[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / თარგმანი

ამერიკული კოშმარი: ნეოლიბერალიზმი, ნეოკონსერვატიზმი და დედემოკრატიზაცია - ვენდი ბრაუნი

თამარ ცხადაძე 

მთარგმნელი: თამარ ცხადაძე

რედაქტორი: მედეა იმერლიშვილი

ნეოლიბერალიზმი და ნეოკონსერვატიზმი ორი განსხვავებული პოლიტიკური რაციონალობაა თანამედროვე აშშ-ში. ფორმალური მახასიათებლის თვალსაზრისით, მათ მცირედი აქვთ საერთო და ბევრი სხვა კუთხით, ურთიერთსაწინააღმდეგონიც კი ჩანან. მაგრამ ისინი არა მხოლოდ ამჟამინდელ საპრეზიდენტო ადმინისტრაციაში ერწყმიან ერთმანეთს, არამედ დედემოკრატიზაციის გამომწვევ ზემოქმედებაშიც. მათ მიერ პოლიტიკური თავისუფლების, თანასწორობის, შინაარსიანი მოქალაქეობის და სამართლის უზენაესობის ღირებულების დაკნინება, ერთი მხრივ, ბაზრის კრიტერიუმების შესაბამისად მართვისა და, მეორე მხრივ, ვითომდა მორალური მიზნებისათვის სახელმწიფო ძალაუფლების დაფასების სასარგებლოდ, ძირს უთხრის კონსტიტუციური დემოკრატიის როგორც კულტურას, ისე ინსტიტუტებს. უპირველეს ყოვლისა, ეს ორი რაციონალობა სიმბიოზურად მუშაობს იმაზე, რომ შექმნას სუბიექტი, რომელიც შედარებით გულგრილია მთავრობის სანდოობის და ანგარიშვალდებულების, მოქალაქეების პოლიტიკური თავისუფლებისა და მათ შორის თანასწორობის მიმართ.

ცოტა ხნის წინ სტიუარტ ჰოლმა თქვა, რომ ახლანდელობის განმსაზღვრელ სხვადასხვა ძალას და რაციონალობას ზმანების ლოგიკით უკეთესად გავიგებთ, ვიდრე ფილოსოფიური გამომდინარეობის ლოგიკით.[1] ამ სიტყვების არსი, უეჭველად იმაში მდგომარეობს, რომ თავი ავარიდოთ მონოლოგიკურ, შინაგანად თანმიმდევრულ, დროში სწორხაზოვან და სისტემურ ჩარჩოში ძალით მოქცევას იმისა, რასაც ამ თვისებათაგან არცერთი არ აქვს.[2] მაგრამ ჰოლის პროვოკაციული შემოთავაზების მიხედვით მოქმედება ძნელია; თანაც, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ზმანების ლოგიკა რთულია. რა თქმა უნდა, არსებობს ეს სირთულე: ფროიდის მიხედვით, სიზმრები არა უბრალოდ შუამავალია ცხოვრების გამოცდილებათა ორომტრიალსა და წინასწარარსებულ არაცნობიერ ფორმაციებს შორის, არამედ ორგანიციზმის სახელით ისეთნაირად გამოიყენება - სწორედ ესაა მათი საქმე - რომ ასეთ მედიაციას სცილდება და არაცნობიერის ელემენტების რეალურ რეკონსტრუქციას გვაძლევს. მაგრამ სიზმრის მეტაფორა, მიღებული პოლიტიკური ანალიზისთვის, ასევე გვპირდება, რომ ჩვენი უმანკოებისა და სათნოების შესახებ ქედმაღლურ წარმოდგენას შეარყევს: სიზმრები ხშირად გვეუბნება ისეთ რამეს, რის ცოდნასაც საკუთარი თავის შესახებ არ ვისურვებდით, კერძოდ, იმ იდენტიფიკაციებისა და სურვილების გამხელით, რომელთაც ცნობიერად არ ვაღიარებთ. ამრიგად, პოლიტიკური ანალიზის მოდელად სიზმრის მიღება შერყევით ემუქრება მემარცხენეობის პოლიტიკური მორალიზების იმპულსს, რომელსაც სურს, რომ ყველაფერი, რისთვისაც მემარჯვენეობა დგას, ნაკარნახევი იყოს სიმდაბლით, სულმოკლეობით, სიხარბით, ხოლო ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, იყოს სულგრძელი და კეთილი - იმპულსი, რომელიც ჩვენ და მათ მონოლითურ და ურთიერთსაპირისპირო მორალურ-პოლიტიკურ სამყაროებად წარმოგვადგენს.

