საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფრანგულიდან თარგმნა თორნიკე ჭუმბურიძემ
ეროვნული გათავისუფლება, ეროვნული აღორძინება, ხალხისთვის ქვეყნის დაბრუნება, თანამეგობრობა – რა სახელითაც არ უნდა მოვიხსენიოთ, რა ახლებური ფორმულირებაც არ უნდა მოვუძებნოთ, დეკოლონიზაცია ყოველთვის ძალადობრივი ფენომენია. შესწავლის ნებისმიერ დონეზე – პირადი ურთიერთობების, სპორტული კლუბების ახალი სახელწოდებების, პრესტიჟული წვეულების სტუმრების, პოლიციის შემადგენლობის, სახელმწიფო თუ კერძო ბანკის დირექტორთა საბჭოს შემადგენლობის დონეზე – დეკოლონიზაცია, ერთობ მარტივად, გულისხმობს ადამიანების ერთი „სახეობის“ ჩანაცვლებას ადამიანების სხვა „სახეობით“. ეს ტოტალური ჩანაცვლებაა, სრული, აბსოლუტური, ყოველგვარი გარდამავალი ეტაპის გარეშე. რა თქმა უნდა, შეგვეძლო, განგვეხილა ახალი ერის აღმოცენებაც, მისი სახელმწიფოს, დიპლომატიური ურთიერთობების, პოლიტიკური, ეკონომიკური ორიენტაციის ჩამოყალიბება. მაგრამ ვარჩიეთ გვესაუბრა სწორედ იმ ტაბულა რაზაზე, რომელიც დასაწყისიდანვე განსაზღვრავს ყოველგვარ დეკოლონიზაციას. ის გამორჩეულად მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ პირველი დღიდანვე წარმოადგენს კოლონიზებულების ძირითად მოთხოვნებს. სიმართლე ითქვას წარმატების მტკიცებულება თხემით ტერფამდე შეცვლილ სოციალურ სხეულში სძევს. ამ ცვლილების განსაკუთრებული მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ის სურთ, მას ნატრულობენ, მას მოითხოვენ. ამ ცვლილების აუცილებლობა ნედლი, შმაგი და შებორკილი სახით მყოფობს კოლონიზებული მამაკაცების და ქალების ცნობიერებასა და ცხოვრებაში. მაგრამ ასეთი ცვლილების პერსპექტივა, საზარელი მომავლის ფორმით, ასევე ცოცხლობს მამაკაცების და ქალების სხვა „სახეობის“ – კოლონისტების ცნობიერებაშიც.
დეკოლონიზაცია, რომელიც მიზნად მსოფლიო წესრიგის შეცვლას ისახავს, როგორც ვხედავთ, აბსოლუტური უწესრიგობის პროგრამაა. მაგრამ ის ვერ იქნება ჯადოსნობის, ბუნებრივი კატასტროფის ან მეგობრული შეთანხმების შედეგი. დეკოლონიზაცია, როგორც ვიცით, ისტორიული პროცესია, რაც გულისხმობს, რომ ის მხოლოდ იმდენად გახდება შეცნობადი და საკუთარი თავისთვისვე ცხადი, რამდენადაც ამოვიცნობთ იმ ისტორიულ დინებას, რომელიც მას ფორმასა და შინაარსს ანიჭებს. დეკოლონიზაცია არის შეჭიდება ორ ჩასახვიდანვე ანტაგონისტურ ძალას შორის; ძალებს, რომელთაც უნიკალურობას სძენს სწორედ იმგვარი რეიფიკაცია, რომელიც კოლონიურ მდგომარეობას წარმოქმნის და ასაზრდოებს. მათი პირველი შეხვედრა ძალადობის ბაირაღქვეშ წარიმართა და მათ თანაცხოვრებას – უფრო სწორად, კოლონიზატორის მიერ კოლონიზებულების ყვლეფას – ზურგს ხმალი და ქვემეხი უმაგრებდა. კოლონისტი და კოლონიზებული ძველი ნაცნობები არიან. მეტიც, კოლონისტი მართალია, როცა ამბობს, რომ „მათ“ კარგად იცნობს. სწორედ კოლონისტმა შექმნა და კვლავაც ქმნის კოლონიზებულს. კოლონისტი თავის საიმედოობას, სხვა სიტყვებით, თავის დოვლათს, კოლონიური სისტემისგან იღებს.
დეკოლონიზაცია შეუმჩნეველი არასდროს რჩება, რაკი ის ყოფნას მიემართება, ფუნდამენტურად ცვლის მას, გარდაქმნის უმნიშვნელობამდე გათელილ მაყურებლებს მთავარ მოქმედ პირებად, რომელთაც ისტორიის დინება თითქოსდა დიდებით ხუნძალვს, დეკოლონიზაცია ახალი ადამიანების, ახალი ენის, და ახალი ადამიანურობის ხელით ყოფნაში ახალ რიტმს შემოუძღვება. ჭეშმარიტად, დეკოლონიზაცია ახალი ადამიანების შექმნაა. თუმცა ეს აქტი თავის ლეგიტიმაციას რომელიმე ზებუნებრივი ძალისგან არ იღებს: კოლონიზებული „საგანი“ ადამიანად იმავე პროცესით იქცევა, რომლითაც თავს ითავისუფლებს.
ამგვარად, დეკოლონიზაციას თან სდევს საჭიროება, სრულად გადაისინჯოს კოლონიური მდგომარეობა. მის ზუსტ განსაზღვრებას ერთ ცნობილ ფრაზაში შეგვიძლია მივაკვლიოთ: „უკანასკნელნი გახდებიან პირველნი“. დეკოლონიზაცია ამ ფრაზის დამოწმებაა. ამიტომაცაა, რომ აღწერის დონეზე, ყველა დეკოლონიზაცია წარმატებულია.
თარგმანი სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში
ინსტრუქცია