა არა მაქვს, ეს სვანების ტერიტორიაა“ ამბობს ახალგაზრდა ქართლელი ქალი. რაც შეეხებათ ეთნიკურად აზერბაიჯანელებს, ისინი სვანების დასახლებაზე საუბრისგან თავს იკავებენ, ან იზიარებენ სხვა ადგილობრივი ქართლელების პოზიციას.
რიგ შემთხვევაში დასახლების იზოლირება, სვანური სიმბოლოების რეპრეზენტაცია და სივრცის გამოყენება, მისი პირველი, მეორე და მესამე სივრცეები უარყოფითადაც კი მოქმედებს ადგილობრივ ჯგუფზე. ამდენად, სივრცემ შესაძლოა იმოქმედოს, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური კუთხით მიგრაციული ჯგუფების თვითდამკვიდრების პროცესში. აქვე უნდა ითქვას, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც სვანები დომინანტურ როლს ირგებენ, სხვა ჯგუფები ამ სივრცეში არადომინანტურნი ხდებიან.
სვანების მიერ საკუთარი როლის აღქმის კიდევ ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს დმანისში მართლმადიდებლური რწმენის გაძლიერება. ამის თვალსაჩინო მაგალითად კი სვანების დასახლებაში აშენებული წმინდა გიორგის ეკლესია აღიქმება. ეს არის სიმბოლო მათ მიერ განხორციელებული ცვლილებებისა ქალაქ დმანისში, რომელსაც მრავალმხრივი ფუნქცია აკისრია, შესაბამისად, საკმაოდ ფართოა მისი მესამე სივრცე. ერთი მხრივ, ამ პროცესმა ხელი შეუწყო ქართლელებსა და სვანებს შორის ურთიერთობების დათბობას, 90-იანებში დაგროვილი მძიმე გამოცდილებების ფონზე. ეკლესიის აშენება როგორც სვანებისთვის, ისე ქართლელებისთვის ქალაქში არსებული კონფლიქტების დასრულების სიმბოლოდ აღიქმება.
ამავე დროს, ეკლესია როგორც სვან, ისე ქართლელ და აზერბაიჯანელ მოსახლეობაში იდენტიფიცირებულია, როგორც სვანების საკუთრება. ამ შემთხვევაში ნაგებობა, როგორც სივრცე, იწყებს მოქმედებას ადგილობრივი ჯგუფების მიმართ. აღნიშნული მოქმედება განსაკუთრებით მძაფრია იქ მცხოვრები სვანების მიმართ, რაც აძლიერებს მიკუთვნებულობას ქალაქისადმი და ზრდის აგრესიის ხარისხს სხვა ადგილობრივი ჯგუფების მიმართ. „ეს ეკლესია სვანებისაა და თუ სვანები არ მოსწონთ რატომ მოდიან?“ ამბობს დმანისში მცხოვრები სვანი ქალი. აქვე აღსანიშნავია, რომ ქალაქში მცხოვრებ ქართლელებსა,თუ აზერბაიჯანელებს ნეიტრალური დამოკიდებულება აქვთ და ამ ეკლესიის არსებობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. შესაბამისად, ეკლესიას, როგორც სივრცეს/ობიექტს არა აქვს გავლენა.
სვანების სასაფლაოს გაჩენას დმანისში, რომელიც მათ მიერ აშენებული ეკლესიის გარშემო დააარსეს, საკმაოდ დიდი დრო, რამდენიმე წელი დასჭირდა. სვანები იხსენებენ, ზოგ შემთხვევაში, როცა გარდაცვლილს ოჯახის წევრები სვანეთში ჰყავდა დაკრძალული, ოჯახის ანდა საკუთარი ანდერძის საფუძველზე სვანეთში იკრძალებოდა. ზოგჯერ კი, უბრალოდ ვერ ბედავდნენ ყოფილიყვნენ პირველები. ამასთან, შესაბამისი ადგილის მოძიებაც ჭირდა. რამდენიმე წლის შემდეგ ერთმა ოჯახმა გაბედა და გადაწყვიტა გარდაცვლილი დმანისში დაეკრძალათ. მას შემდეგ, მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა იყო გარდაცვლილის სვანეთში გადასვენების, მისივე დაჟინებული მოთხოვნის გამო. აღსანიშნავია, რომ აქ მხოლოდ სვანების განსასვენებელია და სასაფლაომ, როგორც სივრცემ, დაიწყო ზეგავლენის მოხდენა ადგილობრივებზე. ამდენად, ისინი კიდევ უფრო მეტად დააკავშირა დმანისს, სწორედ, ეს დანიშნულება აღმოჩნდა სასაფლაოს მესამე სივრცე.
სვანების დომინაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ადგილია კულტურისა და ხელოვნების ცენტრი. მართალია, შენობა ერთი შეხედვით არ გვეუბნება, ვის შევხვდებით ამ შენობაში და რას ვნახავთ. თუმცა, შენობის დათვალიერების და გაცნობის შემდეგ ნათელი ხდება თუ რამდენად მრავალფუნქციურია ის. ცენტრი იტევს და აერთიანებს საკონცერტო დარბაზს, მუზეუმს, სპორტული დარბაზს, ტურისტული ცენტრსა და ხელოვნების დარგში არსებული ანსამბლების სამუშაო სივრცეებს. იგი ხელს უწყობს და აძლიერებს სვანების მდგომარეობას დმანისში, რაც გამოიხატება ანსამბლების სვანური წარმოშობის სახელებსა და რეპერტუარში, სვანური ჭიდაობის პოპულარიზებაში. საყურადღებოა, რომ ცენტრს, როგორც მესამე სივრცეს, აქვს ზეგავლენა სხვა ადგილობრივ ჯგუფებზე. სვანების შემთხვევაში, სივრცე მათ სასარგებლოდ მოქმედებს. ხოლო, დანარჩენი ადგილობრივებისთვის, თუ არ ახდენს მათ დისკრიმინაციას, ხელსაც არ უწყობს ქართლელთა და აზერბაიჯანელთა რეპრეზენტაციას, რადგან ცენტრში ვერ შეხვდებით მათ გაერთიანებებს. ჩანს, რომ სვანები საკმაოდ წარმატებით ახერხებენ კულტურის ცენტრის მოშინაურებას, დმანისში საკუთარი მშობლიური კუთხის ტრადიციებისა და ავთენტური კულტურის რეპრეზენტაციას. ამას თავიანთი მოტივაციისა და თვითაღქმის ფონზე ახერხებენ.
ადგილობრივი ჯგუფები არსებული მდგომარეობას კულტურის სფეროში უარყოფითად აფასებენ და, როგორც ქართლელები, ისე აზერბაიჯანელები თვლიან, მათაც უნდა ეძლეოდეთ შესაძლებლობა, მეტად წარმოაჩინონ საკუთარი მუსიკალური, თუ ქორეოგრაფიული კულტურა და პოტენციალი. ქართლელები მიიჩნევენ, რომ სვანების გარდა, მათაც აქვთ გარკვეული წვლილი რეგიონში კულტურის განვითარებაში. აზერბაიჯანელებისთვის კი ეს მდგომარეობა სახელმწიფოს არასწორ პოლიტიკაზე მიუთითებს, რადგანაც არ ხდება მრავალფეროვანი კულტურის, ცეკვისა და სიმღერის წარმოჩენა რაიონის მასშტაბით. სხვა შემთხვევაში, მათაც უნდა შეძლონ საკუთარი ტრადიციებისა და კულტურის წარმოჩენა.
„სანამ სვანები ჩამოვიდოდნენ, ქართული ცეკვის ანსამბლები აქაც არსებობდა. მართალია, სიმღერა ისე არ იყო განვითარებული როგორც ეხლა, მაგრამ ჩვენც გვქონდა ჩვენი ტრადიცია“.
(ქართლელი, კაცი)
„აზერბაიჯანელები რო არა ვართ ჩართულები, ეგ იმის ბრალი კი არა არის, რომ არ შეგვიძლია ან არავის უნდა. ეგ იმის ბრალია, რომ სახელმწიფო არ მუშაობს სწორად“.
