საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ჩვენ საქართველოს მოქალაქეები, ახალგაზრდები, სათემო ლიდერები და აქტივისტები, ვგმობთ ადიგენის მუნიციპალიტეტში მიმდინარე უსამართლობას
ადიგენში დღეს მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სახელმწიფოს არ აქვს ქმედითი გეგმა, რომელიც ადგილზე სოციალურ მშვიდობას და მუსლიმი თემის რელიგიის თავისუფლებასა და თანასწორობის პრინციპებს დაიცავდა და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას დროული ნაბიჯები კონფლიქტის მოგვარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით.
ბოლო დღეების განმავლობაში, ადიგენის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესები არ უნდა იქნას დანახული ცალკე მდგომ მოვლენად.
ციხისძირიდან ბუკნარამდე მომხდარ ყველა დაძაბულობაზე და დაპირისპირებაზე, ჩვენ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ საქართველოს მთავრობას, რომელმაც დღემდე ვერ უზრუნველყო ყველა ადამიანის უსაფრთხოება, განურჩევლად მათი მრწამსისა.
გუშინ, 5 აპრილს დაბა ადიგენში ისევ დაძაბულობა იყო. ადგილობრივი მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მათ მიერ ორგანიზებული ჯგუფი ისევ მივიდა კერძო სახლში მუსლიმების მიერ ორგანიზებულ სალოცავ სივრცესთან და მუქარისა და შეურაცხყოფის გზით, რელიგიურ ლიდერებს შენობის დატოვებისკენ მოუწოდა. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული, რომელმაც სიტუაცია განმუხტა. პოლიციამ ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, დაბა ადიგენში შესვლის შესაძლებლობა არ მისცა მუსლიმ მრევლს, რომელიც მომხდარის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, მეზობელი სოფლებიდან სოლიდარობის გამოსახატად სალოცავის შენობასთან მისვლას ცდილობდა.
შესაძლოა, კონკრეტულ ჯგუფებს უნდოდეთ პროვოკაცია და დაძაბულობა მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის. შესაძლოა კონკრეტული ჯგუფები საზრდოობდნენ ამ დაძაბულობით. თუმცა, საქართველოს მრავალსაუკონოვანი ტოლერანტობის, თანასწორობისა და სამართლიანობის ისტორია არავის მისცემს შესაძლებლობას, რომ არსებულ დაძაბულ გეოპოლიტიკურ გარემოში, ჩვენი მშვიდობიანი თანაარსებობა დააზარალოს და დაასუსტოს.
ჩვენ, სამოქალაქო აქტივისტები მოვუწოდებთ
საქართველოს მთავრობას:
გადადგას ქმედითი ნაბიჯები დაბა ადიგენში ქართველი მუსლიმების მიერ რელიგიის თავისუფლებით სარგებლობისა და თანასწორობის დაცვის უზრუნველსაყოფად;
მიიღოს ქმედითი ზომები ადგილზე კონფლიქტის დარეგულირებისთვის და თემთა შორისი ნდობის აღდგენისა და მშვიდობიანი, უსაფრთხო და სამართლიანი თანაცხოვრების გარანტირებისთვის
ადგილობრივ ხელისუფლებას:
საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას დაიცვან რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპები და მიიღოს ყველა ზომა თემთაშორისი ნდობის აღდგენისა და მსგავსი ინციდენტების პრევენციისთვის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს:
უზრუნველყოს ადიგენელი მუსლიმების ლოცვისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და არ დაუშვას ფიზიკური თავდასხმებისა და მუქარის განმეორება;
უზრუნველყოს მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიების დაწყება და ამისთვის საჭირო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.
ხელმომწერი ორგანიზაციები/ჯგუფები:
ინსტრუქცია