[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები / თვალსაზრისი

დამოუკიდებელი ცხოვრების უფლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის

426556_552468794785764_1572159137_n

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით აღიარებულია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირს აქვს უფლება, სხვებთან თანასწორად და საკუთარი არჩევანის შესაბამისად იცხოვროს საზოგადოებაში. კონვენცია ითვალისწინებს ეფექტურ ზომებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ამ უფლების სრული რეალიზაციისათვის, საზოგადოებაში მათი ჩართვის მიზნით, ინდივიდუალური მობილობისა და მაქსიმალური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად.

UNCRPD-ის წევრი სახელმწიფოები იღებენ სხვადასხვა ზომას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების უფლების ეფექტური რეალიზაციისთვის. აღნიშნული ღონისძიებები კი ძირითადად გულისხმობს საცხოვრებლისა და სოციალური დაცვის ადეკვატურ სტანდარტს, აბილიტაციისა და რეაბილატიციის სერვისების არსებობას, ფულადი ბენეფიტის გამოყოფას, დეინსტიტუციონალიზაციას, პერსონალური მობილობის უზრუნველყოფას და სხვა.

საცხოვრებლისა და სოციალური დაცვის ადეკვატური სტანდარტის მისაღწევად შვედეთში მიიღეს სოციალური სერვისების აქტი, რომლის ძირითად მიზნად ადამიანის ეკონომიური და სოციალური დაცვის ხელშეწყობაა გაცხადებული. ამ აქტის მიხედვით ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ეკისრებათ ვალდებულება, უზრუნველყონ საჭირო მხარდაჭერის მიწოდება ყველასთვის. მაგალითად იმ პირებზე, რომელთაც არ გააჩნიათ შემოსავლის წყარო, გაიცემა ფინანსური ბენეფიტები. შვედეთში რეგისტრაციისა და პერიოდული კითხვარების გამოყენების საშუალებით ეფექტურად ხორციელდება სიღარიბის განვითარების მონიტორინგი და ხდება ამ პრობლემების იდენტიფიცირება და მისი მიმართების განსაზღვრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან. 4 წელიწადში ერთხელ ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ეროვნული საბჭო (National Board of Health and Welfare) აქვეყნებს სოციალურ ანგარიშს, რომელშიც აღწერილია ქვეყანაში არსებული სოციალური საცხოვრებელი პირობები.

შვედეთში ასევე მოქმედებს სპეციალური მხარდაჭერის პროგრამები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის. ამ მიზნით შეიქმნა სამზრუნველო გრანტი (care grant), რომლის რაოდენობა განისაზღვრება ბავშვის საჭიროებების შესაბამისად.

დანიაში, 18 წელს მიღწეულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირს აქვს უფლება მიიღოს 20-საათიანი მხარდაჭერა, ან მხარდაჭერის ნაცვლად მიიღოს შესაბამისი ფულადი დახმარება დამხმარის დასაქირავებლად. მხარდაჭერა მოიცავს, პირის მოვლას სახლის პირობებში. დამხმარე ასევე იღებს ვალდებულებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აღმოუჩინოს მხარდაჭერა გადაადგილებისას და სხვა საჭიროებებისას. დანიაში ასევე არსებობს პენსია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის 18-დან 64 წლის ჩათვლით. პენსია მისაწვდომია იმ პირებისთვის, რომლებსაც ქმედუნარიანობის შეზღუდვის გამო, არ შეუძლიათ მუშაობა და ვერ ახერხებენ თავის რჩენას.

ესპანეთში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი ოჯახების სოციალური დაცვა ხორციელდება სხვადასხვა ბენეფიტების მიწოდებით, რომლებიც ფარავს შესაძლებლობის შეზღუდვასთან მიმართებით წარმოშობილ ყოველგვარ პრობლემას. სოციალური დაცვა შეიძლება გამოიხატოს ფინანსური მხარდაჭერის სახით ან სოციალური სერვისების მიწოდებაში.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პერსონალური მობილობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, საინტერესოა უნგრეთის პრაქტიკა. მნიშვნელოვანი ფიზიკური დარღვევების შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ერიცხებათ ფინანსური დახმარება მსუბუქი ავტომანქანების შეძენის ან მათი ადაპტირებისათვის. მათთვის გამარტივებულია მანქანის პარკირება და განსხვავებული პარკირების წესების დარღვევისას დაჯარიმების საკითხებიც. უნგრეთის მასშტაბით რკინიგზით და ავტობუსით სარგებლობისას უფასოა დამხმარე ძაღლებით სარგებლობა. რაც შეეხება, საჯარო ტრანსპორტით მგზავრობის ხაჯებს ის 90%-ით შეღავათიანი ან ხშირად სრულიად უფასოა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მათი თანმხლები პირებისთვის. გარდა ამისა, სადგურებსა და თავად ტრანსპორტში მომსახურე პერსონალს აკისრიათ ვალდებულება განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ასეთ მგზავრებს და ყველანაირი ძალისხმევა გასწიონ მათთვის ტრანსპორტში ასვლის და ჩამოსვლის გაადვილების მიზნით.

დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია აბილიტაციის და რეაბილიტაციის პროგრამების ეფექტური მიწოდების სერვისების ეფექტური დანერგვა. მაგალითად, ავსტრიაში 19 სახელმწიფო სადაზღვევო უწყება ფუნქციონირებს, რომელთა მომსახურება ყველანაირ სამედიცინო საჭიროებას ფარავს. სამედიცინო მომსახურება ენიშნებათ დაზღვეულ პირებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისდა მიუხედავად.

ავსტრიაში პირის რეაბილიტაცია მოიაზრებს არა მხოლოდ სამედიცინო ჩარევას - მკურნალობის წარმატებით დასრულებას, ან მკურნალობის შემდგომ პერიოდს, არამედ სამსახურეობრივ თუ სოციალურ დონეზე მხარდაჭერასაც. ჯანმრთელობის დაზღვევა ფარავს ისეთ მომსახურებას როგორიცაა მაგალითად სარეაბილიტაციო ცენტრებში დარჩენა, პროტეზირება, სამედიცინო თუ თერაპევტულ დახმარება და სხვა.

განსაკუთრებულია დეინსტიტუციონალიზაციის მნიშვნელობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებითვის დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობის თვალსაზრისით. ტერნიმინი დეინსტიტუციონალიზაცია ავსტრიაში გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფსიქიატრიული საავადმყოფოებიდან გამოყვანას და მათ განსხვავებულ პირობებში მოთავსებას. უნგრეთმა შეიმუშავა დეინსტუტიციონალიზაციის მასშტაბური, თუმცა საკმაოდ გრძელვადიანი რეფორმა, რომლის შედეგადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საცხოვრებლები, დიდი დაწესებულებები უნდა გარდაიქმნას თემში ინტერგრირებულ დასახლებებად.

ევროპის ქვეყნები მიმართავენ სხვადასხვა გზას, ნერგავენ განსხვავებულ მიდგომებს დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფის არაერთი კომპონენტის დასაკმაყოფილებლად და მათი ეფექტური დანერგვის მიზნით. მნიშვნელოვანია რომ ეს ყველაფერი შეტანილი და ამოქმედებული იყოს საქართველოს საკანონდებლო სივრცესა და ამ მიმართებით არსებულ პრაქტიკებში, რომლებიც დღეის მდგომარეობით ვერ პასუხობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფის მინიმალურ სტანდარტებსაც კი.

ბლოგი მომზადებულია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ განხორციელებული კვლევის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის პრაქტიკა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში“ საფუძველზე

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“