[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

არადომინანტური რელიგიური ჯგუფები, რელიგიის თავისუფლება და პოლიტიკა - 2022 წლის შეფასება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აქვეყნებს 2022 წელს, რელიგიური ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობის შეფასებას.

მიმდინარე წელს, რელიგიის თავისუფლების კუთხით სახელმწიფოს მნიშნველოვანი გადაწყვეტილება არ მიუღია. რელიგიური უმცირესობების უთანასწორო მდგომარეობა ჯერ კიდევ რჩება მნიშნველოვან გამოწვევად.

მიმდინარე წელს რელიგიური ორგანიზაციებისა და ლიდერებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა კვლავ მათი პირადი ცხოვრებისა და კომუნიკაციის უსაფრთხოების საკითხს უკავშირდება. 2021 წლის 13-14 სექტემბერს გასაჯაროებული ე.წ. სუს-ის კრებსების თაობაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არა ერთ სასულიერო პირს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა, თუმცა საქმის მასალების გაცნობის შემდეგ აშკარა გახდა, რომ გამოძიების პროცესში ფუნდამენტური ხარვეზები და გამოწვევები ფიქსირდება, მაგალითად: 1. გამოძიების ფარგლებში არ არიან გამოკითხულები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნები; 2. გამოკითხულები არ არიან ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს (ე.წ. ოტოს) თანამშრომლები და სრულყოფილად არ არის შემოწმებული არც ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს (ე.წ. ოტოს) მუშაობის შიდა მექანიზმები და ინსტრუქციები; 3. სუს-ის დანარჩენი თანამშრომლების გამოკითხვაც ხარვეზიანია და ფორმალური, ისინი ხშირად სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელით გამოძიების ფუნდამენტურ კითხვებს პასუხს არ სცემდნენ. მათთვის დასმული კითხვებიც კი მხოლოდ სამსახურეობრივ ჩატში კომუნიკაციას არ უკავშირდებოდა და არა უფრო ფართოდ, კრებსებში წარმოდგენილ სხვა შინაარსებზე და შესაძლო დარღვევებს; 4. გამოძიების ფარგლებში ამ დრომდე არ არის შემოწმებული ის სამართლებრივი საფუძვლები, რომლის საფუძველზეც ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მოსმენა ხორციელდებოდა. 5. მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები (მაგალითად, ტელეფონებისა და სამსახურეობრივი კომპიუტერების ჩხრეკა და ამოღება) დაგვიანებით ჩატარდა, როცა მტკიცებულებებზე გარეშე ზემოქმედება უკვე შესაძლებელი იყო. ამასთან, იმ ფონზე, როცა უკანონო მოსმენების მასობრივ პრაქტიკაზე სერიოზული პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს არ აუღია, ამ დრომდე ბუნდოვანია, არსებობს თუ არა სამართლებრივი და ინსტიტუციური გარანტიები, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ დრომდე მასობრივად არ უსმენს და არ ინახავს მოქალაქეების პირად კომუნიკაციას.

მიმდინარე წელს დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმეზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. სასამართლომ დაადგინა სამართლიანი სასამართლოს პროცედურული გარანტიების დარღვევა მის საქმეზე, თუმცა არ აღიარა ჩხრეკის და ამოღების დროს დაშვებული დარღვევები, რის გამოც საქმის ხელახალი განხილვის შესაძლებლობები ეროვნულ დონეზე ბუნდოვანია. დეკანოზი გიორგი მამალაძე მისი მძიმე ჯანმრთელობის მიუხედავად ამ დრომდე პატიმრობაში რჩება და სასჯელის გადავადების მიზანს, არა ერთი სამართლებრივი მცდელობის მიუხედავად, მან ვერ მიაღწია. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალ წელს ამგვარი შესაძლებლობები დეკანოზს გაუჩნდება.

მიმდინარე წელს კვლავ დადგა დღის წესრიგში ადიგენში ადგილობრივი მოსახლეობისთვის მიწით სარგებლობის პრობლემა. 2018 წლის სექტემბერში საქართველოს მთავრობის განკარგულებით საქართველოს საპატრიარქოსთვის სოფელ კიკიბოსა და დერცელში არსებული არასასოფლო-სამეურნეო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების გადაცემის შემდეგ დაფიქსირდა ადგილობრივებისთვის მიწით სარგებლობის უფლების შეზღუდვის კიდევ ერთი ფაქტი. კერძოდ, 2022 წლის თებერვალში კი საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ყადაღა დაადო სოფელ დერცელში და სოფელ მოხეში მცხოვრები არაერთ ოჯახის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს, რის შემდგომაც ოჯახებს შეეზღუდათ მიწის განკარგვის უფლება (ოჯახების დიდი ნაწილი მუსლიმია). თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ქონებაზე ყადაღის დადების საფუძველი გახდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიება, რომელიც შეეხება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებული პირების მხრიდან მიწის სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში სავარაუდოდ ჩადენილ სამოხელეო დანაშაულს. გამოძიების პროცესში ამ დრომდე არ გამოვლენილა დაყადებული ქონების მფლობელი პირების მიერ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი, უფრო მეტიც, მათ საგამოძიებო ორგანოს წარუდგინეს ყველა ის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მათი წინაპრების მიერ მიწის ნაკვეთების მართლზომიერი ფლობისა და კანონის საფუძველზე საკუთრების უფლების მოპოვების ფაქტებს. თუმცა, ამის მიუხედავად ქონებას კვლავ ყადაღა ადევს და არსებობს სახელმწიფოს მიერ ქონების ჩამორთმევის რისკი. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ეკომიგრანტი მუსლიმები აჭარიდან ძირითადად მესაქონლეობას მისდევენ და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სათიბებზე და საძოვრებზე ხელმისაწვდომობა. ადიგენის მუნიციპალიტეტის რელიეფის გათვალისწინებით, სათიბ-საძოვარი მიწების რესურსი სოფლებში ისედაც სათიბ-საძოვრებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის შემთხვევაში შესაძლოა ადგილობრივებს მესაქონლეობაზე უარი თქმა და საცხოვრებელი ადგილების მიტოვება მოუწიოთ. ზემოთ აღნიშნულ სოფლებში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების შეზღუდვა მოსახლეობის აღქმაში უკავშირდება ადიგენის მუნიციპალიტეტში ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ რელიგიურ შევიწროებას.

