[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

დავის სამივე ინსტანციაში წარმატებით დასრულების შემდეგ, მუზეუმიდან უკანონოდ გათავისუფლებულის საქმეზე გადაწყვეტილება აღსრულდა

დღეს, 19 მარტს, მას შემდეგ, რაც საქმე სასამართლოს სამივე ინსტანციამ განიხილა, აღსრულდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დინარა ვაჩნაძის საქმეზე, რომლითაც სასამართლომ უკანონოდ ცნო ქალბატონი დინარას გათავისუფლება ეროვნული მუზეუმიდან.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დინარა ვაჩნაძე ერთ-ერთია კულტურის სამინისტროს სისტემიდან დათხოვნილ 100-მდე თანამშრომელს შორის, რომლებიც დაკავებული თანამდებობიდან 2022 წლის დასაწყისში, თეა წულუკიანის მინისტრად დანიშვნის შემდეგ გამოცხადებული რეორგანიზაციის საფუძველზე, მასობრივი საკადრო წმენდის შედეგად გაათავისუფლეს.

მიმდინარე წლის 2022 წლის 8 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა დინარა ვაჩნაძის სარჩელი და უკანონოდ ცნო მუზეუმის ბრძანება სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ, ხოლო მოპასუხეს კომპენსაციის და განაცდურის გადახდა დააკისრა. მოგვიანებით, 2023 წლის 28 თებერვალს, მას შემდეგ, რაც მოპასუხემ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა სამსახურიდან გათავისუფლების უკანონობა.

2023 წლის ოქტომბერში კი, უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო მხარეების საკასაციო საჩივრები და ამით, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლითაც გათავისუფლება უკანონოდ იქნა მიჩნეული.

ამდენად, მას შემდეგ, რაც დავა სასამართლოს სამივე ინსტანციაში მოსარჩელის გამარჯვებით დასრულდა და გათავისუფლება უკანონოდ იქნა ცნობილი, დღეს, 19 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებას დაექვემდებარა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს კულტურის სამინისტროს სისტემიდან გათავისუფლებული სხვა თანამშრომლების უფლებების დაცვას და დავების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“