საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2019 წლის 12 ივნისს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინა „სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღად“ ცნობილი კანონპროექტი. წარმოგიდგენთ კოალიციის მოსაზრებებს მასთან დაკავშირებით: პროექტში დადებითად უნდა შეფასდეს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობების დაკონკრეტება და სკოლის მსმენელთა შერჩევის პროცესის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან გამოცალკევება. ამავდროულად, პროექტში არის რამდენიმე სიახლე, რაც კრიტიკას იმსახურებს.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს,[1] აგრეთვე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს, თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.[2]
კოალიციას არაერთხელ დაუფიქსირებია საკუთარი პოზიცია თავმჯდომარეთა/მოადგილეთა დანიშვნასთან დაკავშირებით.[3] პრობლემაა ისაა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში ამ უფლებამოსილების არსებობა მისთვის კიდევ ერთი ბერკეტია სასამართლო სისტემის გასაკონტროლებლად და მიმართულია ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. წარმოდგენილი პროექტი არსებულ პრობლემას არსებითად არ ცვლის, მხოლოდ კონსულტაციის მიღების ვალდებულებას აწესებს იუსტიციის საბჭოსთვის იმ სასამართლოს მოსამართლეებთან, რომელშიც უნდა დაინიშნოს თავმჯდომარე, თუმცა, მათი აზრის გათვალისწინება არ არის სავალდებულო.[4] კოალიციას არაერთხელ აღუნიშნავს[5], რომ ემხრობა მოდელს, რომლის მიხედვით მოსამართლეები თავად ირჩევდნენ თავმჯდომარეს.
პროექტის მიხედვით დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ აირჩევა.[6] დამოუკიდებელი საბჭოს შიდაორგანიზაციული დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, კოალიციის მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, ეს ფუნქცია თავად მას გადაეცეს.
კანონპროექტის შესაბამისად, ფარგლებში, სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ.[7] დევნის დაწყებაზე უარის შემთხვევაში მას არ ეკისრება დასაბუთების ვალდებულება. კოალიციის აზრით ანგარიშვალდებულების პრინციპი საბჭოს ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთებას, რაც კანონშიც უნდა აისახოს.
კანონპროექტის მიხედვით, იქმნება ახალი ორგანო „ეთიკის საბჭო“. სიახლის მიხედვით, „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარდგინებით იღებს სამოსამართლო ეთიკის წესებს, ამტკიცებს სამოსამართლო ეთიკის საბჭოს დებულებას. [...] ირჩევს სამოსამართლო ეთიკის საბჭოს წევრებს.“[8] ეთიკის საბჭოსთან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია პროექტში მოცემული არ არის. გაურკვეველია, რა ფუნქციები ეკისრება ამ ახალი ინსტიტუტს, როგორ აირჩევიან წევრები და ა. შ. კოალიცია მიიჩნევს, რომ ამ საკითხების დაზუსტებამდე ცვლილებების ეს ნაწილი უნდა შეჩერდეს.
წარმოდგენილ კანონპროექტში, არ არის პირდაპირი მითითება სხდომების საჯაროობისა და ღიაობის შესახებ, საუბარი მხოლოდ ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსებასა და აუდიოჩანაწერების ხელმისაწვდომობაზე.[9] კოალიციას მიჩანია, რომ იუსტიციის საბჭოს სხდომები ღია უნდა იყოს, მათ შორის პირველი და მეორე ინსტანციების მოსამართლეებთან გასაუბრების დროსაც. აგრეთვე, მნიშვნელოვანია საბჭოს სხდომები გადაიცემოდეს ონლაინ-სტრიმის მეშვეობით, რაც შესაძლებლობას მისცემს ნებისმიერ პირს თვალი ადევნონ სხდომათა მიმდინარეობის პროცესს.[10] კოალიცია მიიჩნევს, რომ ორივე ეს საკითხი კანონის პირდაპირ რეგულირებას უნდა დაექვემდებაროს.
კანონპროექტის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძვლად კვლავაც რჩება მის მიერ ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება.[11] ამგვარი ფორმულირება იძლევა, ძალიან ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება საბჭოს წევრების დამოუკიდებლობის ხარისხზე და უნდა გაუქმდეს.
