საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ კონსტიტუციონალისტებთან ჩატარებულმა ინტერვიუებმა ცხადყო, რომ საქართველოს მთავარი კანონის, კონსტიტუციის შექმნის, მიღების და შესწორების პროცესებში საქართველოს არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების მონაწილეობის მნიშვნელობა არ იყო სათანადოდ აღიარებული და უზრუნველყოფილი. აღსანიშნავია, რომ უმცირესობების ხმები თანაბრად არ ისმოდა, როგორც დამოუკიდებლობის მოპოვების პირველ წლებში, როცა შეიქმნა 1995 წლის კონსტიტუცია, ასევე, 2004, 2010 და 2017 წლების საკონტსტიტუციო რეფორმების პროცესშიც. კონსტიტუციონალისტების ნაწილი აღნიშნავდა, რომ საქართველოს კონსიტუციაში ადამიანის უფლებების და თანასწორობის პრინციპების დაცვაზე ფიქრი სხვადასხვა დასავლური ქვეყნების კონსტიტუციების გაცნობის და რეპლიკაციის მცდელობა უფრო იყო, ვიდრე ქვეყნის პოლიტიკური ელიტის მიერ სამოქალაქო თანასწორობის არსის და შინაარსის გააზრების მცდელობა.
აღნიშნული მიგნებების საფუძველზე, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, მოქმედ და ყოფილ პოლიტიკოსებთან სიღრმისეული ინტერვიუების ჩატარება, რათა დაგვენახა, თუ როგორ აფასებენ ისინი აღნიშნულ მიგნებებს და რა გამოსავლის გზებს გვთავაზობენ არსებული სიტუაციიდან. წინამდებარე სტატია სწორედ პოლიტიკოსებთან სიღრმისეული ინტერვიუების საფუძლვეზე მომზადდა. აღნიშნული ინტერვიუების მიზანია, მკითხველს დაანახოს, თუ როგორ აფასებენ პოლიტიკოსები არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების პოლიტიკურ მონაწილეობას და ჩართულობას კონსტიტუციური და დიდი პოლიტიკური რეფორმების პროცესში? რატომ არ ისმის ამ ჯგუფების ხმები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში? და როგორ გეგმავენ პოლიტიკოსები არსებული სიტუაციის შეცვლას?
სტატია მომზადდა შემდეგ პოლიტიკოსებთან სიღრმისეული ინტერვიუების საფუძველზე:
ხაზგასმით გვინდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენი მრავალი მცდელობის მიუხედავად, მმართველი პოლიტიკური გუნდის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთან სიღრმისეული ინტერვიუს ჩაწერა ვერ მოხერხდა. იმედი გვაქს, მომავალში, ამ საკითხთან დაკავშირებით მათი მოსაზრებების მოსმენის და ანალიზის შესაძლებლობა გვექნება.
პოლიტიკოსებთან ჩატარებულმა ინტერვიუებმა გაიმეორა კონსტიტუციონალისტებთან დანახული მიგნებები. კერძოდ, პოლიტიკოსებიც ადასტურებდნენ, რომ არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების ჩათულობა და მონაწილეობა საქართველოს კონსტიტუციის შექმნის, მიღების და რედაქტირების პროცესში არსებითად არ იყო უზრუნველყოფილი. გიგა ბოკერიას მიხედვით, არადომინანტური ეთნიკური ჯგუფები კონსტიტუციების შემუშავების და რეფორმირების პროცესში, არც ოპოზიციისთვის და არც ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად არ ითვლებოდა. თუმცა, იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ეს იყო პრობლემა იმ ელიტის, რომელიც ქმნიდა ამ პროცესებს და არა უმცირესობების“. დავით ბერძენიშვილის განმარტებით, კონსტიტუციების შემუშავების პროცესში, არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების მონაწილეობა ფრაგმენტულიც კი არ იყო. მისი შეფასებით, „1995 წელს აზერბაიჯანელების, სომხების და რა თქმა უნდა, აფხაზების და ოსების მონაწილეობა საკონსტიტუციო პროცესებში პრაქტიკულად ნულის ტოლი იყო“. თინა ხიდაშელი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ არადომინანტური ჯგუფები არასდროს ყოფილან „ანგარიშგასაწევი სეგმენტი“ დანარჩენი პოლიტიკური სპექტრისთვის. თუმცა, „ფორმალურად თუ მივუდგებით, უმცირესობების წარმომადგენლები ყოველთვის იყვნენ პროცესის მონაწილეები, იმიტომ რომ მათთვის ქაღალდზე არ დაწერილი, მაგრამ რეალობაში მოქმედი კვოტა მუდმივად არსებობდა. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ყველა საკონსტიტუციო კომისიის წევრი უნდა ყოფილიყვნენ, ისევე როგორც, პარლამენტში უნდა ყოფილიყვნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, მაგრამ ისევ და ისევ მათი ხმა, როგორც წესი არ ისმოდა.“ ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, საქართველოში კონსტიტუციების შემუშავების პროცესი არსებითად ექსკლუზიურია და „არამხოლოდ ეთნიკური უმცირესობების თემებში, არამედ ზოგადად, ეს პროცესები არ არის ქვემოდან ზემოთ“.
