საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2013 წლის 2 ივნისს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „კონსტიტუციის 42 მუხლი“ და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ გორისა და ქარელის რაიონში მდებარე სოფლებში - დვანსა და დიცში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და საოკუპაციო საზღვარის გასწვრივ მავთულხლართების გავლებით წარმოშობილ პრობლემებზე ესაუბრნენ.
ადგილებზე არსებული ვითარების შესწავლის შემდეგ გამოიკვეთა ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ისეთი შემაშფოთებელი ფაქტები, როგორიცაა თავისუფლებისა და უსაფრთხოების, საკუთრების, მიმოსვლის თავისუფლებისა და სხვა სამოქალაქო და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების ხელოფის ფაქტები. საოკუპაციო რეჟიმის მიერ დროებითი საოკუპაციო ზოლის თვითნებურად გავლებისა და მოქალაქეთა გატაცების გახშირებული ფაქტები მიმდებარე სოფლების მოსახლეობის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. აღნიშნულის გარდა, სოფლებს მწვავე სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები აქვთ. ადგილობრივ მოსახლეობას განსაკურებით სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა აქვს. სოფელ დიცშიმოსახლეობას სასმელი წყალი დღეგამოშვებით, 1 საათის ხანგრძლივობით მიეწოდება, ხოლო სარწყავი წყლის სათავო ნაგებობა ოკუპირებული ტერიტორიების მხარესაა მოქცეული, რის გამოც სასოფლო სამეურნეო დანიშნულების საუშაოების შესრულება შეუძლებელია.
სოფელ დვანს სასმელი წყლის პრობლემა ახლახან, საოკუპაციო ხაზის გადმოწევის შემდეგ გაუჩნდა, როცა სასმელი წყლის სათაო ნაგებობა უკანონო საზღვარს მიღმა აღმოჩნდა. ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ სასმელი წყალი შესაძლოა უსაფრთხო აღარ იყოს. რაც შეეხება სარწყავ წყალს, ეს პრობლემა სოფელს 2008 წლის კონფლიქტის შემდგომ აწუხებს. უნდა აღინიშნოს, რომ სოფელში ადგილობრივი მოსხლეობის პრობლემების მიმართ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინტერესი საკმაოდ დაბალია, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა წუხილს გამოთქვამს.
ადგილობრივი მოსახლეობის განმარტებით, გადარჩენის ერთადერთი საშუალება, მას შემდეგ რაც უწყლობის გამო ხეხილისა და მოსავლის მოყვანა ფაქტიურად შეუძლებელია, არის საქონელი, რომელსაც სოფლის მოსახლეობა მორიგეობით მწყემსავს. ნახირის საოკუპაციო ზონასთან მიახლოების ან გადასვლის შემთხვევაში ისინი საქონელს ან კარგავენ, ან თავად
ხდებიან უკანონო დაკავების მსხვერპლნი თითქოსდა „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით, რისთვისაც თვეობით და წლობით იხდიან „სასჯელს“ ე.წ. ცხინვალის ციხეში.
ძირითადად, ადგილობრივ მოსახლეობის ერთადერთ შემოსავალს სახელმწიფო პენსია და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა სოციალური დახმარება წარმოადგენს. შესაბამისად, განსაკუთრებით მძიმეა იმ ოჯახების მატერიალური მდგომარეობა, რომელთაც საპენსიო ასაკს მიღწეული ოჯახის წევრი არ ჰყავთ, ან ვერ დააგროვეს სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო სარეიტინგო ქულა.
იმ პირობებში, როდესაც კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა მოკლებულია საკუთრების, თავისუფალი გადაადგილების და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზების შესაძლებლობას, მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს მიერ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სოფლების ინფრასტრუქტურულ გაძლიერებას და სოციალური პრობლემების მოგვარებას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მოსახლეობის სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის საკითხს.
კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფლებში არსებული სახელმწიფო სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად საჭიროა ადგილობრივი მოსახლეობისათვის განხორციელდეს საკომპნესაციო ხასიათის ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებები რათა კონფლიქტის ზონაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქებისათვის ცხოვრებისა და არსებობისათვის ღირსეული პირობები იქნას უზრუნველყოფილი.
გამოვთქვამთ იმედს, საქართველოს მთავრობა დაინტერესდება აღნიშნული საკითხებით და გადადგამს ქმედით ნაბიჯებს კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოქალაქეების სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
ინსტრუქცია