ამავდროულად კანონმდებლობაში არის სხვა პრობლემები, რომლებიც მუდმივი კრიტიკის საგანია, თუმცა, სამწუხაროდ. წარმოდგენილი პროექტი მათ მოგვარებას არ ისახავს მიზნად. მათ შორისაა: იუსტიციის მსმენელთა სკოლაში ჩარიცხვის კრიტერიუმების ბუნდოვანება[12] მოსამართლეთა საქმიანობის შეფასება და უვადოდ გამწესებაზე გადაწყვეტილების მიღება, მათ მიერ განხილულ საქმეებზე დაყრდნობით;[13] მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნის ინსტიტუტი;[14] მოსამართლისათვის საქმის განხილვაში მონაწილეობის დავალება, ამავე სასამართლოს სხვა სპეციალიზებულ შემადგენლობაში;[15] მოსამართლის კონკურსის გარეშე დანიშვნა;[16] იუსტიციის საბჭოში, სასამართლოს თავმჯდომარეების/მოადგილეების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობა;[17] დამოუკიდებელი ინსპექტორის დასკვნების ხელმისაწვდომობა;[18] მოსამართლეთა შეფასება და დაწინაურება[19] და ა.შ. აგრეთვე ნარჩუნდება საბჭოში დამოუკიდებელი ინსპექტორის დანიშვნისთვის საჭირო უმრავლესობა, რომელიც არ ითვალისწინებს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის კონსენსუსის პრინციპს.[20]
კოალიცია მოუწოდებს პარლამენტს გაითვალისწინოს ზემოაღნიშნული რეკომენდაციები წარმოდგენილ სიახლეებზე და ამავდროულად მოამზადოს ცვლილებები იმ პრობლემებზე, რომელთა გადაჭრაც აუცილებელია სასამართლოში ვითარების გასაუმჯობესებლად, თუმცა შემოთავაზებულ კანონპროექტში მათი მოგვარების გზები არ არის დასახული.
[1] საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტი.
[2] იქვე, 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტი.
[3] ამ საკითხზე დამატებით იხ. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, „მოსაზრებები სასამართლო რეფორმის "მესამე ტალღასთან" დაკავშირებით“, ხელმისაწვდომია: http://coalition.ge/index.php?article_id=69&clang=0, განახლებულია: 28.10.19.
[4] ცვლილება საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტსა და 32-ე მუხლის 1-ლ პუნქტში, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/231767?, განახლებულია: 28.10.19.
[5] ამ საკითხზე დამატებით იხ. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, „კოალიციის საკანონმდებლო წინადადებები იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და თავმჯდომარეთა ინსტიტუტის რეფორმასთან დაკავშირებით“, ხელმისაწვდომია: http://coalition.ge/index.php?article_id=184&clang=0
[6] ცვლილება საერთო სასამართლოების შესახებ კანონის 663-ე მუხლის მე-5 პუნქტში.
[7] ცვლილება საერთო სასამართლოების შესახებ კანონის 758-ე მუხლში.
[8] ცვლილება საერთო სასამართლოების შესახებ კანონის 65-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში.
[9] ცვლილება საერთო სასამრთლოების შესახებ კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტში.
[10] იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიში #7, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, თბილისი, 2019, გვ 72. იხ. ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/files/news/%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98/geo.pdf, განახლებულია: 28.10.19.
[11] საერთო სასამართლოების შესახებ კანონის 48-ე მუხლის, 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი.
[12] იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიში #7, გვ 7.
[13]კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, „მოსაზრებები სასამართლო რეფორმის "მესამე ტალღასთან" დაკავშირებით“.
[14] იქვე.
[15] იქვე.
[16] იქვე.
[17] იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიში #7, გვ 78.
[18] იქვე, გვ 51.
[19]კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, „მოსაზრებები სასამართლო რეფორმის "მესამე ტალღასთან" დაკავშირებით“.
[20] იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიში #7, გვ 50
ინსტრუქცია