აღნიშნულ სიტუაციას პოლიტიკოსები სხვადასხვა ფაქტორებით ხსნიან. ხიდაშელის განმარტებით, ეს ჯგუფები თავად არ იყვნენ აქტიურები და თავად არ იყვნენ ჩართულები პროცესებში ისე, რომ პოლიტიკურ ელიტას ეფიქრა მათი მონაწილეობის აუცილებლობაზე. ხოლო, დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მომდინარეობდა საბჭოთა კავშირის გამოცდილებიდან. „ქართველების პრივილირეგირებული ყოფა და ძალაუფლებების არგაზიარება საბჭოთა კავშირის გამოცდილებებს ემყარებოდა, სადაც საქართველოს მოსახლეობის 2/3-ს წარმოადგნენედნენ ეთნიკური ქართველები, თუმცა, ისინი საბჭოთა „ნომენკლატურის“ 90-95% შეადგენდნენ“.
გიგა ბოკერიას აზრით, 90-იანებში არადომინანტური ჯგუფების გაუცხოება პოლიტიკური ცხოვრებისგან და სახელმწიფოსგან ძალიან ღმა იყო. მისი განმარტებით, თუმცა ბევრი რამ შეიცვლა და არადომინანტურმა ეთნიკურმა ჯგუფებმა პარტიების შიგნით რაღაც წონა შეიძინეს, ისინი არსებით ფაქტორად მაინც ვერ გადაიქცნენ. მისივე თმით, „უმცირესობების რეგიონები ყოველთვის იყვნენ ერთი ფაქტორით დაბალი გავლენის მქონე პოლიტიკურ ცხოვრებაზე და განსაკუთრებით კონსტიტუციურ პროცესებზე, ვიდრე სხვა რეგიონები“.
ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, არადომინანტური ჯგუფების სუსტი მონაწილეობა და ჩართულობა, ხშირად, თავად ამ ჯგუფების პასუხისმგებლობად არის დანახული. თუმცა, მისი შეფასებით, „ეს ჩვენი [დომინანტი ჯგუფის] პრობლებაა. იმიტომ რომ შენ მეტი უნდა გააკეთო რომ დააინტერესო ეს ადამიანები. შეიძლება ზუსტი ანალოგი არ იყოს, მაგრამ ქალებზეც ხომ ამბობენ რომ ქალებს არ უნდათ პოლიტიკა. [ქალებს] რომ არ უნდა პოლიტიკა ამას აქვს ძალიან კონკრეტული მიზეზები. და ასევეა, ჩემი აზრით ამ შემთხვევაშიც.“ უფრო მეტიც, მისი აზრით, „ეთნიკური უმცირესობების საკითიხი პრიორიტეტული არ არის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებისთვის. ისინი ფიქრობენ რომ სხვა უფრო პრიტორიტეტული საკითხები უნდა მოაგვარონ და ეს თემა პირველხარისხოვანი საკითხი არ არის“.