ამრიგად, ჰოლის გამოწვევას, უარი ვთქვათ მონოლოგიკურ, მატოტალიზებელ და სწორხაზოვან გაგებებზე, წინ ეღობება არა მხოლოდ ინტელექტუალური ნაბახუსევი (ეპისტემედან, რომელშიც ძალაუფლება წარმოდგენილი იყო, როგორც ერთიანი, სისტემური და მიზანმიმართული), არამედ, ასევე, სიძნელე მემარცხენე სურვილში. ეს არის სიძნელე, რომელსაც შეგვიძლია გავუმკლავდეთ მხოლოდ იმისთვის მზაობით, რომ, ერთი მხრივ, გავიაზროთ პოლიტიკური წესრიგებისა და რაცონალობების არათანმიმდევრული, მრავალი წყაროდან ნასაზრდოები და არასისტემური ბუნება და, მეორე მხრივ, ვაღიაროთ იდენტიფიკაცია და სიახლოვე ზოგიერთ ისეთ რამესთანაც, რასაც ვაძაგებთ. თუ, მაგალითად, ბევრი მემარცხენე იზიარებს მემარჯვენულ ამბიციას, კულტურული და პოლიტიკური ჰეგემონია მოიპოვოს და მორალური წესრიგი დაადგინოს, ასეთი ანტიდემოკრატიული იმპულსები ზედმიწევნით კრიტიკას საჭიროებს, თუნდაც, მეტიც, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველა მხარე დემოკრატიის სამოსელში იკაზმება.

ამ ნარკვევის პრობლემატიკა კარგად შეეფერება ზმანების ანალიტიკას. ესაა პრობლემა, ერთად გავიაზროთ ამერიკული ნეოკონსერვატიზმი - გავეშებული მორალურ-პოლიტიკური რაციონალობა - და ნეოლიბერალიზმი - საბაზრო-პოლიტიკური რაციონალობა, რომელიც თავის კონკრეტულ ამერიკულ ინსტანციაციას სცილდება და არ არის რომელიმე პოლიტიკურ მრწამსთან ექსკლუზიურად შეჭიდული. ნარკვევის მიზანი არ არის ამერიკული მემარჯვენეობის გაგება მის მთლიანობაში, ვითომდა არსებობდეს მის უკან მდგომი ასეთი ერთიანი წამოწყება ან არსება. მიზანი იმის ჩაჭერაა, თუ როგორ თანხვდება, წინასწარი განზრახვის გარეშე, ეს ორი, თვითონაც არაერთგვაროვანი რაციონალობა გადამწყვეტ მომენტებში ერთმანეთს ისე, რომ გააღრმავოს ლიბერალური დემოკრატიის კანიბალიზმი, რომელიც სხვა წყაროებიდან უკვე ნახევარი საუკუნეა მიმდინარეობს.[3] მიზანი არც ლიბერალურ დემოკრატიაზე, როგორც ასეთზე, გულის აჩუყებაა, არამედ მიზანია მისი, როგორც პოლიტიკური ფორმის, დაცემის იმპლიკაციების გაგება, და, მეტიც, შეკითხვის დასმა, ინარჩუნებს თუ არა მნიშვნელობას დემოკრატია, როგორც ტერმინი ან მისწრაფება. თუ, როგორც სხვაგან ვწერდი, ლიბერალური დემოკრატიის შემადგენელი ინსტიტუტები და პოლიტიკური კულტურა ისტორიას ჩაბარდება, მემარცხენეობის წინაშე ორი ამოცანა აღმოჩნდება: გამოიტიროს ის, რაც ბოლომდე არასოდეს ჰყვარებია, და დრამატულად გადააწყოს საკუთარი კრიტიკა და ხედვა ისე, რომ არა მხოლოდ ჩავარდნილ სოციალისტურ ექსპერიმენტებს, არამედ, ლიბერალური დემოკრატიის ისტორიულ გადალახვასაც მოერგოს.[4]