(აზერბაიჯანელი, კაცი)
ამდენად, კულტურის ცენტრი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და საკვანძო ადგილია ქალაქში. სვანები იკავებენ, ცალსახად, დომინანტურ ადგილს კულტურის სფეროში. ხოლო, სხვა ადგილობრივი ჯგუფები მარგინალურ და არადომინანტურ როლში ექცევიან.
დმანისში მცხოვრებ სვანებს დომინაცია არაერთ სივრცეში უკავიათ. ისინი გამოირჩევიან ჩაკეტილობითა და იზოლირებით გეოგრაფიულ ჭრილში და მათი წარმომადგენლობა უმეტესად ჰომოგენურია. სვანი მიგრანტების დომინაცია გამოიხატება მათი ტრადიციების დემონსტრირებაში, რაც თავის მხრივ, იწვევს დმანისთან მიკუთვნებულობის გაჩენასა და კონსერვირებას ჯგუფის შიგნით. აქვე უნდა ითქვას, რომ სვანების დომინაცია რიგ შემთხვევებში არ ახდენს ზეგავლენას სხვა ადგილობრივ ჯგუფებზე. თუმცა, სვანების კულტურული დომინაცია უარყოფითად აისახება დანარჩენი ჯგუფების რეპრეზენტაციაზე.
თავი 4. გაზიარებული სივრცეები დმანისში
ქალაქში იმ სივრცეების გარდა, რომლებშიც სვანებს აბსოლუტური დომინაცია აქვთ, არსებობს მეტად საინტერესო გაზიარებული სივრცეები. ეს სივრცეები თავის თავში გულისხმობს იმას, რომ მათში ყოველდღიურად თანაარსებობს სხვადასხვა ადგილობრივი ჯგუფი. დმანისში მცხოვრები ადგილობრივი ჯგუფების განდევნა ამ სივრცეებიდან უმეტეს შემთხვევაში ვერ ხდება. თუმცა, სტრუქტურირდება შერჩევითი იერარქიულობით.
როგორც ადგილობრივების მონათხრობიდან ხდება ცნობილი, ერთ-ერთი გაზიარებული სივრცეა ადგილობრივი მერია. ამ დაწესებულებაში, ძირითადად, ადგილობრივი ქართლელები მუშაობენ. ასევე, არიან სვანებიც, მხოლოდ არა უმაღლესი გადაწყვეტილების მიმღები პირების პოზიციებზე. როგორც სვანები ამბობენ, მათ მნიშვნელოვან პოზიციებზე არ ნიშნავენ. მათი გადმოსახედიდან, ეს მათთვის შექმნილი ხელოვნური ბარიერია, რათა დარეგულირდეს მათი წარმომადგენლობითობა და იერარქიის უმაღლეს პოზიციებზე წვდომა მხოლოდ დმანისელ ქართლელებს ჰქონდეთ. რაც შეეხება აზერბაიჯანელებს, ისინი ძირითადად, ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლების რწმუნებულების პოზიციებს იკავებენ. ხოლო, უშუალოდ მუნიციპალიტეტის მერიაში მხოლოდ რამდენიმე აზერბაიჯანელი თუ მუშაობს. ისინი ფიქრობენ, რომ ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, ძირითადი კი ქართულის არცოდნა, ენის ბარიერია. მეორე მხრივ, თვლიან, რომ მათი წარმომადგენლობის გაზრდას თავად ქართველებიც უშლიან ხელს. აქვე უნდა ითქვას, რომ დმანისელები, როგორც ქართლელები, სვანები, ისე აზერბაიჯანელები ამბობენ, რომ საბჭოთა კავშირის დროს მდგომარეობა საპირისპირო იყო. ადგილობრივ ხელისუფლებაში სხვადასხვა მაღალ თუ საშუალო პოზიციაზე დიდი წარმომადგენლობით იყვნენ დასაქმებული აზერბაიჯანელები. ამას ხელს ისიც უწყობდა, რომ მუნიციპალიტეტში ოფიციალური წარმოება რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. რუსული ენა კი აზერბაიჯანელებმა ქართველებზე უკეთ იცოდნენ, რადგან თავად, უმეტესად, რუსულ სკოლებს ამთავრებდნენ.
მთლიანობაში, მერია და მერიის შენობა, როგორც სივრცე, მეტად კონტრასტულია. ერთმანეთისგან განსხვავდება და საპირისპიროდ მოქმედებს მისი მეორე და მესამე სივრცეები. მუნიციპალიტეტის მერია, როგორც დაწესებულება, უნდა ასრულებდეს წარმომადგენლობით ფუნქციას, რათა განუხრელად უზრუნველყოს ყველა ადგილობრივის თანასწორობა და კეთილდღეობა. ხოლო, სინამდვილეში, იგი ხდება სელექციისა და იერარქიულობის დამკვიდრების ადგილი, სადაც იდეალიზდება ქართლელობა, როგორც ლეგიტიმურობის კრიტერიუმი. ნორმიდან გადახრად კი ითვლება მისგან განსხვავებულობა. შესაბამისად, სივრცის მოქმედებაც ამ კონტექსტში რეალიზდება.
აქვე უნდა განისაზღვროს ენის, როგორც სივრცის, ფუნქცია და განხორციელებული მნიშვნელობა. როგორც ინსტრუმენტი, ენა მუდმივად სხვადასხვა პოლიტიკურ ვითარებაში იყო განდევნისა და სელექციის საშუალება, ამდენად კარგად აირეკლავს ინტეგრაციის თავისებურებებს ქალაქში. საბჭოთა კავშირის დროს რუსული ენა წარმოადგენდა თავის დამკვიდრების საშუალებას, რომლითაც აზერბაიჯანელები ითავსებდნენ დომინანტურ როლს, ხოლო ადგილობრივ ქართლელებს უწევდათ დამატებითი ძალისხმევის გაწევა საზოგადოებრივ ველში ადგილის მოსაპოვებლად.
„საბჭოთა კავშირის დროს ასე იყო, ჩვენ რომ ქართული სოფლებიდან მოვდიოდით ვერ ვსაქმდებოდით უფროსის პოზიციებზე, აზერბაიჯანელებს რუსულის ცოდნის გამო კი ეს ადვილად შეეძლოთ“.
(ადგილობრივი ქართლელი, ქალი)
ხოლო, 90-იანი წლებში სახელმწიფოებრივი პოლიტიკის რადიკალურად ცვლილების შემდეგ, რუსული ქართულმა ჩაანაცვლა და მივიღეთ მდგომარეობა, როცა სივრცის მიღმა აზერბაიჯანული თემი აღმოჩნდა. ეს არა მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების, არამედ ყოველდღიური კომუნიკაციის დონეზეც მოხდა. კვლევისას გამოიკვეთა, რომ აზერბაიჯანელობა აპრიორი გულისხმობს ქართული ენის არცოდნას ადგილობრივებისთვის, რაც სვანებს თუ სხვა უარყოფითად განწყობილ ადამიანებს ქალაქში აძლევთ საშუალებას თამამად გააკრიტიკონ აზერბაიჯანელები. ამასთან, ტექსტის შემდგომ ნაწილებში ვნახავთ, რომ აზერბაიჯანელი ბავშვების მიერ ენის შესწავლა სვანებში აღძრავს აზერბაიჯანელების მიერ ენისა თუ სხვა სივრცეებში შემოსვლის შიშს. ეს ტენდენცია არსებობს იმის მიუხედავად, რომ ქართული სკოლის ეთნიკურად ქართველ, თუ აზერბაიჯანელ მოსწავლეებს შორის ენობრივი გაუცხოება დაკვირვების პერიოდში არ შეინიშნებოდა.
„ერთხელ მახსოვს, ბებიაჩემთან ერთად ვიყავი პენსიის ასაღებად და მესმოდა როგორ ამბობდნენ ჩვენზე, რომ უკულტუროები ვართ. {...} ბებიაჩემს ეს არ ვუთარგმნე. {...} იმათ ეგონათ, რადგან აზერბაიჯანელი ვიყავი, არ ვიცოდი ქართული“.