კვლავ პრობლემურად რჩება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი. წლების განმავლობაში მუსლიმი მოსახლეობის მნიშნველოვანი ნაწილი ბათუმში ღია ცის ქვეშ აგრძელებს ლოცვას მეჩეთის სივრცის არ არსებობის გამო. ბათუმის საქალალაქო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების ისტორიული გადაწყვეტილებების მიუხედავად, რომელმაც დაადგინა ბათუმის მერიის გადაწყვეტილებაში დისკრიმინაცია და უკანონობა, ბათუმის მერია ცდილობს პროცესის გაჭინაურებას და ამ ეტაპზე მისი სარჩელის საფუძველზე საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოში განიხილება.

2022 წლის პირველ ივლისს ბოლნისის სასამართლომ პრეცედენტული გადაწვეტილება მიიღო. სასამართლომ ბათილად სცნო მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების ის ნორმა, რომლის თანახმად რელიგიური საქმიანობის დაფინანსებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა (400 000 ლარი) სრულად გადაეცემოდა მხოლოდ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიას. ბოლნისის საქალაქო სასამართლომ რელიგიის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია დაადგინა და აღნიშნა, რომ: „400,000 ლარით „მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის“ სრულფასოვანი ფუნქციონირების ხელშეწყობის დაფინანსების ნაწილში, სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს მიმართ, ადგილი ჰქონდა ერთგვაროვან ვითარებაში მყოფი სუბიექტების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას, რომელიც მოსარჩელის მიმართ ნაკლებადკეთილმოსურნეა, ერთმნიშვნელოვნად, განსხვავებული მოპყრობა ეფუძნება რელიგიურ ნიშანს. ამასთან, ვინაიდან სადავო შემთხვევა პირდაპირ აწესებდა განსხვავებულ მოპყრობას რელიგიური ორგანიზაციის მიმართ, საკითხი შეფასებადია რელიგიის ნიშნით, პირდაპირი დისკრიმინაციის ფარგლებში.“ სასამართლომ გაიზიარა შეფასებები სეკულარიზმის პრინციპთან დაკავშირებითაც და მიუთითა: სახელმწიფოს ნებისმიერი ქმედება უნდა ეფუძნებოდეს სეკულარულ მიზანს, არ უნდა უწევდეს მხარდაჭერას ერთ რომელიმე რელიგიას და არ უნდა ტოვებდესრელიგიასთან გადაჭარბებულ აფილაციისშთაბეჭდილებას“. მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლოს აზრით, სეკულარიზმისა და ნეიტრალურობის პრინციპი, სახელმწიფოს წინაშე წარმოშობს ვალდებულებას, განსხვავებულ მიდგომებში დაასაბუთოს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, რამდენადაა დასაშვები თანასწორობის უფლების შეზღუდვა. უპირველესად უნდა აღნიშნოს, რომ დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური მოდელი ეფუძნება სეკულარიზმის პრინციპს, რომელიც სახელმწიფოსა და რელიგიურ თემებს მიჯნავს. ამგვარი მოდელი შეესაბამება იმ ღირებულებებს, რაც სამართლებრივი სახელმწიფოსთვის არის მახასიათებელი." თუმცა, 2022 წლის 8 დეკემბერს ბოლნისის სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ 1 სხდომის ფარგლებში ჩატარებული განხილვით გააუქმა. საქმის განხილვის დროს მოსამართლის მხრიდან დაფიქსირდა პრობლემური განმარტებები და რეპლიკები მოსარჩელეების რელიგიურ და ეთნიკურ კუთვნილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდება უზენაეს სასამართლოში. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდეც, მარნეულის მერიამ 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტში მხოლოდ ადგილობრივი ეპარქიის დაფინანსების პირობები ისევ გაითვალისწინა, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს თვითმმართველობის მხრიდან კონსტიტუციური პრინციპებისა და სტანდარტების დემონსტრაციული უპატივცემულობის პრობლემას.

2022 წლის 4 ოქტომბერს, მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა, კათოლიკე მრევლს ქუთაისში ისტორიულად კათოლიკურ ტაძარში ღვთისმშობლის ქანდაკებით შესვლა აუკრძალა. მსვლელობისას, კათოლიკეებს ტაძრის ეზოს გარშემო საავარიო ლენტი დახვდათ შემოვლებული, შესასვლელი კი – მანქანებით ჩახერგილი. აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ გახდა რელიგიური უმცირესობების მიმართ საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ქონების დაბრუნების (რესტიტუციის) მომწესერიგებელი კანონმდებლობისა და პოლიტიკის არ არსებობის განხილვის მიზეზი. ამ პროცესში განსაკუთრებით პრობლემურია სადავოდ გამხდარი ისტორიული ძეგლების საკითხი, რომელთა გადაჭრის სამართლებრივ გზებზე სახელმწიფოს არასდროს უფიქრია.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“