გიგა ბოკერიას მიხედვით, წლების განმავლობაში არც პოლიტიკური ელიტა და არც ქართული საზოგადოების უმრავლესობა არადომინანტურ ეთნიკურ ჯგუფებს საკუთარ ნაწილად არ აღიარებდნენ. „ეს უმრავლესობის პრობლემაა პირველ რიგში. ასევე, უმცირესობებშიც არ არსებობდა აღქმა იმისა, რომ ჩვენ ამ ქვეყნის ნაწილი ვართ. იქედან გამომდინარე რომ უმრავლესობა მათ არ განიხლიავდა საკუთარ ნაწილად. ეს ვლინდებოდა ბევრ რამეში. 90-იანებში საერთოდ დისკუსია იყო, საკურების უფლება უნდა მივცეთ, თუ არა განსხვავებული ეთნიკური კუთვნილების მოქალაქეს“. ბოკერია აღნიშნავს, რომ იგი ამ პროცესში არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების პასუხისმგებლობასაც არ უგულებელყოფს. მისი აზრით, არადომინანტური ეთნიკური ჯგუფები არ უნდა დაელოდონ, რომ უმრავლესობა მათ რაიმეს უბრალოდ გადაულოცავს. მაგრამ იგი აქვე აღნიშნავს, რომ „უმრავლესობამ მათ [თანასწორობის] შანსი არ უნდა წაართვას.“
ბერძენიშვილი განმარტავს, რომ საქართველოში რელიგიური და ეთნიკური დომინაციის პირობებში, მრავალფეროვნების შექმნის სურვილი არ არსებობს“. მისი შეფასებით, არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების მართვის პრაქტიკები ყოველთვის განსხვავებული იყო დანარჩენი საქართველოსგან. „შევარდნაძის დროს დაიწყო და მიშას დროს კიდევ უფრო გაღრმავდა, აზერბაიჯანული და სომხური ადგილობრივი ნომენკლატურისთვის, მეტწილად „მობანტიტო ელემენტებისთვის“ უმცირესობების რეგიონების საჯიჯგნად გადაცემა... როგორ მართავდა ქვემო ქართლს დათო კირკიტაძე, ან მამალაძე? თუ ხარ ბობოლა აზერბაიჯანელი, ხარ ჩემიანი, მე შენ გაგაყვლეფინებ ამ ხალხს. რადგან შენ იდენტიფიცირებული ხარ სახელმწიფოსთან. ანუ უმცირესობის უმცირესობას გაღიარებ. თუმცა, მაინც, „ისე“ გიყურებ და შენი მეშვეობით ვჩაგრავ დანარჩენებს. ეს იყო ეკონომიკური ჩაგვრაც და პოლიტიკური ჩაგვრაც და ა.შ. სამცხე-ჯავახეთში ამის ყველაზე უფრო გამოკვეთილი მაგალითი კი მკოიანია“.
ამასთნავე, დავით ბერძენიშვილი აღნიშანვს, რომ უმრავლესობა და უმცირესობა ერთმანეთს კარგად არ იცნობნენ. „მეორე მხარეს, არ ვიცოდით მოსეპარატისტო ლოზუნგების გარდა რა ხდებოდა. ერთმანეთის მიმართ ზურგით დგომის გამოცდილება იყო. განზიდვის მიდგომა“. ინტერვიუს დროს, ბერძენიშვილმა გაიხსენა 1989 წელს ნოდარ ნათაძის სახალხო ფრონტის ყრილობაზე წარმოთქმული სიტყვებიც: „მსხვერპლი არ არის, მოკლულია ორი თათარი.“ უფრო მეტიც, ბერძენიშვილის მიხედვით, უმცირესობების თემა დაკავებული იყო რეგიონალური მაფიოზური ნომენკლატურული წარმომადგენების მიერ. საინტერესოა, რომ ბერძენიშვილი ასევე მიიჩნევს, რომ „არადომინანტურ ჯგუფებში ჩართულობის სურვილის და კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობაც იყო“. უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკოსის მხრიდან ასეთი შეფასება არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების მიმართ არსებულ იმპლიციტურ ცრურწმენებს აშიშვლებს, რომელიც უმცირესობებს არაკომპეტენტურ, ინდიფერენტულ და აპოლიტიკურ აქტორებად წარმოაჩენს. რაც შედეგად იწვევს, მათი სუსტი ჩართულობის ნორმალიზებას, არსებული სიტუაციის თავად უმცირესობებისთვის დაბრალებას და კრიტიკული კითხვების დაუსმელობას.
გიგა ბოკერიას მიხედვით, არადომინანტური ეთნიკური ჯგუფები საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევენ. თუმცა, „ხელისფლება სადაც გადაწყვეტილებები მიიღება, მათთვის უცხოა. მათი აზრით, მათ ხელისუფლებასთან რაღაც სტატუს ქვო უნდა ჰქონდეთ, რომ არ შეგაწუხონ და მორჩა. ანუ კონტრაქტი უნდა დაიდოს. ისე როგორც, დამპყრობელი რომ შემოვა და ის ავტონომიას გაძლევს, ხოლო შენ გინდა რომ უბრალოდ არ შეგეხონ.“ სადაც პროცესების თანამონაწილეობაზე საუბარიც ზედმეტია.
