საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სტატიის ავტორი: თეო ქავთარაძე
”პატარა რომ იყო, პომიდვრის კალათში ვსვამდი, მიმყავდა და მე “პარნიკში” ვმუშაობდი. ახლა გაიზარდა, მაგრამ რადგან სოფელში ბაღი არაა, ისევ თან დამყავს და იქ ძირითადად ტელეფონით თამაშობს. მხედველობაზე უკვე აქვს პრობლემები. ჩვენ ბავშვების განვითარებაზე ზრუნვის საკმარისი დრო არ გვაქვს, შინ და გარეთ უმრავი საქმე გვაქვს.” - გიუნელი, სოფ. თაქალოდან.
2023 წელს UNICEF-ის მიერ ჩატარებულ ბავშვთა კეთილდღეობის კვლევის მიხედვით, საბავშვო ბაღში სკოლამდელი ასაკის ბავშვების მხოლოდ 72.3% დადის. ევროპული სტანდარტით ეს მაჩვენებელი 95 %-ია. საქართველოს მოსახლეობის 44 % ხელისშემშლელ ფაქტორად საცხოვრებლის სიშორეს/სოფელში საბავშვო ბაღის არარსებობას ასახელებს. მართლია, წელს ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვების საბავშვო ბაღებთან წვდომა არ გამოკვლეულა, თუმცა UNICEF-ის 2018 წლის სკოლამდელი განათლების ხარისხის კვლევაში ნათქვამია, რომ ამ ბავშვების ჩართულობა სხვებთან შედარებით, თითქმის 2-ჯერ დაბალია და მხოლოდ 33%-ს შეადგენს.
მაგალითად, მარნეულის მუნიციპალიტეტში, რომელშიც 1 ქალაქი და 82 სოფელია გაერთიანებული, სულ 14 ბაღია, თუმცა აქედან მხოლოდ 11 მუშაობს, 2 ავარიულია, 1 შენობაში კი - რემონტია. დღეს მუნიციპალიტეტი 12 000 ბავშვიდან მხოლოდ 2 000-მდე ბავშვს აწვდის სერვისს და მათ რიცხვში შედიან ის ბავშვებიც, რომლებიც სკოლის შენობებში დროებით გახსნილ, სასკოლო მზაობის კლასებში სწავლობენ.
2019 წლიდან დღემდე მარნეულის მუნიციპალიტეტში ერთადერთი ბაღი (სოფ. საიმერლო) აშენდა. აქედან მალევე, მარნეულის მერობის კანდიდატი და ახლა უკვე პარლამენტის წევრი, ზაურ დარგალი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 4 ახალი ბაგა-ბაღის აშენებას დაპირდა, თუმცა წინასაარჩევნო დაპირება არ შეუსრულებია.
ბაღების გაერთიანების დირექტორი, ზაურ ქარიმოვი ამბობს, რომ 2026 წლამდე 10 ბაღის აშენებაა დაგეგმილი და აქედან 3-ის მშენებლობა წელსვე უნდა დაიწყოს. კითხვაზე, თუ რატომ გახდა მუნიციპალიტეტისთვის ბაღები პრიორიტეული მხოლოდ ახლა, ის გვპასუხობს: “სახელმწიფოებრივი მიდგომა კარდინალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სკოლამდელი განათლება პრიორიტეტული იყო სახელმწიფოსთვის. ეს პროცესი დაწყებული იყო, მაგრამ პრემიერის განცხადების შემდეგ ტემპი აჩქარდა.”
11 ბაღიდან 3 - ქალაქ მარნეულშია, 5 - ეთნიკური ქართველებით, ხოლო 3 - ეთნიკური აზერბაიჯენელებით დასახლებულ სოფლებში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მოსახლეობის 84% ეთნიკურად აზერბაიჯანელია, სახელმწიფოს დისკრიმინაციული მიდგომა ადვილი ამოსაცნობია.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის გუნდის წევრი, ქამრან მამადლი, არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების ჩაგვრისა და გარიყულობის გამომწვევ, უჩინარ მიზეზებს იკვლევს. მისი აზრით, ბოლო დროს სკოლამდელი განათლების დღის წესრიგში შემოტანისკენ სახელმწიფოს სათემო ორგანიზაციებმა, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა უბიძგეს.
“ეს არის სტრუქტურული დისკრიმინაცია და უსამართლობა, რომელშიც სისტემა ვერ ხედავს ეთნიკურ უმცირესობებს. ბოლო პერიოდის ანალიზი გვაჩვენებს, რომ მაშინაც კი, როცა ეთნიკურად დასახლებულ რაიონებში ბაღების რაოდენობა კრიტიკულად დაბალია, იქ არსებული ბაღები ძირითადად ქართული მოსახლეობით დასახლებულ სოფლებში შენდება. მიუხედავად იმისა, რომ მარნეულის საკრებულო ყველაზე წარმომადგენლობითია ეროვნული უმცირესობების თვალსაზრისით, ბაღები იხსნებოდა იქ, სადაც პროცესებზე გავლენა კონკრეტულ ადამიანებს ჰქონდათ.” - ამბობს ქამრან მამადლი.