ეს ნარკვევი გამოტირებისა და რევიზიის ამ პროექტებს არ ეჭიდება. ის მხოლოდ მათ აუცილებლობას აჩვენებს იმით, რომ იკვლევს დედემოკრატიზაციის ძალებს, რომლებიც აშშ-ში ნეოლიბერალური და ნეოკონსერვატორული რაციონალობების ურთიერთშეხვედრის შედეგად წარმოიქმნება. რა არის ამ ორი რაციონალობის ურთიერთშეხვედრის შემთხვევითი სიმბიოზური შედეგები - შედეგები, რომლებიც არა მხოლოდ მიიტაცებს დემოკრატიის მნიშვნელობას, რათა გაამართლოს პერმანენტული და უკიდურესი კლასობრივი დაყოფები, მენეჯირებული და ნაყიდი პოლიტიკური ცხოვრება, კორპორაციულ და მმართველ ელიტებს შორის კავშირებში კონცენტრირებული ძალაუფლება და იმპერიული სტეიტიზმი, არამედ, დემოკრატიის საფუძვლებსაც ანადგურებს ადამიანების საჭიროებების, სურვილების, ძალაუფლებასა და უძალობაზე ორიენტაციის კულტივაციაში? და ამ რაციონალობების წინააღმდეგ მემარცხენე პროტესტის რომელი ელემენტები შეიძლება იმეორებდეს ამ შედეგებს? ამრიგად, ეს ნარკვევი ეხება არა იმდენად დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშესახებ შეკვეცას, როგორიც არის, მაგალითად, აშშ-ის „პატრიოტული აქტი“, სასამართლო ძალაუფლების შეკვეცა, რეგრესული საგადასახადო სქემები, ეროვნული უსაფრთხოების ზოგიერთი პრაქტიკა, ანტიიმიგრანტული პოლიტიკური ქმედებები, ან კორუმპირებული საარჩევნო პრაქტიკები, არამედ დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის გამოშიგვნას და არადემოკრატიული მოქალაქის წარმოებას. ეს არის მოქალაქე, რომელსაც არ უყვარს და არ უნდა არც თავისუფლება და არც თანასწორობა, თუნდაც ლიბერალური სახისა; მოქალაქე, რომელიც არ მოელის არც ჭეშმარიტებას და არც ანგარიშვალდებულებას მთავრობისგან ან სახელმწიფოს ქმედებებისგან; მოქალაქე, რომელსაც არ ანერვიულებს პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების ზღვარგადასული კონცენტრაციები, სამართლის უზენაესობის რუტინული უგულებელყოფა, ან ეროვნული მიზნების გამოკვეთილად არადემოკრატიული ფორმულირებები შინ თუ საზღვრებს გარეთ. ეს არის გამოშიგვნა, რომელიც ჩვენ წინაშეა, როგორც მყარი პოლიტიკური მოცემულობა, იმის მიუხედავად, თუ რამდენად დაბლა დაეცემა ბუშის ვარსკვლავი ან რომელი პარტია გაიმარჯვებს 2006 წლის შუალედურ არჩევნებში.

თარგმანი სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში

ვენდი_ბრაუნი_1603973090.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] Stuart Hall, remarks on the occasion of the launch of the Center for Citizenship, Identity and Governance (CIGS) at the Open University, Milton Keynes, UK, March 2005.

[2] უილიამ კონოლიმ განსხვავებული მეტაფორა - „რეზონანსის მანქანა“ - შემოგვთავაზა იმ განსხვავებული რაციონალობების ურთიერთგადაფარვის ჩასაჭერად, რომლებიც ერთად თანამედროვე პოლიტიკურ ლანდშაფტს შეადგენენ და განსაკუთრებით მის ისე ჩასაჭერად, რომ არ მივმართოთ მიზეზშედეგობრიობას, უხეშ მატერიალიზმს, მანიპულაციის თეორიებს ან მეტათეორიას. იხილეთ William Connolly, “The Evangelical- Capitalist Resonance Machine”, Political Theory 33, no. 6 (December 2005): 869-86.

[3] წიგნში, „ნეოლიბერალიზმის მოკლე ისტორია“ (David Harvey, Brief History of Neoliberalism, Oxford: Oxford University Press, 2005) დევიდ ჰარვი ასევე იკვლევს პოლიტიკურ და ანალიტიკურ ურთიერთობას ნეოლიბერალიზმსა და ნეოკონსერვატიზმს შორის. მაგრამ ის მიიჩნევს, რომ ისინი ძირითადად ერთი და იმავე წყაროდანაა (კორპორაციული კლასისგან) წარმოშობილი და ერთსა და იმავე ფუნქციას ასრულებს, სახელდობრ, მაღალი კალსის პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების რესტავრაციას და კონსოლიდაციას იმ შესუსტებისა და კრიზისისგან, რომელიც მან მეოცე საუკუნის მესამე მეოთხედში განიცდა. და თუმცა ეს ორი „იზმი“ განსხვავდება ისეთ საკითხებში, როგორიცაა ინდივიდუალიზმი და ზნეობა, ის ნეოკონსერვატიზმის ღია სახელმწიფო ავტორიტარიზმს და მილიტარიზმს აიგივებს ნეოლიბერალიზმის სახელმწიფოსთან და თავისუფლებასთან მისი წინააღმდეგობრივი ურთიერთობისგან გადარჩენის პერსპექტივასთან (იხ. გვ. 78-86). ჰარვის ახსნა საკმაოდ სასარგებლოა ნეოლიბერალიზმზე იმ გავრცელებული შეხედულების გასაბათილებლად, რომ ის ანტისტეიტისტურია, და, ასევე, ნეოლიბერალიზმის თავისუფლების იმ იმპერიულ დისკურსთან დასაკავშირებლად, რომელიც აშშ-ის ცივი ომის შემდგომი საგარეო პოლიტიკით ვრცელდებოდა (იხ. თავები 3 და 7). ის ნაკლებად სასარგებლოა ნეოლიბერალურ და ნეოკონსერვატორულ რაციონალობებს შორის განსხვავებების, გავრცელების მათი განსხვავებული წყაროებისა და მათ შორის დაძაბულობის გასაგებად.

[4] Wendy Brown, “Neoliberalism and the End of Liberal Democracy”, Theory and Event 7, no. 1 (Fall 2003): http://muse.jhu.edu/journals/theory_&_event/.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“