(ადგილობრივი აზერბაიჯანელი, ბიჭი)
ენაზე საუბრისას უნდა ითქვას, რომ, როგორც აზერბაიჯანელები, ისე სვანები ადგილობრივ ქართლელებს მოიხსენიებენ ტერმინებით „ქართველს“ „აქაურ ქართველს“ და „დმანისელს“. ხოლო, რესპონდენტების ნაწილი აზერბაიჯანელებს მესამე პირის ნაცვალსახელებით მოიხსენიებენ, „ისინი“, „მათ“, რაც აჩვენებს, ქართლელებსა და სვანებს შორის არსებული ბარიერების მიუხედავად, ისინი უფრო ახლოს არიან ერთმანეთთან, ვიდრე აზერბაიჯანელებთან.
ამ შემთხვევაში ენა, როგორც სივრცე იძენს გაუცხოებისა და გამიჯვნის ფუნქციას და ჩანს, რომ მიუხედავად არაერთი მსგავსებისა სვანებსა თუ ქართლელებს შორის, ამ წლების მანძილზე ისევ არსებობს ბარიერები და დღემდე არ მომხდარა ეთნიკურად ქართველებს შორის ინტეგრაცია.
აღნიშნული პრობლემა ტექსტის კიდევ ერთ ნაწილში გახდება ნათელი, რომელიც ქორწინებას შეეხება. შესაბამისად, ენის სივრცეს მნიშვნელოვანი როლი აქვს. მას შეუძლია ზეგავლენა იქონიოს სხვადასხვა არადომინანტური ჯგუფების რეპრეზენტაციაზე, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ჰაბიტუსზე და ეთნიკურ მიკუთვნებულობაზე. ამავე დროს, ენობრივი თავისებურებები, დამკვიდრებული ტერმინები და სიმბოლოები კარგად აჩვენებს ქალაქში არსებულ გაუცხოებასა და ინტეგრაციის საკითხს.
ქალაქში არსებული დისკურსი და ქალაქში არსებულ ჯგუფებს შორის დამოკიდებულებები პირდაპირ აისახებოდა სკოლაში ბავშვების ურთიერთობებზე. რესპონდენტები ჰყვებიან, რომ ჩასახლების პირველ წლებში, დაახლოებით, 2000-იანი წლების დასაწყისამდე, ბიჭები იყოფოდნენ უბნების მიხედვით და ჩხუბობდნენ. ეს გულისხმობდა სვანებს და ქართლელებს შორის დაპირისპირებას. შემდეგ უკვე დამოკიდებულება შეიცვალა და ბიჭებმა „საქმეების გარჩევა“ კლასების მიხედვით დაიწყეს. ეს პროცესი დროში თან სდევს, ზოგადად, ქალაქში კონფლიქტური სიტუაციების აღმოფხვრას სვანებსა და სხვა ადგილობრივებს შორის. ხოლო, დღეისთვის ანალოგიური სიტუაცია კიდევ უფრო შეცვლილია. ქართულ სკოლებში სწავლობენ ქართლელები, სვანები და მცირე რაოდენობით აზერბაიჯანელებიც. რაც შეეხება სასკოლო ჩხუბებს, მოსწავლეები ამბობენ, რომ დღეს ჩხუბი იშვიათად ხდება და ყოველთვის ეხმარებიან ერთმანეთს, განურჩევლად იმისა, თუ რომელ ჯგუფს ეკუთვნიან. როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც ქალაქში დომინაციისა და თვითდამკვიდრებისთვის ძალადობრივი ფორმების გამოვლენა შემცირდა, იკლო ძალადობამ მოსწავლეებშიც.
დმანისის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც ვაკვირდებოდი, აღმოვაჩინე, რომ პირველი სართულის დერეფანში მრავლადაა ხელით შექმნილი ნახატები და პლაკატები. შესვლის მომენტისთანავე ჩანს საქართველოს დროშა, რუკა, წმინდა გიორგის ნახატი და სხვ. ანალოგიური მდგომარეობაა სხვა სართულების ფოიეებშიც. თუმცა, გამოფენილი თვალსაჩინოებების ინტენსივობა იკლებს. უნდა ითქვას, რომ სკოლის დერეფნებში რელიგიური დომინაცია არ ჩანს. მიუხედავად ამისა, როგორც მოსწავლეებმაც აღნიშნეს, მასწავლებლებს, თითქმის, ყველა კლასში აქვთ მოწყობილი რელიგიური კუთხეები, სადაც მართლმადიდებლური ხატებია გამოფენილი. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეები ამ სივრცეებს სალოცავად არ იყენებენ. ამასთანავე, კლასში ხატების კუთხის არსებობის მიზეზის გაგებაც უჭირთ.
სკოლას, როგორც ინტეგრაციის სივრცეს, დმანისში მნიშვნელოვანი როლი აქვს მესამე სივრცის ჭრილში. იგი თვალსაჩინოდ უწყობს ხელს ინტეგრაციისა და ტოლერანტულობის გაზრდას ადგილობრივ ჯგუფებს შორის. ეს სივრცე საინტერესოა სვანი მასწავლებლისა და მოსწავლეების პერსპექტივაში. იგი ერთი მხრივ, პირდაპირ აირეკლავს საზოგადოებაში არსებული განწყობების ცვლილებას. ხოლო, მეორე მხრივ, აქვს მნიშვნელოვანი ზეგავლენა დმანისში არსებული ჯგუფების თანაცხოვრებაზე, რაც გამოიხატება მოსწავლეების დამოკიდებულებებსა და მათი ოჯახის წევრები აღქმაზე. აქვე უნდა ითქვას, რომ სკოლა ქმნის შუალედურ სივრცეს თითოეული ადგილობრივი ჯგუფისთვის, სადაც დომინანტური ეროვნული იდეოლოგიის პროპაგანდაა, სადაც რამდენად ახლო კავშირსაც მოძებნიან ჯგუფები მასთან, იმდენად პრივილეგირებული იქნებიან ისინი. ამ შემთხვევაში, სვანი მიგრანტები, როგორც დომინანტი რელიგიისა თუ ეროვნების წარმომადგენლები მეტად ინტეგრირებულად თვლიან სასკოლო სივრცეში თავს, ვიდრე ეთნიკური უმცირესობები.
ტაქსი, როგორც პირველი სივრცე, არის მოძრავი და ქსელური. რაც შეეხება მეორე სივრცეს, დმანისში ტაქსის მომსახურება საკმაოდ მასშტაბურად გამოიყენება, გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს შიდა საქალაქო საჯარო ტრანსპორტი, ადგილობრივები ხშირად იყენებენ ბაზარში ვიზიტისთვის, თუ ქალაქის ერთი ნაწილიდან მეორეში გადაადგილებისთვის. ამ საქმიანობას ეწევიან როგორც სვანები, ისე ქართლელები და აზერბაიჯანელები. ტაქსით სარგებლობისთვის ადგილობრივები იყენებენ მათ პირად საკონტაქტო ნომრებს და უკავშირდებიან სასურველ მძღოლებს. ასევე, ბაზრის წინ არის მოწყობილი სპეციალური სივრცე, სადაც ტაქსები ჩერდებიან და ელოდებიან პოტენციურ კლიენტებს. დაკვირვებისას იკვეთება ტენდენცია, რომ ტაქსისტებს თავიანთი კლიენტები ჰყავთ, უმეტესად, საკუთარი თემიდან. მიუხედავად ამისა, გამოცდილ და ცნობად ტაქსისტებს ჰყავთ შერეული კლიენტები სხვადასხვა დასახლებიდან. „მე ყველა მირეკავს, პატივს მცემენ ქართლელებიც და სვანებიც. ბევრთან ვმეგობრობ კიდეც.“ ამბობს აზერბაიჯანელი ტაქსისტი, რომელსაც მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. მანქანაში საქართველოს დროშა აქვს გამოფენილი, როგორც თავად ამბობს, საქართველოს სიყვარულისთვის. ტაქსი, როგორც მესამე სივრცე დმანისში, არის პატივისცემის, ლოიალობის ველი. აქ ერთმანეთთან ურთიერთობენ სხვადასხვა ადგილობრივი ჯგუფები და აყალიბებენ თანასწორ, შეთანხმებულ ურთიერთობებს. შესაძლებლობა ეძლევათ დმანისელებს ტაქსიში გამართული საუბრების დროს დაამყარონ კომუნიკაცია, გამონახონ კონსენსუსი და მოახდინონ ურთიერთპატივისცემის დემონსტრირება. ამაზე რესპონდენტებიც ჰყვებიან და დაკვირვების პროცესში თავადაც შევესწარი. შესაბამისად, ტაქსი, როგორც სივრცე, დმანისში მცხოვრებ სვანებზე და არამარტო, ახდენს პოზიტიურ ზეგავლენას, რათა გაზარდონ ინტერაქციის ინტენსივობა და ჩამოაყალიბონ პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები.
