[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ქალთა უფლებები / ანალიტიკური დოკუმენტები

არადომინანტური ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ქალების მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული პოლიტიკური, სოციალური და სამართლებრივი კონტექსტების მიმოხილვა

ანი გოგბერაშვილი 

საქართველოში არადომინანტური ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ქალები ძალადობის მომატებული რისკის ქვეშ არიან და განიცდიან მრავალმხრივ ჩაგვრას გენდერის, ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა და ეკონომიკური უთანასწორობის გამო.  ჩაგვრის სხვადასხვა სისტემების თანაკვეთა ძალადობის უნიკალურ გამოცდილებას ქმნის, რისი სიღრმისეული შესწავლა და კონტექსტის გათვალისწინებით საპასუხო პოლიტიკის შემუშავება შეუძლებელია ინტერსექციური მიდგომის გარეშე. აღნიშნული მიდგომა ჩაგვრის/უთანასწორობის სხვადასხვა გამოვლინებების იერარქიზების ნაცვლად, მათ თანადროულ არსებობასა და ურთიერთქმედებას აანალიზებს. მხოლოდ იმის აღიარება, რომ ეთნიკური უმცირესობების ქალები მრავალმხრივ ჩაგვრას განიცდიან არასაკმარისია იმის შესწავლის გარეშე თუ როგორ ასაზრდოებენ უთანასწორობის სისტემები ერთმანეთს. პატრიარქატი, ნაციონალიზმი,  არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კონტექსტი,  სოციალური იზოლაცია, დაუცველობის განცდა, პოლიციისადმი უნდობლობა და ყველა ამ ფაქტორის ერთობლიობა არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ქალებისთვის განსაკუთრებულად ძალადობრივ გარემოს ქმნის.

საქართველოში 2006 წელს იქნა მიღებული კანონი ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ, რაც ქალთა მიმართ ძალადობაზე რეაგირებისა და პრევენციისთვის საჭირო სამართლებრივი ჩარჩოს შექმნას ჩაუყარა საფუძველი. 2010 წელს ამოქმედდა პირველი სატელეფონო ცხელი ხაზი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის და გაიხსნა პირველი თავშესაფარი. 2012 წლიდან ოჯახში ძალადობა სისხლის სამართლის დანაშაული გახდა, ხოლო 2017 წელს სტამბოლის კონვენციის რატიფიკაცია მოხდა. 2018 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაფუძნდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი  (UN Women, 2021, გვ. 71). 2019 წელს მიღებულ იქნა კანონი სექსუალური შევიწროების შესახებ და შესაბამისი ცვლილებები შევიდა შრომის კოდექსსა და ადმინისტრაციული სამართლადარღვევების კოდექსში. საქართველოში კანონმდებლობით აკრძალულია 18 წლამდე პირთან ქორწინების რეგისტრაცია, თუმცა ხშირია არასრულწლოვანთა არარეგისტრირებული ქორწინებები, რისი რეგულირებაც ვერ ხერხდება.  გარდა ამისა, საქართველო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისკენ მიმართული მრავალი მნიშვნელოვანი დოკუმენტის ხელმომწერია.[1] საერთაშორისო და ეროვნული ვალდებულებების მიმართულებით არსებული პროგრესის მიუხედავად,  საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა მწვავედ დგას, რაც სუსტ სააღსრულებო მექანიზმზე მიუთითებს. არსებული მონაცემების თანახმად, ქალები განიცდიან ძალადობის სხვადასხვა ფორმებს. ხოლო   სოციალური და სამართლებრივი მხარდაჭერის ნაკლებობა და გაბატონებული გენდერული ნორმები არ იძლევა არსებული ვითარების სრულად დანახვის შესაძლებლობას (UN Women, 2021, გვ. 72). ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალებისთვის ძალადობის რისკი განსაკუთრებულად გაიზარდა COVID-19 პანდემიის დროს, რადგან ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მკაცრი ზომები მოქმედებდა და ქალებს იზოლაციაში აქცევდა. გარდა ამისა, შეზღუდვების შედეგად ოჯახებში შემცირდა ეკონომიკური რესურსები, რაც ძალადობის მაპროვოცირებელი ერთ-ერთი ფაქტორია. 

უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული კვლევების მიხედვით, პატრიარქალური გარემო ეთნიკური უმცირესობების ქალებისთვის ქორწინებასა და ოჯახს მთავარ პრიორიტეტად განსაზღვრავს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქალები ქმრისგან და ოჯახის სხვა წევრებისგან ძალადობას განიცდიან. ძალადობა უმეტესად ნორმალიზებულია და მასზე საჯაროდ საუბარი მიუღებლად ითვლება, რაც  პრობლემის მასშტაბების სრულად დანახვის საშუალებას არ იძლევა. გარდა ამისა, უმცირესობების ქალების დიდ ნაწილს  არ აქვს ქონების განკარგვის უფლება და საკუთრება ძირითადად კაცების სახელზეა გაფორმებული, რაც ქალებს ფინანსურ ავტონომიას უზღუდავს და ოჯახზე დამოკიდებულს ხდის. შემოსავლის ძირითად წყაროებს წარმოადგენს სოციალური დახმარებები, სოფლის მეურნეობა, წვრილმანი ვაჭრობა, საზღვარგარეთიდან გზავნილები.  ფორმალურად დასაქმებულთა დიდი ნაწილი საგანმანათლებლო დაწესებულებებშია დასაქმებული, სადაც ანაზღაურება ძალიან დაბალია. ეკონომიკური ფაქტორი  ზრდის ქალების მოწყვლადობას ძალადობის მიმართ და გარკვეულ შემთხვევებში ნაადრევი ქორწინების მიზეზიც ხდება. ამასთან, ენობრივი ბარიერის და არსებული ენის პოლიტიკის გამო, რომელიც გამორიცხავს უმცირესობების ენაზე ინფორმაციულ ხელმისაწვდომობას, პრობლემურია განათლების, ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების სერვისებზე წვდომა.  კვლავ ხშირია გოგოების ქორწინების მიზნით თავისუფლების აღკვეთის შემთხვევები, რისი პრევენციისთვის სათანადო პოლიტიკა არ ტარდება, ხოლო პოლიცია დროულად არ იღებს საჭირო ზომებს, რაც ეთნიკური უმცირესობების ჯგუფების მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულებით აიხსნება. თავად თემის წევრების თქმით, ნაადრევი ქორწინების მიზეზი მძიმე სოციალური ფონი, სამომავლო პერსპექტივის არქონა და გენდერული უთანასწორობაა (საქართველოს სახალხო დამცველი, 2021). ამ ყველაფერთან ერთად, ისეთი ფაქტორები, როგორიცა საბაზისო ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის გაუმართაობა ზრდის ქალების აუნაზღაურებელი შრომის ტვირთს და მეტად დამოკიდებულს ხდის მათ კაც ოჯახის წევრებზე.

არადომინანტური_ეთნიკური_ჯგუფის_წარმომადგენელი_ქალები_1679056815.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] გაეროს კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CEDAW), ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია (სტამბოლის კონვენცია), გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი (ICCPR), სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტი (ICESCR), ბავშვთა უფლებების დაცვის გაეროს კონვენცია (CRC), გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის კონვენცია (CPRD), ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენცია (ECHR), ჩარჩო კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“