ინტერვიუების დროს, ყველა პოლიტიკოსი საკონსტიტუციო და პოლიტიკურ პროცესებში არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების ჩართულობის არარსებობაზე საუბრობდა. უფრო მეტიც, პოლიტიკოსები იხსენებდნენ შემთხვევებს, როცა ისინი წარმოადგენდნენ ხელისუფლებას ან ოპოზიციას და მათ აკლდათ უმცირესობების ხმები და მხარდაჭერა კონკრეტული საკითხების ადვოკატირების და გადაწყვეტის პროცესში. ამ კუთხით, დღევანდელი სიტუაციის შეფასებისთვის მმართველი გუნდის პოზიციების მოსმენა და წინა პერიოდებთან ამის შედარება საინტერესო იქნებოდა, თუმცა სახელისუფლებო პარტიის მხრიდან ინტერვიუეზე უარის თქმის გამო, იძულებულნი ვართ არსებულ რეალობის შეფასებისთვის მხოლოდ ჩვენს დაკვირვებებს და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ინტერვიუებს დავეყდნოთ.
ანა ნაცვლიშვილის აზრით, უმცირესობების ჩართულობის ნაკლებობა დღესაც ყველა დონეზე იგრძნობა. განსაკუთრებით, კი კონსტიტუციურ პროცესებში. ნაცლიშვილი აცხადებს, რომ „ჩვენ შეიძლება უამრავ რამეზე ვიკამათოთ, მაგრამ სახელწიფოდ და საზოგადოებად რომ შევდგეთ ჩვენ გვჭირდება, რაღაც, რომლის გარშემოც ყველა გაერთიანდება, რომელშიც შეიძლება რომელიმე კონკრეტულ მუხლს არ ეთანხმებოდე, მაგრამ ამ დოკუმენტს პატივს სცემდე. ეს პატივისცემა თავისით ციდან ხომ არ ვარდება? ამ პატივისცემას სჭირდება აშენება, და აშენება არანაირად არ გამოვა ჩართულობის გარეშე.“
გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების ჩართულობის წინაშე მნიშვნელოვანი ბარიერები არსებობს. „ხოლო შენი, როგორც პოლიტიკოსის, ამოცანაა, ამ ხალხის ინტეგრირება მოახდინო იმ ბარიერების მოხსნით, რომელიც შენ თავად გქონდა შექმნილი. ეს არის ეროვნული ამოცანა და ღირებულებითად სწორი ამბავი.“ ამ საკითხთან დაკავშირებით გიგა ბოკერიამ გაიხსენა მიწის რეფორმა, რომელშიც უმცირესობების ხმები თითქმის არ ისმოდა და განხილვების პროცესში საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები არადომინანტური ეთნიკური ჯგუფები საფრთხედ იყვნენ მონიშნულნი. იგი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ მაშინ, ცენტრის წარმომადგენელი პოლიტიკური ელიტის ლიბერალური ფრთის მხარეს არ არსებობდა დემოკრატიული ძალა არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებიდან, რომელიც სრულიად ლეგიტიმური ინტერესიდან გამომდინარე, მათი მოკავშირე იქნებოდა და არსებულ უსაფრთხოების პერსპექტივას დაუპირისპირდებოდა.
დავით ბერძენიშვილი იხსენებს, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, როცა თვითმმართველობის კოდექსის განხილვები მიმდინარეობდა, მას ძალიან აკლდა არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების ხმა და მხარდაჭერა. მეორეს მხრივ, ბერძენიშვილის მიხედვით, რესპუბლიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილი ევროპული ქარტია რეგიონული ენების შესახებ, თავად არადომინანტური ჯგუფების წარმომადგენელი პარლამენტის წევრების მხრიდან არ არის მხარდაჭრილი. თუმცა, ბერძენიშვილი ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების მხირდან ამ საკითხზე საუბრის და ავთენტური მოსაზრებების გაზიარების „უფლებას ცენტრი მათ არ აძლევს.“
თინა ხიდაშელი იხსენებს, რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის შესახებ კანონის მიღების დროს, ამ კანონის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგეები თავად არადმონიანტური ეთნიკურ ჯგუფების წარმომადგენელი პარლამენტარები იყვნენ. „ლოგიკა მათი არგუმენტის ის იყო, რომ ჩვენ გვბრალდებაო და ამბობდნენ, რომ ჩვენს ეს არ გვჭირდება და „იმათ“ სჭირდებათო.“ ხიდაშელის აზრით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება ადამიანი. უფრო მეტიც, იგი აცხადებს, რომ საქართველოს პოლიტიკური სპექტრში უმცირესობების უფლებებს ეთნიკურად ქართველი პოლიტიკოსები უფრო აქტიურად იცავდნენ, ვიდრე თავად არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი პოლიტიკოსები. მის განმატერბით, ასეთი სიტუაცია გვაქვს, „იმიტომ კი არა, რომ ქართველები უფრო კარგი ტიპები არიან, არამედ იმიტომ, რომ პროცენტული ამბავია, ქართველები მეტნი არიან და შესაბამისად ორი ან სამი კაცი, ალბათობის თეორიითაც უფრო გამოერია, ვიდრე იმ უმცირესობების პოლიტიკურ სპექტში, რადგანაც უმცირესობების არსებული წინახაზობა ზევიდან იყო დანიშნული.“
აღსანიშნავია, რომ პოლიტიკოსები არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების ჩართულობის პრობლემას ერთმნიშვნელოვნად აღიარებენ და არსებული რეალობის შეცვლის სურვილს მკვეთრად გამოხატავენ. თუმცა, კრიტკულად მნიშვნელოვანია, მათი ხედვების და სტრატეგიების არსებითი აღწერა და ანალიზი, რათა დავინახოთ, თუ რა თეორიულ ჩარჩოებზე აფუძნებენ ისინი გამოსავლის გზებს და როგორ გეგმავენ არსებული სიტუაციის შეცვლას.
გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ამ გამოწვევებზე მოკლე პასუხი პოლიტიკური თავისუფლების გაზრდაა. „რაც არ უნდა გინდოდეს პრობლემების ზევიდან ქვევით მოგვარება, მაინც, თუ ადგილზე თავისუფლების განცდა არ არის, შეუძლებელია. იქ რომ მართმევ უფლებას, რომ კონკურეციაში თანასწორი ვიყო, ეს მართმევს ძალასაც. როგორც კი ამ ბარიერს მოხსნი, ის პოლიტიკურ გუნდებიც, რომლებსაც არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების საკითხი არ აინტერესებთ, მაინც ადგილობრივ ჯგუფებს გაუწევენ ანგარიშს, იმიტომ რომ პოლიტიკურ პარტიას იქ არჩევნების მოგება უნდა“. ბოკერიას აზრით, ამის მიღწევა შესაძლებელია ძალაუფლების ადგილზე მიტანით. „ყველა ადგილობრივ თემს უნდა ჰქოდეს განცდა, რომ ადგილზე წყდება ყველაფერი.“ მისი აზრით, მოსამართლეების, შერიფების (პოლიციის უფროსების) ადგილზე არჩევა „გადამწყვეტი საკითხია,“ რომელიც შემდეგში ეროვნულ დონეზე მათ მონაწილეობაში გადაიზრდება და მათ საკონსტიტუციო და დიდი პოლიტიკური რეფორმების პროცესებშიც ჩართავს. „მაგრამ როდესაც ამდენი ბარიერია შექმნილი ცენტრალურ დონეზე ძალაუფლების მქონე პირების მიერ, ჩვენი ვალია რომ ეს ბარიერები მოვხსნათ. და ეს არის პოლიტიკური თავისუფლების მოტანა.“
ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ „ჩვენ გვაქვს სამშობლო საქართველო, მაგრამ არ გვაქს სახელმწიფო საქართველო, და ამ ფენომენის მშენებლობა ახლა ხდება და ამიტომ ყველა ჯგუფის ჩართვა უნდა იყოს აუცილებელი.“ მისი აზრით, პარტიებმა შიგნით უნდა მიიღონ ზომები, რათა შეიქმნას მულიტკულურული სივრცეები. არადომინანტურ ჯგუფების რეალური წარმომადგენლობის შესაძლებლობა, უპირველს ყოვლისა, პარტიების შიგნით უნდა ჩამოყალიბდეს. თუმცა, ნაცვლიშვილი არ აკონკრეტებს, თუ როგორი მექანიზმები უნდა იყოს დანერგილი, იგი აცხადებს, რომ მისთვის „მნიშვნელოვანია მიღწეული იქნას შედეგი“ და შეიცვალოს არსებული სიტუაცია.
დავით ბერძენიშვილის მიხედვით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, არსებითი და ფართომასშტაბიანი თვითმმართველობის რეფორმა. მისი განცხადებით რესპუბლიკური პარტია მიიჩნევს, რომ ამ საკითხის მოგვარებისთვის გადამწყვეტი როლი ექნებოდა თვითმმართველობის ორ დონიანი სისტემას, თავისი ფისკალური დამოუკიდებლობით. ბერძენიშვილის მიერ შემოთავაზებული მიდგომა გარკვეულწილად ჰგავს გიგა ბოკერიას თეორიულ ჩარჩოს. იგი აცხადებს, რომ „მეტი წილი ძალაუფლება უნდა წავიდეს ქვევით. ადგილზე ძალიან ბევრი არჩეული უმცირესობა გვინდა“. მისი აზრით, რეგიონული ენების შესახებ ევროპულ ქარტიაზე დაფუძნებით, თვითმმართველობის დონეზე ორენოვანი ადმინისტრაციული პრაქტიკები უნდა გაჩნდეს, რაც რუსული ენის პრივილეგირებულ მდგომარეობას ჩაანაცვლებდა.