დმანისის ბაზარი ქალაქის ცენტრში მდებარეობს, სივრცე საკმაოდ შერეულია და გასაყიდად გამოტანილია ყველანაირი პროდუქცია. სატვირთო მიკროავტობუსის უკანა ნაწილი ღიაა და წინ აწყვია სხვადასხვა ხილი, ბოსტნეული გასაყიდად. გამყიდველად ასაკოვანი, აზერბაიჯანელი ქალი დგას და ენერგიულად დაფუსფუსებს. იქვე ახლოს ქართველი ხანში შესული ქალი ზის პატარა ხის სკამზე, დილის წვიმის შემდეგ თავზე ქოლგა ახურავს და მცირე კონებად შეკრულ დანდურს ყიდის. სვანი ქალი და აზერბაიჯანელი ცოლ-ქმარი დგანან გვერდი-გვერდ და ყველს ყიდიან. შემდეგ სოფლიდან ჩამოსული ქართლელი ზის. წინ მოზრდილი დახლი აქვს მოწყობილი, სუნელებისა და სხვადასხვა სახის თესლის გასაყიდად. მის გვერდით აზერბაიჯანელი ახალგაზრდები დგანან დახლთან, რომელსაც ქოლგა აქვს გადაფარებული და ბოსტნეულს ყიდიან. უკან კი ორი გრძელი ხის დახლია, სადაც ქართველებს და აზერბაიჯანელებს ქალის, კაცის და ბავშვის ტანსაცმელი აქვთ გამოფენილი გასაყიდად.
აქვე უნდა ვთქვა, რომ დმანისის ბაზარში სვანებს მაღალი თანამდებობები უკავიათ. ერთ-ერთი რესპონდენტი მიყვება, ბაზრის დირექტორიც და „ჩეკის გოგოც“ სვანები არიან და ყოველთვის კარგი დამოკიდებულებით გამოირჩევიან ბაზარში მომუშავეების მიმართ. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ბაზარში უმეტეს შემთხვევაში, სვანები და აზერბაიჯანელები ყიდიან პროდუქტს. თუმცა, ფაქტია, ყველას, მათ შორის ქართლელებსაც, რაღაც გამოაქვს გასაყიდად. განსაკუთრებით, გაზრდილი გაღარიბების ფონზე, თითოეული ცდილობს რამე გამონახოს, რასაც გაყიდის. სვანები, ძირითადად, რძის პროდუქტებით ვაჭრობენ; აზერბაიჯანელებს ბოსტნეული და რძის პროდუქტები აქვთ; ხოლო ქართლელებს - სხვადასხვა, შერეული პროდუქცია. თუმცა, როგორც ბაზარი აჩვენებს, ცალსახად არ არის გადანაწილებული ის, რასაც კონკრეტული ჯგუფის წევრები ყიდიან. რაც შეეხება მომხმარებლებს, ისინი მრავლად ირევიან. შერეულად არიან ქართლელებიც, აზერბაიჯანელებიც, სვანებიც. ათვალიერებენ პროდუქციას, გამყიდველებს ფასზე ევაჭრებიან. არავინ აქცევს ყურადღებას ვინ დგას დახლის ერთ ან მეორე მხარეს. წინა პლანზეა საერთო გაცვლის იდეა.
„ჩვენ აქ ყველა ყველას ვიცნობთ, გენაცვალე, ქართველებიც და აზერბაიჯანელებიც ძალიან კარგადა ვართ“. (ადგილობრივი ქართლელი, ქალი)
„მე აქ(ბაზარში) ყველა მიცნობს, ვისაც გინდა კითხე, X-ს თუ იცნობს. ყველასთან კარგადა ვარ და ვმეგობრობ სვანებთანაც და აქაურებთანაც“.
(აზერბაიჯანელი, კაცი)
უნდა აღინიშნოს, რომ სახელდახელოდ მოწყობილი დახლები, მოუწესრიგებელი სივრცე აჩვენებს თუ როგორი მოწყვლადია ყველა, ვინც აქ ვაჭრობს, განურჩევლად იმისა, თუ რომელ ადგილობრივ ჯგუფს ეკუთვნის. ქალაქში არსებული ეკონომიკური უთანასწორობა და მძიმე სოციალური ვითარება, რომელიც აერთიანებს ყველა ადგილობრივ ჯგუფს, კარგად ჩანს ბაზარში მოვაჭრეების მიერ გამოტანილ პროდუქტებში, მაგალითად, კონებად შეკრული ჭინჭარი და სხვ.
ბაზარი, როგორც მიმოცვლისა და გაზიარების სივრცე, არ ცნობს საზღვრებს. დმანისში მცხოვრებ სხვადასხვა ჯგუფს ერთ გარემოში აქცევს და აკავშირებს, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა ნაწილიდან თუ რაიონის სოფლებიდან ჩამოდიან, რათა ვაჭრობის ჯაჭვში ჩაერთონ. მოვაჭრეები ერთმანეთთან ურთიერთობენ და ქმნიან კავშირებს, კავშირი დგება მომხმარებლებთანაც. დმანისის ბაზარი ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია ქალაქში. შესაბამისად, სივრცის პირველი და მეორე სივრცეები მესამე სივრცეს შუალედურობისკენ იზიდავენ. ეს უკანასკნელი გამოიხატება იმაში, რომ არ ჩანს დომინანტური ჯგუფი, შეუძლებელია სივრცის რაიმე ნიშნით სელექცია, გარდა პირველ სივრცეში, გეოგრაფიული თვალსაზრისით ტერიტორიის შემოსაზღვრისა. საინტერესოა ის, რომ ამ შემთხვევაში, არა ადამიანები აშინაურებენ სივრცეს, არამედ შენობები, სივრცე თავად აშინაურებს და საკუთარ წესრიგში ათავსებს, როგორც ადგილობრივ, ისე მიგრაციულ ჯგუფს.
გაზიარებული სივრცეები დმანისში იერარქიულ სისტემაში აყენებს ადგილობრივ ჯგუფებს. ნათელს ხდის ინტეგრაციის პრობლემას და არსებულ სოციალურ უთანასწორობას, რომელიც ყველა ადგილობრივს ეხება. შეიძლება ითქვას, რომ ბაზარია ის ერთადერთი სივრცე, რომელიც თავისთავად არის მოწყვლადობის რეპრეზენტაცია დმანისში. ყველა მოვაჭრე, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური მიკუთვნებულობისა, არის იერარქიულად დაბალ საფეხურზე მდგომი. მხოლოდ ამ და ტაქსის სივრცეში არ ჩანს ძალაუფლებისთვის ბრძოლა და დომინანტური რეპრეზენტაციის მცდელობები, რადგან თითოეული მხარე თუ ჯგუფი ორიენტირებულია ეკონომიკურ გაცვლასა და სარგებელზე. სხვა შემთხვევაში, ცალსახაა ადგილობრივი სტრუქტურების ძალისხმევა სხვა ჯგუფების დაქვემდებარების მიზნით. ამდენად, დომინანტური ადგილი გაზიარებულ სივრცეებში უკავიათ ქართლელებს, როგორც დმანისში იტყვიან, იქაურ ქართველებს.
თავი 5. არადომინანტური სივრცეები დმანისში
ქალაქში სხვა სივრცეების მსგავსად არსებობს ისეთი სივრცეები, სადაც სვანები ან სხვა ადგილობრივი ქართლელები წარმოდგენილნი არიან მცირედ, ან საერთოდ არ არიან. შესაბამისად, მათ არადომინანტური ადგილი უკავიათ. თუმცა, ეს სივრცეები თავისი არსით არადომინანტურია მათში წარმოდგენილი ჯგუფებისთვისაც.
