საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს განაცხადების მიღებას მშვიდობის პლატფორმაში მონაწილეობისთვის.
მშვიდობის პლატფორმა გააერთიანებს ახალგაზრდებს სხვადასხვა პროფესიული და საზოგადოებრივი სფეროდან (აქტივიზმი, აკადემია, პოლიტიკა, მედია, ხელოვნება და ა.შ.), რომლებიც დაინტერესებულები არიან ომის, კონფლიქტების და სამშვიდობო პოლიტიკის საკითხებით და მზად არიან ამ მიმართულებით საზოგადოებრივ პროცესებში ჩაერთონ.
მშვიდობის პლატფორმა მონაწილეებს შესთავაზებს ინტერდისციპლინური ლექციებისა და დისკუსიების ციკლს კონფლიქტების, ისტორიის, მშვიდობისა და პოლიტიკის საკითხებზე. პლატფორმის ფარგლებში დაორგანიზდება გასვლითი ვიზიტები კონფლიქტით დაზარალებულ სხვადასხვა თემთან, ასევე გაიმართება შეხვედრები პოლიტიკოსებთან, ჟურნალისტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
პლატფორმის წევრებს პროექტის ფარგლებში მიეცემათ შესაძლებლობა და რესურსები შექმნან სხვადასხვა ნამუშევრები (ტექსტები, არტ პროდუქტები და ა.შ.) ომისა და კონფლიქტების ისტორიის, სამშვიდობო პოლიტიკის და კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის ყოფის, მეხსიერებისა და საჭიროებების შესახებ.
მშვიდობის პლატფორმის მუშაობის პერიოდი მოიცავს მიმდინარე წლის აგვისტოდან დეკემბრამდე პერიოდს და ის მონაწილეებთან შეთანხმებული გეგმით წარიმართება.
სამწუხაროდ, კონფლიქტების ისტორიის, კონფლიქტების შემდეგ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების განვითარების, სამშვიდობო პოლიტიკის, კონფლიქტით დაზარალებული საზოგადოებების რეალური საჭიროებების შესახებ დისკუსიები სულ უფრო მეტად ქრება ქართული პოლიტიკის დომინანტური დღის წესრიგიდან. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კონფლიქტების დანახვა მეტწილად გეოპოლიტიკური (მხოლოდ რუსეთთან კონფლიქტის) პერსპექტივიდან ხდება და ნაკლებია ინტერესი კონფლიქტების შიდა პოლიტიკური განზომილების მიმართ, რაც ერთის მხრივ, კონფლიქტების ისტორიის ნიუანსურ და მრავალშრიან ანალიზსა და მის სისტემურ მიზეზებთან გამკლავებას უნდა გულისხმობდეს, მეორეს მხრივ კი აფხაზურ და სამხრეთ ოსურ საზოგადოებებთან დიალოგსა და ნდობის შენებას.
მშვიდობის პლატფორმის ფარგლებში ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ახალგაზრდა მკვლევრებთან, აქტივისტებთან, არტისტებთან, ჟურნალისტებთან, მეცნიერებთან და ა.შ. ერთად შევქმნით ამ საკითხებზე მსჯელობის კოლექტიურ ჰორიზონტალურ სივრცეს, რომელიც ქვემოდან ზემოთ ალტერნატიული დისკურსებისა და პოლიტიკური ხედვების განვითარების შესაძლებლობას შექმნის.
ჩვენი რწმენით მნიშვნელოვანია, სამშვიდობო ინიციატივები ქვემოდან ზემოთ მიდგომებს, კონფლიქტით დაზარალებული ყველა ჯგუფის (დევნილების, გამყოფი ხაზის მოსახლეობის, გალისა და ახალგორის მოსახლეობის, აფხაზებისა და ოსების) ნამდვილ საჭიროებებს, ინტერესებსა და წუხილებს, ასევე ჩვენი საზოგადოების შიგნით დიალოგისა და თანხმობის მიღწევის პროცესს დაეფუძნოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანური უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების დაცვისა და სოციალური სამართლიანობის მიდგომების გაძლიერება პოლიტიკაში. ჩვენ გვჯერა, რომ ეს დემოკრატიული და ემანსიპატორული მიდგომა სამშვიდობო პოლიტიკას ახალი შინაარსებით, პრიორიტეტებით და კომპრომისებით გააჯერებს.
პლატფორმაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია:
განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 26 ივლისი (18:00).
განაცხადების მიღების შემდეგ, წარმატებულ კანდიდატებთან შედგება გასაუბრება.
"გამოქვეყნდა “COBERM-ის შემდგომი განვითარება: EU-UNDP ერთობლივი ინიციატივა მდგრადი და ინკლუზიური მშვიდობისთვის (FLIP)“-ის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირისა (EU) და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივ ინიციატივას. გამოცემის შინაარსი წარმოადგენს ორგანიზაციის „მიმღები ინსტიტუტის სახელი“ ერთპიროვნულ პასუხისმგებლობას და არცერთ შეთხვევაში უნდა იქნას აღქმული, როგორც EU-ის ან UNDP-ს მოსაზრება.”
ინსტრუქცია