ბერძენიშვილის მიხედვით, ორდონიანი თვითმმართველობის მიღების შემდეგ, შესაძლებელი და ლოგიკური გახდება რეგიონული პარტიების შექმნაც, როგორიც ეს არის ესპანეთში, ბრიტანეთში, და სხვა ქვეყნებში, რომელიც არსებითად გააძლიერებდა არადომინანტური ჯგუფების ხმებს და პოზიციებს ქვეყნის მართვის პროცესში. ასევე ბერძენიშვილი გარკვეულწილად ეთანხმება კონსოციაციური დემოკრატიის რიგ პრინციპებს, სადაც უმცირესობების საკითხებზე გადაწვეტილებების მიღება შეუძლებელია უმცირესობების წარმომადგენელი პოლიტიკოსების მხარდაჭერის და თანხმობის გარეშე.
როგორც უკვე აღინიშნა, ოთხივე პოლიტიკოსი არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების პოლიტიკურ პროცესებში არ მონაწილეობის საკითხს პრობლემურად აფასებს. თუმცა, გამოსავლის გზების ფორმულირებისას, თითქმის არც ერთი მათგანი პოზიტიური მექანიზმების შექმნის აუცილებლობას არ აღიარებს, გარდა თინა ხიდაშელისა. ხიდაშელის აზრით, ყველა ფორმის პოზიტიური მექანიზმის არის დროებითი მოვლენა კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად. „ნემისმიერი მექანიზმი რომელიც მოუგონიათ ან არ მოუგონიათ და ჩვენ მოვიგონებთ მეტი წარმომადგენობისთვის, მეტი თანასწორობისთვის, უკეთესი ხარისხის, შედეგის და წარმომადგენლობისთვის, ამისთვის არის ეს კანონები, რომ მიიღო და შეცვალო... მიუხედავად იმისა, რომ მემარცხენე არა ვარ, და პოზიტიური დისკრიმინაცია მემარცხეობის ერთ-ერთი გამოვლინებაა, ნუ არც სირაქლემა არა ვარ.“
ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, კვოტების შემოღება შესაძლოა იყოს ერთ ერთი გამოსავალი, „თუმცა, ეთნიკური უმცირესობების კუთხით ისე მძიმედ არ არის სიტუაცია, რომ რეალურად კარგი სადეპუტატო ხალხი არ ჩანდეს. არ არის საჭირო, რომ პრინციპის დონეზე შენ ამბობდე, მე მჭირდება არაქართული ეთნიკური წარმომავლობის მქონე ხალხი და ოღონდ იყვნენ და სულ ერთიან ვინ იქნება. ანუ ასე მძიმედ არ არის სიტუაცია.“
გიგა ბოკერიას მიხედვით, შესაძლებელია კონკრეტული პოზიტიური მექანიზმების შემოღება, როგორიც იყო უმაღლესი განათლების სისტემაში კვოტირება 1+4 პროგრამით. თუმცა, პოზიტურმა მექანიზმებმა არ უნდა გამოიწვიოს ამ ხალხის უფრო მეტად გარიყვა საზოგადოებიდან. მისი აზრით, დარეზვებული სკამები და/ან კვოტირების სისტემა არსებითად მიუღებელია, რადგანაც ეს მექანიზმები უფრო დიდ პრობლემებს შექმნის მათი არსებითი მონაწილეობისთვის. „დარეზერვებული სკამები არ მომწონს, რადგანც იმ ხალხს ცუდ საქმეს გავუკეთებთ. ჩვენ შემთხვევაში ხელი არ უნდა შევუშალოთ და თვითონ მოხვდებიან მოიგებენ იმ არჩევნებს. არ სჯობია რომ თვითონ მოიგოს ადამიანმა? რომელი ჯობია ის თვითონ იგებს თუ სხვა აძლევს?“ მისი აზრით კვოტირების სისტემა არსებითად ლაბირინთია, რომელშიც შესაძლოა დაიკარგო. ხოლო, გამოსავალი ადგილზე ძალაუფლების მიტანა და პოლიტიკური თავისუფლების გაზრდაა. ამის ერთ-ერთი გზად კი, მას რეგიონული პროპორციული სისტემა წარმოუდგენია. „ლაბირინთში შედიხარ, მაშინ როცა შეგიძლია მოუხსნა ამ ხალხს ეს ბარიერები და მისი წარმომადგენელი იქ იჯდება სრულიად ლეგიტიმურად, ყველა ვარინტში. მე მაგიტომაც რეგიონული პროპორციული სისტემის მომხრე უფრო ვარ ვიდრე პროპორციულის.“ თუმცა, ასეთ შემთხვევაში, ცენტრში სამოქალაქო ნაციონალიზმის იდეების გამარჯვება აუცილებელია, „რომელიც პრაგამტულადაც და ღირებულებებითაც, ყველა საქართველოს მოქალაქეს განიხილავს თანასწორად და არ უყურებს საფრთხედ.“ ბოკერიას აზრით, „დამანგრეველია ეთნიკური ნიშნით პარლამენტში ვიღაცის დასმა.“ იგი დარწმუნებულია, რომ თავისუფალი არჩევნების პირობებში ამის მიღწევა ამ ზომების გარეშეც შესაძლებელია.