ალიევის ცენტრის დანიშნულებაა დმანისში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის შექმნას დამატებითი განათლების სივრცე. დაწესებულებაში, ძირითადად, აზერბაიჯანელი ბავშვები დადიან და ქართულ ენასთან ერთად სწავლობენ ისტორიასა და სხვა სასკოლო საგნებს. ამასთან, ქართველი ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, დაესწრონ ინგლისური ენის წრეებს. ცენტრში უმეტესად, ქართველები არიან, დასაქმებულები, მათ შორის, სვანებიც. ხოლო დირექტორი ეთნიკურად აზერბაიჯანელია. მეტად საინტერესოა, მეორე და მესამე სივრცეების კონტრასტულობა, სივრცე მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა, ცენტრში არ იკითხება, რომ ბავშვებისთვის განკუთვნილი სასწავლო დაწესებულებაა. გარემო ცივი და უხეშია, რომელიც მოგაგონებთ ადმინისტრაციულ შენობას, სადაც ბავშვებს არ ელიან. ხოლო, მთლიანი კონტექსტის ანალიზი მესამე სივრცის ჭრილში ცხადყოფს, რომ სივრცის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება აზერბაიჯანის სახელმწიფოს რეპრეზენტაციაა. რაც შეეხება სვანებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი წარმოდგენილი არიან ამ სივრცეში, ვერ მოქმედებენ სივრცეზე. ხოლო, ცენტრს, როგორც მესამე სივრცეს, ნაკლები ზეგავლენა აქვს მათზე. ამ სივრცეში ისინი არადომინანტურ როლს იზიარებენ ქართლელებთან ერთად. აზერბაიჯანელი რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ ამ ცენტრში, ძირითადად, სოფლებში მცხოვრები აზერბაიჯანელი ბავშვები დადიან, რომლებსაც ტრანსპორტი ემსახურებათ. ამდენად, ეს სივრცე არადომინანტურია სვანებისთვის იმ მხრივ, რომ მათ არა აქვთ რაოდენობრივი თუ იერარქიული უპირატესობა. ამავე დროს, სივრცე განკუთვნილია განსაკუთრებულად მარგინალური და არადომინანტი აზერბაიჯანელი ბავშვებისთვის, რომლებსაც ენის ბარიერის თუ სოფელში ცხოვრების გამო შეზღუდული აქვთ წვდომა არაერთ რესურსზე.
მეგობრობის კაფე არის სივრცე, რომელშიც დაკვირვების პროცესში ვერცერთ სვანს ან ეთნიკურად ქართველს შევხვდი. სივრცე თავიდანვე იქცევს ყურადღებას მისი სახელით, რომელიც ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე წერია. კაფის მეპატრონე ახალგაზრდა აზერბაიჯანელი ბიჭია, რომელმაც გადაწყვიტა გაერღვია რაიონში არსებული წრე და თავი დაეღწია არსებული გაჭირვებისა თუ დამკვიდრებული და თემისთვის დამახასიათებელი საქმიანობისგან. დმანისში, და არა მხოლოდ, აზერბაიჯანელები მეცხოველეობას მისდევენ. ეს არის მათთვის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო მიწათმოქმედების გარდა. ეს საქმიანობა თავის მხრივ, არადომინანტური საქმიანობაა და, უმეტესად, დამახასიათებელია აზერბაიჯანელებისთვის, რაზეც ყველა რესპონდენტი თანხმდება. თუმცა, სვანებიც მისდევენ მეცხოველეობასა და მესაქონლეობას, მაგრამ აღნიშნავენ, რომ დმანისში, ეს ძირითადად, სოფლებში მცხოვრები აზერბაიჯანელების საქმიანობაა. ხოლო, მათ ქალაქთან ახლოს ცხოვრებისა და შეზღუდული მიწის რაოდენობის გამო არ ეძლევათ საშუალება აქტიურად მიჰყვნენ ამ საქმიანობას.
ისევ კაფეს რომ დავუბრუნდეთ, მფლობელმა ეს სახელი ბავშვობიდან დღემდე დაგროვილი გამოცდილებების საფუძველზე შეურჩია, რადგან მცირე ასაკიდან როგორც ქართველი, ისე აზერბაიჯანელი მეგობრები ჰყავდა,. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ დაკვირვების პერიოდში დაწესებულებას მხოლოდ აზერბაიჯანელები სტუმრობდნენ.
ამასთანავე, სივრცე არადომინანტურია კაფეში არსებული გარემოს და იმ მომხმარებლების გამო, რომლებიც მას სტუმრობენ. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ სივრცეს ეკონომიკური პრობლემები აქვს. ასევე, მეპატრონე ყვება, რომ მისი სტუმრები, ძირითადად, ვალით სვამენ ჩაის და ხშირად სესხულობენ სოფელში წასასვლელ, თუ სხვა მცირე რაოდენობის თანხას, რაც დაკვირვების პერიოდშიც გამოიკვეთა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ სივრცე ხალხმრავლობით გამოირჩევა და სწორედ, აქ შევხვდი აზერბაიჯანელი რესპონდენტების უმეტესობას. მეგობრობის კაფე, როგორც პირველი სივრცე, აჩვენებს აზერბაიჯანულ თემში არსებულ გაჭირვებას და სოციალურ თუ პოლიტიკურ უთანასწორობას. როგორც მეორე სივრცე, მნიშვნელოვანი ადგილია სოფლიდან ჩამოსული და ეკონომიკურად დაბალ საფეხურზე მდგომი აზერბაიჯანელი მამაკაცების შეკრებისა თუ განტვირთვისთვის. ხოლო, როგორც მესამე სივრცე, მეგობრობის კაფე არის თემის დომინაციისა და კონსერვაციის ადგილი.
ამდენად, ალიევის ცენტრი და მეგობრობის კაფე არის ეკონომიკურად არადომინანტი აზერბაიჯანელების რეპრეზენტაციის ჰომოგენური სივრცეები. სწორედ, აქ შეხვდებით მათ, როგორც უმრავლესობას.
თავი 6. ენა, მამული, სარწმუნოება - სვანების როლი დმანისში
წინამდებარე თავში მოკლედ შევეცდებით იმ კონცეპტუალური სიმბოლოებისა თუ მნიშვნელობების დემონსტრირებას, რომელზეც დაფუძნებულია სვანების აღქმები.
„სვანებმა დმანისი გააქართულეს“ - ეს არის ძირითადი საფუძველი სვანების მიერ მათი როლის აღქმის განვითარებისა. აღნიშნული ნარატივი გაჟღერდა ყველა სვანი რესპონდენტის მიერ. სვანები საკუთარ როლს, მეტიც, ფუნქციას, სწორედ, ქართული ეთნო-რელიგიური განწყობების შენარჩუნებასა და გავრცელებაში ხედავენ.
„რა დღესაც წავლენ სვანები აქედან, მაგ დღეს ეტირებათ ყოფა აქაურ ადგილობრივებს აზერებისგან.“(სვანი ეკომიგრანტი, ქალი)
სვანებსა და საქართველოს სხვა რაიონებიდან ამ პერიოდში მიგრირებულ პირებს მტკიცედ სჯერათ, რომ მათ შეიტანეს ქართული ენა დმანისში და ჩაანაცვლეს რუსული ენა. მათთვის ეს არის თვითაღქმის ქვაკუთხედი ქალაქში. უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ნაკლებად იაზრებენ საბჭოთა კავშირის დაშლით გამოწვეულ ცვლილების, როდესაც რუსული, როგორც წარმოების ენა, ჩაანაცვლა ქართულმა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„სვანებმა შემოიტანეს აქ ქართული ენა. მანამდე რუსულად იყო ყველაფერი“.