მიუხედავად სახელმწიფოს შეცვლილი მიდგომისა, რომლის შედეგებიც მხოლოდ წლების შემდეგ იქნება ხელშესახები, დღეს ბაღების პრობლემა მოუგვარებლად რჩება. UNICEF-ის განათლების ოფიცერი, ნუცა ფრუიძე ამბობს, რომ: “საბავშვო ბაღის პრობლემა მწვავედ იჩენს თავს მაშინ, როდესაც საქმე ეხება სხვადასხვა ჯგუფებსა და მათ თანასწორობას, ვინაიდან დღეს, საქართველოში მომსახურებას ვერ იღებენ სწორედ ისინი, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდება - ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები და სოციალურად დაუცველი ბავშვები.”
ამაში მარნეულის სოფლებში ჩასვლისთანავე ვრწმუნდებით. კირიხლოში შუადღის სიცხის გამო რაბია, იუსიფი და ლალუ სახლში თამაშობენ. ტელევიზორი საბავშვო არხზეა გადართული. ყველაზე უფროსი ქართულად გვესალმება და მულტფილმის ყურებას აგრძელებს.
”ვიცი, რომ ბაღში ბავშვების ქართულის გარდა, ბევრ სხვა რამეს ასწავლიან, სკოლისთვის ამზადებენ. ჩვენ მეზობელ სოფელში ვერ ვატარეთ, მაგრამ ქართულის რეპეტიტორი ავუყვანე აქვე. მინდა, რომ ჩემმა შვილებმა ქართული იცოდნენ.“ - ამბობს ელნარა, ბავშვების დედა.
სახელმწიფომ ქართული ენის სწავლება პრიორიტეტად ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს გამოაცხადა. 2010 წლის სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიაში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო, თუმცა იმავე წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა. იმავე წლის სამოქმედო გეგმაში იყო შეტანილი ქართული ენის სწავლების ხელშეწყობაც. 2030 წლისთვის სკოლის კურსდამთავრებულებს შორის წერა, კითხვა და საუბარი 99,5%-ს ეცოდინება. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი დაწყებულია, 13 წლის შემდეგაც კი, ხელშესახებ შედეგებს ისევ ვერ ვხედავთ. 11 ბაღიდან ჯერ მხოლოდ 4 ბაღი და სასკოლო მზაობის ჯგუფია ჩართული ბილინგვური განათლების საპილოტე პროგრამაში. 2024 წლისთვის არაქართულენოვანი სკოლამდელი დაწესებულებების 100%-ში უნდა დაინერგოს ორენოვანი სკოლამდელი განათლების სტანდარტები და მეთოდიკა.
“მაშინ როცა, 2009 წელს ნაციონალურმა მოძრაობამ ეთნიკური უმცირესობებისთვის უნივერსიტეტებში 4+1 პროგრამა აამოქმედა, კანონის განმარტებით ბარათში ეწერა, რომ პროგრამა დროებითი იყო, რადგან ის სკოლაში და სკოლამდელ დაწესებულებებში ვერ უზრუნველჰყოფდა ქართული ენის ცოდნას. 2020 წელს ეს პროგრამა უნდა დასრულებულიყო, თუმცა 5 წლით კიდევ გაახანგრძლივეს. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ სახელმწიფომ ამ დროში ვერ მოახერხა ძირეული ცვლილებების გატარება” - გვეუბნება ქამრან მამადლი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ კირიხლოში საბავშო ბაღის აშენებაზე საუბარიც არ ყოფილა. ბაბუების თაობას ახსოვს, რომ ოდესღაც სოფელში საბავშვო ბაღი არსებობდა: ”სკოლასთან რომ პატარა სახლი იდგა, დაინახეთ? დედაჩემისგან ვიცი, რომ მანდ საბავშვო ბაღი იყო, რადგან მაშინ მუშაობა სავალდებულო იყო ყველასთვის, ქალები ბავშვებს მანდ ტოვებდნენ“ - ამბობს ბავშვების ბაბუა, რეზვან ბაირამოვი.
