[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / ანალიტიკური დოკუმენტები

ახალი დაცული ტერიტორია საქართველოში

ირაკლი მაჭარაშვილის ანალიტიკური დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია აღმოსავლეთ -დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. 

 

სიტუაციის მიმოხილვა

დღეისათვის საქართველოს არაერთ რეგიონში შექმნილია საკმაოდ რთული ვითარება, როგორც გარემოს დაცვის, ისე სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით. ამ მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემურია ზემო სვანეთის ქვედა ზონის თემებში - ხაიში, იდლიანი, ჭუბერი და ნაკრა -  არსებული  სიტუაცია, რაც განპირობებულია ბუნებრივი რესურსების მართვისა და მიწათსარგებლობის არასწორი მოდელით. ამ მცირემიწიანი რეგიონის მოსახლეობა დამოკიდებულია ტყეში მოპოვებულ მერქნულ რესურსებზე. ამაში არ იგულისხმება მხოლოდ საშეშე მერქანი, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში იყენებენ ადგილობრივები. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისათვის სამასალე მერქანი შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

ზემო სვანეთის ეს ნაწილი ყველაზე ტყიანია მესტიის რაიონში. დედამიწის ზომიერ სარტყელში შემორჩენილი ერთ-ერთი უკანასკნელი ხელუხლებელი ტყეები სწორედ ამ ხეობებში გვხვდება[1]. საქართველოს მასშტაბით მერქნის შემატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელიც ამ კუთხეშია. ისტორიულად, ტყე თემებისა და გვარების საკუთრებას წარმოადგენდა,  ხოლო მერქნის მოპოვება ტრადიციული საქმიანობა იყო. ადგილობრივებმა ახლაც იციან, თუ რომელ გვარს ტყის რა მონაკვეთი ეკუთვნოდა და შეძლებისდაგვარად, იცავენ ტრადიციული საკუთრების  უფლებებს. საბჭოთა პერიოდმა სვანეთს ამ თვალსაზრისითაც დაღი დაამჩნია: ტყე საერთო სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადდა, მესტიის ქვემო ზონის სოფლებს სამასალე მერქნის მოპოვებისა და  სახელმწიფოსთვის ჩაბარების სპეციალური გეგმაც კი ჰქონდათ დაკისრებული[2]. პოსტ-საბჭოთა პერიოდში საქართველოში გამეფებულმა არასწორი ტყის მართვის პრაქტიკამ, რასაც სატყეო სექტორში არსებული კორუფციის მაღალი დონეს განაპირობებდა,  ძალიან მძიმე გარემოსდაცვითი შედეგები გამოიღო.   

2007-დან 2011 წლამდე საქართველოს მთავრობას ჰქონდა არაერთი მცდელობა, რომ აუქციონებზე გაეყიდა ხე-ტყის დამზადების მრავალწლიანი ლიცენზიები. გადაწყვეტილება გაუმჭვირვალედ, საზოგადოების მონაწილეობის გარეშე მიიღებოდა; ლიცენზიების გაცემას წინ არ უძღვოდა რესურსის რაოდენობრივი და თვისობრივი შეფასება, ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობისა  და მასზე ხე-ტყის დამზადების ზეგავლენის ანალიზი; სალიცენზიო პირობები ვერ უზრუნველყოფდნენ ტყის ეკოსისტემების დაცვას და უგულებელყოფდნენ ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებს. ადგილობრივების წინააღმდეგობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ბრძოლის შედეგად, მასშტაბური აუქციონების არაერთი მცდელობა მთავრობას ჩაეშალა.

2012 წლის შემდეგ საქართველოში ხე-ტყის დამზადების ლიცენზიები აღარ გაიცემა. არსებული ლიცენზიები არასაკმარისია, რომ უზრუნველყოს ბაზრის მოთხოვნა მერქანზე, დააკმაყოფილოს ადგილობრივი მოსახლეობა რესურსითა და სამუშაო ადგილებით. 2014 წელს ხე-ტყის დამზადების ლიცენზიების დიდ ნაწილს ვადა ამოეწურა; როგორც სიტუაციიდან დროებითი გამოსავალი, ეროვნულ სატყეო სააგენტოს მიენიჭა ხე-ტყის დამზადების (ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის) უფლება[3]. ამ პრაქტიკას არაფერი აქვს საერთო თანამედროვე მდგრად სარგებლობასთან.