(ადგილობრივი ქართლელი, კაცი)
ასევე, მიგრაციული ჯგუფები საკუთარ როლს იაზრებენ მიწის შენარჩუნების კონტექსტში. მიაჩნიათ, რომ მათი მოვალეობა იყო, ქალაქის „განთავისუფლება“ ეთნიკური აზერბაიჯანელების უმრავლესობისგან. ასევე, სჯერათ, რომ მათ პოტენციურად საზღვრის დაცვის ფუნქციაც აკისრიათ სომხეთთან მიმართებით, რაც დმანისის გეოგრაფიულ მდებარეობას უკავშირდება. „საზღვარსაც დავიცავთ, როგორც წესი და რიგია და არსად წასვლას არ ვაპირებთ“. (სვანი ეკომიგრანტი, კაცი)
სვანების მიერ საკუთარი როლის აღქმის კიდევ ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს დმანისში მართლმადიდებლური რწმენის გაძლიერება. ამის თვალსაჩინო მაგალითად კი სვანების დასახლებაში აშენებული ტაძარი აღიქმება. ეს არის სიმბოლო მათ მიერ განხორციელებული ცვლილებებისა ქალაქ დმანისში, როგორც სახელმწიფოებრიობისა და ტრადიციულობის შენარჩუნების, გაძლიერების მთავარი მაგალითი.
„ფაქტობრივად სვანებმა შემოვიტანეთ აქ ქრისტიანობა“.
(სვანი ეკომიგრანტი, კაცი)
აქ ხაზი უნდა გაესვას ქართლელების დამოკიდებულებას გამოთქმულ მოსაზრებებზე. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივების ნაწილი იზარებს შემორჩენილ ეთნო-რელიგიურ ნარატივს ქართული ენის შენარჩუნების შესახებ, ქართლელი რესპონდენტების უმეტესობა ნაკლებად ეთანხმება ამ იდეებს და თვლის, რომ დმანისში სახელმწიფოებრიობასა თუ რწმენას საფრთხე არ ემუქრებოდა. ამასთან, სვანების ჩამოსახლებას მიიჩნევს აზერბაიჯანელებთან ერთად მშვიდი ცხოვრების დასრულებისა და სხვა არაერთი უსიამოვნო ცვილების დასაწყისად.
„ჩვენ და აზერბაიჯანელები ერთად სიამტკბილობით ვიყავით, სანამ სვანებს ჩამოასახლებდნენ. მაგის მერე დაიწყო ჩხუბები და გარჩევები“.
(ადგილობრივი ქართლელი, კაცი)
საინტერესოა, რომ აზერბაიჯანელ რესპონდენტთა უმეტესობა შეკითხვას სვანების ჩამოსახლებისა თუ მათი როლის შესახებ უპასუხოდ ტოვებს, ან ცდილობს რომ თავიდან აირიდოს ვრცელი პასუხის გაცემა. მსგავსი ტენდენცია აქამდე ჩატარებულ სხვა კვლევებშიც გამოკვეთილა, როდესაც ეთნიკურად აზერბაიჯანელი თემი კონფლიქტური სიტუაციების თავიდან არიდების მიზნით თავს არიდებს სვანებთან დაკავშირებული საკითხების განხილვას (ზვიადაძე და ჯიშკარიანი 2018). მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანული თემის აქტიურმა წევრმა ღიად ისაუბრა არსებულ დამოკიდებულებებსა და ფიქრებზე. აშკარაა, რომ ადგილობრივმა აზერბაიჯანელები კარგად იციან სვანებში არსებული ნარატივები.
„როცა სვანები სახლდებოდნენ დმანისში, [...} ვიღაცას უთქვამს, რომ თქვენ მიდიხართ თქვენი ქვეყნის, თქვენი ერის ღირსების დასაცავადო. ამას აზერბაიჯანელები აკვირდებიან და ალბათ დმანისშიც ხედავთ, [...} ყველას არა მაგრამ ზოგიერთ ეთნიკურად სვანს აქვს ესეთი განწყობა, მიდგომა რომ ეს დმანისი ჩვენ (აზერბაიჯანელებს) არ გვეკუთვნის.“
(ეთნიკურად აზერბაიჯანელი, მამაკაცი)
ცალსახაა ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმი გავრცელებულია იმ ჯგუფებში, რომლებიც დმანისში ჩამოსახლდნენ 1987 წლიდან 90-იანი წლების პერიოდში. ხოლო, არსებული მიგრაცია აიხსნა და განიმარტა ამავე საფუძველზე დაშენებული იდეებით, რომელსაც ხელისუფლება ატარებდა. ფაქტია, დღემდე მკვეთრად არის შენარჩუნებული ეს იდეოლოგია, როგორც დომინანტური აზრი სვანებსა და სხვა ქართველ მიგრანტებში. ეს ტენდენცია აიხსნება საკუთარი თავის, ჯგუფის, განცდილი ცვლილებების და არასტაბილურობის გამართლებით. მათ აქვთ განწყობა, რომ თუ სვანების მიგრაცია არ გამართლდება, როგორც ეროვნული მნიშვნელობის წვლილი, აღმოჩნდება, რომ ის მძიმე გამოცდილება, რაც გამოცადეს ურთიერთკონფრონტაციის პერიოდში, სხვა დმანისელებთან ერთად, იქნება ამაო.
აქვე, უნდა განიმარტოს, თუ ვინ იყვნენ დმანისში ჩამოსახლებული სვანები. მათი გამოცდილებების მოკლე მიმოხილვა მეტად ნათელს გახდის მიგრაციული ჯგუფების განწყობებს, ქმედებებს და მათ მიერ განხორციელებულ პრაქტიკებს ახსნის. როგორც, არსებული ლიტერატურის დამუშავების, ისე კვლევის ეტაპზე გამოიკვეთა, რომ თავდაპირველად ჩამოსახლების ციკლი შეეხო სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს საცხოვრებელი სახლები. ამასთან, არ გააჩნდათ საიმისო ფინანსური შესაძლებლობა, რომ საკუთარი ხარჯებით შეეძინათ სახლები მათთვის სასურველ ადგილებზე. ამას გარდა, ეკომიგრანტის სტატუსის არმქონე რესპონდენტებმა დმანისში თვითდინებით მიგრირების მიზეზებზე საუბრისას აღნიშნეს, რომ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის ძირითადი საფუძველი იყო მათ სოციუმში, ქალაქში არსებული რთული სოციალური თუ პოლიტიკური მდგომარეობა და ეს იყო განრიდების მცდელობა. მაგალითისთვის, გამოიკვეთა ორი თვალსაჩინო მიმართება. ერთ შემთხვევაში, იმჟამად მესტიაში თანამდებობის პირი, გარკვეული პრობლემების გამო ადგილობრივ ავტორიტეტებთან, იძულებული გახდა გაეყიდა სახლი და დაეტოვებინა მესტია. ხოლო, მეორე რესპონდენტი, რომელიც არ იყო სვანეთიდან, შვილებთან ერთად თბილისის ომს გამოექცა. ორივე შემთხვევაში, დმანისში ჩამოსახლების მიზეზად დაასახელეს ქალაქში ახლობლებისა და ნათესავების ცხოვრება.
„თბილისში რომ ჩამოვედით, არეულობა იყო, ომი. იქ მარტო ბავშვებით ვერ გავჩერდებოდი. ამიტომ დმანისში წამოვედი ნათესავებთან. მერე სახლიც ვიყიდე იაფად“.
(ეთნიკურად ქართველი, მიგრანტი ქალი)
ამდენად, ნათელია, დმანისში მიგრირებულ ჯგუფების მიერ დმანისში გადმოსახლებამდე დაგროვილი აქვთ სახლის, ცხოვრების უკან დატოვებისა და ახლის დაწყების სხვადასხვა მძიმე გამოცდილება. სავარაუდოა, რომ გარკვეულწილად ეს გარემოებები გახდა მაპროვოცირებელი ჩამოსახლებულ სვანებში და არა მხოლოდ, დაემკვიდრებინათ თავი და გამხდარიყვნენ დომინანტური ჯგუფი და იგივე წარმატებით ეტვირთათ მესიანური როლი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ქალაქში, მტრის ხატის შექმნითა და მათთან ბრძოლით გზით.
თავი 7. მეგობრობის, სიყვარულისა და შიშის ველი
წინამდებარე თავში მოკლედ იქნება განხილული პრაქტიკები, რომლითაც წარმოჩინდება სივრცეში მეგობრობა, სიყვარული და სიძულვილი. ეს ნაწილი ნათელს გახდის ყოველდღიურ პრაქტიკებსა და დამოკიდებულებებს.