საბავშვო ბაღი არ არის სოფელ თაქალოშიც, მიუხედავად იმისა, რომ მისი გახსნა მოსახლეობამ არაერთხელ მოითხოვა. ოჯახები, რომელსაც ამის საშუალება აქვთ, ტრანსპორტს ქირაობენ და ბავშვები ახლომდებარე სოფელ ყაჩაღანში, სკოლაში გახსნილ სასკოლო მზაობის ჯგუფში დაჰყავთ, თუმცა ვინც სიდუხჭირეში ცხოვრობს, ამას ვერ ახერხებს და მათი ბავშვები დროის დიდ ნაწილს სახლში და ეკრანებთან ატარებენ.
ნაზრინი და რაშინი თაქალოში ცხოვრობენ და მათ ბებია ზრდით. “ჩემი რძალი პროფესიით საბავშვო ბაღის მასწავლებელი იყო, თუმცა არასდროს უმუშავია. მერე ჩემს შვილთან ერთად, სამუშაოდ პოლონეთში წავიდა და ბავშვები მე დავიტოვე. გვერდით სოფელში ბაღი კი უფასოა, მაგრამ ტრანსპორტს ფული უნდა და მე ამის საშუალება არ მაქვს. 67 წლის ვარ და მიჩვეული ვარ შრომას, სახლი, ”პარნიკი”, ბავშვები. ყველაფერს ვასწრებ. აბა, რა ვქნა?” - გვიყვება ბავშვების ბებია.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე რეგიონში ადგილობრივი მთავრობა ბაღის მოსწავლეებს უფასო ტრანსპორტით უზრუნველჰყოფს, მარნეულის მუნიციპალიტეტში მსგავსი პრაქტიკა დანერგილი არ არის და არც იგეგმება.
“ყველა სოფელში არის სკოლა, ჩვენ უფრო სხვა მიმართულებით წავედით. მოსახლეობას მივაწვდინეთ ხმა, რომ თუ დაინტერესებული მშობლები მოგვმართავენ, სოფელში არსებულ სკოლაში სასკოლო მზაობის ჯგუფს გავხსნით. პანდემიამდე 12 ასეთი ჯგუფი გვქონდა, ახლა 26 გვაქვს. გუშინ 2 თანხმობა მოვიდა განათლების სამინისტროდან საბირქენდის და დიდი მუღანლოს სასკოლო მზაობის კლასებზე. იმავე თხოვნით თაქალოს მოსახლეობამაც მოგვმართა, მოთხოვნა გაგზავნილია და დადებით პასუხს რამდენიმე დღეში ველოდებით“ - ამბობს ზაურ ქარიმოვი.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის მკვლევარი, ქამრან მამადლი გვიყვება, რომ მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მოსახლეობისთვის ეს დიდი შვება იქნება, სასკოლო მზაობის კლასები ვერ ჩაანაცვლებს სრულფასოვან ბაღს. იქ ბავშვები მხოლოდ 4 საათს ატარებენ, არ არის უზრუნველყოფილი კვება და შუადღის ძილი.
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა დაახლოებით მსგავსი 3 მუნიპალიტეტის ბიუჯეტი ერთმანეთს შეადარა. გორისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით თანაბარია, ხოლო ახალქალაქისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის 80%-ზე მეტი ეთნიკური უმცირესობები არიან.
3 წლის მონაცემებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ გორის მუნიციპალიტეტი სკოლამდელი დაწესებულებების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე საშუალოდ წლიურად ბიუჯეტის 2.4%-ს, ხოლო მარნეულის მუნიციპალიტეტი 1.7%-ს ხარჯავდა.
მიუხედავად იმისა, რომ გორის მუნიციპალიტეტში ბაღების რაოდენობა 2-ჯერ მეტია, პროპორციულად მარნეული გორს სკოლამდელი დაწესებულების ფუნქციონირების ხარჯებითაც ჩამორჩება. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ წლიდან წლამდე გამოყოფილი თანხები იზრდება. 2020 წელთან შედარებით, 2021 წელს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ბაღების მოვლა-პატრონობისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 1.4 მილიონით გაიზარდა, მაშინ როცა მარნეულის მუნიციპალიტეტმა 2021 წელს მხოლოდ 300 000 ლარით მეტი გამოყო.
დაახლოებით მსგავს სურათს ვიღებთ მარნეულის ახალქალაქთან შედარებისას. მიუხედავად იმისა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 2-ჯერ აღემატება ახალქალაქისას, ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ ამ რეგიონში 27 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.
ბიუჯეტების შედარებითი ანალიზი გვიჩვენებს, რომ 2022 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა თავისი ბიუჯეტის 3.1% გამოყო სკოლამდელი დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის, ხოლო მარნეულის მუნიციპალიტეტმა მხოლოდ 0.9%. (დეტალურად სანახავად იხილეთ ინფოგრაფიკა).