ამრიგად, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, სახელმწიფომ ვერ შეძლო ისეთი მოდელის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფდა მესტიის რაიონში ტყის ეკოსისტემების მართვას ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური საკითხების, ადგილობრივი ცოდნისა და  მიწათსარგებლობისა ტრადიციების გათვალისწინებით და მინიმუმამდე დაიყვანდა უკანონო ტყითსარგებლობისა და კორუფციის შესაძლებლობას. დღევანდელი მოცემულობა ასეთია:

  • არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს (კანონიერი გზით) ბაზრის მერქნის რესურსებით მომარაგებას, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ამ რესურსის ტყეებში მოპოვება შესაძლებელია ეკოსისტემებისათვის შეუქცევადი ზიანის მიუყენებლად. როდესაც კანონიერი გზით რესურსის მოპოვებასა და ბაზრის მოთხოვნას შორის დისბალანსი არსებობს, ჩნდება უკანონო მოპოვების ცდუნება და შესაძლებლობა.
  • არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს საზოგადოების მონაწილეობას საბინადრო გარემოსთან/ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში და მით უმეტეს - მათი თემის ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსების მართვაში.
  • საქართველოს არსებული კანონმდებლობა არ ცნობს ისტორიული საკუთრებისა და მიწათსარგებლობის (მათ შორის ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გამოყენების) ფორმებს. მიწათსარგებლობასთან/ ბუნებათსარგებლობასთან დაკავშირებული ტრადიციული ცოდნა ნელ-ნელა იკარგება, რაც საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს რესურსის ჭარბ, არამდგრად გამოყენებას.
  • რესურსებით სარგებლობა დაუგეგმავად, ხანგრძლივვადიანი გეგმისა და ხედვის გარეშე მიმდინარეობს; ბუნებრივი რესურსების გამოყენება ყოველგვარი წინასწარი მრავალმხრივი შესწავლის გარეშე ორიენტირებულია მხოლოდ ერთჯერადი, სწრაფი მოგების მიღებაზე, მაგრამ ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში ეკოსისტემების/ბუნებრივი რესურსების დეგრადაციას და მათზე დამოკიდებული მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბებას გამოიწვევს.
  • რეგიონში არ არსებობს განვითარების არანაირი სახელმწიფო პროგრამა თუ პროექტი. ერთადერთი მიმართულება - ჰესების მასობრივი მშენებლობაა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისგან ტერიტორიის დაცლას გულისხმობს. სახელმწიფო თვალს ხუჭავს ტყით სარგებლობის სექტორში არსებულ დარღვევებზე (რაც ძირითადად არასწორი მართვის მოდელით არის განპირობებული), მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მზად არის ისინი გამოიყენოს, როგორც ადგილობრივ მოსახლეობაზე ზემოქმედებისა და სოციალური წინააღმდეგობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმი.
  • ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული რეგიონში - დიდი კავკასიონის დასავლეთი ნაწილში, მათ შორის ზემო სვანეთში არ არის (არასოდეს არ ყოფილა) არც ერთი დაცული ტერიტორია, მიუხედავად იმისა, რომ დაცული ტერიტორიების შესაქმნელად არაერთი პროექტია განხორციელებული და დონორთა მნიშვნელოვანი თანხებიც დაიხარჯა.   

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენი მიზანია ბუნებრივი/ტყის რესურსების მართვის ისეთი მოდელის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური საკითხების ჰარმონიზებასა და  ადგილობრივ თემების წამყვან როლს, ხოლო სახელმწიფო ეხმარება ადგილობრივ თემს ტყის მართვაში და კონტროლს უწევს კანონმდებლობის შესრულებას. ასეთი მიზნის მიღწევა შესაძლებელია რეგიონში სწორად შერჩეული დაცული ტერიტორიის დაარსების მეშვეობით, რომლის მართვაც იწარმოებს  ადგილობრივი მიწათსარგებლობის ტრადიციებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის  გათვალისწინებით და შესაბამისობაში იქნება საქართველოს კანონმდებლობასა და ქვეყნის მიერ გაცხადებულ პოლიტიკის პრიორიტეტებთან.

 

მასალას სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

ახალი_დაცული_ტერიტორია_საქართველოში_1565774066.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

 

[1] წყარო: http://intactforests.org ; Global forest watch

[2] “გასული საუკუნეების 50-იანი წლებიდან ქვედა ზონის მოსახლეობა საბჭოთა ხელისუფლებამ ძალადობრივად გადაიყვანა ხე-ტყის მოპოვებაზე. თითოეულ მოსახლეს დაადეს ბეგარა. თუ ის არ მოჭრიდა, არ დაამუშავებდა და არ ჩააბარებდა ხე-ტყეს, იყო ჯარიმა და სანქციები. ამან შეავიწროვა სოფლის მეურნეობა და 90-იანებში საერთოდ  გაჩანაგდა ყველაფერი” - ზურაბ ნიჟარაძე. http://liberali.ge/news/view/38692/khetyis-mopoveba-arsebobis-sashualebaa-es-tvitmizani-ar-aris--zurab-nizharadze .

[3] „ტყით სარგებლობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს  N242 დადგენილება

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“