მეგობრობის ფენომენი მეტად საინტერესოდ გამოიკვეთა დმანისში მცხოვრებ სხვადასხვა ჯგუფს შორის. სვანები, აზერბაიჯანელები და ქართლელები აღნიშნავენ, რომ მათ ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობები აქვთ. თითოეული რესპონდენტი აღნიშნავს, რომ ჰყავს მეგობრები სხვადასხვა ჯგუფიდან. მაგალითად, სვანები მეგობრობენ, როგორც ქართლელებთან, ისე აზერბაიჯანელებთან და პირიქით. მიუხედავად ამისა, სვანებსა და აზერბაიჯანელებს უჭირთ პრაქტიკული მაგალითების მოყვანა. ეს კი ბადებს ეჭვს, რომ არ არიან ბოლომდე გულწრფელები და არ სურთ ისაუბრონ ამ საკითხზე. ასევე, გამოჩნდა, რომ მეგობრული ურთიერთობები ჯგუფებს შორის მატერიალიზდება და გადის ჰაბიტუსსა და საჯარო სივრცეში თვითპრეზენტაციაზე. თუ როგორ წარმოაჩენენ ისინი თავს, ჩაცმის, ქცევისა თუ სხვა მახასიათებლების მიხედვით.
„სვანები რაც ჩამოვიდნენ, მერე ნელ-ნელა გამოვიდნენ, ჩვენ რომ გვიყურებდნენ და ნელ-ნელა მეგობრული ურთიერთობებიც დავიწყეთ. [...] აზერებმა, დრო რაც გავიდა, ჩაიცვეს წესიერად, გამოვიდნენ და ეხლა ბევრ ქართველს მირჩევნიან“.
(ადგილობრივი ქართლელი, ქალი)
სვანები გამოთქვამენ შიშს იმ ალბათობაზე, რომ ჭეშმარიტი მეგობრული ურთიერთობების დამყარებამ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შეიძლება გამოიწვიოს მათ შორის ქორწინება. ეს ფაქტი კი უმეტესობისთვის მიუღებელია. ნიშანდობლივია, რომ დღეისათვის დმანისში შერეული ქორწინება აღიქმება, როგორც ქორწინება სვანებსა და ქართლელებს შორის. ეს, თავის მხრივ, ხაზს უსვამს, რომ ქალაქში მცხოვრებ ეთნიკურად ქართველ ჯგუფებს შორისაც კი, ინტეგრაცია არ არის დასრულებული. ხოლო, შიშს აღვივებს საერთო სივრცეებში ურთიერთობა აზერბაიჯანელებთან.
„მე რისი მეშინია იცი? სისხლის აღრევის. აი, სკოლაში აზერებიც რომ არიან, ქართველებიც რომ არიან. ერთმანეთი არ მოეწონოთ, სულ მაგას ვფიქრობ ხოლმე. არაფერი არის გამორიცხული“.
(სვანი ეკომიგრანტი, ქალი)
ამდენად, სვანებისა და არამარტო სვანების რეპრეზენტაცია, თვითდამკვიდრების პრაქტიკები დაფუძნებულია მათ მიერ ისეთი არამატერიალური ღირებულებების აღქმაზე, როგორიცაა მეგობრობა და სიყვარული. ეს არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ბიძგს აძლევს სვანების მიერ განხორციელებული პრაქტიკების ხასიათს. მეორე მხრივ, კი ხსნის სვანების მიერ სეგრეგაციისა თუ კონსერვაციის მცდელობების მიზეზებს.
თავი 8. 2021 წლის მაისში მომხდარი კონფლიქტის შედეგები ერთი წლის შემდეგ
ერთი წლის შემდეგ კონფლიქტს თითოეული ჯგუფი იხსენებს, როგორც შეცდომას. თუმცა საინტერესოა, ვინ სად ეძებს დამნაშავეს და როგორ ახდენენ მომხდარის ინტერპრეტაციას.
ყველა თანხმდება იმაზე, რომ ორი დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენები იყო გაუმართლებელი ქმედებები, რომელიც აღარ უნდა განმეორდეს. რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ დმანისში 16 მაისს მომხდარი ჩხუბი, არ იყო განსაკუთრებული მოვლენა და არ უნდა გამხდარიყო საბაბი მასშტაბური დაპირისპირებისა. ასევე, ფიქრობენ, რომ დაპირისპირებაში იყვნენ ჩართული აზერბაიჯანელებისა და სვანების ის ჯგუფები, რომლებიც რადიკალურად არიან განწყობილნი. ადგილობრივი ჯგუფები თვლიან, რომ მედიამ შეასრულა მნიშვნელოვანი აქტორის როლი და განაპირობა გაყოფა მესამე სივრცის ჭრილში. შესაბამისად, სივრცეებმა სახე იცვალა და გამოიწვია დაპირისპირება.
რაც შეეხება მოვლენის ზეგავლენას სივრცეზე, აზერბაიჯანელებისა და ქართლელების აზრით, არანაირი ზეგავლენა 16-17 მაისის მოვლენებს არ მოუხდენია შემდგომ პროცესებზე. მეორე მხრივ, სვანებმა მიიღეს გარკვეული დათქმები, რამაც შეცვალა მესამე სივრცე, ესე იგი, გამოიწვია კონკრეტული სივრცის დანიშნულების ცვლილება. ბაზრის გვერდით მდებარე მაღაზია, სადაც გასულ წლის კონფლიქტი დაიწყო, გახდა სივრცე პროტესტის გამოცხადებისა.
„სვანებმა დაიფიცეს, წყევლასავით გამოუვიდათ, „ვინც ამ მაღაზიაში სვანი შევიდეს-ო“ და რა ვიცი, იმედია არც შედიან“.
(სვანი მიგრანტი, ქალი)
შესაბამისად, სივრცე, რომელმაც შეიძინა უარყოფითი კონოტაცია სვანებისთვის, გახდა შურისძიების ველი. ეს კი აისახა იმაში, რომ მაღაზია თავის მხრივ, გახდა ჩაკეტილი სივრცე სვანებისთვის, რაც არავინ იცის, როდემდე გასტანს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სივრცის ცვლილება მხოლოდ სვანებისთვის მოხდა, რადგანაც ჩემი დაკვირვების პროცესში შევამჩნიე, რომ მრავლად იყვნენ ქართველი მომხმარებლები. ხოლო მაღაზიაში იყიდებოდა ქართული ორნამენტებით გაწყობილი ფიალები და ყანწები, სააღდგომო კვერცხის მოსართავი ქაღალდები, ერთ სივრცეში იყო თავმოყრილი დიდი რაოდენობით პასკისთვის აუცილებელი მასალა, ქიშმიში, ცუკატები, სხვადასხვა სუნელები. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მაღაზიას დღემდე ჰყავს ქართველი მომხმარებლები.
ცალსახაა, რომ რესპონდენტების დიდი ნაწილი უარყოფითად აფასებს მომხდარ კონფლიქტს და ცდილობენ არ მიანიჭონ განსაკუთრებული მნიშვნელობა. მიუხედავად ამისა, ტექსტში მოცემული ინფორმაცია, საშუალებას იძლევა, რომ ითქვას, გასული წლის კონფლიქტი იყო აფეთქება ადგილობრივ ჯგუფებს შორის ძალაუფლებისა და დომინაციისთვის. ასევე, სვანებისა თუ აზერბაიჯანელების მხრიდან იყო პასუხი მათ მოწყვლადობასა და ინტეგრაციის ნაკლებობაზე. ამაზე არც ერთი მხარე არ საუბრობს, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ თავიდან აიცილონ სხვა კონფლიქტური გამოვლინებები.
თავი 9. დასკვნა
კვლევამ აჩვენა, რომ ქალაქ დმანისისა და იქ მცხოვრები ეკომიგრანტების შესახებ არსებობს მეცნიერული ცოდნის მნიშვნელოვანი ნაკლებობა და ინფორმაციის მრავალწლიანი ვაკუუმი. ხოლო, ის სივრცეები, რომლებიც კვლევამ გამოკვეთა, მეტად მრავალფეროვანია და საყურადღებო ცოდნას აგენერირებს ქალაქისა,~ თუ იქ მცხოვრები ჯგუფების შესახებ. დმანისში არსებული სივრცეების ედუარდ სოჯასა და ბრუნო ლატურის საგნების მოქმედების თეორიებით ანალიზმა აჩვენა, რომ მეტად კომპლექსურია იქ არსებული დომინაციის პრაქტიკები, რასაც თან ახლავს იერარქიულობა.