დათო ბერძენიშვილის აზრით პოზიტიური მექანიზმები არ არის საჭირო არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისთვის, რადგან ეს ჯგუფები თავიან რეგიონებში და მუნიციპალიტეტებში ისედაც უმრავლესობას წარმოადნგენენ. „ეთნიკური უმცირესობების კვოტებზე ამჟამად თავს შევიკავებდი. იმიტომ რომ ეთნიკური უმცირესობები უმრავლესობებია თავიანთ რეგიონებში და იქ მინდა იყვნენ უმრავლესობები და ძალიან მძლავრად. მოკლედ ქვემო ქართლის წარმომადგენლობითი აღმასრულებელი პირი ეთნიკურად თუ იქნება „ბორჩალოელი“ ეს ნორმალურია. ხოლო ცენტრალურ დონეზე არადომინანტური ჯგუფების პოლიტიკურ მონაწილეობაზე საუბრისას ბერძენიშვილი აცხადებს, რომ მათი წარმომადგენლობა პოლიტიკურმა კულტურამ უნდა უზრუნველყოს. „ქვეყანა როგორც კი გადავა სრულ პროპორციულზე, ეს იმას ნიშნავს, რომ სიებში უნდა იყოს უმცირესობების წარმომადგენლები. ასეთ ვითარებაში ქვემო ქართლში და ჯავახეთში თუ ხმა მინდა, მაშინ სიაში ამ რეგიონებიდან ვინმე უნდა მყავდეს.“ მისი შეფასებით, კვოტირების შემოღების შემთხვევაში, პარტიები სიებში ისეთ ადამიანებს ჩაწერენ, რომლებიც მათთვის არის მისაღები. რაც არსებით მონაწილეობას ვერ გაზრდიდა. ამასთანავე, ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ კვოტირების სისტემის საყოველთაოობა შეასუსტებდა ინტეგრაციულ პროცესებს და გააძლიერებდა საზოგადოების ფრაგმენტაციას. თუმცა, კვოტირების მექანიზმის გამოყენება შესაძლებელია პირველი დონის თვითმმართველობებში, ისიც ეთნიკური ქართველების ინტერესებიდან გამომდინარე. „კვოტა საყოველთაო მოხმარების რომ გახდეს, ეს არ იქნება ინტეგრაციული პროცესი, ეს იქნება ფრაგმენტაციის დატოვება. კვოტები შეიძლება იყოს პირველი დონის თვითმმართველობისთვის, ესეც იმიტომ რომ ქართველებს დასჭირდებათ და პარალელურად შიდა ქართლში კი ამას აზერბაიჯანელებიც გამოიყენებენ.“
საინტერესოა, რომ ინტერვიუების დროს, მხოლოდ გიგა ბოკერიამ გამოხატა ცალსახა წინააღმდეგობა კვოტირების ყველანაირ ფორმის მიმართ. იგი აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება, როგორც ეთნიკურ კვოტებს ასევე ქალთა კვოტირებასაც. რაც გარკვეულწილად მის პოზიციას თანმიმდევრულს ხდის. თუმცა დანარჩენი პოლიტიკოსები ცალსახად აღნიშნავენ, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ქალთა კვოტირებას ემხრობიან, ხოლო, ეთნიკური უმცირესობების კვოტირებას არა. ხოლო კითხვის ასეთ ფორმულირებისას, თუ რა არსებითი განხსვავებაა ქალთა კვოტირებასა და ეთნიკური უმცირესობების კვოტირებას შორის, დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ის ამ საკითხის კატეგორიული წინააღმდეგი არ არის და ეს საკითხი საჭიროებს მსჯელობას. ანა ნაცვლიშვილის მიხედვით, კი ქალთა კვოტირებას ემხრობიან თავათ ქალთა ჯგუფები და შესაბამისად, პოლიტიკოსებიც მათ მხარს უჭერენ. ნაცვლიშივილი ასევე მიუთითებს ქალების მიერ წარმოებულ ადვოკატირების და ლობირების პროცესებზე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა ქართულ რეალობაში და ამ კუთხით მსგავის გამოცდილებები არადომინანტურ ეთნიკურ ჯგუფებში არ გვხვდება.