გრაფა 1: სკოლამდელი დაწესებულებების მშენებლობა და რეაბილიტაცია
გრაფა 2: სკოლამდელი დაწესებულების ფუნქციონირების ხარჯები
“3 წლის ბიუჯეტების ანალიზით, ჩვენი მიზანი იყო დაგვენახა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის სკოლამდელი დაწესებულებების მშენებლობა და რეაბილიტაცია. ციფრებში კარგად ჩანს, რომ ადგილობრივი მთავრობისთვის ბაღები პრიორიტეტული საკითხი არ არის” - ამბობს ქამრან მამადლი.
2022 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი დაწესებულების ფუნქციონირებისთვის გამოყოფილი თანხა წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა ბიუჯეტის 93% მხოლოდ ადმინისტრაციულ ხარჯებსა და კვებაზე იხარჯება. ბაღებს მხოლოდ 7% რჩება საკანცელარიო ნივთებისა და სათამაშოების შესაძენად.
ბაღის ასაკში მიღებული გამოცდილება ადამიანის მთელ ცხოვრებაზე აისახება. კვლევებით დასტურდება, რომ ბავშვები, რომლებიც ბაღში დადიოდნენ, უკეთესად სწავლობენ და დაბალი აქვთ სკოლის მიტოვების მაჩვენებელი, რადგან ბაღი ბავშვს შემეცნების უნარს უღვივებს.
იმას, რაც სიღრმისეული კვლევებით დასტურდება, ქალები თვითონ ყოველდღიურად ხედავენ: “როცა პირველი შვილი პატარა მყავდა, მაშინ დაბა თამარისში ვცხოვრობდით და ბავშვი იქ დამყავდა ბაღში. სკოლაში როცა მივიდა, სწავლა არ გაჭირვებია, ბაღიდან უკვე ჰქონდა ეს გამოცდილება. ახლა ზემო სარალში გადმოვედით და პატარა ბაღის გარეშე დამრჩა. ძალიან ვცდილობ სახლში ვასწავლო რაღაცები, მაგრამ საქმესთან ერთად ძალიან რთულია” - გვიყვება თურქანა რაგიმოვა.
ბაღების არარსებობა გარდა ბავშვებისა, სერიოზულ სირთულეს წარმოადგენს ქალებისთვის. ზრუნვის შრომა უჩინარია და მისი გაწევა სწორედ ქალებს უწევთ. ის კიდევ უფრო მძიმეა სოფლად მცხოვრები ქალებისთვის, სადაც სახლის საქმის გარდა, ისინი უვლიან პირუტყვს, ამუშავებენ მიწას და თან შვილებზე ძირითადი პასუხისმგებლობაც მათ ეკისრებათ. კაცებთან შედარებით ქალები საშუალოდ 80 დღით მეტს მუშაობენ მიწათმოქმედებასა და მეცხოველეობაში, თუმცა მათი ჩართულობა ამ ძირითადად უფასო შრომაში, აღიარებული არ არის. სხვადასხვა ტიპის ბარიერები და არაანაზღაურებადი შრომა ქალებს ხელს უშლის, რომ ისინი შინამეურნეობებს გასცდნენ. მდგომარეობა განსაკუთრებით რთულია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში.
თურქანა რაგიმოვამ ქართული მარნეულის კოლეჯში ისწავლა და პროფესიით საბავშვო ბაღის აღმზრდელია, თუმცა ახლა უმუშევარია. ზემო სარალში ბაღი არაა და სამსახურს სხვაგანაც ვერ ვშოულობო, გვეუბნება
“აქ ქალები ერთმანეთს ვეხმარებით. როცა ვინმე ბაზარში მიდის, ერთმანეთის ბავშვებს ვიტოვებთ”. იმ ოჯახებში, სადაც სახლში ბებიებიც არიან, ქალები საოჯახო საქმეს და ბავშვების მოვლას ერთმანეთს უნაწილებენ.
კირიხლოში, თაქალოში და ზემო სარალში გაცნობილ ქალებს ერთი წუხილი აქვთ. დარდობენ, რომ მძიმე შრომაში ჩართულები, ბავშვებს სათანადო ყურადღებას ვერ უთმობენ. მათ კარგად იციან სკოლამდელი განათლების მნიშვნელობა, თუმცა არჩევანი არ აქვთ.
ადრეული სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის კიდევ ერთხელ პრიორიტეტად გამოცხადებით, სახელმწიფომ ეს პრობლემა განმეორებით აღიარა, თუმცა ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობები კვლავ სრულად ვერ პასუხობენ არადომინანტური ჯგუფებით დასახლებული რეგიონების გამოწვევებს. 13 წლის წინ დაწყებული პროცესი დღესაც მძიმედ მიდის წინ და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ისევ გადაუჭრელ პრობლემად რჩება სახელმწიფო ენის ცოდნა, რაც ქვეყნის საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრებიდან მათი გარიყულობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
მასალა მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
ინსტრუქცია