სვანების დომინაციის სივრცეები ისეთი ადგილებია, სადაც მათი რეპრეზენტაცია ჰომოგენურია და არ არიან წარმოდგენილი სხვა ჯგუფები. სვანების მიერ დომინაციის სივრცეები მიმართულია კონსერვაციისა და ვიწრო ეთნიკური ტრადიციების რეპრეზენტაციისკენ. ხოლო, გაზიარებულ სივრცეებში ნათლად გამოჩნდა, თუ როგორია ქალაქის იერარქიულობა და რამდენად პრობლემატურია ინტეგრაცია თითოეულ ჯგუფს შორის გეოგრაფიულ, თუ ენობრივ დონეებზე. გაზიარებული სივრცეები, სადაც ნაკლებად ჩანს იერარქიული ბარიერები სვანი თუ აზერბაიჯანელი მაცხოვრებლებისთვის, არის მოწყვლადი ჯგუფების მიერ წარმოებული ეკონომიკური მიმოცვლის სფეროები, ბაზარი და ტაქსი. რაც შეეხება სვანებისთვის არადომინანტურ სივრცეებს, ეს ადგილობრივი, უმეტესად, მოწყვლადი აზერბაიჯანელების რეპრეზენტაციის ადგილებია. ამდენად, ეს სივრცეები თავის თავში განკუთვნილია სოციალურ, თუ ეკონომიკურ ველში არადომინანტი აზერბაიჯანელებისათვის.
კვლევა აჩვენებს დმანისში მცხოვრები ჯგუფების სოციალურ თუ უფლებრივ ასიმეტირიას, რომელიც გამოწვეულია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული დაქვემდებარებისა თუ ჩაგვრის პოლიტიკით და ადგილობრივ ჯგუფებში არსებული ირაციონალური შიშებითა და სეგრეგაციით.
ბიბლიოგრაფია
ქართულენოვანი წყაროები:
დემოკრატიის ინსტიტუტი. 2016. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახები: სახელმწიფო მხარდაჭერა და აღრიცხვა. ბათუმი: დემოკრატიის ინსტიტუტი, ევროპის ფონდი და ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“.
ზვიადაძე, სოფო და დავით ჯიშკარიანი. 2018. იდენტობის პრობლემატიკა ქვემო ქართლის აზერბაიჯანელებში და მისი პოლიტიკური და სოციალური განზომილებები. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი(EMC).
ლაილი, ჯასტინ. 2012. ეკომიგრანტების განსახლება საქართველოში: განსახლების პოლიტიკაში მიმდინარე ცვლილებები, ტენდენციები, განხორციელება და აღქმები. უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრი (ECMI).
მამედლი, ქამრან და კონსტანტინე ჩაჩიბაია. 2021. დმანისის კონფლიქტი - ყოფით ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირების ეთნიკური შტრიხები. თბილისი: სოციალურის სამართლიანობის ცენტრი
საქართველოს სახალხო დამცველი. 2016. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ. საქართველოს სახალხო დამცველი. https://drive.google.com/file/d/11H2Ywr72aNiTwurAjO3Q8fNiqCqj1JvW/view (15.06.2022)
საქართველოს სახალხო დამცველი. 2017. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ. საქართველოს სახალხო დამცველი. https://drive.google.com/file/d/1gcWDvqloj-PTKW5FWBczRKSLdQrKkoO9/view (15.06.2022)
სოციალური სამართლიანობის ცენტრი. 2022. ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით სანატორიუმ "ქართლში" მომხდარ ტრაგედიას. სოციალური სამართლიანობის ცენტრი. https://socialjustice.org.ge/ka/products/khelmomtseri-organizatsiebi-vekhmianebit-sanatorium-kartlshi-momkhdar-tragedias (15.06.2022)
ტრიერი, ტომ და მედეა ტურაშვილი. 2007. ეკოლოგიური მიზეზებით ადგილნაცვალ პირთა განსახლება არსებული პრობლემების გადაწყვეტა თუ ახლის შექმნა? ეკომიგრაცია საქართველოში 1981-2006. ფლიენსბურგი: უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრი (ECMI).
ინგლისურენოვანი წყაროები:
Bean, Frank D. and Susan K. Brown. 2015. Demographic Analyses of Immigration. Migration Theory Talking Across Disciplines. 67-83. New York: Routledge
Bean, Frank D. and Susan K. Brown. 2015. Demographic Analyses of Immigration. Migration Theory Talking Across Disciplines. 67-83. New York: Routledge
Borch, Christian. 2002. Interview with Edward W. Soja: Thirdspace, Postmetropolis, and Social Theory. Distinktion: Journal of Social Theory, 3:1. 113-120. Routledge
Frey, William H. 1995. “Immigration and Internal Migration ‘Flight’ from U.S. Metropolitan Areas: Toward a New Demographic Balkanization,” Urban Studies 32: 733–57. Cited in Hardwick, Susan W. 2015. Coming of Age. Migration Theory Talking Across Disciplines. 198-226. New York: Routledge
Glazer, Nathan and Daniel P. Moynihan. 1963. Beyond the Melting Pot: The Negroes, Puerto Ricans, Jews, Italians, and Irish of New York City . Cambridge, MA: MIT Press. Cited by Bean, Frank D. and Susan K. Brown. 2015. Demographic Analyses of Immigration. Migration Theory Talking Across Disciplines. 67-83. New York: Routledge
Gordon, Milton. 1964. Assimilation in American Life: The Role of Race, Religion, and National Origins. New York: Oxford University Press. Cited by Bean, Frank D. and Susan K. Brown. 2015. Demographic Analyses of Immigration. Migration Theory Talking Across Disciplines. 67-83. New York: Routledge
Holzer, Harry J. 2011. “Immigration Policy and Less- Skilled Workers in the United States: Refl ections on Future Directions for Reform.” Washington, DC: Migration Policy Institute. Cited by Bean, Frank D. and Susan K. Brown. 2015. Demographic Analyses of Immigration. Migration Theory Talking Across Disciplines. 67-83. New York: Routledge
Latour, Bruno. 2005. Reassembling the Social. Oxford, Oxford University Press
Latour, Bruno and Albena, Yaneva. 2008. «Give Me a Gun and I Will Make All Buildings Move»: An ANT’s View of Architecture. Open edition Journals. https://www.researchgate.net/publication/237749787_Give_Me_a_Gun_and_I_Will_Make_All_Buildings_Move_An_ANT's_View_of_Architecture (15.06.2022)
McGarry, John. 2010. Demographic Engineering': the State-directed Movement of Ethnic Groups as a Technique of Conflict Regulation. Ethnic and Racial Studies 21 (4): 613-638. London: Routledge
Nisbet, Robert A. 2017. The Sociological Tradition. Oxon: Routledge
Scott, Erik R. 2007. Georgia’s anti-corruption revolution. Organized Crime and Corruption in Georgia. 17-36. Oxon: Routledge
Smith, James P. and Barry Edmonston. 1997. The New Americans: Economic, Demographic, and Fiscal Effects of Immigration . Washington, DC: National Academy Press. Cited by Bean, Frank D. and Susan K. Brown. 2015. Demographic Analyses of Immigration. Migration Theory Talking Across Disciplines. 67-83. New York: Routledge
Soja, Edward W. 1996. THIRDSPACE Journeys to Los Angeles and Other Real-and-Imagined Places. Oxford: Blackwell Publishing.
United Nations. 1998. Guiding Principles on Internal Displacement. United Nations.
Zelinsky, Wilbur. 2001. The Enigma of Ethnicity . Iowa City: University of Iowa Press. Cited in Hardwick, Susan W. 2015. Coming of Age. Migration Theory Talking Across Disciplines. 198-226. New York: Routledge
Zelinsky, Wilbur and Barrett A. Lee. 1998. Heterolocalism: An Alternative Model of the Sociospatial Behaviour of Immigrant Ethnic Communities. International Journal of Population Geography 4: 281–98. Cited in Hardwick, Susan W. 2015. Coming of Age. Migration Theory Talking Across Disciplines. 198-226. New York: Routledge
ინსტრუქცია