შეჯამება
საჯარო პოლიტიკის თეორიაში და პრაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე ფართედ გავრცელებული ნარატივის მიხედვით, კონრეტული საკითხის და გამოწვევის მოგვარების საუკეთესო გზა გადაწყვეტილებების მიმღებთათვის საკითხის პრობლემურობის დანახვებაა. ინტერვიუები ცხადყოფს, რომ ქართულ რეალობაში, არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების პოლიტიკური მონაწილეობის დ ჩართულობის საკითხის პრობლემურობა ქვეყნის პოლიტიკური ელიტისთვის კარგად არის ცნობილი. პოლიტიკოსები კარგად ხედავენ, რომ არადომინანტური ეთნიკური ჯგუფები დიდი პოლიტიკური პროცესების გადაწყვეტის დროს „ფრაგმენტულადაც კი არ არიან ჩართულნი.“ აღსანიშნავია, არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების არმონაწილეობა, ხშირად, ნეგატიურ გავლენას ახდენს თავად პოლიტიკოსების საქმიანობაზე. ამასთანავე, თითქმის ყველა რესპონდეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ ჯგუფების არ მონაწილეობა ძირითადად სისტემური პრობლემების, ცენტრის მხრიდან დაწესებული ბარიერების და ისტორიული უსამრთლობების/გამოცდილებების შედეგია.
პოლიტიკოსების მიერ აღნიშნული პრობლების დეტალური იდენტიფიცირების და აღწერის კვალდაკვალ, თვალშისაცემია, მათ მიერ შემოთავაზებული გამოსავლის გზების ზედაპირული, ზოგადი და არარეალისტური/არარელევანტური ბუნება. უნდა ითქვას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშნველოვანი ინიციატივაა, თუმცა, ეს რეფორმა არ არის რელევანტური ცენტრალურ დონეზე კონსტიტუციების და მსხვილი პოლიტიკური რეფორმების პროცესში არადომინანტური ჯგუფების მონაწილეობის და ჩართულობის გაზრდასთან. ამასთანავე, ისეთ პოლიტიკურ მოცემულობაში, სადაც არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების პოლიტიკური ჩართულობა ადგილობრივ დონეზეც კი დაუშვებლად დაბალია (მარნეულის მუნიციპალიტეტი, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელები მოსახლეობის 84%-ს, მაგრამ საკრებულოს მხოლოდ 42%-ს წარმოადგენენ) შერიფების, მოსამართლეების და ან სხვა თანამდებობების პირების არჩევითობის საკითხი არსებითად ვერაფერს ვერ შეცვლის, გარდა იმისა, რომ არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში ამ დონის ცვლილების განხორციელება არარეალისტურია. ბოლოს კი პარტიების შიგნით მულიტკულუტურალიზმის და პლურალიზმის მიღწევის გზების დაკონკრეტების გარეშე შეუძლებელია, ამ საკითხზე სიღრმისეული დისკუსიების გამართვა.
შეჯამების სახით უნდა ითქვას, რომ თითქმის არც ერთი პოლიტიკოსი პოზიტიური მექანიზმების დანერგვის აუცილებლობას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამასთანავე, ქალების კვოტირების მხარდამჭერი პოლიტიკოსებისთვის გამოსავლის ერთ-ერთი გზა შეიძლება კვოტირების მექანიზმიც იყოს. თუმცა, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორია, არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების მიერ წამოწყებული კვოტირების ადვოკატირების პროცესების არ არსებობა.
სტატია მომზადებულია შვეიცარიის საელჩოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში – „ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის და უფლებების დაცვის გაძლიერება კვლევის, განათლების, ადვოკატირებისა და ნდობის მშენებლობის გზით“. დოკუმენტის შინაარსი მხოლოდ ავტორის და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) პასუხისმგებლობაა და არც ერთ შემთხვევაში არ ასახავს შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის პოზიციებს.
ინსტრუქცია